რიბერი – ზიდანის უმცროსი ძმა

Fanebi.com-ი გთავაზობთ ფრანკ რიბერის შესახებ იმ ფაქტებს, რაც აქამდე არ იცოდით.

1983

7 აპრილს ფრანგულ ქალაქ ბულონ-სიურ-მერში ქვეყნიერებას მოევლინა ფრანკ რიბერი.

1985

ავტომობილი, რომლითაც რიბერის ოჯახი მგზავრობდა, სატვირთო მანქანას დაეჯახა. გამგზავრებამდე 2 წლის ფრანკის მამას შვილისთვის უსაფრთხოების ქამრის შეკვრა დაავიწყდა, რიბერიმ თავი საქარე მინას დაარტყა. სწორედ ამ პერიოდიდან აქვს მას სახის მარჯვენა მხარეს ორი გრძელი იარა. წლების შემდეგ, როდესაც ის მარსელის „ოლიმპიკში“ პოპულარული ფეხბურთელი გახდა, ადგილობრივმა მაღაზიამ ჰელოუინის დღეობაზე გასაყიდად რიბერის ნიღბები გამოიტანა – რა თქმა უნდა, საშინელი ნაიარევით. ფეხბურთელს პლასტიკური ოპერაცია შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა: „ეს იარები ძალას მმატებს. ბავშვობაში დამცინოდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მაგრამ ამან უფრო გამაძლიერა… იარებს არ მოვიშლი, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ!“

1989

დაიწყო ფეხბურთის თამაში კლუბ „კონტი ბულონში“.

შემდეგ თამაშობდა „ლილისა“ და „ბულონის“ ახალგაზრდულ გუნდებში. 19 წლის ასაკში ასპარეზობდა ქალაქ ალესის გუნდ „ოლიმპიკში“, 20 წლის ასაკში – „ბრესტში“. გარდა ამისა, რიბერი მშენებლობაზეც მუშაობდა.

2004

გააფორმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი – გახდა „მეცის“ ფეხბურთელი.

2005

იანვარში 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა თურქულ „გალათასარაიში“, სადაც პირველი ტიტული მოიგო – თურქეთის თასი. რიბერის თქმით, თებერვლიდან კლუბი არ უხდიდა ხელფასს. 2005/06 წლების სეზონის დასაწყისში ის მარსელის „ოლიმპიკში“ გადაბარგდა.

2006

27 მაისს ჰქონდა დებიუტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. „სამფეროვანთა“ რიგებში პირველი გოლი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე, ესპანეთის ნაკრების კარში გაიტანა. ფინალური მატჩის მე-100 წუთზე ის დავიდ ტრეზეგემ შეცვალა, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი ვერ გაიტანა. გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი ფრანგებს ოქროს მედლების ფასად დაუჯდათ.

იმავე წელს, რიბერიმ მეუღლისადმი სიყვარული ისლამის მიღებით გამოხატა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაახლოვა ის ზიდანთან, რომელსაც უფროს ძმას უწოდებს. ფრანკის მეორე სახელი ბილალ იუსუფ მოჰამედია. ყოველი მატჩის დაწყებამდე გულმხურვალედ ლოცულობს. რიბერის ორი ქალიშვილი ჰყავს – ჰიზია და შაჰინეზი და ერთი ვაჟი – სეიფ-ალ-ისლამი.

2007

7 ივლისს გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ (ფრანკის დაბევება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მადრიდის „რეალსაც“ სურდათ) ფეხბურთელი, რომელმაც მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. იმ დროისთვის ეს ბუნდესლიგის სარეკორდო თანხა იყო. კონტრაქტი 2011 წლამდე გააფორმა. მიიღო 7-ნომრიანი მაისური, რომელსაც მანამდე მეჰმეთ შოლი ატარებდა. ცოტა ხნის შემდეგ, შოლმა რიბერი მსოფლიოს მასშტაბის საუკეთესო „შვიდიანად“  მონათლა. „ბაიერნში“ რიბერიმ სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. ორჯერ გახდა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. იმავე ჯილდო გერმანიაში ერთხელ მიიღო.

2008

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებთან გამართული მატჩის მე-10 წუთზე, ჯანლუკა ძამბროტასთან ორთაბრძოლისას ფეხის მყესები გადაიგლიჯა, რის გამოც მთელი 14 კვირა გაუცდა.

2009

პოდოლსკისთან ერთად ბაზაზე, სახურავიდან ოლივერ კანს სათლით წყალი გადაასხა. სხვა ისტორიებიც გადახდენია თავს… დაბადების დღის აღნიშვნა 17 წლის მეძავ ზაჰი დაჰართან გადაწყვიტა. შემდეგ ფაქტს ასეთი ახსნა მოუძებნა: არ ვიცოდი, რომ ის არასრულწლოვანი იყო. ფრანგული კანონის თანახმად, ასეთი კავშირი ჯარიმასთან ერთად დაპატიმრებითაც ისჯება. ამ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო მოსმენა 2014 წლის იანვარშია ჩანიშნული.

2010

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ ეტაპზე, „ლიონის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო, დისკვალიფიკაციის გამო კი, მილანის „ინტერთან“ ფინალური შეხვედრა (0:2) გამოტოვა. ბავარიულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ ფეხბურთელთა რიგს შეუერთდა, რომლებიც საფრანგეთის ნაკრების  მთავარი მწვრთნელის, რაიმონ დომენეკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის გამო, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

2011

11,4 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რითაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფრანგი სპორტსმენი გახდა. ამის მიუხედავად, 2010/11 წლების სეზონში მან ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო. ლუი ვან გაალის თავკაცობის დროს, თავს შედარებით უხერხულად გრძნობდა. იუპ ჰაინკესის მოსვლის შემდეგ, თავი შედარებით თავისუფლად იგრძნო და უკეთაც ათამაშდა.

2012

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შესვენებისას გასახდელში არიენ რობენს სახეში ხელი გაარტყა. შემდეგ ამის გამო მოიბოდიშა და ჯარიმის სახით 50 ათასი ევრო გადაიხადა. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის 97-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა. პენალტების სერიაში ლონდონის „ჩელსიმ“ გაიმარჯვა.

2013

„ბაიერნში“ ყველაფერი მოიგო, 52 ოფიციალურ მატჩში 13 გოლი გაიტანა და 27 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების შემდეგ თქვა, ღამე მეუღლესთან და ჩემს ტიტულებთან ერთად გავატარეო. გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. ფრანგმა თანაგუნდელებმა რიბერის მაისური აჩუქეს, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: „კაიზერ ფრანკი“. „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.

ევროპის საუკეთესო ასისტენტი

ბოლო ორ სეზონში ფრანკ რიბერი საგოლე გადაცემების რაოდენობით გერმანიის ჩემპიონატის ლიდერად მოგვევლინა (12 – 2011/12 სეზონში, 14 – 2012/13 სეზონში). ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში რიბერიმ 5-5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2011/12 წლების სეზონის ტურნირზე ზუსტი გადაცემების რაოდენობით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 2012/13 წლების სეზონის ლიგასა და ბუნდესლიგის გათამაშებაში ერთად 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში პირველი საგოლე შეტევა სწორედ მისი გადაცემით დაიწყო, ეპიზოდი კი მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. გამარჯვების გოლი არიენ რობენმა ისევ რიბერის პასით გაიტანა.

2012/13 წლების სეზონში რიბერიმ „ბაიერნის“ ფორმით 52 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სისტემით „გოლი+პასი“ მოაგროვა 40 (13+27) ქულა.

ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 სეზონის საგოლე გადაცემების რაოდენობა

* ლიდერი ტურნირის შედეგების მიხედვით

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნი“ მესის გადაბირებას შეეცდება

ფიფას ერთ-ერთმა აგენტმა ფრანსუა გალარდომ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის ყიდვას ცდილობდა.

„კომპანია „ადიდასს“ სურდა, რომ მესის რომელიმე სხვა ევროპულ გრანდში ეთამაშა, რისთვისაც 125 მილიონი ევროს გამოყოფისთვისაც იყო მზად. ეს იმ თანხის ნახევარია, რომელიც ლიონელის კონტრაქტში არის მითითებული. თანხის მეორე ნაწილის გადასახდელად კი ერთდროულად სამი კლუბი იყო მზად. ამ კლუბებს შორის ერთ-ერთი, როგორც ჩანს, „ბაიერნი“ იყო, რომელიც მესის შეძენას შემდეგ ზაფხულსაც შეეცდება“, – განაცხადა გალარდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბაიერნი“ დანტეს კარგავს

უახლოეს ორ კვირაში მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი დანტე მოედანზე გამოსვლას ვერ მოახერხებს.

სამხრეთ ამერიკელმა შაბათს „მაინცთან“ მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც მას უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელშიც ბავარიელები „ვიქტორია პლზენს“ დაუპირისპირდებიან.

გარდა ამისა, შესაძლოა, „ვიქტორიასთან“ მატჩში მონაწილეობა ვერც ფრანკ რიბერიმ მიიღოს, რომელმაც ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა. სწორედ ამის გამო მას „მაინცთან“ გამართულ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

ალექსანდრე მატევოსოვი

გვარდიოლა კმაყოფილია

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთვნელი ხოსეპ გვარდიოლა „მაინცთან“ მოგებული შეხვედრით კმაყოფილი დარჩა.

„მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ. საშინაო მატჩების პირველ ტაიმებში ხშირად პრობლემები გვექმნება. იმედია, ეს მალე შეიცვლება. ტაიმებს შორის შესვენების დროს ტაქტიკა შევცვალე და რობენი მარცხენა ფლანგზე გადავიყვანე, რამაც თავისი შედეგი მოიტანა“, – განაცხადა ფეხბურთს ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „მაინცთან“ ჩატარებული მატჩი მიუნხენურმა გრანდმა ანგარიშით 4:1 მოიგო.

ალექსანდრე მატევოსოვი

გიოტცე: „თამაში მსურს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევამრცველი მარიო გიტოცე მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაზე ფიქრობს.

ხშირი ტრავმების გამო, მიუნხენური კლუბის მაისურით მარიომ მხოლოდ სამი მატჩის ჩატარება მოახერხა.

„მოთმინება აღარ შემიძლია, რადგან თამაში სურვილი მაქვს. ყველა ფეხბურთელს ყოველ მატჩში სურს თამაში და მოედანზე რაც შეიძლება დიდ ხნის განმალობაში ყოფნა. რა თქმა უნდა ტრავმა არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან თამაშს სწორედ ამის გამო ვერ ვახერხებ“, – განაცხადა გიოტცემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დანტე: ”ამ ეტაპზე, შედეგს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს”

მიუნხენის ”ბაიერნის” მცველი დანტე მისი გუნდისადმი კრიტიკას უსაფუძვლოდ თვლის. ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით გუნდი პროგრესირებას გააგრძელებს, რისი წყალობითაც სათანადო შედეგების ჩვენებას კვლავ მოახერხებს.

”ხშირად გვაკრიტიკებენ, თუმცა ამის გამოცდილება უკვე გაგვაჩნია. გუნდის განვითარების ამ ეტაპზე, ბრწყინვალე თამაშის ჩვენება ყოველთვის ვერ გამოდის. ასეთ პირობებში, ყველაზე მნიშვნელოვანი – ქულების მოპოვებაა. გვარდიოლას ხელმძღვანელობით უფრო დიდ რისკზე მივდივართ ხოლმე. თუ მისი რომელიმე გეგმა არც ისე მოგვწონს, მაშინ ამის შესახებ აუცილებლად ვეუბნებით, რადგან პეპს ყველაფერი ესმის და საუბრისთვის ყოველთვის არის მზად”, – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჟერომ ბოატენგი ახალი კონტრაქტის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

ბოლო დროს უცხოური პრესა მიუნხენის ”ბაიერნის” მცველის ჟერომ ბოატენგის კონტრაქტის თაობაზე აქტიურად წერს. მიმდინარე შეთანხმება მხარეებს 2015 წლამდე აკავშირებთ, თუმცა დიდი ალბათობით, ისინი მას სულ მალე გაახანგძლირებენ.

”ჩემი კონტრაქტი? ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რამდენ ხანში დასრულდება ეს მოლაპარაკებები, თუმცა შესაძლო შეთანხმებას უკვე აქიურად განვიხილავთ”, – განაცხადა ბოატენგმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბოატენგმა ”ბაიერნის” მაისურით 26 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში კი ჟერომმა ბუნდესლიგის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრე მატევოსოვი

შვაინშტაიგერი: ”მოედანზე დასაბრუნებლად მეტი დრო დამჭირდ

მიუნხენის ”ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც ”ფრაიბურგთან” მატჩში ტრავმა მიიღო, შიშობს, რომ მისი აღდგენითი პროცესი მოსალოდნელზე უფრო დიდი ხნით გაგრძელდება.

”სამწუხაროდ, ჩემი მდგომარეობა იმდენად კარგი არ არის, როგორც ადრე ვფიქრობდი. აღდგენით პროცესს წყნარ რითმში გავდივარ, თუმცა, ამ მომენტისთვის, ბურთთანაც კი არ შემიძლია მუშაობა. იმედია, შემდეგ კვირას ყველაფერი გამოსწორდება და ვარჯიშებსაც დავუბრუნდები”, – განაცხადა ბასტიანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რიბერი ”ოქროს ბურთზე” ფიქრობს

მიუნხენის ”ბაიერნის” ნახევარმცველს ფრანკ რიბერის ახალი მიზნები აქვს. ამჯერად, 30 წლის ფეხბურთელი ”ოქროს ბურთის” მოგებაზე ფიქრობს.

”რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ”ოქროს ბურთის” მოგება შემიძლია. გასულ სეზონში მოედანზე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ამ ტიტულის მოგებისთვის არის საჭირო. როგორც პროფესიონალი მოვიქეცი და ჩემს გუნდთან ერთად შესანიშნავი სეზონი გამომივიდა – ყველანი კმაყოფილნი დავრჩით”, – განაცხადა ფრანკმა.

”საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მიღება და ამავე დროს, მესისა და რონალდუზე უკეთესი შედეგის ჩვენება – შესანიშნავი მიღწევაა. ამჟამად, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. სპორტული თვალსაზრისით, ეს ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი წყალობით, თავდაჯერებულობა მემატება’, – დაასრულა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 30 წლის ფრანგმა ყველა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა და ამავე დროს, 18 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

ალექსანდრე მატევოსოვი