ალექსანდრე იაშვილი: „უბრალოდ, სიტყვებს ვერ ვპოულობ“

თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა თავდამსხმელმა ალექსანდრე იაშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას „გაბალასთან“ ორი მატჩის ჯამში წაგებულ დუელზე ისაუბრა.

– როგორც გამოჩნდა, „გაბალაში“ ფრისთვის ჩახვედით…

– ამას ვერ ვიტყოდი. ჩვენი მიზანი, გოლის არ გაშვება იყო. მატჩის ბოლოს მეტოქის ზეწოლას ვერ გავუძელით. გული დაგვწყდა, უბრალოდ, სიტყვებს ვერ ვპოულობ…

– ბოლოს რას ელოდით?

– აქ წასაგებად არ ჩავსულვართ. აქამდეც ვთქვი, რომ „დინამოს“ მიზანი ამ ეტაპის დაძლევა იყო. თუმცა საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე შანსი ხელიდან გავუშვით. შევეცადეთ, ჩვენი თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ დაცვაში მყარად ვერ დავდექით

– შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ წითელმა ბარათმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა?

– რა თქმა უნდა, ეს გარდამტეხი მომენტი იყო, უმცირესობაში თამაში რთულია. სამწუხაროდ, უმცირესობაში, როგორც თბილისში, ასევე გაბალაში დავრჩით. თამაშს მეტოქე აკონტროლებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც 10 კაცით დავრჩით, ზეწოლა უფრო გაძლიერდა

– ძალიან გულდაწყვეტილი ჩანხართ, კითხვებზე პასუხის გაცემაც არ გსურთ. წაგებამ ამდენად იმოქმედა?

– არამხოლოდ წავაგეთ, არამედ შემდეგ ეტაპზეც ვერ გავედით

– შეხვედრა ბოლომდე რატომ არ დაასრულეთ?

– ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. შეცვლებზე პასუხს სწორედ ის აგებს, თანაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი ადვილად ჩანს. მან ჩათვალა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

– რას იტყოდით „გაბალას“ გამოსვლაზე?

– უფრო ჩემი გუნდის თამაშზე ვფიქრობდი. ვიცოდით, რომ მეტოქე მოგებაზე ითამაშებდა. მეტოქის რამდენიმე მოთამაშეს ვიცნობდი, რადგან მათ წინააღმდეგ „ინტერში“ ყოფნის პერიოდში ვითამაშე. ჩვენც გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. სამწუხაროდ, სასტვენამდე ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ

აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს “გაბალას” ვიცე-პრეზიდენტი გამოეხმაურა

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს აზერბაიჯანული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ფარიზ ნაჯაფოვი გამოეხმაურა.

“გუშინ სტადიონზე ასეთი ბანერების გამოფენის ფაქტით შეშფოთებულნი ვართ. მე შევხვდი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებს და დამნაშავეების გამოვლენა ვთხოვე. ასეთი პროვოკაციის დაშვება არ შეიძლება. “დინამოს” სურს, რომ უეფას მიმართოს, ჩვენ ქართული გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამ ყველაფერში ჩვენი კლუბი დამნაშავე არ არის. ეს ბანერები ჩვენი ფანკლუბის ტრიბუნაზე არ გამოუფენიათ. დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს ადამიანები გამოავლინონ და დასაჯონ. პატივი უნდა ვცეთ სხვა ქვეყნების ატრიბუტიკასა და დროშებს, როგორც ამას ჩვენ ვითხოვთ სხვებისგან. რაც არ უნდა მომხდარიყო, სხვა ქვეყნის ატრიბუტიკას პატივი უნდა ვცეთ. პირველ მატჩი ქართველი გულშემატკივრების მიერ გამოვლენილი პროვოკაციული ქმედება არ ასახავს ქართველი ხალხის აზრს. ჩვენ უფრო ტოლერანტული უნდა ვიყოთ”, – ციტირებს “გაბალას” ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს სპორტული პორტალი azerisport.com

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერები, რომლებზედაც საქართველოს ქალაქები აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, მასპინძლებმა საქართველოს დროშა სტადიონზევე დაწვეს. მთელი მატჩის განმავლობაში მათი მხრიდან ქართველი ქომაგების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.

“დინამო თბილისი” აპირებს, რომ მომხდართან დაკავშირებით უეფას მიმართოს.

