ეტოო: “არა მგონია, მოურინიომ “ჩელსი” დატოვოს და “პსჟ”-ს მიაშუროს”

კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო, რომელსაც ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს, თვლის, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონის “ჩელსის” არ დატოვებს და “პარი სენ-ჟერმენში” არ გადაბარგდება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიომ დაუკმაყოფილებელი შედეგბის გამო შესაძლოა, ლონდონი დატოვოს და პარიზს მიაშუროს.

“არა მგონია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს. მოურინიოს “პარი სენ-ჟერმენში” ვერ ვხედავ. მას წარმატების მიღწევა ნებისმიერ კლუბთან ერთად შეუძლია, ეს მოახერხა ყველა გუნდში, სადაც უმუშავია. არა მგონია, მან “ჩელსი” დატოვოს. მე ვფიქრობ, მოურინიო “ჩელსის” ამ რთული ვითარებიდან დაიხსნის და დადებით შედეგებს დააბრუნებს”, – ეტოოს კომენტარს RMC ციტირებს.

 

მოურინიო შესაძლოა, ამ კვირაში გაათავისუფლონ

ლონდონის “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოს წყალი რომ შეუდგა, ამაზე ბრიტანული და არაბრიტანული პრესა უკვე დიდი ხანია, წერს. დასავლეთლონდონელებს პრემიერლიგის ათი ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ 11 ქულა აქვს, რაც გუნდის ანტირეკორდია. კონსპირაციული თეორიის მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ ფეხბურთელებს მოურინიოსთან დაპირისპირება აქვთ და ცუდად განზრახ თამაშობენ, რათა რომან აბრამოვიჩმა პორტუგალიელი სპეციალისტი “სტემფორდ ბრიჯიდან” მიაბრძანოს. ამასობაში “ჩელსი” სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციამდე დაქვეითდა და აშკარაა, რაღაც ზომებია მისაღები.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ მოურინიოს გუნდი დამდეგ შაბათს შინ “ლივერპულს” დაუხვდება და თუ ისევ დამარცხდება, შესაძლოა, პორტუგალიელი მწვრთნელი მატჩის შემდეგვე გაათავისუფლონ.

იმავე წყაროს ცნობით, “ჩელსიში” დაბრუნება კარლო ანჩელოტის სურს. სახელდება ხოსეპ გვარდიოლას კანდიდატურაც, რომლის მოთაფვლასაც აბრამოვიჩი 2012 წელს ცდილობდა, თუმცა მაშინ კატალონიელმა სპეციალისტმა მიუნხენის “ბაიერნის” გაძღოლა არჩია. მესამე ვარიანტად დიეგო სიმეონე მოიაზრება. დროებით მწვრთნელად გუს ჰიდინკის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც “ჩელსის” 2009 წელს ხელმძღვანელობდა და დანიშვნიდან სამ თვეში გუნდს ინგლისის თასი მოაგებინა.

 

აზარი “ჩელსიში” უკმაყოფილოა და შესაძლოა, “რეალში” გადავიდეს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გადავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ მოსწონს და ნავთსაყუდელის შეცლა სურს. აზარი პრიორიტეტულ ვარიანტად “რეალს” თვლის, რომელმაც უკვე გამოხატა მის მიმართ ინტერესი.

ცნობისთვის, ედენ აზარს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება.

 

მოურინიო: “სურს ფალკაოს თამაში? აჯობოს დიეგო კოსტას”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბში იჯარით მოთამაშე რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს სათანადო სათამაშო დრო არ ეძლევა იმის გამო, რომ იგი დიეგო კოსტას კონკურენციას ვერ უწევს.

