ბუკმეიკერები ლუკაკუს “ჩელსიში” დაბრუნებას გარდაუვალად თვლიან

უცხოური ბუკმეიკერული კომპანიები უკვე კარგა ხანია, რაც ფსონებს “ევერტონის” ბელგიელი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს მომავლის გამოცნობაზე იღებენ.

ერთ-ერთი ასეთი კომპანია (Betfair Sportsbook) ყველაზე მოსალოდნელად რომელუ ლუკაკუს თავის ყოფილ კლუბში, “ჩელსიში” დაბრუნებას თვლის და კოეფიციენტად სულ რაღაც 1.53-ს ანიჭებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბელგიელი ვარსკვლავის “ევერტონში” დარჩენაზე (7.0) მეტად მოსალოდნელი მისი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაა (3.50).

თუ ფსონს მის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლაზე დადებთ და გამართლდება, თქვენ 8-ჯერ მეტ თანხას მიიღებთ, ხოლო თუ “ბაიერნზე” დადებთ – 34-ჯერ მეტ თანხას.

ოფიციალურად: “ევერტონმა” პიკფორდი დაიმატა

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები ადასტურებენ “სანდერლენდის” კარის დარაჯის, ჯორდან პიკფორდის ტრანსფერს, რომლის გამოსასყიდადაც “კამფეტებმა” 25 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ასე რომ, 23 წლის ფეხბურთელი “ევერტონის” რეკორდული შენაძენი გახდა და მან კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“გასული სეზონი ჩემთვის სადებიუტო იყო პრემიერ ლიგაში, ასე რომ, მოვლენების მსგავსი განვითარება ჩემთვის ნამდვილად სასიხარულოა – ახლა წინსვლის შანსი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა “ევერტონში” საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო,” – აცხადებს პიკფორდი.

ეს ტრანსფერი “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმაც შეაფასა: “ძალიან მოხარული ვარ მისი დამატებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი გუნდზე დადებით გავლენას იქონიებს.”

“ევერტონი” “სანდერლენდის” მეკარეში 30 მილიონს იხდის

ინგლისური “ევერტონის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან პრემიერ ლიგიდან დაქვეითებული “სანდერლენდის” მეკარის, ჯორდან პიკფორდის ტრანსფერთან.

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “კამფეტები” პიკფორდისთვის საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, მერსესაიდელები მზად არიან 30 მილიონი ევრო გადაიხადონ პიკფორდის ტრანსფერში, რასაც ბონუსების სახით შესაძლოა, 5 მილიონი ფუნტიც დაემატოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პიკფორდი, რომელმაც პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, ახლა პოლონეთში იმყოფება და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ღირსებას იცავს.

“ევერტონს” სანდრო რამირესი მოუნდა

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელების ყურადღება “მალაგას” ესპანელმა თავდამსხმელმა, სანდრო რამირესმა მიიპყრო.

როგორც ცნობილი ხდება, “მალაგას” 21 წლის თავდამსხმელის გადაბირებას მადრიდული “ატლეტიკოც” გეგმავდა, მაგრამ სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო, ისინი ამ ბრძოლას ჩამოშორდნენ.

ასე რომ, სანდროს გადაბირების მთავარი კანდიდატი სწორედ რომ რონალდ კუმანის “ევერტონია”.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ბარსელონას” აკადემიაში აღზრდილმა სანდრომ მიმდინარე სეზონში 16 გოლი გაიტანა ესპანური გუნდის მაისურით.

აგენტი: “ევერტონმა” ლუკაკუს პირობა მისცა”

ინგლისური “ევერტონის” ბელგიელი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს აგენტმა, მინო რაიოლამ პრესასთან თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

“ხელმძღვანელები ლუკაკუს დაპირდნენ, რომ თუ რომელიმე კლუბი მათ პირობებს დააკმაყოფილებდა, მას წასვლის უფლებას მისცემდნენ.

ამჟამად, კონკრეტული არაფერი ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ლუკაკუს მიმართ ინტერესს ძალიან ბევრი კლუბი იჩენს.

თუ “ევერტონისთვის” შეთავაზებული თანხა დამაკმაყოფილებელი იქნება, ხოლო ლუკაკუსთვის – მომავალი კლუბის პროექტი, ყველაფერი გამოვა. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი არაფერია,” – აცხადებს რაიოლა, რომლის კლიენტსაც 100 მილიონ ფუნტად აფასებენ.

“ბარსელონა” დეულოფეუს ევრო 2017-ის შემდეგ დაიბრუნებს

უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მერსესაიდული “ევერტონის” გარემარბი, ჟერარ დეულოფეუ მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს.

როგორც ცნობილი ხდება, კატალონიურმა გრანდმა ინგლისელებთან ტრანსფერი უკვე შეათანხმა და 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდის.

Mundo Deportivo-ს ცნობით, დეულოფეუ, რომელმაც გასული სეზონი “მილანში” გაატარა, “კამპ ნოუზე” ევრო 2017-ის დასრულების სემდეგ გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს პოლონეთი მასპინძლობს და ის სტარტს 16 ივნისს აიღებს, ფინალი კი 30 ივნისს უნდა გაიმართოს.

მიმდინარე სეზონში დეულოფეუმ სერია ა-ს 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

ლუკაკუ: “ჩემთან მუშაობა არც ისე ადვილია”

რომელუ ლუკაკუმ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მასთან მუშაობა არც ისე ადვილი საქმეა და “ევერტონის” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს მისი ახალ დონეზე გადაყვანისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან ბედნიერი ვარ.