 

 

“დინამო თბილისი” გაბალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უეფას მიმართავს

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს თბილისური კლუბის მმართველი დირექტორი ნიკა ჯღარკავა გამოეხმაურა.

“იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი მატჩზე ვიყავით კონცენტრირებულნი, ფაქტი 100 პროცენტით არ შეგვიმჩნევია. მომხდარი საჭიროებს გაანალიზებას. კლუბის მხრიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისი განცხადება გაკეთდება. მომხდართან დაკავშირებით უეფასაც მივმართავთ”, – განაცხადა ნიკა ჯღარკავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერები, რომლებზედაც საქართველოს ქალაქები აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, მასპინძლებმა საქართველოს დროშა სტადიონზევე დაწვეს. მთელი მატჩის განმავლობაში მათი მხრიდან ქართველი ქომაგების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.

 

ბრძოლა ბანერებით (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართულ მატჩამდე აზერბაიჯანული გუნდის ვიცე-პრეზიდენტი ფარიზ ნაჯაფოვი კი ამბობდა, რომ სტადიონზე პროვოკაციული შინაარსის ბანერებს არ დაუშვებდა, თუმცა აზერბაიჯანელმა ქომაგებმა ტრიბუნიდან პოლიტიკური შინაარსის არაერთი პოსტერი მაინც გადმოფინეს, რომელზედაც მთელი რიგი ქართული ქალაქები აზერბიჯანულად იყო მოხსენიებული.

ერთ-ერთ ბანერზე ბორჩალო უძველეს აზერბაიჯანულ მიწად იყო მიჩნეული. სინამდვილეში ბორჩალო ქვემო ქართლის ერთ-ერთი ისტორიული მხარე იყო, რომელმაც ეს სახელწოდება XVII საუკუნის დასაწყისში მას შემდეგ მიიღო, რაც დებედას ხეობაში თურქმანული ტომი ბორჩალუ ჩამოასახლეს. სხვათა შორის, ბორჩალოელი თურქულენოვანი მოსახლეობა ყოველთვის საქართველოს მოქალაქეებად იაზრებდა საკუთარ თავს და აქტიურ მონაწილეობასაც იღებდა საქართველოში შემოჭრილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის მაგალითად აღა-მაჰმად ხანთან გამართული 1795 წლის კრწანისის ბრძოლაც შეიძლება დავასახელოთ.

Azerbaijan fans 2

Azerbaijan fans 3

Azerbaijan fans 4

მოგვიანებით სამართალდამცველებმა აზერბაიჯანელ ქომაგებს აღნიშნული ბანერები ჩამოართვეს, თუმცა მანამდე პროვოკატორი გულშემატკივრები პოსტერებს დემონსტრაციულად აჩვენებდნენ.

Zaqatala - Kakhi

აზერბაიჯანელები წერენ, რომ ეს პროვოკაციული ქმედება პასუხი იყო ერთი კვირის წინათ მომხდარი შემთხვევისა, როდესაც ამავე გუნდების მონაწილეობით გამართულ მატჩში “დინამო არენას” ტრიბუნაზე გულშემატკივრების ნაწილმა გამოკიდა ბანერი, რომელზედაც ეწერა: “ჩვენ გვახსოვს კახი და ზაქათალა. 1921”. “დინამო თბილისმა” აღნიშნულთა დაკავშირებით მეორე დღესვე გაავრცელა განცხადება და მომხდარს გაემიჯნა.

Fans

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ბანერი ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის შარშან გამართულ შეხვედრაზეც გამოიფინა. მაშინ ამ ქმედებას საკამოდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა. იმერული კლუბი ბანერის შინაარს გაემიჯნა, თუმცა უეფასგან სანქციას მაინც ვერ ასცდა: მაშინ, უეფას გადაწყვეტილებით, “ჩიხურამ” სტადიონის ორ სექტორზე ანტირასისტული ბანერი გამოფინა.

ფაქტი ერთია, უეფა სტადიონებზე პოლიტიკური შინაარსის ბანერების გამოკიდებას მკაცრად კრძალავს და წესის დამრღვევ გუნდებს სჯის. ვნახოთ, გაატარებს თუ არა უეფა სანქციებს “გაბალას” მიმართ ან მოყვება თუ არა დღევანდელ ინციდენტს რაიმე განმარტება თავად კლუბის მხრიდან.

