„ბაიერნი“ რობენთან გაახანგრძლივებს

Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმინიგემ განაცხადა, რომ კლუბმა ჰოლანდიელ ნახევარმცველთან არიენ რობენთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო.

გარდა ამისა, რუმენიგემ აღნიშნა, რომ მას არიენის „ბაიერნში“ დარჩენის სურვილის სჯერა, რისი წყალობითაც, მხარეები მალე ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ ღირსებას რობენი 2009 წლიდან იცავს. ამ პერიოდში მიუნხენური კლუბის მაისურით მან 140 მატჩი ჩაატარა და 81 გოლის გატანაც მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლამმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანმა ფილიპ ლამმა, რომელმაც ტრავმა მოსკოვის ცსკა-სთან უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში მიიღო, დღეს ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა.

30 წლის მცველმა დილის მოსამზადებელი პროცესის დროს რამდენიმე მსუბუქი ვარჯიში გააკეთა.

დიდი ალბათობით, ლამი ბუნდესლიგის შემდეგი ტურის მატჩისთვის მზად იქნება, რომელშიც მისი გუნდის მეტოქე ბრემენის „ვერდერი“ იქნება. დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ გამოცდილი უკანახაზელი „აუგსბურგთან“ გერმანიის თასის შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება.

რიბერი “ბორუსიასთან” გამოირიცხა

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი ნეკნის ტრავმის გამო, დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ დაზიანება 19 ნოემბერს, საფრანგეთისა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში მიიღო.

“ძალიან სამწუხარო ამბავია. ძალიან მინდოდა, რომ “ბორუსიას” წინააღმდეგ მეთამაშა, თუმცა ეს ვერ მოხერხდება. თუმცა, ვფიქრობ, “ბაიერნი” მოგებას ჩემს გარეშეც მოახერხებს”, – ამბობს რიბერი.

რობენი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელს მცირე დაზიანება აღენიშნება.

შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში, რომელშიც “რეკორდმაისტერები” “ჰოფენჰაიმს” უპირისპირდებოდნენ, არიენ რობენმა თავისი გუნდის დახმარება ვერ შეძლო.

გუშინ, დილით, გერმანელები ჩეხეთში გაემგზავრნენ, თუმცა რობენის გარეშე. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს და იგი თავის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, “პლზენის” წინააღმდეგ დააკლდება.

როგორც ბავარიელთა ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რობენი მოედანზე დაბრუნებას “მაინცთან” შეხვედრაში შეძლებს.

სანდრო საპანაძე

გვარდიოლას „სელტიკთან“ თამაში სურს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთვნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გლაზგოს „სელტიკის“ საშინაო არენის ატმოსფეროს შეგრძნების სურვილი გამოთქვა.

„ბარსელონამ“ ამ სტადიონზე ბოლო ორ წელიწადში ითამაშა, თუმცა ეს უკვე მაშინ მოხდა, როდესაც მე გუნდს აღარ ვთავკაცობდი. კატალონიაში ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, თუმცა „სელტიკ პარკზე“ მატჩს სამწუხაროდ ვერ მოვესწარი. ამიტომაც, იმედი მაქვს, გლაზგოში ჩასვლის შესაძლებლობა მომავალშიც მექნება“, – განაცხადა გვარდიოლამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბაიერნს“ აგუეროს დამატება სურს

ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის The People-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელები „მანჩესტერ სიტის“ მენეჯერებთან სერხიო აგუეროს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას აპირებენ.

ამავე წყაროს ცნობით, სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ მანჩესტერელთა მფლობელებს 40 მილიონზე ნაკლების მიღება არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ აგუერო ინგლისის პრემიერლიგაში 2011 წელს გადაბარგდა. მაშინ, მის სანცვლოდ მადრიდის „ატლეტიკომ“ 38 მილიონი ფუნტი მიიღო. „ქალაქელთა“ მაისურით ას ჩატარებულ მატჩში სერხიომ გოლის გატანა 58-ჯერ მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დანტემ ვარჯიში განაახლა

მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველი ლაზარეთიდან დაბრუნდა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა სამედიცინო პერსონალისგან სასიხარულო ამბავი მიიღო – დანტე სავარჯიშო პროცესში კვლავ ერთვება.

