ბრაზილიის ნაკრების კოლორიტული ქომაგი გარდაიცვალა

ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი კლოვის ფერნანდესი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი განსაკუთრებით პოპულარული 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გახდა, როდესაც მისი სევდიანი სახის ამსახველმა ვიდეომ მთელი მსოფლიო მოიარა.

როდესაც ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:7) ანგარიში გამანადგურებელი გახდა, კლოვის ფერნანდესმა მსოფლიოს ჩემპიონატის მინიატურული თასი გერმანელ გულშემატკივარს აჩუქა და თან უთხრა: “ჩემთვის ეს იოლი არ არის, მაგრამ თქვენ ეს დაიმსახურეთ. გილოცავთ! წაიღე ეს თასი ფინალურ მატჩზე”.

კლოვის ფერნანდესი მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდ სხვადასხვა ფინალურ შეხვედრასა და 60-ზე მეტ ქვეყანაში “სელესაოს” მონაწილეობით გამართულ 150-ზე მეტ მატჩს არის დასწრებული. მას მეტსახელად “გაუჩო და კოპასაც” ეძახდნენ.

კლოვის ფერნანდესს ცხრა წლის წინათ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

რა გაუკეთა ალტიდორმა დავიდ ლუისს (ვიდეო)

9 სექტემბერს, აშშ-სა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:4), ჟოზი ალტიდორმა დავიდ ლუისს ბურთი ფეხებს შორის გაუძრვინა.

კაკა ნაკრებში დაბრუნებით ბედნიერია

“ორლანდო სიტის” ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებით კმაყოფილება გამოხატა. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელი კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში გამოიძახეს. იგი მოედანზე შეხვედრის 67-ე წუთზე შევიდა.

“ვამაყობ, რომ ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდი. განსაკუთრებით სასიამოვნოა ბრაზილიის ჰიმნისა და გულშემატკივართა მხრიდან მხარდამჭერი შეძახილების მოსმენა. ვთვლი, რომ შემიძლია გუნდს დავეხმარო როგორც ამ მოკლე პერიოდში, ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში. კარგია, თუ მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ნაკრებს გამოვადგები”, – კაკას სიტყვები “გლობომ” გამოაქვეყნა.

ბრაზილიის ეროვნული გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს 9 სექტემბერს, აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ნეიმარი დუნგას აფრთხილებს

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი მთავარ მწვრთნელ კარლოს დუნგას აფრთხილებს, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:0) 23 წლის ფეხბურთელი სასტარტო განაცხადში არ დააყენეს. იგი მოედანზე მატჩის 82-ე წუთზე შეუშვეს.

“სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ ვარ მიჩვეული და არც ვაპირებ, რომ მივეჩვიო. თამაში მინდა და მუდამ იმაზე ვმუშაობ, რომ სასტარტო განაცხადში ვიყო”, – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს ESPN Brasil-ი.

 

დუნგა: „ჩვენთან ერთად ნეიმარი ფორმაში სწრაფად ჩადგება“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა თვლის, რომ სწორად მოიქცა, როდესაც „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი კოსტა-რიკასთან და აშშ-სთან ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა.

ცნობისთვის, „კოპა ამერიკაზე“ კოლუმბიის ნაკრებთან მატჩში გაძევების გამო ფორვარდმა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

„ბარსელონაში“ ის ძალიან ცოტა მოთამაშესთან ივარჯიშებდა, რადგან ფეხბურთელების უმეტესობა ნაკრებშია გამოძახებული. ჩვენთან ერთად ის კონდიციებს აღიდგენს. გარდა ამისა, თანაგუნდელებთან ის საერთო ენას კიდევ უფრო გამონახავს. ნეიმარი აუცილებლად ითამაშებს, ამის გარანტიას გაძლევთ“, – აცხადებს „სელეზაოს“ დამრიგებელი.

ნეიმარი ტრავმირებულია

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო.

23 წლის ფორვარდმა მუშაობისას მუხლში დისკომფორტი იგრძნო და ვარჯიში შეწყვიტა.

როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა კოსტა-რიკასთან ამხანაგურ შეხვედრაში ნეიმარის მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ცნობისთვის, ხსენებული შეხვედრა შაბათს გაიმართება.

5 მცველი, რომლებიც შეტევაში შესანიშნავად თამაშობენ

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ხუთი მცველი, რომლების შეტევაში შესანიშნავად თამაშობდნენ.

5. დანიელ აგერი

4. დავიდ ალაბა

3. დავიდ ლუისი

2. ტონი ადამსი

1. რობერტო კარლოსი

18 წლის ბრაზილიელის შესანიშნავი გოლი ბრაზილიის თასზე (ვიდეო)

27 აგვისტოს, ბრაზილიის თასზე, “კრუზეირომ” საკუთარ მოედანზე “პალმეირასი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

სტუმართა მრიდან დუბლი გაიფორმა 18 წლის გაბრიელ ჟესუსმა, მისი ერთ-ერთი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.

“ვასკო და გამას” ფეხბურთელმა “ფლუმინენსეს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

19 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “ფლუმინენსემ” საკუთარ მოედანზე “ვასკო და გამა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 70-ე წუთზე, “ვასკო და გამას” ნახევარმცველმა ჯონ კლეიმ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ოფიციალურად: რონალდინიო “ფლუმინენსეში” ითამაშებს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელი “ფლუმინენსეს” ღირსებას დაიცავს. კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო უკანასკნელად მექსიკურ “კერეტაროში” თამაშობდა. ბრაზილიელი ფეხბურთელის თავისთან გადაბირებას თურქული “ანთალიასპორი” ცდილობდა.

რონალდინიო “ფლუმინენსეში” 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე გააფორმა.

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-12 ტურის შემდეგ “ფლუმინენსეს” სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია.

 

გვარდიოლას ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება სურდა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას 2012 წელს ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება შეეძლო. ამის შესახებ “ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა ისაუბრა, რომელსაც გვარდიოლა კატალონიურ გუნდში თავკაცობდა. საბოლოო ჯამში, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუიშ ფელიპე სკოლარი შეარჩია.

“პეპმა თქვა, რომ სურდა, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოეგო და ამის მისაღწევად სტრატეგიაც ჰქონდა შემუშავებული. ბრაზილიური ფეხბურთის ჩინოსნებს უცხოელი მწვრთნელის დანიშვნა არ სურდათ, რადგან არ იცოდნენ, როგორ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ბრაზილია.

გვარდიოლა ამაზე ფიქრობდა. მას მართლაც სურდა ნაკრებში მუშაობა. მზად იყო, ხელფასზეც უარი ეთქვა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, მხოლოდ ბონუსი მიეღო. ჩვენ გვქონდა შანსი, გვყოლოდა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ზედმეტი ფინანსური ხარჯის გარეშე”, – დანი ალვესის კომენტარს ESPN-ის ბრაზილიური ბიურო აქვეყნებს.

 

სეზონის ყველაზე კურიოზული გაძევება ბრაზილიაში (ვიდეო)

5 ივლისს, ბრაზილიაში, “სანტოსმა” საკუთრ მოედანზე “გრემიო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის 27-ე წუთზე, “სანტოსის” ნახევარმცველმა ჯეუვანიომ ყვითელი ბარათი უხეშობის გამო მიიღო, თუმცა მცირე დაზიანება მანაც მიიღო და რამდენიმე წამით მოედნის დატოვება მოუწია. მალევე, ჯეუვანიო მოედანზე მსაჯის მითითების გარეშე შემოვიდა, რის გამოც მეორე ყვითელი მიიღო და შესაბამისად, მოედნიდან გააძევეს.