 

გია გეგუჩაძე: “გაბალასთან” ძალიან რთული დაპირისპირება გველის”

დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. “დინამო თბილისი” აზერბაიჯანში “გაბალასთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. გეგუჩაძის გარდა ჟურნალისტების წინაშე “დინამოს” ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაურიც წარსდგა.

“რა შეიძლება ითქვას ხვალინდელ მატჩზე?! ისევე როგორც პირველი თამაში, ძალიან რთული დაპირისპირება გველის “გაბალასთან”. ჩატარებული მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე კი, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ჩვენ სრული შემადგენლობით ვემზადებით, თუმცა გვაქვს გარკვეული დანაკლისი. როგორც პირველ მატჩში, ახლაც არ გვეყოლება დაშავებული ოთარ კაკაბაძე და გიორგი გველესიანი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება”, – ციტირებს გეგუჩაძის სიტყვებს “დინამოს ოფიციალური ვებგვერდი.

“პირველ რიგში, ყველა ქართულ გუნდს წარმატება მინდა ვუსურვო ევროთასებზე. თბილისური შეხვედრა ურთულესი გამოდგა და ფაქტიურად მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით მოგვიწია ასპარეზობა. ხვალინდელი მატჩი არანაკლები სირთულის იქნება, თუმცა ბიჭები მორალურად და ფიზიკურად ყველანი მზად ვართ და შევეცდებით, გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი”, – აღნიშნა ჯაბა ჯიღაურმა.

მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

“გაბალას” თავკაცი: “საპასუხო შეხვედრაში გამარჯვების იმედი მაქვს”

დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. აზერბაიჯანის “გაბალა” “დინამო თბილისს” მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

“გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა განაცხადა, რომ მის გუნდს აქტიური ქომაგობა გარანტირებული ექნება და მოსაგებადაც იბრძოლებს.

“ყველანი ველოდებით ამ დაპირისპირებას, რომელიც ურთულესი იქნება. თბილისური მატჩი ჩვენთვის არასასურველი ანგარიშით დასრულდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებას ვიმედოვნებ. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ პირველი მატჩში დაშვებული შეცდომები და შევეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. “გაბალას” სტადიონს გულშემატკივარი აზერბაიჯანის ჩემპიონატში არ აკლია, ხვალ კი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი ინტერესი იქნება და ხმაურიანი მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება”, – გრიგორჩუკის სიტყვებს “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

ევროპის ლიგა: ქართული გუნდების მონაწილეობით მატჩებში მსაჯები დანიშნეს

ცნობილია იმ არბიტრთა ვინაობა, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მონაწილეობით გასამართ საპასუხო მატჩებს მოემსახურებიან.

“გაბალასა” და “დინამო თბილისს” გასამართ შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

“ცხინვალსა” და რუმინულ “ბოტოშანის” შორის “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩში ბულგარელი არბიტრები იმუშავებენ, მთავარი მსაჯი ნიკოლაი იორდანოვი იქნება.

ნიქოზიის “ომონიასა” და “დინამო ბათუმს” შორის მატჩს ფაბიუ ვერიშიმუს ხელმძღვანელობით პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

სამივე შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

9 ივლისი დინამოს ისტორიაში

ხუთშაბათს 9 ივლისს დინამო თბილისი გაბალაში უეფას ევროპა ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს. ევროთასის მატჩი გაბალას ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

9 ივლისს დინამოს თავის ისტორიაში 6 მატჩი აქვს გამართული. 2 მოგება თბილისელებს დარჩათ, 3 მატჩი ფრედ დასრულდა და ერთხელაც მეტოქემ გვაჯობა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 12/8 დინამოს სასარგებლოდ.

