“ინტერი” ივან რაკიტიჩის დამატებას შეეცდება

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. El Chiringuito-ს ცნობით, ხორვატი ფეხბურთელით მილანის “ინტერი” გახლავთ დაინტერესებული.

“ნერაძური” 30 წლის მოთამაშის დამატებას ზაფხულში შეეცდება. მილანელები გათვლას იმაზე აკეთებენ, რომ რაკიტიჩს კონკურენციის გაწევა ფრენკი დე იონგთან მოუწევს, რომელიც “ბარსელონაში” ივლისში გადავა.

ივან რაკიტიჩსა და “ბარსელონას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 65 მილიონ ევროდ აფასებს.

ივან რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სპალეტი შესაძლოა “პარმასთან” მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ

მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის გუნდში მუშაობა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე არც კი ჩაამთავრებინონ. იტალიელმა სპეციალისტმა შექმნილი მდგომარეობა “ნერაძურის” გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან ერთად “ბოლონიასთან” განცდილი საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ განიხილა.

ANSA-ს ცნობით, ლუჩანო სპალეტის ბედი იტალიის სერია А-ს 23-ე ტურში “პარმას” წინააღმდეგ გასამართ მატჩზეა დამოკიდებული, რომელიც 9 თებერვალს ჩატარდება. იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემთხვევაში, მის ყველაზე რეალურ შესაძლო შემცვლელად ანტონიო კონტე სახელდება, რომელიც მაროტასთან ერთად ტურინის “იუვენტუსში” მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი მილანის “ინტერში” 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი დანიშვნიდან ერთ თვეში გუნდმა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი – ჩემპიონთა საერთაშორისო თასი მოიგო. “ნერაძურიმ” სერია A-ს გასული გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა გუნდი ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე ვენის “რაპიდი” იქნება.

დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

რონალდუს აგენტი საუკეთესო მოთამაშედ მოდრიჩის დასახელებაზე: “სასაცილო და სამარცხვინოა”

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა უეფა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩის დასახელების გამო გააკრიტიკა. აგენტის თქმით, ამ ჯილდოს მისი კლიენტი იმსახურებდა.

“ფეხბურთს მოედანზე თამაშობენ, სადაც საუკეთესო კრიშტიანუ იყო. მან ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა და “რეალს” ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოაგებინა.

ეს სასაცილო და სამარცხვინოა. ვფიქრობ, ამაში არც ჯილდოს მიმღებს ეპარება ეჭვი, ვინაიდან რონალდუ თავის პოზიციაზე საუკეთესოა”, – ციტირებს ჟორჟე მენდეშის სიტყევბს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ უეფა მანამდე ზედიზედ სამი წლის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ კრიშტიანუ რონალდუს ასახელებდა.

მარსელო: “რონალდოსთანაც მითამაშია და რონალდინიოსთანაც, მაგრამ კრიშტიანუ საუკეთესოა”

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების მცველმა მარსელომ ყველა დროის ყველაზე ძლიერი თანაგუნდელი და მოწინააღმდეგე დაასახელა.

“რონალდოს ერთადაც მითამაშია, რონალდინიოსთანაც და რუდ ვან ნისტელროისთანაც, მაგრამ კრიშტიანუ საუკეთესოა. ის სრულყოფილი ფეხბურთელია. ყველაზე ძლიერი მეტოქე კი ნეიმარი გახლავთ.

ზინედინ ზიდანი საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია. ერთმანეთს ერთი შეხედვით ვუგებთ. ალბათ, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ზიდანი თავად გახლდათ ფეხბურთელი. მან ძალიან მოკლე დროში მოახერხა დიდებული მოთამაშეების ერთ მუშტად შეკვრა”, – ციტირებს მარსელოს სიტყვებს “ასი”.

რონალდუს უნიკალური რეკორდი

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 100 გოლის გატანა მოახერხა. რონალდუსთვის ჩემპიონთა ლიგაზე მეასე გოლი მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში 104-ე წუთზე გატანილი ბურთი გამოდგა.

კრიშტიანუ რონალდუს უახლოესი მადევარი “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი გახლავთ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 94 გოლი აქვს გატანილი.

“რეალმა” “ბაიერნს” დამატებით დროში მოუგო (ვიდეო)

დრამატულად განვითარდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული საპასუხო შეხვედრა. მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და გოლის გატანის შანსი არაერთხელ მიეცა ორივე გუნდს, მაგრამ პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია.

შეხვედრის 51-ე წუთზე კაზემირომ საკუთარ საჯარიმო მოედანზე არიენ რობენი წააქცია და მთავარმა არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ზუსტად შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ. 76-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ სერხიო რამოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 84-ე წუთზე არტურო ვიდალმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გერმანელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. მატჩის ძირითადი დრო “ბაიერნმა” 2:1 მოიგო, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა. 104-ე წუთზე სერხიო რამოსის მიერ მოწოდებული ბურთის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ მეტოქის საჯარიმოში მეურვის გარეშე აღმოჩნდა და მანუელ ნოიერის კარში მესამე გოლიც გაიტანა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა იყო, რაც მსაჯებმა ვერ შენიშნეს. 109-ე წუთზე მარსელომ გაარღვია გერმანელთა დაცვის ხაზი, მეკარესთან პირისპირაც აღმოჩნდა და გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბრაზილიელმა რონალდუსთვის პასის გაკეთება ამჯობინა და “რეალის” პორტუგალიელმა ლიდერმა ჰეთთრიკი შეასრულა. სამ წუთში თავისი გოლი შეცვლაზე შემოსულმა მარკო ასენსიომაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2. “რეალი” ნახევარფინალში გავიდა.

ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (II მატჩი)
“რეალი” — “ბაიერნი” 4:2 (ძირითადი დრო 1:2)
გოლები: რონალდუ 76′, 104′, 109′, ასენსიო 112′ — ლევანდოვსკი 53′ (პენ), სერხიო რამოსი 77′ (ა.გ.).
გაძევება: ვიდალი 84′.

მადეირის აეროპორტში დადგმულმა რონალდუს ბიუსტმა ფანები უსიამოვნოდ გააკვირვა (ფოტო)

დღეს მადეირის საერთაშორისო აეროპორტს კრიშტიანუ რონალდუს სახელი ოფიციალურად მიანიჭეს. ტერმინალში პორტუგალიელი ფეხბურთელის ბიუსტიც დადგეს, რომელმაც თავისი არამიმზიდველი გამოსახულებით ფანები უსიამოვნოდ გააკვირვა.

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალის” ლიდერი სწორედ კუნძულ მადეირიდან გახლავთ. აეროპორტისთვის რონალდუს სახელის მიკუთვნების გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო.