დუდა სანაძე ტრავმირებულია!

იტალიის საკალატბურთო ჩემპიონატის წინა ტურში დუდა სანაძის “ფლექს პისტოია” “რეინჯერს” დაუპირისპირდა. აღნიშნული შეხვედრა ქართველისათვის საკმაოდ უიღბლო აღმოჩნდა, მან მუხლზე დაზიანება მიიღო.

გუშინ სანაძეს გამოკვლევები ჩაუტარდა და დასკვნა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, დუდას მუხლზე ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და მინიმუმ 6 თვეს იუქმებს, ამის შესახებ ინფორმაციას “ფლექს პისტოიას” ვებ გვერდი ავრცელებს.

აქედან გამომდინარე დუდა სანაძის ნაკრებში თამაში გაოირიცხა, ის ილიას ზუროსის გუნდს გერმანისა და სერბეთთან გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

დუდა სანაძე: “ბრძოლით და გუნდური თამაშით ყველაფერი შესაძლებელია!”

გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მონტენეგროს ესტუმრა და მეტოქე, ანგარიშით, 84:90 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გაინაღდეს.

შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-ი ნაკრების მოთამაშეს, დუდა სანაძეს დაუკავშირდა და მატჩის შეფასება სთხოვა.

“მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელია გვაკლდა, გვჯეროდა, მონტენეგროს დავამარცხებდით. ჩვენ თავდაჯერებულად გავედით მოედანზე; დასაკარგი არაფერი გვქონდა!”

“ბევრმა საქართველოს მოგების შანსი მიზერულად შეაფასა. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, რომ ბრძოლით და გუნდური თამაშით ყველაფერი შესაძლებელია.”

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რომელიც გვერდში გვედგა მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში,” – განუცხადა ჩვენს საიტს დუდამ.

სანაძემ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მიზნების შესახებაც ისაუბრა: “ჯერ კონკრეტულ მიზნებზე ლაპარაკი ადრეა. სანამ მეტოქეებს არ გავარკვევთ, რთულია, ივარაუდო რა გველის წინ. თუმცა, ზუსტად ვიცით, რომ ვინც არ უნდა იყოს ჩვენს ჯგუფში, აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ იქიდან გასასვლელად. ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატზე ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იქნება!”

დუდა სანაძე: “მეამაყებით მთელი გუნდი”! (ფოტო)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მონტენეგრო, ანგარიშით, 84:90 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ეროვნული გუნდის კალათბურთელი, დუდა სანაძე წარამტებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

დუდა სანაძე: “საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეუძლია, მეოთხედ ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე!”

31 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პირველ შეხვედრას ალაბანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

Fanebi.Com-ი ნახსენებ თამაშთან დაკავშირებით ქართველ კალათბურთელს, დუდა სანაძეს ესაუბრა.

“შესარჩევის პირველ შეხვედრას ალბანეთთან ჩავატარებთ. ეს მატჩი და, ზოგადად, ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. ბოლო ერთი კვირა იმისთვის გამოვიყენეთ, რომ ჩაგვეტარებინა ტესტმატჩები და მათი საშუალებით დაგვენახა ჩვენი პლუსები და მინუსები.”

“ჩემი აზრით, რაც გვქონდა მიზნად დასახული, შევასრულეთ. ახლა კი ნამდვილად გვაქვს იმის ძალა, რომ საქართველოს ნაკრები მეოთხედ გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე,” – განაცხადა სანაძემ.

დუდა სანაძემ 38 ქულა დააგროვა და „სან დიეგოს“ რეკორდსმენი გახდა

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დუდა სანამაძემ „სან დიეგოს“ შემადგენლობაში ბოლო საშინაო მატჩში მიიღო მონაწილეობა – „პორტლენდთან“ ანგარიშით 85:76 მოგებულ შეხვედრაში დუდა 38 ქულით გამოირჩა.

სათქმელია, რომ ამ შედეგით სანაძე სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდის რეკორდსმენი გახდა. აქამდე ამერიკული სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში სან დიეგოდან საუკეთესო შედეგი მარტინ მუნს ჰქონდა, რომელმაც 1988 წელს 37 ქულა მიითვალა.

ამჟამად „სან დიეგო“ „ვესტ ქოუსტის“ კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატში მე-10 ადგილზე იმყოფება, მაგრამ პლეიოფში გასვლა ჯერ კიდევ შეუძლია.

რაც შეეხება დუდას, სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ ის, დიდი ალბათობით, კარიერას ევროპაში გააგრძელებს, რადგან NBA-ს დრაფტში მონაწილეობის მიღების შესახებ ჯერ არაფერი განუცხადებია.

იგორ კოკოშკოვი: „საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თამაში იპოვა“

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებით ჩვენი ნაკრების უკანახაზელი ჯეიკობ პულენი გამოცხადდა.

ჯეიკობ პულენი:

– ჩვენმა ნაკრებმა დღეს ძალიან კარგი დაცვა ითამაშა. ხორვატიის ნაკრებს მხოლოდ 58 ქულა ჩავაგდებინეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. დაცვაში გუნდურმა თამაშმა განაპირობა ის, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიეთ და ჯგუფური ეტაპი 2 მოგებით დავასრულეთ.ვერავის გამოვარჩევ, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა კარგად ითამაშა. ისინი, ვინც მოედანზე არ გამოვიდნენ, გვამხნევებდნენ და ეს ძალას გვმატებდა.

იგორ კოკოშკოვი:

– გახარებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ იპოვა თავისი თამაში. წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მთავარი გადამწყვეტი კომპონენტი დაცვა იყო. დავეთანხმები ჯეიკობს, რომელმაც გუნდური და დაცვითი თამაში გამოარჩია. ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო ისეთი ძლიერი ნაკრების დამარცხება, როგორიც ხორვატიაა. ჩვენმა ნაკრებმა დამტკიცა, რომ არაა აუტსაიდერი და იმედი მაქვს, საფრანგეთშიც მოვახერხებთ ჩვენი სიტყვის თქმას.

თამაშის მერე კომენტარები გააკეთეს ქართველმა კალათბურთელებმა:

თორნიკე შენგელია: „ძალიან მოტივირებულად დავიწყეთ და მართალია, პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წავიდა. მჯერა, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს“.

მანუჩარ მარკოიშვილი: „მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მაკედონიასთან მატჩისას მიღებული დადებითი ემოციები დღესაც გადმოგვყვა და ნაკრებმა კვლავ დამაჯერებლად ითამაშა. ამოსავალი წერტილი კვლავაც დაცვაში თამაში იყო. როდესაც ისეთი ძლიერი გუნდისგან, როგორც ხორვატიაა, მხოლოდ 58 ქულას იღებ, ნამდვილად შეგიძლია იამაყო. იმედია, ახლა, ჰოლანდია წააგებს და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება“.

დუდა სანაძე: “უაღრესად კმაყოფილები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ეს, შედეგებზეც აისახა. ძალიან გვინდა, რომ ჯგუფის ბოლო მატჩი საჩვენოდ დასრულდეს და მერვედფინალში გავიდეთ”.

ზაზა ფაჩულია: „დღეს მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები. მარცხიანი სტარტის შემდეგ, მაკედონიასთან მოგებამ დიდი საქმე გაგვიკეთა, რადგანაც გუნდში უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. დავამტკიცეთ, რომ როდესაც სწორად ვთამაშობთ, საქართველოს ნაკრებს ძლიერი მეტოქეების დამარცხება ძალუძს. ნამდვილად დასანანი იქნება, თუკი ასეთი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფს მიღმა დარჩება“.

GBF.GE

სანაძის 12 ქულამ “სან დიეგოს” სტუმრად, BYU-სთან ვერ უშველა

დუდა სანაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად „სან დიეგომ“ „ვესტ ქოუსტის“ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ბრიგჰემ იანგის“ უნივერსიტეტთან დამარცხდა. მატჩი ტელეკომპანიაESPN-ით გადაიცემოდა და ის სანაძის გუნდის დამარცხებით – 62:74 დასრულდა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. სანაძემ 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამიან ჩააგდო. სანდიეგოელთა ქართველი უკანახაზელი თანაგულდელთაგან შედეგიანობით მხოლოდ ჯონი დის ჩამორჩა, რომელმაც 13 ქულა მიითვალა.

„სან დიეგოს“ 7 მოგების წილ 9 წაგება აქვს და 10-გუნდიან ცხრილში მე6 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი სანდიეგოელებს 26 თებერვალს, კონფერენციის უპირობო ლიდერ „გონზაგასთან“ ელის, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში 15-დან 15 გამარჯვება აქვს

gbf.ge

სანაძის დრამა: 38 წუთი, 12 ქულა და 2 ოვერტაიმში წაგებული მატჩი

დაძაბულ, 2-ოვერტაიმიან ბრძოლაში დამარცხდა დუდა სანაძის „სან დიეგო“. კალიფორიულმა გუნდმა შინაურ „ჯენი გრეიგ პავილიონში“ „სენტ მერი“ მიიღო და 50-წუთიან ბრძოლაში 62:69 დამარცხდა.

ძირითადი 40 წუთის შემდეგ ფრე – 56:56 დაფიქსირდა, დამატებითი 5-წუთეულშიც ფრედ – 2:2 დასრულდა. მეორე ოვერტაიმში კი სტუმრებმა იძალეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

სანაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 38 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. დუდას ანგარიშზე 12 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება დაგროვდა.

სანდიეგოელთაგან ბომბარდირი ჯონი დი გახდა 21 ქულით, ხოლო საუკეთესოდ კრისტოფერ ანდერსონი დასახელდა, რომელმაც 9 ქულა, 11 პასი, 5 ჩაჭრა და 4 მოხსნა მიითვალა.

7 მოგებითა და 8 მარცხით 10-გუნდიან „ვესტ ქოუსტის“ დივიზიონში „სან დიეგო“ მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 19 თებერვალს, სტუმრად, BYU-სთან ელის.

gbf.ge

სანაძემ 20 ქულიდან 10 წარბზე 7 ნაკერით ჩააგდო

დუდა სანაძის სეზონის საუკეთესო მატჩი. „სან დიეგოს“ ქართველმა ლეგიონერმა გმირობის ტოლფასი საქმე გააკეთა. ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩში „პასიფიკის“ წინააღმდეგ სანაძემ საწყის 8 წუთში 10 ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც წარბი გაუსკდა და მეორე ტაიმში მოედანზე დაბრუნებულმა საკუთარ მონაგარს კიდევ 10 ქულა შემტა.

სანაძემ „პასიფიკთან“ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და როგორც ვთქვით, 8 წუთში 10 ქულა მიითვალა. სათამაშო ეპიზოდში, ორთაბრძოლისას, ქართველ ლეგიონერს წარბი გაუსკდა და მოედნიდან გავიდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ დროსა და შესვენებისას ექიმებმა დუდას წარბი გაუკერეს და ქართველი უკანახაზელი მოედანს მეორე ტაიმში, 7 ნაკერით დაუბრუნდა. წარბგაკერილმა სანაძემ 11 წუთი ითამაშა, საკუთარი მონაგარი 20 ქულამდე გაზარდა, სანდიეგოელებს გამარჯვება გაუნაღდა და მოედნიდან გავიდა.

„სან დიეგომ“ შეხვედრა 68:48 მოიგო, ხოლო სანაძე, რომელმაც 19 წუთში 20 ქულა ჩააგდო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად დუდამ  1 მოხსნა და 1 დაფარებაც მიითვალა. 27 წუთში 21 ქულა დააგროვა ჯონი დიმ. სხვა ვერც ერთი სანდიეგოელი 10-ქულინ ზღვარს ვერ ასცდა.

7 მოგებითა და 7 მარცხით „სან დიეგო“ „ვესთ ქოუსტის“ 10-გუნდიან კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩი სანდიეგოელებს ისევ შინ, „სენტ მერისთან“, 14 თებერვალს ელით.

gbf.ge

დუდა სანაძის “სან დიეგომ” აუტსაიდერთან წააგო და ფავორიტი დაამარცხა

დუდა სანაძის „სან დიეგომ“ ბოლო 3 დღეში 2 მატჩი გამართა და განსხვავებული შედეგები დააფიქსირა. 5 თებერვალს სანდიეგოელები სტუმრად აუტსაიდერ „ლოიოლას“ შეხვდნენ და61:70 დამარცხდნენ, ხოლო დღეს, გამთენიისას ერთ-ერთი მოწინავე „პეპერდაინი“ სტუმრად72:50 გაანადგურეს.

სანაძეს ამ მატჩებში თავი არ გამოუჩენია. ქართველმა უკანახაზელმა ორივე შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა „ლოიოლასთან“ მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა, „პეპერდაინთან“ კი მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და უქულოდ დარჩა.

პირველ მატჩში დუდამ 20 წუთი ითამაშა და 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 2 ქულასთან ერთად სანაძემ 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. „პეპერდაინთან“ დღეს ჩატარებულ მატჩში ქართველი ლეგიიონერი მხოლოდ 10 წუთს ათამაშეს და მან თითო სამიანი და ორიანი ააცილა, 2 ბურთი მოხსნა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა.

„ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში „სან დიეგოს“ 6 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და მიმდინარე სეზონში რეკორდულად მაღალ, მე-5 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 12 თებერვალს, შინაურ „ჯენი გრეიგ პავილიონში“, ბოლოადგილოსან „პასიფიკთან“ ელის.

gbf.ge

დუდა სანაძის ინტერვიუ ფიბა-ევროპის ვებ-გვერდზე

დუდა სანაძემ ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩები ბრწყინვალედ ჩაატარა. ის 22 წლისაა და ეროვნულ გუნდს მისი სახით კარგი შევსება ჰყავს. სანაძე ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობს და ეროვნული ნაკრების მატჩებს მოუთმენლად ელის. ეს სურვილი მან ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუშუ გამოთქვა…

 

“ევრობასკეტს მოუთმენლად ველი. საბერძნეთი, სლოვენია და ხორვატია დიდებული გუნდებია, თუმცა, ჩვენც საკმარისად კარგი შემადგენლობა გვყავს, რათა მათ ვძლიოთ”, – განაცხადა სანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპირველობა დუდასთვის პირველი დიდი ტურნირი არ იქნება. ის 2013 წლის ევრობასკეტზეც გუნდში იყო და 3 მატჩი ჩაატარა, მათ შორის იყო თამაში ესპანეთის უძლიერეს ნაკრებთან, სადაც ქართველ მცველს 24 წუთი დაუთმეს.

“ის თამაში მართლაც გამორჩეული იყო. მარკ გასოლის, რიკი რუბიოს და მათი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაში უდიდესი სიამოვნება გახლდათ. მაშინ ნაკრების მწვრთნელი მენდო და მისი მადლიერი ვარ. ვფიქრობ, რომ არა ამგვარი გამოცდილება, გასულ საკვალიფიკაციო ციკლში გუნდის სათანადო დახმარება გამიჭირდებოდა”.

ცნობისთვის, ევრობასკეტ-2015-ის საკვალიფიკაციო მატჩებში სანაძე საშუალოდ 7.5 ქულას აგროვებდა, სამქულიანებში პროცენტული მაჩვენებლების (14-დან 10, 71.4%) მხრივ კი, ის მთელს საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო.

“ამ მხრივ ჩემი მასწავლებელი მანუჩარ მარკოიშვილია. შორეულ ტყორცნებში ყოველთვის ერთად ვვარჯიშობთ და ეს, გასულ ზაფხულს ძალიან დამეხმარა”

gbf.ge

სანაძის 7 ქულა და გამარჯვება “სანტა კლარასთან”

დუდა სანაძის „სან დიეგომ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც ამერიკის სტუდენტური ლიგის „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში მე-6 ადგილზე აინაცვლა. სანდიეგოელებმა „სანტა კლარას“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 69:64დაამარცხეს.

სანაძემ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 22 წუთი გაატარა. დუდამ 5-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. მოგროვებულ 7 ქულას ქართველმა უკანახაზელმა 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სანდიეგოელთაგან ბომბარდირი ვასა პუსიკა გახდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა.

4 მოგებითა და 6 მარცხით სანდიეგოელები მე-6 ადგილზე გამაგრდნენ. მორიგი მატჩი კი 31 დეკემბერს, შინ „სან ფრანცისკოსთან“ ელით.

gbf.ge