1971 წელს ლვოვში ადგილობრივ კარპატისთან დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები ნოდიამ და კუტივაძემ გაიტანეს. 1974 წელს დნეპროპეტროვსკის დნეპრთან მატჩი უგოლოდ დასრულდა. 1978 წელს თბილისელებმა ვოროშილოვგრადის ზარია მიიღეს და ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანეს მეტოქეს. ქორიძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი შენგელიას და გუცაევის ანგარიშზეა. 1982 წელს დინამომ ბაქოს ნეფთჩი მიიღო. მეზობლებთან მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:3 დასრულდა. ორი გოლი ცაავამ გაუტანა ბაქოელებს, თითო შედეგიანი დარტყმაც შენგელიას, სვანაძის და დარასელიას ანგარიშზეა. 1986 წელს ხარკოვში მეტალურგს ჭედიამ გაუტანა გოლი და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 2006 წელს ინტერტოტოს მეორე ეტაპზე ჩვენი გუნდი ავსტრიულ რიდთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

FCDinamo.GE

თბილისში აზერბაიჯანელ ქომაგებზე თავდასხმა მოხდა

ფან-მოძრაობა “სექტორ 11”-ის წევრებზე, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, “დინამოსა” და “გაბალას” დაწყებამდე თავდასხმა მოხდა.

azerisport.com-ის ინფორმაციით, “დინამოს” გულშემატკივარი აზერბაიჯანლებს სტადიონზევე დაესხათ თავს. მიზეზი ფეისბუქ გვერდზე გუნდებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა იყო. გულშემატკივართა ლიდერმა ასევე დასძინა, რომ არცერთ წევრს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოს დედაქალაქელთა სასარგებლოდ, 2-1 დასრულდა.

„გაბალას“ ლეგიონერმა „დინამოსთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა

აზერბაიჯანული „გაბალას“ ესტონელმა ახალწვეულმა სერგეი ზენევმა თბილისის „დინამოსთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ეს ჩვენი პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. მნიშვნელოვანია, სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ვიცნობ თუ არა „დინამოს“? მხოლოდ ის ვიცი, რაც მწვრთნელმა გვითხრა. ეს დიდი კლუბია და მასთან თამაში გაგვიჭირდება. „კარპატში“ თამაშის პერიოდში ჩემს თანაგუნდელებს შორის მურთაზ დაუშვილი და ალექსანდრე გურული იყვნენ. სიმართლე რომ გითხრათ, მათთან „დინამოს“ შესახებ არ მისაუბრია.

გვაწყობს თუ არა თბილისში ფრე? „გაბალა“ მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. მთავარია, მწვრთნელის მითითებები შევასრულოთ და ვაჩვენოთ, რომ გუნდმა ვარჯიშებზე ნაყოფიერად იმუშავა“, – განაცხადა ზენევმა.

„გაბალას“ თავკაცი: „ანგარიშით 5:0 მოგება გვსურს“

„გაბალასთან“ მატჩის წინ „დინამოს“ პრეზიდენტის სპეციალური განცხადება

მოგეხსენებათ, დღეს, 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე„ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და აზერბაიჯანული „გაბალა“ დაუპირისპირდებიან. ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ სპეციალური მიმართვა მოამზადა, რომელიც კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

„პირველ რიგში, ყველა „დინამოელის“ სახელით მივესალმები საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ – მის წარმომადგენლებს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს – ჩვენს მეგობრებს მეზობელი ქვეყნიდან. გაბალა ღირსეული მეტოქეა და ჩვენთვის დიდი პატივია აზერბაიჯანელი სტუმრების მიღება – „დინამომ“ თავის ისტორიაში პირველი მატჩი ხომ სწორედ ბაქოელ თანაკლუბელებთან გამართა.

ეს ჩვენთვის ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია და ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით 2 ივლისის შეხვედრას – ევროთასები ყოველთვის განსხვავებული ხიბლითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა. ახალი სეზონის წინ წარმატება მინდა ვუსურვო ყველა დინამოელს – პირველი გუნდის მოთამაშეებს, დუბლიორებს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს, ვისზეც ჩვენი გუნდის მომავალი დგას.

ბევრი დაუვიწყარი ევროპული საღამო ახსოვს „დინამო არენას“ და იმედია დღევანდელი დაპირისპირებაც სწორედ ერთ-ერთი მათგანი იქნება.

დინამო თბილისის პრეზიდენტი – რომან ფიფია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დინამოს“ ღია ვარჯიში (სურათები)

დღეს თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ღია ვარჯიში გამართა. მანამდე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში კი გუნდის მთავარი მწვრთნელის გია გეგუაჩაძის პრესკონფერენცია შედგა.

„დინამოს“ ვარჯიშის შემდეგ მინდორზე „გაბალას“ ფეხბურთელებიც გავიდნენ: