ქეცბაია: „არა მგონია, რომ ჩემი შეცდომის გამო ვერ გავედით მე-3 ადგილზე“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში გამართული ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან ანგარიშით 0:1 დათმო.  მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის მთავარ მსაჯთან ერთ დროს პრობლემები ჰქონდა.

„სამწუხაროა, რომ თბილისში გამართული ჯგუფის ბოლო მატჩი წავაგეთ. თუ მოგებას არა, წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით. პირველი მატჩის შემდეგ, გუნდი ფიზიკურად მზად არ იყო. ესპანეთში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვასწოროთ“, – ამ სიტყვებით დაიწყო ქეცბაიას პრესკონფერენცია.

– ფიზიკური დაღლილობა ახსენეთ და გარდა ამისა, რა დააკლდა გუნდს სასურველი შედეგისთვის?
– საჭიროა მეტი შემქმნელი ფეხბურთელი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა გვაქვს. თავიანთ კლუბებში ზოგიერთი სკამზე ზის, ზოგიერთი ტრიბუნაზე. უნდა ეცადნონ, რომ ნაკრებში მოხვდნენ. ფეხბურთი არის დინამიკა. ფეხბურთელი თუ არ ირბენს, თუ არ გაეკიდება, თუ არ იმოძრავებს, რთულია მისთვის ნაკრებში თამაში.

– ჯანო ანანიძის ფიზიკურ მომზადებაზე გკითხავთ. თითქოს წინა შეხვედრაში არ იყო ფიზიკურად მზად, ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელ მატჩში იყო დამაკმაყოფილებელი. ჯანოზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ მასზე უკეთესი ფეხბურთელი, რომელიც თავდამსხმელამდე ბურთს მიიტანს, ფაქტობრივად არ გვყავს?
– გეთანხმები. ასეთი ფეხბურთელები არიან ანანიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე. ორი თამაში ვითამაშეთ და მე არ მახსოვს, რომ სახიფათო მომენტი შეგვექმნა. ცუდია, როცა მათგან ელოდები და შედეგს ვერ იღებ.

– როგორ ფიქრობთ, არბიტრმა გაგვწირა, თუ რეალური პენალტი დანიშნა?
– სწორედ ეს მსაჯი სჯიდა ზუსტად ორი წლის წინათ ლატვიასთან გამართულ შეხვედრას. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი შიში მქონდა. ვაპირებდი, რომ მეთქვა… ამ მსაჯთან პრობლემები გვქონდა, როდესაც კვიპროსში ვთამაშობდი. ამ არბიტრმა თამაში ჩაგვიშალა, არადა ჩემპიონობიოსთვის ვიბრძოდით. ის შეხვედრა წაგებად ჩაგვითვალეს. იმასაც ვფიქრობდით, რომ უეფას მსაჯის შეცვლის მოთხოვნით მიგვემართა. იქ ვცხოვრობ, ამდენი გამიკეთებია იმ ქვეყნისთვის და ალბათ, ვიყავი იმის ღირსი, რომ 50-50-ზე ემსაჯა. ასეთ პენალტს არავინ დადებს.

– რამდენად ლოგიკურია ფინური და ქართული ფეხბურთის გათვალისწინებით, რომ ფინეთის ნაკრები ჯგუფის მე-3 ადგილს იკავებს, საქართველოს კი – მე-4-ს? სხვაობა რაოდენ დიდია?
– ეროვნული ჩემპიონატის მიხედვით,  მე-100 ადგილის იქით ვიქნებით. მგონი, იმათ ფინეთის ჩემპიონატიდან არც ჰყავთ ფეხბურთელი. ჩვენ მიჩვეულნი ვართ იმ კარგ ფეხბურთს, რომელსაც 30 წლის წინათ ვთამაშობდით. ოთხი წელია ვიძახი, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. ფეხბურთელთა ეს პლეადა არის, მაგრამ ვიღაცამ ეს ხომ უნდა შეცვალოს?! ის ბიჭები წავიდნენ, რომლებიც თამაშობდნენ „იტალიებში“, „გერმანიებში“, „ინგლისებში“, „ჰოლანდიებში“, შოტლანდიაში. ისინი ვიღაცამ ხომ უნდა შეცვალოს?! კლუბი სხვა რამაა. აქ შეიძლება ვიღაც დაიმატო, ვიღაც ჩამოიყვანო, ერთ ფეხბურთელს მეორე შეუწყვილო. ჩვენ გავიზარდეთ ისეთი ფეხბურთელების გვერდით, რომლებიც მსოფლიო დონეზე თამაშობდნენ. ჩვენს შემდეგ კიდევ სხვები მოვიდნენ. ისინი წავიდნენ და იმის მერე აღარავინ მოსულა.  ეს არის ჩვენი პრობლემა. ჩვენ თუ ამას დროულად არ მივხედავთ, ძალიან ძნელი იქნება მომავალში. ქვეყანაც არ არის ფინეთის მსგავს სიტუაციაში. სად ფინეთის ცხოვრების დონე და სად ჩვენი?! ჩვენ ქართველები ვართ და გვგონია, რომ ყველაზე უკეთესები ვართ, მაგრამ ასე არ არის. ხალხი მილიონებს და მილიარდებს დებს და ისინი ვერ აღწევენ შედეგს და ჩვენ არაფერს ვდებთ და როგორ გვინდა, რომ ფეხბურთი განვითარდეს?!

