“დინამო არენაზე” ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა.
ძლიერმა წვიმამ, რომელიც მატჩის სტარტამდე დაიწყო, თავისი დაღი დაასვა მთლიანად პირველ ტაიმს. 20 წუთი მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით მიილია, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. ტაიმის ბოლოსკენ “დინამო”, რომელსაც სრული სათმაშო უპირატესობა ჰქონდა, კიდევ უფრო გააქტიურდა. 39-ე წუთზე კი ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ლევან ხარაბაძის ზუსტი თამაში მოჰყვა, რომელმაც თავით დაარტყა და გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ნახევრის დებიუტი დედაქალაქელთა სახიფათო შეტევით დაიწყო: ბუდუ ზივზივაძემ კარგად ითამაშა მეტოქის საჯარიმოსთან, ზუსტი გადაცემით ოთარ კიტეიშვილი მოძებნა, რომელმაც სახიფათოდ ჩააწოდა. ბურთს დმიტრო ივანისენია ვერ შეწვდა, ნიკა ნინუას თავური კი მეკარემ უკუაგდო. საპასუხო შეტევაში კი “სიონმა” აღარ გაუშვა ხელიდან თავისი შანსი, ზუსტი დარტყმა გიორგი მიქაბერიძემ შეასრულა 1:1. 62-ე წუთზე თბილისელებმა კიდევ ერთხელ გაუშვეს ხელიდან კარის აღების რეალური შესაძლებლობა. კიტეიშვილის გადაცემას ერთი შეხებით გიორგი ივანიშვილი აგვირგვინებდა, ბურთი კი ზევიდან გადაცდა კარს. კიდევ ორიოდე წუთში უკვე ბუდუ ზივზივაძის დასწრებაზე თამაში და მისი თავურიც სანტიმეტრებში აცდა თორნიკე ზარქუას კარს. მატჩის ბოლოსკენ ოთარ კიტეიშვილის საჯარიმო დარტყმა ბოლო წამს ზარქუამ კუთხურზე მოიგერია. ამ მომენტის შემდეგ კი დმიტრო ივანისენიას მართებდა გოლის გატანა და ისევ უიღბლობა, მან ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი. საბოლოოდ “დინამოს” მასირებულ შეტევებს შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე მოჰყვა. კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილმა კარში გადაგზავნა და დინამომ 2:1 იმარჯვა. მომდევნო შეხვედრას კახი კაჭარავას გუნდი 29 ივნისს ზესტაფონში, ფოთის კოლხეთთან გამართავს.
დინამო 2:1 სიონი
გოლი: 1:0 ხარაბაძე 39’ 1:1 მიქაბერიძე 54’ 2:1 ლოჩოშვილი 90+2’
გაფრთხილება: მიქაბერიძე 59’ სიხარულია 75’ კუცია 80’ ლოჩოშვილი 85’ ივანისენია 91’
“დინამო”: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა (კუცია 76), ივანისენია, ივანიშვილი (ერგემლიძე 79), ო. კიტეიშვილი, ხარაბაძე, ზივზივაძე (ბაბუნაძე 70)
“სიონი”: ზარქუა, გურეშიძე, ნოზაძე, მინდორაშვილი, გიორბელიძე, ქიქავა, ხმალაძე, სიხარულია (კოშკაძე 88), ბერიაშვილი (უგულავა 80), გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე (მანაგაძე 82)
მსაჯი: გ. ავაზაშვილი
დ