ჯერარდი: “ტორესმა გული მატკინა”

“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა, რომელიც დღესდღეობით გლაზგოს “რეინჯერსს” წვრთნის, ის დრო გაიხსენა, როდესაც მერსისაიდულ გუნდში ფერნანდო ტორესთან ერთად თამაშობდა.

“ტორესთან ერთად საკმარისად დიდხანს არ მითამაშია, რადგან ის “ჩელსიში” გადავიდა და გული მატკინა. ლუის სუარესი ნამდვილი ცხოველი იყო, მაგრამ მე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ტორესთან ერთად გავატარე.

მაშინ ბევრს ვშრომობდით, რათა კონკურენტებთან ჩამორჩენა შეგვემცირებინა და ბრძოლაში ვყოფილიყავით. ვგრძნობდით, რომ პროგრესი გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დიდი ფეხბურთელი წაგვართვეს. ამ დანაკლისის ამოსავსებად დიდი დრო იყო საჭირო.

ტორესთან ერთად თამაშის პერიოდში ბევრი გოლი გამქონდა, კარიერის პიკზე ვიდექი, თავს საოცრად ვგრძნობდი. მესმის, რომ ყველას განსხვავებული სიტუაცია აქვს. ადამიანებს თავიანთი ოცნებები და სურვილები აქვთ, გუნდში ყველა ადგილობრივი ვერ იქნება და ყველას ასე ვერ ეყვარება კლუბი. მე ეს მესმის და მათ არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ თანაგუნდელის წასვლა მაინც გულდასაწყვეტია”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Liverpool Echo.

შეგახსენებთ, რომ ტორესი და ჯერარდი “ენფილდზე” თანაგუნდელები 2007-დან 2011 წლამდე იყვნენ.

ფერნანდო ტორესი “ატლეტიკოსთან” ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს

ფერნანდო ტორესი მადრიდის “ატლეტიკოსთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა

შეგახსენებთ, რომ ესპანელი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში იჯარის წესით თამაშობს, თუმცა სეზონის ბოლოს ფეხბურთელსა და “მილანს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა გაუვა და შესაბამისად, ტორესი “ატლეტიკოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

sport.es-ის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მარტში დაიწყო. წყაროს თანახმად, ფერნანდო ტორესი “ატლეტიკოსთან” ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ფერნანდო ტორესს “ატლეტიკოს” დატოვება არ სურს

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ მისთვის სხვა კლუბების შემოთავაზებები არასაინტერესოა, რადგან მშობლიურ კლუბში დარჩენა სურს. შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფეხბურთელს “ატლეტიკოსთან” საიჯარო შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

“პირველი იანვრიდან სხვა კლუბების წინადადებების განხილვა შემეძლო, თუმცა მე სხვების შემოთავაზებები არ მაინტერესებს. მინდა, რომ “ატლეტიკოსთან” ერთად ისეთი რამე მოვიგო, რაც აქამდე არ მომიგია. მინდა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი როლი შევასრულო. “ატლეტიკოში” დაბრუნების შემდეგ რეგულარული პრაქტიკა არ მქონია. მე ამას შესაძლოა, არ ვიმსახურებ. ალბათ, უფრო მონდომებით უნდა ვივარჯიშო”, – ტორესის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

ფერნანდო ტორესი “ბარსელონაში”?

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი, რომელიც ამ დრომდე “მილანის” საკუთრებაა, შესაძლოა, “ბარსელონაში” აღმოჩნდეს.

“ასის” ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ამა წლის 30 ივნისს ეწურება, სარეზერვო ფორვარდობა სურს. ტორესის მიმართ ინტერესს MLS-ის იაპონიის, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბებიც იჩენენ.

ფერნანდო ტორესმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

 

ფერნანდო ტორესი “ატლეტიკოში” 9 ნომერს იბრუნებს

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი 9 ნომერს იბრუნებს. შეგახსენებთ, რომ “ელ ნინიო” კარიერის ადრეულ წლებში მადრიდულ კლუბში სწორედ ამ ნომრით თამაშობდა.

ტორესი “ატლეტიკოში” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა. მაშინ 9-ნომრიანი მაისური მარიო მანჯუკიჩს ეკუთვნოდა, ამიტომ ესპანელმა თავდამსხმელმა 19 ნომერი აირჩია.

როგორც მოგეხსენებათ, მანჯუკიჩი ტურინის “იუვენტუსში” გადადის. ვაკანტური 9 ნომერი კი ტორესს გადაეცემა.

 

ტორესი: “სიმეონეს სახიათი “ატლეტიკოს” ამოძრავებს”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდული დერბი გველის — “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ. “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ დიეგო სიმეონემ იცის, როგორ მოამზადოს გუნდი ძლიერ მეტოქესთან სათამაშოდ.

“სიმეონეს როგორც ფეხბურთელის და მწვრთნელის ხასიათი გუნდს საბრძოლო განწყობაზე აყენებს. მან იცის, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც უნდა იცოდეს, რა შეუძლია. ჩვენმა გუნდმა უნდა იცოდეს ძლიერი და სუსტი მხარეები”, – ტორესის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მილორად მაჟიჩის ხელმძღვანელობით სერბ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ტორესი: “ენფილდზე” დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება”

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადაბარგდება. 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის მერსისაიდული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით “ლივერპული” 29 მარტს საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მერსისაიდული გუნდის ყოფილი ფეხხბურთელები, მათ შორის მადრიდის “ატლეტიკოს” ამჟამინდელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესიც, რომელმაც აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა.

