ბატე – ბილბაო 2:1

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში გამარჯვება ბელორუსის “ბატემაც” მოიპოვა. ბორისოველებმა საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკოს” უმასპინძლეს და მოწინააღმდეგე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხეს.

ბატე 2-1 ბილბაო

გოლები: პოლიაკოვი 19′ (1:0); კარნიცკი 41′ (2:0); ადურისი 45′ (2:1)

ბენიტესი: “სამივე გოლი ჩვენი შეცდომების გამო გავუშვით”

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში სამივე გოლი შეცდომების გამო გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში “ატლეტიკმა” “ნაპოლის” ანგარიშით 3:1 სძლია, ორი მატჩის ჯამში (4:2) კი ჯგუფურ ეტაპზე ადგილი ესპანურმა კლუბმა მოიპოვა.

“ატლეტიკმა” პირველ ტაიმში გოლის გატანა დაიმსახურა. მოულოდნელად, წინ ჩვენ გავედით, მაგრამ შემდეგ ავირიეთ. სამივე გოლი ჩვენივე შეცდომების გამო გავუშვით”, – ამბობს ბენიტესი.

იკერ მუნიაინი: “ნაპოლისთან” შეხვედრა არ გვინდოდა”

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკი” “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ბასკთა თავდამსხმელი იკერ მუნიაინი ამბობს, რომ ნეაპოლელთა წინააღმდეგ დაპირისპირება არ სურდა.

“თანაბარი მატჩი იქნება. ნეაპოლიტანელებს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა თუ გვინდა, რომ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. კარგია, რომ საპასუხო შეხვედრას შინ გავმართავთ. ყველაფერი “სან მამესზე” გადაწყდება. “ნაპოლისთან” დაპირისპირება არ გვსურდა, თუმცა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს მუნიაინის სიტყვებს Football Italia.

წყვილის პირველი მატჩი “სან პაოლოზე” სამშაბათს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ბილბაოში, 27 აგვისტოს შედგება.

 

ბილბაომ სეგუნდას საუკეთესო ფორვარდი დაიმატა

სეგუნდას საუკეთესო ბომბარდირი ბორხა ვიგერა კარიერას “ბილბაოში” გააგრძელებს.

ესპანური პრესისი ცნობით უახლოეს დღეებში კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

ვიგერამ შედეგიანი თამაშით პრიმერას რამდენიმე კლუბის ინტერესი მიიპყრო, თუმცა ბასკმა ფეხბურთელმა არჩევანი “ბილბაოზე” შეაჩერა.

პრიმერადივიზიონის სეზონის სიმბოლური გუნდი

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ პრიმერადივიზიონის 2013-14 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები ჭარბობენ.

სეზონის სიმბოლური გუნდის ასე გამოიყურება:

მეკარე: ტიბო კურტუა („ატლეტიკო“);
მცველები: ხუანფრანი („ატლეტიკო“), ემერიკ ლაპორტი („ბილბაო“), დიეგო გოდინი („ატლეტიკო“); ფილიპე ლუისი („ატლეტიკო“);
ნახევარმცველები: ანდერ იტურასპე („ბილბაო“), კოკე („ატლეტიკო“), ივან რაკიტიჩი („სევილია“), გაბი („ატლეტიკო“);
თავდამსხმელები: დიეგო კოსტა („ატლეტიკო“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“).

 

„ატლეტიკმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 36-ე ტური „რაიო ვალეკანოსა“ და ბილბაოს „ატლეტიკს“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრა ტრიბუნაზე შექმნილი არეულობის გამო 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საბოლოოდ კი, მატჩი ბასკების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ამ გამარჯვებით „ატლეტიკომ“ სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილი გაინაღდა. ამ დროისთვის ბასკებს 68 ქულა აქვთ და მადევარ „სევილიას“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 9 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, ანდალუსიელებს ბასკებთან ქულათა გათანაბრების თეორიული შანსი კი გააჩნიათ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში „ატლეტიკს“ უპირატესობა აქვს. ამრიგად, ბასკურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
26-ე ტური
„რაიო“ — „ატლეტიკი“ 0:3
გოლები: სან-ხოსე 20′ (0:1), დე მარკოსი 30′ (0:2), ერერა 74′ (0:3).
გაფრთხილებები: ლარივეი 45+4′, საული 46′, არბილია 50′, კაშტრუ 73′ — ადურისი 76′.

მესიმ “ბილბაოსთან” მატჩის წინ აღებინა

20 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, კატალონიის “ბარსელონასა” და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის გამართული შეხვედრის წინ, “ბლაგაურნას” არგენტინელმა თავდამსხმელმა აღებინა.

ტიბო კურტუას ჩინებული სეივი

29 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, ბილბაოს “ატლეტიკმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქესთან ანარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მადრიდელთა მეკარე ტიბო კურტუამ ჩინებული სეივი განახორციელა.

სერხიო რამოსის მშვენიერი ფინტი “ატლეტიკთან” მატჩში

2 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, ბილბაოს “ატლეტიკსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში, “სამეფო კლუბის” ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა მშვენიერი ფინტი გააკეთა.

რონალდუს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩის (1:1) 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ბასკთა მცველ კარლოს გუპრეგის სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.

გასახდელისკენ მიმავალმა რონალდუმ გზად დამხმარე არბიტრს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. ამის გამო, შესაძლოა, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

„მატჩის 75-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუ მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის სახეში ხელის გარტყმისთვის გაძევებულ იქნა. მოედნის დატოვებამდე რონალდუმ ლოყაზე რამდენჯერმე ხელი გაირტყა, ეს ჟესტი მან დამხმარე მსაჯს უჩვენა“, – ნათქვამია მთავარი არბიტრის მოხსენებაში.

დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, „სამეფო კლუბის“ ლიდერი გამოტოვებს „ვილიარეალთან“, „ელჩესთან“ და „ხეტაფესთან“ გასამართ მატჩებს.

ბექა დოგრაშვილი

კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გააძევეს

ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ბასკთა მცველ კარლოს გუპრეგის სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. ცნობისთვის, რონალდუმ დღეს საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ თავდამსხმელს „რეალის“ შემადგენლობაში 4 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ამდენჯერვე გააძევეს ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ასეთი რამ არ მომხდარა.

დავამატებთ, რომ რონალდუ „ვილიარეალთან“ გასამართ მატჩს გამოტოვებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივონ.

ბექა დოგრაშვილი

ბუსკეტსი: „მეტოქემ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით გვაჯობა“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-15 ტურში „ბარსელონა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კატალონიური გუნდის ნახევარმცველი სერხი ბუსკეტსი თვლის, რომ პანიკის დრო არ არის, მარცხი კი ფიზიკურმა მოუმზადებლობამ გამოიწვია.

„მეტოქემ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით გვაჯობა, თუმცა ამის გამო პანიკა არ უნდა ავტეხოთ. მთავარია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და ხელები არ ჩამოვუშვათ. კი ბატონო, ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ, დავუშვით რამდენიმე სერიოზული შეცდომა, თუმცა ამით სეზონი არ დასრულებულა“, – ბუსკეტსის სიტყვები სპორტულმა ვებ-პორტალმა sport.es-მა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბარსელონამ“ დღევანდელი დღე ფეხბურთელებს დასვენებისთვის გამოუყო. გუნდი ვარჯიშს სამშაბათს განაახლებს.

ბექა დოგრაშვილი