– მიზანი იყო მე-3 ადგილის დაკავება, რაც ვერ მოვახერხეთ. როგორ ფიქრობთ, რა იყო მთავრი მწვრთნელის შეცდომა და ფეხბურთელების მთავარი შეცდომა?
– გეგმა იყო ის, რომ ეს ორი წელი გამოგვეყენებინა მოსამზადებლად, ახალგაზრდებისთვის შანსი მიგვეცა, რადგან ვიცოდით, რომ ამ ჯგუფში გასვლა ძალიან ძნელი იქნებოდა. დავისახეთ მე-3 ადგილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე-3 ადგილს ავიღებდით. არც იმას ნიშნავს, რომ ფინეთზე უკეთესი გუნდი ვიყავით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა მთავარი გეგმა იყო მომზადება, ბიჭებისთვის შანსის მიცემა, რათა ეს ორი წელიწადი გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ ევროპის მომდევნო ჩემპიონატისთვის მოვმზადებულიყავით. მომდევნო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე  მე-3 ადგილი უკვე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან პლეი-ოფს ითამაშებს. შეიძლება მეც დავუშვი შეცდომები, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემი შეცდომების გამო ვერ გავედით პირველ ან მეორე ან მესამე ადგილზე. ყველა ცდება. როცა ჩვენ ჩავიბარეთ გუნდი, მე-6 ადგილზე იყო. ერთი ციკლის შემდეგ ჩვენ მე-5 ადგილზე დავასრულეთ, ახლა მე-4 ადგილზე. რაღაც წინსვლა არის, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ. იმედია, მომდევნო შესარჩევ ეტაპზე მე-3 ადგილზე გავალთ და ჩვენ საქმესაც გავაკეთებთ.

– დღევანდელი შედეგი გამოიწვია ტაქტიკურმა პრობლემამ, თუ ფსიქოლოგიურმა წნეხმა, რადგან როდესაც აუცილებლად მოსაგები გაქვს, ფსიქოლოგიურად უფრო რთულია…
– რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება ყოველთვის მნიშვნელოვანია. სულ სხვა არის თამაში საფრანგეთთან და სულ სხვა არის თამაში ფინეთთან. ფინეთთან მეტი შეტევა გინდა. 0:0-ზე კარგი მომენტები გვქონდა. შეიძლება გაგვეტანა და ჩვენ მოგვეგო, მაგრამ ვერ გავიტანეთ და მეტოქემ გაიტანა. ფეხბურთელებმა მეტი უნდა მოინდომონ.

– ჩვენ ადგილას რომ იყოთ, რა კითხვა დაგებადებოდათ?
– უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ფეხბურთი ამ ქვეყანაში აღორძინდეს. თუ რაღაცის იმედი არ გვაქვს, დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ?! დავანებოთ ყველაფერს თავი?! საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ?! გუნდების ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მივცეთ, თუმცა მხარი არ დამიჭირეს. თვითონ გუნდებს არ უნდათ, რომ ათამაშონ ეს ფეხბურთელები. მოთამაშე, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში არ თამაშობს, ის სადღაც როგორ უნდა წავიდეს?!

– ხიზანიშვილი რატომ არ მოვიდა: ტრავმა აქვს თუ თქვენი გადაწყვეტილება იყო?
– ხიზანიშვილი ავტობუსში არ ამოვიდა. ძირითადში არ იყო და ალბათ, ეწყინა და ავტობუსში არ ამოვიდა.

ჟურნალისტთა ნაწილმა ქეცბაია პრესკონფერენციიდან ტაშით გააცილა.

ბექა დოგრაშვილი

ფინელთა თავკაცი: „მეტის გატანა შეგვეძლო“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში გამართული ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან ანგარიშით 0:1 დათმო.  მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა განაცხადა, რომ მის გუნდს მეტო გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა არც ქართველი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მისამართით დაიშურა საქებარი სიტყვები..

– როგორ შეაფასებდით მატჩს?
– საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. სწრაფ ფეხბურთს აჩვენებს. ძლიერი დაცვითა და ნახევარდაცვით გამოირჩევა. იმედგაცრუებული ვარ, რადგან მეტის გატანა შეგვეძლო.
საქართველოს ნაკრები შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით. წილისყრის შემდეგ ცხადი იყო, რომ საქართველო, ფინეთი და ბელორუსი ერთმანეთის კონკურენტები იქნებოდნენ. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე თამაშს ვაუმჯობესებდით. ნებისმიერ გუნდს უჭირს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში.