“ბედნიერი ვარ, რომ “ენფილდზე” დავბრუნდები, სადაც ძალიან კარგი დრო და ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გავატარე. იქ დაბრუნება ჩემთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენა იქნება.

მეამაყება, რომ ჯერარდმა ამ საქველმოქმედო შეხვედრაში მიმიწვია. ძალზედ ემოციური დღე იქნება, ჩემს ძველ მეგობრებს შევხვდები: სტივის, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია, პეპე რეინას, ჩაბი ალონსოს.

გარდა ამისა, მოუთმენლად ველოდები თავდასხმის ხაზში ლუის სუარესთან ერთად
თამაშს”, – ტორესის სიტყვები “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.

 

ტორესი: “სწრაფმა გოლმა ჩვენი თამაშის ჩვენების შესაძლებლობა მოგვცა”

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული განმეორებითი მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე დიეგო სიმეონეს გუნდი გავიდა. “ატლეტიკოს” რიგებიდან დუბლი შეასრულა გუნდში ახლადდაბრუნებულმა ფერნანდო ტორესმა, რომელსაც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

“დღეს მშვენიერი დღეა და ამით უნდა დავტკბეთ. ფრედ ვითამაშეთ და კმაყოფილები ვართ, რადგან მოედანზე საკმაოდ თავდაჯერებულნი ვიყავით. სწრაფმა გოლმა ჩვენი თამაშის ჩვენების შესაძლებლობა მოგვცა. საერთო შედეგი საფრთხის წინაშე არ დამდგარა და ეს ეტაპი ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე გავიარეთ.

მოხარული ვარ, რომ “ატლეტიკოში” დაბრუნების შემდეგ გატანა შევძელი და ეს იმ მოედანზე მოვახერხე, სადაც მანამდე გოლი გატანილი არ მქონდა”, – ციტირებს ტორესის სიტყყვებს “მარკა”.

 

როგორ ითამაშა ტორესმა „რეალთან“ სადებიუტო მატჩში (ვიდეო)

მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ“ ვისენტე კალდერონის სახელობის სტადიონზე თანაქალაქელი „რეალი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ დიეგო სიმეონეს გუნდის შემადგენლობაში ფერნანდო ტორესმა ითამაშა, რომელიც თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ელ ნინიომ ხსენებულ შეხვედრაში 60 წუთის განმავლობაში ითამაშა.

წარმოგიდგენთ მისი თამაშის ამსახველ ვიდეოს:

პირველივე დღეს „ატლეტიკოს“ გულშემატკვირებმა ტორესის 2000 მაისური შეიძინეს

კვირას, როდესაც „ატლეტიკომ“ ფერნანდო ტორესი წარადგინა, გაყიდვაში მისი მაისურებიც გამოვიდა.

ელ ნინიოს 19-ნომრიანი მაისური გაყიდვაში, ადგილობრივი დროით, დილით 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იყო. აღნიშნულ დროში მადრიდიული კლუბის გულშემატკვირებმა 2000 მაისური იყიდეს.

აქედან გამომდინარე, საათში, საშუალოდ 222 მაისური, ხოლო წუთში 3,7 მიასური გაიყიდა.

ცნობისთვის, დღეს ტორესი „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ თავის პირველ მატჩს ჩაატარებს – ესპანეთის თასის 1/8 ფინალში მისი გუნდის მეტოქე მადრიდის „რეალი“ იქნება.

“ატლეტიკომ” ტორესი წარადგინა

დღეს მადრიდის “ატლეტიკომ” ფერნანდო ტორესი წარადგინა, რომელიც ესპანურ კლუბში “მილანიდან” გადავიდა. ელ ნინიო მშობლიურ კლუბში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ტორესის წარდგენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. “ვისენტე კალდერონზე” აღნიშნულ მოვლენას 45 ათასი ქომაგი დაესწრო.

ფერნანდო ტორესს “ატლეტიკოში” თამაში 5 იანვრის შემდეგ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში 2007 წლამდე თამაშობდა.

Torres

Calderón

ტორესი: „როგორც იქნა, სახლში დავბრუნდი“

ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა, რომელიც მშობლიური „ატლეტიკოს“ რიგებში დაბრუნდა, სოციალურ ქსელ ტვიტერზე აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით დაწერა და აღნიშნა, რომ მადრიდულ კლუბში გადასვლით ბედნიერია.

„როგორც იქნა, სახლში დავბრუნდი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ოცნების ასრულებაში დამეხმარა. წინ „ატლეტიკო“!“, – დაწერა ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის წინ ტორესი იჯარით „მილანში“ გადავიდა, თუმცა „როსონერიში“ თავის გამოჩენა ვერ შეძლო და ჯამში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. „ატლეტიკოში“ ელ ნინიო 2001 წლიდან 2007 წლამდე გამოდიოდა.