ბრაზილიელი მოთამაშე გერმანიის ბუნდესლიგის მორიგი მატჩისთვის გუნდთან ერთად მოემზადა, სადაც ამ უქმეებზე “რეკორდმაისტერები” “ჰოფენჰაიმს” დაუპირისპირდებიან.

ამრიგად, “მაინცის” წინააღმდეგ მიღებული დაზიანების გამო, დანტემ თავისი გუნდის დახმარება ორი კვირის მანძილზე ვერ მოახერხა.

სანდრო საპანაძე

„ბაიერნი“ მესის გადაბირებას შეეცდება

ფიფას ერთ-ერთმა აგენტმა ფრანსუა გალარდომ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის ყიდვას ცდილობდა.

„კომპანია „ადიდასს“ სურდა, რომ მესის რომელიმე სხვა ევროპულ გრანდში ეთამაშა, რისთვისაც 125 მილიონი ევროს გამოყოფისთვისაც იყო მზად. ეს იმ თანხის ნახევარია, რომელიც ლიონელის კონტრაქტში არის მითითებული. თანხის მეორე ნაწილის გადასახდელად კი ერთდროულად სამი კლუბი იყო მზად. ამ კლუბებს შორის ერთ-ერთი, როგორც ჩანს, „ბაიერნი“ იყო, რომელიც მესის შეძენას შემდეგ ზაფხულსაც შეეცდება“, – განაცხადა გალარდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბაიერნი“ დანტეს კარგავს

უახლოეს ორ კვირაში მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი დანტე მოედანზე გამოსვლას ვერ მოახერხებს.

სამხრეთ ამერიკელმა შაბათს „მაინცთან“ მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც მას უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელშიც ბავარიელები „ვიქტორია პლზენს“ დაუპირისპირდებიან.

გარდა ამისა, შესაძლოა, „ვიქტორიასთან“ მატჩში მონაწილეობა ვერც ფრანკ რიბერიმ მიიღოს, რომელმაც ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა. სწორედ ამის გამო მას „მაინცთან“ გამართულ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

ალექსანდრე მატევოსოვი

გვარდიოლა კმაყოფილია

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთვნელი ხოსეპ გვარდიოლა „მაინცთან“ მოგებული შეხვედრით კმაყოფილი დარჩა.

„მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ. საშინაო მატჩების პირველ ტაიმებში ხშირად პრობლემები გვექმნება. იმედია, ეს მალე შეიცვლება. ტაიმებს შორის შესვენების დროს ტაქტიკა შევცვალე და რობენი მარცხენა ფლანგზე გადავიყვანე, რამაც თავისი შედეგი მოიტანა“, – განაცხადა ფეხბურთს ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „მაინცთან“ ჩატარებული მატჩი მიუნხენურმა გრანდმა ანგარიშით 4:1 მოიგო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბასტიან შვაინშტაიგერი და კალათბურთის ბურთი…

როგორც ჩანს, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველს, ბასტიან შვაინშტაიგერს კალათბურთის ბურთთან მოპყრობაც კარგად გამოსდის. ამის დასტური კი ის ვიდეოა, რომელიც YouTube-ში, “ბაიერნის” ოფიციალურმა არხმა განათავსა.

 

გიოტცე: “90 წუთისთვის ჯერ მზად არ ვარ”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, მარიო გიოტცე აცხადებს, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ, ის 90 წუთისთვის ჯერ მზად არ არის.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გერმანელმა ტრავმა ევროპის სუპერთასის მატჩში, ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

“მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები აღარ მაწუხებს, ჯერ 90 წუთისათვის მზად არ ვარ. ვფიქრობ, ნელ-ნელა ფორმაში შევალ და ძველებური დატვირთვით ვითამაშებ”, – ამბობს გიოტცე.