– რამდენად სამართლიანი იყო დანიშნული პენალტი? როგორ შეაფასებდით მატჩს, თქვენ რომ იყოთ საქართველოს ნაკრების თავკაცი?
– ის მომენტი კარგად ვერ დავინახე, ბევრი ფეხბურთელი მეფარებოდა. მსაჯმა ხშირ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ ვიყო, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვიქნებოდი. ფინეთის ნაკრებს მეტი შანსი ჰქონდა. სამი-ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო.

– ბოლოს შემტევი ფეხბურთელები შეუშვით. იგრძენით, რომ კიდევ შეგეძლოთ გატანა?
– როდესაც საქართველოს ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა, ტაქტიკურად საინტერესო თამაში გაჩაღდა. ამ დროს ადვილი მისაღები იყო ეს გადაწყვეტილება.

– საქართველოს ნაკრებიდან ვის გამოარჩევთ?
– ქართველმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. რთული იყო საქართველოს ნაკრების დაცვის წინააღმდეგ თამაში. აქ ნებისმიერ გუნდს უჭირს. საქართველოს ნაკრებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშა.

– აღნიშნეთ, რომ ფინეთის ნაკრები მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს თამაშს. რამდენად რეალურია 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ფინეთისა და საქართველოს მსგავსი დონის გუნდების გასვლა?
– ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა გვინდა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. არ არის გამორიცხული, მე-3 ადგილი ისევ დავიკავოთ და გავიდეთ. შეიძლება 2018 წლის რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ჩვენი მიზანი საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაში იქნება.

– ბელორუსის ნაკრებსაც ეთამაშეთ და საქართველოსაც. მეტოქედ რომელი გუნდი უფრო რთულია?
– რთული სათქმელია. ორივე გუნდთან მძიმე თამაში გამოვიდა. ჩემი ნაკრები ასეთი დონის გუნდებთან თამაშით გამოცდილია.

ბექა დოგრაშვილი

ფინელთა თავკაცი: „აქ მხოლოდ დაცვითი თამაშისთვის არ ჩამოვსულვართ“

ხვალ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტურის მატჩები გაიმართება. „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრები ფინეთს უმასპინძლებს და ჯგუფის მესამე ადგილზე გადანაცვლებას შეეცდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფინელთა მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი თბილისში გოლის გატანას შეეცდება.

– რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრებზე?
– საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, მაღალი ხარისხის თამაშით გამოირჩევა. გუნდში საუკეთესო მეკარეა, რომელიც ხვალ ვერ ითამაშებს, თუმცა ვიცით, რომ სარეზერვო კარის დარაჯიც საკმაოდ მაღალი დონის გოლკიპერია. ნაკრებს ძლიერი დაცვა ჰყავს. გამოსარჩევია ნახევარდაცვის დისციპლინა. ნახევარმცველები ინდიციდუალურად კარგად თამაშობენ, დრიბლინგების განვითარებაც შეუძლიათ. ასე რომ, დაცვაში დიდი სიფრთხილით უნდა ვითამაშოთ.

– რა ტაქტიკით ითამაშებთ ხვალ?
– ჩემი ფილოსოფია მარტივია: ფეხბურთში არსებობს დაცვა და თავდასხმა. აქ მხოლოდ დაცვითი თამაშისთვის არ ჩამოვსულვართ. ჩვენ მხოლოდ სატურნირო ცხრილს არ ვუყურებთ. სათამაშოდ ასეთი რთულ ადგილზე დაცვიდან უნდა ვიმოქმედოთ. სასტარტო განაცხადს ვერ გეტყვით. დაცვითი ტაქტიკით ვითამაშებთ, თუმცა გოლი გასატანი გვქავს.

– ტაემუ პუკი გლაზგოს „სელტიკში“ გადავიდა. არის კიდევ ვინმე, რომელსაც ასეთი მაღალი დონის გუნდში თამაში შეუძლია?
– პუკი ახალგაზრდა, ენერგიული, ტექნიკური მოთამაშეა. შოტლანდიის პრემიერლიგა მისთვის საუკეთესოა. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო გააუმჯობესებს სათამაშო ხარისხს, რაც ჩვენთვისაც კარგი იქნება.

– საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს თუ უყურეთ. ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით, საქართველოს ნაკრები მაღალი დონის გუნდებთან უფრო კარგად თამაშობს. რამდენად ეთანხმებით ამ აზრს?
– მსგავს გრანდებთან საქართველოს დონის გუნდები დაცვითი ტაქტიკით თამაშობენ. რთულია, ასეთი მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ დაცვაში შეუცდომლად ითამაშო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ეს წინა შეხვედრაში მოახერხა. ქართველები ისევ ითამაშებენ კარგი დაცვით, თუმცა უფრო მეტად შემოგვიტევენ.

მატჩი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის, ხვალ, „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია.

ბექა დოგრაშვილი