“სილკებორგი” 3:2 “რანდერსი” – სხირტლაძის დუბლი და ლობჟანიძის საგოლე გადაცემა

დღეს დანიის სუპერ ლიგაში მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც “სილკებორგმა” “რანდერს” უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა მეტოქე.

როგორც მოგეხსენებათ, “სილკებორგის” შემადგენლობაში ორი ქართველი შემტევი მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე ირიცხება, ამ უკანასკნელმა სრული შეხვედრა ჩაატარა და მინდორზე დუბლით გამოიჩინა თავი (8′; 70′), ხოლო მათე მინდორზე 77-ე წუთზე გამოჩნდა. რაც შეეხება სტუმართა ქართველ ლეგიონერს საბა ლობჟანიძეს, ახალგაზრდა შემტევი, როგორც ყოველთვის ერთ-ერთი პროდუქტიული იყო მინდორზე და 34-ე წუთზე კონბოის დაეხმარა გატანაში. საბოლოოდ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ გუნდები ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან. “სილკებორგს” 17 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა, ხოლო “რანდერსი” 14-ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

“ორჰუსმა” მეტოქე ქართველების გოლებით გაანადგურა

დანიის პირველი დივიზიონის მეორე ტურში “ბრიონშოისა” და “ორჰუსს” შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 0:5 დასრულდა. ხუთივე გოლი ქართველი ფეხბურთელების ანგარიშზეა.

მე-5 წუთზე ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა, მანვე მე-10 წუთზე დუბლი შეასრულა. ორ წუთში დავით სხირტლაძემ ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახადა. პირველი ტაიმი “ორჰუსმა” 3:0 მოიგო. მატჩის მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა: 63-ე წუთზე სხირტლაძემ დუბლი გაიფორმა, 84-ე წუთზე კი ვაწაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და შეხვედრას წერტილი დაუსვა 0:5.

სხირტლაძე 74-ე წუთზე შეცვალეს, ვაწაძემ კი მატჩი სრულად ჩაამთავრა. აღსანიშნავია, რომ მათემ პირველ ტურშიც გაიტანა და ახლა ოთხი გოლით ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

“ორჰუსი” II ტურის შემდეგ 4 ქულით ოთხ გუნდთან ერთად 2-6 ადგილებს ინაწილებს.

 

ვაწაძის გოლი დანიის ჩემპიონატში

5 ოქტომბერს, დანიის სუპერლიგაში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. “რანდერსმა” საკუთარ მოედანზე “ორჰუსი” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.

მატჩში ანგარიში მეცხრე წუთზე, სტუმართა მოთამაშემ, პეტრი პასანენმა გახსნა, რასაც მე-13 და 40-ე წუთებზე, მასპინძელი ფეხბურთელის გოლები მოჰყვა. ჯერ ანგარიში ვიქტორ ლუნდბერგმა გაათანაბრა, ხოლო თავისი გუნდი წინ ჯონას ბორინგმა გაიყვანა. შეხვედრის საბოლოო შედეგი 90-ე წუთზე დაფიქსირდა – გოლი ქართველმა თავდამსხმელმა, მათე ვაწაძემ გაიტანა, რომელმაც “ორჰუსს” ქულა მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ ვაწაძე მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. “ორჰუსის” სათადარიგოებში იყო კიდევ ერთი ქართველი – დავით სხირტლაძემ 72-ე წუთზე ერთ-ერთი გოლის ავტორი, პეტრი პასანენი შეცვალა. რაც შეეხება დავით დევდარიანს, ის განაცხადში არ ყოფილა.