“ფალკაომ დიეგო კოსტას უნდა აჯობოს. ჩვენ ერთი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ვიყენებთ იმ ფორვარდს, რომელიც უკეთეს ფორმაშია. ეს პირდაპირი კონკურენციაა. ჩვენთან საუკეთესოები თამაშობენ. რაც შეეხება ჭორებს იმის შესახებ, რომ ფალკაოს კლუბიდან წასვლა სურს, მე მას ყოველდღე ვესუაბრები. უცნაურია, რომ პრესამ იცის ის, რაც მე არ ვიცი”, – მოურინიოს სიტყვებს A Bola აქვეყნებს.

 

“ჩელსის” ფეხბურთელები მოურინიოს განუდგნენ?

ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ ამხედრდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის მხრიდან მხარდაჭერა დაკარგა. მეტიც, გუნდის მთავარი მოთამაშეები მოურინიოს მეტსახელით მოიხსენიებენ, რაც დანარჩენი ფეხბურთელების თვალში პორტუგალიელ სპეციალისტს ავტორიტეტს კიდევ უფრო ულახავს.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, “ჩელსის” თავკაცის პოსტზე დიეგო სიმეონეს კანდიდატურა განიხილება.

 

მოურინიოს დისკვალიფიკაცია მისცეს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს დისკვალიფიკაცია მისცა. პორტუგალიელი სპეციალისტი “საუთჰემპტონთან” გამართული მატჩის (1:3) შემდეგ მსაჯის მკაცრად გაკრიტიკებისთვის დასაჯეს.

მაშინ მოურინიომ თქვა, რომ არბიტრს მისი გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების ეშინოდა.

მოურინიო დისკვალიფიცირებულია პრემიერლიგის ერთი მატჩით. პორტუგალიელს არამხოლოდ მწვრთნელისთვის განკუთვნილ ადგილას ყოფნა, არამედ სტადიონზე მისვლაც კი აეკრძალა. გარდა ამისა, “ჩელსის” თავკაცი 50 ათასი ფუნტითაც დაჯარიმებულია.

2016 წლის 13 ოქტომბრამდე საჯარო სივრცეში ანალოგიური განცხადების გაკეთების შემთხვევაში, მოურინიოს სტადიონზე დისკვალიფიკაცია მყისიერად მიესჯება.

 

მოურინიო უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს დაესწრო (ფოტო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (0:1) ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაესწრო. პორტუგალიელი სპეციალისტი ტელეკამერების ობიექტივშიც მოხვდა.

უცნობია უკრაინაში მოურინიოს ვიზიტის მიზანი, თუმცა ზოგიერთი ჟურნალისტის ცნობით, პორტუგალიელი მწვრთნელი კიევის “დინამოს” ნახევარმცველ ანდრეი იარმოლენკოს დააკვირდა, რომელმაც მატჩში სრულად ითამაშა.

Mourinho

“ჩელსი” მოურინიოსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ლონდონის “ჩელსი” კლუბის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერება, რომ ცუდი შედეგების გამო პორტუგალიელი სპეციალისტს მალე კლუბიდან გაათავისუფლებენ.

“კლუბი სრულად ენდობა ჟოზეს. როგორც თავად ჟოზემ თქვა, შედეგები არცთუ სახარბიელოა და გუნდმა თამაში უნდა გააუმჯობესოს. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ის მწვრთნელი გვყავს, რომელსაც სიტუაციის გამოსწორება შეუძლია და მას ჰყავს გუნდი, რომელიც ამას გააკეთებს”, – ნათქვამია “ჩელსის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

“ჩელსის” ბოლო 37 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურში ლონდონის “ჩელსი” “საუთჰემპტონთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციამდე დაეშვა. ჟოზე მოურინიოს გუნდს აქტივში მხოლოდ 8 ქულა აქვს.

“ჩელსის” ბოლო 37 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. 1978/79 წლების სეზონის ცუდად დაწყებას ის მოყვა, რომ გუნდი ელიტარული დივიზიონიდან გავარდა. ინგლისის ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთი ფაქტი მოიძებნება, როდესაც გუნდს საწყისი რვა ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ რვა ან ნაკლები ქულა ჰქონდა და შემდეგ ჩემპიონი გამხდარა. ეს 1913 წელს “სანდერლენდმა” შეძლო.

 

მოურინიო: “სულელური შეცდომების გამო დავისაჯეთ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ლონდონის “ჩელსი” სტუმრად “პორტუსთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი სულელური შეცდომების გამო დაისაჯა.

“კარგი თამაში იყო ორი სულელური შეცდომით. ზოგჯერ ასეთ შეცდომებს უშვებ, მაგრამ არ ისჯები, ჩვენ კი დავისაჯეთ.

არაერთხელ ვნახეთ, როგორ ასრულებს “პორტუ” კუთხურებს. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, თუმცა როდესაც თამაშს ვაკონტროლებდით, ზუსტად მაშინ მივიღეთ გოლი და სწორედ ეს არის სასაცილო.

მეორე ასეთი შეცდომა მაშინ დავუშვით, როდესაც მეტოქემ ბურთი ძელს გაარტყა. ეს შეცდომები რომ არ ჩავთვალოთ, თანაბარი თამაში იყო. ფეხბურთელები კარგად მოქმედებდნენ.

“პორტუ” ძლიერი მეტოქეა, “დრაგაოზე” თამაში რთულია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.com-ი.

ცნობისთვის, “ჩელსი” მიმდიანრე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩიდან უკვე მეხუთედ დამარცხდა.

 

მოურინიო შესაძლოა, სექსიზმის გამოვლინებისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯონ

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შესაძლოა, სექსიზმის გამოვლინებისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის I ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსი სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს მოურინიო კლუბის ფიზიოთერაპევტ ევა კარნეიროს გაუჯავრდა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში მედიკოსები მსაჯის ნებართვის შემდეგ ედენ აზარის დასახმარებლად მოედანზე გავიდნენ, რის გამოც ბელგიელ ფეხბურთელს დროებით მინდვრის დატოვება მოუხდა. მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ აზარი მოედანზე არა დაზიანების, არამედ დაღლილობის გამო იწვა. ტიბო კურტუას გაძევების გამო “ჩელსი” ათი კაცით თამაშობდა და აზარის მოედნიდან გასვლის შემდეგ ლონდონელები მინდორზე ცხრანი დარჩნენ. მოგვიანებით კარნეიროსა და კლუბის კიდევ ერთ მედიკოს ჯონ ფირნს “ჩელსის” მატჩებსა და ვარჯიშებზე საქმიანობის განხორციელება შეუჩერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში ანონიმური წერილი შევიდა, რომელშიც მოურინიოს სექსიზმში ადანაშაულებენ. თუ პორტუგალიელ მწვრთნელს დამნაშავედ სცნობენ, მას შესაძლოა, ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.

დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ ევა კარნეირო და ჯონ ფირნი მიმდინარე კვირის განმავლობაში კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და მათ “ჩელსის” მატჩებზე საკუთარი ფუნქციების შესრულება უკვე შეეძლებათ.

 

ჟოზე მოურინიო რობერტო მარტინესს გაუჯავრდა

“ტელეგრაფის” ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში ლივერპულის “ევერტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მერსისაიდელთა თავკაც რობერტო მარტინესს გაუჯავრდა.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ მოცდა მოუწია, სანამ მარტინესი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოსვლას დაასრულებდა.

როგორც “ტელეგრაფი” წერს, როდესაც მარტინესი საპრესკონფერენციო დარბაზიდან გამოვიდა, მოურინიომ მას უთხრა: “რობერტო, მომდევნო ჯერზე თქვი, რომ პირველი მე წარვდგები ჟურნალისტების წინაშე, რადგან ჩვენ შინისაკენ უნდა გავემგზავროთ”. მარტინესმა უპასუხა, რომ ეს მისი საქმე არ არის, რაზეც მოურინიომ უხამსად მიუგო: “F*** hell” (“ეშმაკსაც წაუღიხარ!”).