ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში “ბარსელონა” თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს ეწვია. “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
საშინაო ჩემპიონატში საშინელი გამოსვლების მიუხედავად, ანტონიო კონტეს “არისტოკრატებმა” გულშემატკივარს საკმაოდ დამაჯერებელი პერფრომანსი შესთავაზეს.ლონდონელთა სამწუხაროდ, მათი კარგი თამაში ანგარიშში დიდად ვერ აისახა.
მატჩის გმირის წოდებას ნამდვილად იმსახურებს უილიანი, რომელმაც პირველ ტაიმში ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს, მეორე ნახევარში კი ბადეშიც გაახვია ბურთი (62′). გაშვებული გოლის შემდეგ “ბარსელონამ” ზეწოლა გაზარდა, თუმცა საპასუხო გოლი არა კარგი თამაშის, არამედ მასპინძელთა შეცდომის ხარჯზე გაიტანეს – კრისტენსენის შეცდომით ინიესტამ და მესიმ ისარგებლეს (75′). 1:1.
ასე რომ, ორმატჩიანი დუელის ბედი “კამპ ნოუზე” გადაწყდება, სადაც ფავორიტი, რათქმა უნდა, კატალონიური “ბარსელონა” იქნება. მაგრამ არც “ჩელსის” ნაადრევად ჩამოწერა შეიძლება, თანაც, ჩემპიონთა ლიგა კონტეს ბოლო იმედად ესახება.
“ჩელსი”: ტიბო კურტუა; რუდიგერი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა; მარკოს ალონსო, კანტე, ფაბრეგასი (დრინქვოთერი 84′), მოზესი; პედრო (ალვარო მორატა 83′), ედენ აზარი, უილიანი
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე
“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; რობერტო, პიკე, უმტიტი, ხორდი ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პაულინიო (ალეიშ ვიდალი 63′); ლეო მესი, ლუის სუარესი, ანდრეს ინიესტა
მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე