ოფიციალურად: რომან ჭანტურია “ლოკომოტივში” იჯარით ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფორვარდი, რომან ჭანტურია თბილისის ლოკომოტივში, იჯარის წესით ითამაშებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა 6 თვიანია. 21 წლის თავდამსხმელი, ლოკოში, 23 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ჭანტურია იტალიური ემპოლის საკუთრებაა. უკანასკნელად, იგი ასევე განათხოვრების წესით, იტალიურ პრატოში თამაშობდა.

2013 წელს, ჭანტურია იტალიაში სწორედ ლოკომოტივიდან გადავიდა. მან, 4 წლის მანძილზე ემპოლის 17 და 19 წლამდე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. იყო მთავარი გუნდის წევრიც, მაგრამ ემპოლის მაისურით ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

2016 წელს, რომანი ემპოლიდან, იჯარით, პორტუგალიურ ოლიანენსეში გადავიდა.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, 7 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს, იყო 19 და 17 წლამდე ნაკრების წევრიც.

fcloco.ge

“ემპოლიმ” “მილანს” სტუმრად მოუგო – მჭედლიძემ გაიტანა! (ვიდეო)

დღეს იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო. ამ უკანასკნელში ქართველი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე გამოდის, რომელმაც შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ანგარიში სწორედ “მჭედლომ” გასხნა. მან თავური დარტყმით აიღო ჯანლუიჯი დონარუმას კარი.

მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე სუსომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ანგარიში ვერ გაათანაბრა. ზუსტად რვა წუთში მამე ბაბა თიამმა ორამდე გაზარდა სხვაობა. მილანელთა მხრიდან ერთი გოლი ჯანლუკა ლაპადულამ 72-ე წუთზე გაქვითა.

საბოლოოდ, 1-2 “ემპოლის” სასარგებლოდ.

ამ წაგების შემდეგ “მილანი” 58 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. “ემპოლის” 29 ქულა აქვს და მე-17 საფეხურზე იმყოფება, მას გასავარდნ ზონასთან ხუთი ქულა აშორებს.

 

 

 ” alt=”” />

ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი, საპონარა “ფიორენტინაში” ითამაშებს

“ფიორენტინას” ხელმძღვანელებმა ლევან მჭედლიძის თანაგუნდელის, რიკარდო საპონარას ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელეს.

საპონარა, რომელმაც სერია ა-ს ბოლო სამ სეზონში “ემპოლის” მაისურით 14 გოლის გატანა შეძლო, “ფიორენტინას” რიგებშ არენდის წესით ითამაშებს.

26 წლის ნახევარმცელის ახალი გუნდი ამ დროისთვის მერვე პოზიციას იკავებს იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში და მომდევნო მატჩს კვირას, 29 იანვარს, “ჯენოას” წინააღმდეგ გამართავს.

ლევან მჭედლიძე: “ტრანსფერის რაღაც შანსი ყოველთვის არის”

22 იანვარს იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურის მატჩები გაიმართა. “ემპოლიმ”, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე თამაშობს, საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და იგი სწორედ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. ლევანმა 82-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავით ლამაზი გოლი გაიტანა.

საგულისხმოა, რომ “ემპოლის” ლეგიონერს ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული. მიმდინარე სეზონში, იგი ამ მაჩვენებლით გუნდის ბომბარდირია.

Fanebi.Com-ი მჭედლიძეს დაუკავშირდა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– შეაფასეთ “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართული მატჩი.  რის ხარჯზე სძლიეთ ამ კლუბს? რას იტყვით თქვენ მიერ გატანილი გოლის მომენტზე?

– ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მოედანზე საკმაოდ მოტივირებულები გავედით. დაძაბული დაპირისპირება გამოდგა. თამაში საკმაოდ თანაბრად მიმდინარეობდა. გამოჩნდა, რომ “უდინეზე”, ფიზიკური თვალსაზრისით, ჩვენზე ძლიერი გუნდია. ჩვენი პლუსი ბურთის დაჭერა იყო, მაგრამ ამაში მინდორმაც არ შეგვიწყო ხელი. მთავარია, რომ მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით შევასრულეთ, ჩვენი მომენტი გამოვიყენეთ და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ.

– ბოლო ხუთ შეხვედრაში 4 გოლი… ეს შესანიშნავი შედეგია. მით უმეტეს, ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, მალევე გააკეთეთ ეს ყველაფერი. რისი დამსახურებაა ასეთი ასპარეზობა?

– ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ მეტის გაკეთებაც შემეძლო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გაცუდებულ პენალტს არ ვგულისხმობ. თერთმეტმეტრიანი ისეთი რამეა, რომ ნებისმიერმა შეიძლება, ვერ გამოიყენოს. ყველაზე უკმაყოფილო “უდინეზესთან” ჩემი თამაშის ხარისხით ვარ. “სამპდორიასთანაც” კი, სადაც თერთმეტმეტრიანით გუნდს სამი ქულა ვერ მოვუტანე, უფრო კარგად ვითამაშე, ვიდრე ბოლო შეხვედრაში. თუმცა, ამ შემთხვევაში ის მომენტია, როცა თავდამსხმელისთვის ერთი და, მით უმეტეს, გამარჯვების გოლი გადაწონის ყველაფერს.

– არის თუ არა იმის შანსი, რომ ზამთარში “ემპოლი” დატოვოთ?

– ტრანსფერის რაღაც შანსი ყოველთვის არის. შესაძლოა, ხვალ გავიღვიძო და აბსოლუტურად სხვა გუნდში წავიდე. ამ მომენტში რთულია ამაზე ლაპარაკი. ის, რომ იანვარში გუნდმა სადმე გამიშვას, თითქმის გამორიცხულია. დღეს “ემპოლის” ფეხბურთელი მქვია, აქ ყველა მენდობა და მზად ვარ, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. ამ მომენტში მეტზე, არაფერზე ვფიქრობ.

“ემპოლიმ” “პალერმოს” სძლია – მჭედლიძემ შეუცვლელად ითამაშა! (ვიდეო)

დღეს იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “ემპოლი” საკუთარ მოედანზე “პალერმოს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საგულისხმოა, რომ “ემპოლის” რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან მჭედლიძე. 77-ე წუთზე, საჯარიმოში, ქართველმა თავდამსხმელმა თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ თავით ბურთი მასიმო მაკარონეს დაუგდო, რომელიც “პალერმოს” ფეხბურთელმა წააქცია, მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. სწორედ ამის შემდეგ მოახერხა მაკარონემ პენალტის ნიშნულიდან შეხვედრის ერთადერთი გოლის გატანა.

საბოლოოდ, “ემპოლიმ” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

ქართველი სპორტსმენის გუნდს ამ წარმატების შემდეგ 17 ქულა დაუგროვდა და მე-17 ადგილზე იმყოფება. “ემპოლი” გასავარდნ ზონაში მყოფ მე-18-ადგილოსან “პალერმოს” მთელი შვიდი ქულით მოსწყდა.

ლევან მჭედლიძე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ”

25 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გათამაშების გამარჯვებულები მაისურებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების შემდეგ, Fanebi.Com მჭედლიძეს “ემპოლიზე”, შესაძლო ტრანსფერსა და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა.

– ბოლო დროს კარგ ფორმაში ხართ. ორ მატჩში სამი გოლი გაიტანე. რისი დამსახურებაა ეს ყოველივე?

– პირველ რიგში, ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთმინება გამაჩნია. ეს ის თვისებაა, რომელიც ადრე, მაგალითად, 20 წლის ასაკში, არ მქონდა. რთული პერიოდი გამოვიარე. ყველა ფეხბურთელისთვის რთულია ის, რომ ამდენი ხანი სკამზე ზიხარ, შეიძლება, რაღაცის ღირსი ხარ, თუმცა კონკრეტული მიზეზების გამო ამას ვერ იღებ და ვერ გიფასდება შრომა სათანადოდ. მაგრამ ეს ფეხბურთში ბუნებრივია.

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. ბარიერი, რაღაც მხრივ, გადავლახე, თუმცა ეს ბოლომდე არ გამიკეთებია. ეს ორი შეხვედრა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც გარანტირებული მაქვს. პირიქით, ახლა იწყება ყველაფერი. ეს ორი მატჩი უნდა იყოს ბიძგის მომცემი იმისთვის, რათა ყველაფერი კარგად წავიდეს.

– უშუალოდ, “ემპოლის” მდგომარეობაზე გადავიდეთ. სერია ა-ში მე-17 ადგილზე ხართ და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებთ…

– კი, ეს სიტუაცია დღევანდელი “ემპოლისთვის” სრულიად ლოგიკურია. ყოველი სეზონის დასაწყისში ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ და არ გავარდეთ სერია A-დან. სხვა ამბიცია გუნდს არ აქვს. თუმცა, გეტყვით, რომ ამბიცია თვითონ ფეხბურთელში უნდა დაიბადოს. თუ შენ, მოედანზე გასვლისას, მოგებისთვის არ ხარ მზად და ფიქრობ, მხოლოდ იმას, რომ გადარჩე, ძალიან გაგიჭირდება ამ მიზნის მიღწევა. ჩემი აზრით, “ემპოლის” ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უკვე მეშვიდე წელია გუნდში ვარ და მთელი ამ დროის მანძილზე ძალიან დიდი ტალანტის და ნიჭის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ კლუბში.

რაც შეეხება ამ სეზონს, ცუდად დავიწყეთ. შემდეგ იყო გამონათებაც, თუმცა ბოლოს ძალიან ცუდი მარცხი ვიგემეთ. ამ უკანასკნელ შეხვედრაზე იძახიან, რომ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედოს ჩვენზე. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. 8-ში “პალერმოს” წინააღმდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდი ცხრილში ჩვენზე ქვემოთაა. ეს მატჩი ემპოლიში, ჩვენს კედლებში გაიმართება და იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ.

– რას გვეტყვი “ემპოლის” თავდამსხმელებზე, მაგალითად, ჯილარდინოსა და მაკარონეზე, რომლებიც თქვენს კონკურენტებად ითვლებიან?

– ეს კონკურეცია ძალიან მომგებიანი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის. როცა მსოფლიო ჩემპიონის გვერდზე გიწევს ასპარეზობა, როცა მაკარონეს ძალიან მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები, უყურებ მათ, სწავლობ ბევრ რამეს და იზრდები. დაუნახავი უნდა იყო, რომ თქვა: “მე ისინი არ მჭირდებიან.” პირიქით, გამოცდილი თანაგუნდლებისგან ბევრი რამ შევიძინე. გავიხსენოთ, თუნდაც, მიკოლი, კავანი, რა თქმა უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის სიტუაცია, რომელშიც ცდილობ ყველაფერი გააკეთო შენი კონკურენტის სასტარტო შემადგენლობიდან ამოსაგდებად, გეხმარება, გაიზარდო და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდე.

– კავანი ახსენე… გაქვთ ედინსონთან კონტაქტი?

– კი, კი. რა თქმა უნდა. კავანი, პასტორე… მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ეს სპორტსმენები, თითქოს, გულშემატკივრებისთვის მიუღწეველი და მიუკარებლები არიან, თუმცა ამ დროს უნდა გითხრათ ასეთი რამ: რაც უფრო მეტი აქვს მიღწეული ფეხბურთელს, მით უფრო უბრალოა. შეიძლება, შეგხვდეს მოთამაშე, რომელიც საშუალო დონეზე ასპარეზობს, თუმცა აქვს დიდი ამბიცია და ვერ მალავს მას. მაგრამ, არიან სპორტსმენები, რომლებიც უმაღლესი დონის ვარსკვლავები არიან და ისეთი ხასიათი აქვთ, ვერ მიხვდები, რომ თამაშობენ, მაგალითად,  პსჟ-ში, “მილანში”, “რომაში”, “ნაპოლიში” თუ სხვა რომელიმე გუნდში. გავიხსენოთ მარიო რუი და სხვები.

2

– შენი აზრით, ის ზედმეტი ამბიცია, რომელიც ახსენე, რამდენად აქვთ საშუალო დონეზე მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს? თუნდაც, ნაკრების წევრებს? თუ აქვთ, მაშინ, რამდენად უშლის ეს თვისება ხელს მათ განვითარებაში? 

– რა თქმა უნდა, თუ ფეხბურთელს არ აქვს ამბიცია, ეს წამგებიანია. თუ შენ თავში არ ხარ დარმწუნებული და არ ისწრაფვი დიდი მიზნებისკენ, ეს ცუდია. თუმცა, არის მეორე საკითხი: მიმაჩნია, რომ ამბიცია თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავში უნდა შეინახოს და არ უნდა გამოამჟღავნოს. ასევე, შენში უნდა იყოს შენივე შესაძლებლობების შესაბამისი ამბიცია. თუ მოთამაშეს ზედმეტი ამბიცია დაებადა, ე.ი. იძირება და საქმე კარგად არ მისდის. რაც შეეხება ჩვენს მოთამაშეებს, მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ და იმხელა ტალანტი აქვთ მათ, რომ ევროპაშიც კი გაგიჭირდება მათი მსგავსის ნახვა. იმედი მაქვს, რომ ამ ნიჭს გამოამჟღავნებენ, რაც სრულიად ნაკრებსა და ქვეყანას წაადგება.

– როგორც ვიცით, შენით ბევრი კლუბი დაინტერესდა. რა ვარიანტები გაქვს და აპირებ თუ არა”ემპოლის” დატოვებას?

– როცა ამხელა ჩემპიონატში ორ მატჩში სამ გოლს იტან და, მით უმეტეს, ეს სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ხდება, ნორმალურია, რომ შენს მიმართ ინტერესს კარგი კლუბები იჩენენ. მსიამოვნებს, რომ ინტერესი არის ჩემს მიმართ. ეს ინტერესი კი არის სტიმული, რათა უფრო მოვინდომო, ბევრი ვიშრომო და განვვითარდე. თუმცა, მე დღესდღეობით ვარ “ემპოლის” ფეხბურთელი, ვარ საკუთარი საქმის პროფესიონალი! 8 იანვარს წლის პირველი თამაშია და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემმა გუდნმა წარმატებას მიაღწიოს.

– რომელი ჩემპიონატებიდანაა შემოთავაზება?

– არის პრემიერ ლიგა, სერია A, ესპანეთის ვარიანტიც, რომელშიც, ჯერჯერობით, არც ვერევი. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ჩავიდე იტალიაში, გუნდს შევუერთდე და ერთად გავაგრძელოთ კონკრეტული მიზნებისთვის ბრძოლა.

3

– ნაკრებზეც გკითხავთ. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხი მატჩი ჩავატარეთ. თამაშის ხარისხი გამოსწორდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. როგორ შეაფასებ განვლილ შეხვედრებს და რას გვეტყვი მომავალ თამაშებზე?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ გულდაწყვეტილი ვარ ჩემი გამოუყენებელი მომენტის გამო. ეს ძალიან განვიცადე. ახლა რომ იმ სიტუაციაში აღმოვჩნდე, არ ვამბობ, რომ აუცილებლად გოლს გავიტან, თუმცა გაცილებით კარგად გამოვიყენებ მსგავს შანსს. ძალიან ვწუხვარ, რომ გულშემატკივრების იმედები იმ შემთხვევაში ვერ გავამართლე. მოლდოვის ნაკრებთან გაცილებით მოტივირებული ვიყავით. მინდოდა, რომ აუცილებლად გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, თუმცა ხელი მცირე ტრავმამ შემიშლა.

იმედი მაქვს, მომავალში წარმატებას მივაღწევთ. ეს ოთხი მატჩი ჩემთვის ცოტა მოულოდნელობაც იყო. უცებ მოვახდინეთ გარდატეხა და ბევრის ყურადღებაც მივიპყრეთ. ბოლოს და ბოლოს, ირლანდიასთან და უელსთან ასეთი კარგი თამაშის გამო, სტუმრად ხალხი ტაშს გვიკრავდა. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ყველა უყურებს: ჩემი კლუბის პრეზიდენტიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. როცა იტალიაში ჩავედი, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხით ყველა გაკვირვებული იყო. უელსის შეხვედრაზე მეუბნებოდნენ, რომ საერთოდ, 5:0 უნდა მოგეგოთო. თუმცა, ხდება ხოლმე, არის ჩავარდნები როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. მაგრამ, ესეც გამოცდილებაა და რაღაც მხრივ კარგია.

ვისწავლეთ ის, რომ, როცა პირველ ტაიმში გაქვს ოთხი ასპროცენტიანი მომენტი და ვერცერთ მათგანს იყენებ, კიდევ უფრო უნდა გააძლიერო აგრესია და უფრო მეტად შეუტიო. 24 მარტს სერბეთთან გასამართ შეხვედრაში წარმატების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ბევრ ადამიანს ჩვენი აღარ ჯერა. არ უნდა გვეწყინოს, რომ გულდაწყვეტილი ხალხი აღარ მოვა სტადიონზე. პირიქით, ჩვენ უნდა მოვინდომოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ.

“ემპოლიმ” “კალიარი” მჭედლიძის დუბლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ემპოლი” საკუთარ მოედანზე “კალიარის” დაუპირისპირდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ.

საქართველოს ნაკრების შემტევმა მე-8 წუთზე მარილუნგოს პასით შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე ისევ ქართველმა გაიტანა, დუბლი გაიფორმა და მის გუნდს, ანგარიშით, 2:0 მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ემპოლი” 11 ქულით მე-17 ადგილზეა.

 

 

“ემპოლი” “სასუოლოსთან” დამარცხდა – მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა

დღეს იტალიის სერია ა-ში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “სასუოლომ” “ემპოლი” მიიღო. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და, ანგარიშით, 3:0 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე. იგი 56-ე წუთზე მარილუნგოს მაგივრად შევიდა მოედანზე და თავის გამოსაჩენად საკმაო დრო მიეცა.

საგულისხმოა, რომ ლევანის კლუბს 15 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.

მჭედლიძემ კიელინის მოუბოდიშა (ვიდეო)

2 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ჩვენებური თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. ერთ-ერთ მომენტში მასთან ორთაბრძოლის შემდეგ ჯორჯო კიელინი წაიქცა. რამდენიმე წუთში ლევანმა “იუვენტუსის” მცველს მოედანზევე მოუბოდიშა.

მჭედლიძის “ემპოლიმ” სეზონის პირველი შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

გუშინ სერია ა-ს შეხვედრები გაიმართა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო “ემპოლისა” და “კროტონეს” დაპირისპირება, რადგან მასპინძელთა რიგებში ლევან მჭედლიძე ირიცხება. გამომდინარე იქედან, რომ ქართველ თავდამსხმელს ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა, იგი მოედანზე არ გამოსულა და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ლევანის გუნდმა ანგარიში 31-ე წუთზე ბელუსკის გოლით გახსნა. 14 წუთში სამპირისიმ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი “ემპოლის” მოთამაშემ, კოშტამ 56-ე წუთზე გაიტანა და, საბოლოოდ – 2-1; მჭედლიძის კლუბმა პირველი სამი ქულა მოიპოვა მიმდინარე სეზონში.

ამ გამარჯვებით “ემპოლიმ” 3 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილს იკავებს.

მჭედლიძე დასჯილია, “ემპოლი” გასაჩივრებას აპირებს

დღეს, იტალიის სერია ა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის 35-ე ტურში იქნენ დასჯილები მსაჯის მიერ.

მათ რიგებში მოხვდა ქართველი ფეხბურთელი, “ემპოლის” შემტევი ლევან მჭედლიძე, რომელმაც წითელი ბარათი “კარპისთან” წაგებულ მატჩში, 25-ე წუთზე მიიღო.

თუმცა, ლევანს მხოლოდ წითელი ბარათი როდი აკმარეს ?! იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით მისი ეს ქმედება სამმატჩიან დისკვალიფიკაციას იმსახურებს.

“მატჩის 25-ე წუთზე, ბურთის დამუშავების დროს, ლევან მჭედლიძემ განზრახ გაარტყა ხელი სახეში მოწინააღმდეგეს.” – სწორედ ეს არის მოხსენიებული ოფიციალურ დოკუმენტში მჭედლიძეს დასჯის მიზეზად.

აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება “ემპოლის” ოფიციალური მხარე, რომელიც ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ლევან მჭედლიძეს “კარპისთან” მატჩში 25-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენეს (ვიდეო)

25 აპრილს, იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში “კარპიმ” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან მჭედლიძე, რომელმაც შეხვედრის 25-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

მჭედლიძემ “კარპის” ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშად იმოქმედა, მსაჯმა კი ის პირდაპირ მოედნიდან გააძევა.