მინდა მწვრთნელს დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისათვის. მაშინაც კი, როდესაც ცუდი პერიოდები მქონდა, ის ჩემს გვერდით იდგა. მან ახალ ეტაპზე გადამიყვანა.

როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვცდილობ ყველაფერი ვისწავლო და მაქსიმუმი გავაკეთო. ზოგჯერ არის კარგი და ცუდი პერიოდები, მაგრამ ყოველთვის იმის ცდაში ვარ, რომ გუნდს დავეხმარო.

მინდა ჩემს თანაგუნდელებს მნიშვნელოვანი მატჩების მოგებაში დავეხმარო. მიმდინარე სეზონში ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ,” – აცხადებს ბელგიელი თავდამსხმელი.

“ჩელსიმ” “ევერტონი” საკუთარ მოედანზე გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში მერსესაიდულმა “ევერტონმა” საშინაო არენაზე ჩემპიონატის ლიდერი, ლონდონის “ჩელსი” მიიღო.

პედროს, კეჰილისა და უილიანის მიერ მატჩის მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით ანტონიო კონტეს გუნდმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და კიდევ უფრო მიუახლოვდა ჩემპიონობას. “ევერტონი” კი ამ დროისთვის კვლავ მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო ტურში “ჩელსი” “მიდლსბროს” მიიღებს, “ევერტონი” კი “სუონსის” ეწვევა.


“ევერტონი”: სტეკელენბურგი; ბეინსი, უილიამსი, იაგიელკა, ჰოლგეიტი; დეივისი, გეიე; კალვერტ-ლევინი (მირალასი), ბარკლი, ვალენსია; რომელუ ლუკაკუ

მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი

“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი (აკე 82′), კეჰილი; მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო; პედრო (უილიანი), ედენ აზარი (ფაბრეგასი); დიეგო კოშტა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე


“ევერტონი” ბელგიურ “ანდერლეხტს” 25 მილიონ ევროს სთავაზობს

ბელგიური “ანდერლეხტის” ნახევარმცველმა, იური ტილემანსმა კარიერა შესაძლოა, ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

ადგილობრივი გამოცემის, Sport/Foot-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით სერიოზულად არის დაინტერესებული მერსესაიდული “ევერტონი”.

ინგლისური კლუბი “ანდერლეხტს” ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს სთავაზობს.

როგორც ცნობილი ხდება ტილემანსის ტრანსფერით ასევე ინტერესდება ფრანგული “მონაკოც”, რომელსაც ბელგიელი ფეხბურთელისათვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსის შეთავაზება შეუძლია.

35-მილიონიანი სიგურდსონის გადასაბირებლად ოთხი ინგლისური კლუბი იბრძვის

“საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები “ევერტონს”, “ვესტ ჰემსა” და “ნიუკასლს” შეუერთდნენ გილფი სიგურდსონისთვის გამართულ ბრძოლაში.

როგორც ცნობილი ხდება, “სუონსის” 27 წლის ნახევარმცველი კლუბის მიერ 35 მილიონ ფუნტად არის შეფასებული და საკმაოდ დიდია შანსი, რომ მან კლუბი ზაფხულში დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ისლანდიელი ფეხბურთელი “ლიბერთი სტედიუმის” მთავარ იმედად იქცა, თუმცა ფინანსურმა მხარემ შესაძლოა, ხელმძღვანელებს მასზე უარის თქმა აიძულოს.

მიმდინარე სეზონის 33 მატჩში სიგურდსონმა 8 გოლი გაიტანა და აქტივში 11 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

დეულოფეუმ “ბარსელონას” ულტიმატუმი წაუყენა

ინგლისური “ევერტონის” ნახევარმცველი ჟერარ დეულოფეუ, რომელიც იჯარის წესით “მილანშია” განათხოვრებული, საკუთარ მომავალზე სერიოზულად დაფიქრდა.

როგორც იცით, ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებით კატალონიური “ბარსელონაა” დაინტერესებული, რომლის რიგებშიც ერთხელ უკვე თამაშობდა დეულოფეუ.

Sport.es-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 23 წლის ესპანელი მზადაა, “ბარსელონაში” გადავიდეს, თუ ისინი მას ძირითადში ყოფნის გარანტიას მისცემენ.

12 მილიონ ევროდ შეფასებულმა დეულოფეუმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.

“ევერტონმა” The Sun-ის ჟურნალისტებს “გუდისონ პარკზე” გამოჩენა აუკრძალა

ბრიტანული “ევერტონის” ხელმძღვანელებმა The Sun-ის ჟურნალისტებს “გუდისონ პარკსა” და კლუბის კუთვნილებაში მყოფ რომელიმე სხვა ტერიტორიაზე გამოჩენა აუკრძალეს.

როგორც ცნობილი ხდება, ეს გადაწყვეტილება “კამფეტების” ხელმძღვანელებს The Sun-ის მიმომხილველის, კელვინ მაკკენზის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ მიაღებინა.

აღნიშნულ წერილში ჟურნალისტმა როს ბარკლი, რომელსაც ნიგერიელი ბაბუა ჰყავს, გორილას შეადარა. ეს კი ინგლისელებმა რასიზმის გამოვლინებად მონათლეს.

მართალია ინგლისური გამოცემის რედაქციამ ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ამან “ევერტონის” გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედა.