მატრი კარიერას “ფიორენტინაში” გააგრძელებს

ალესანდრო მატრი კარიერას “ფიორენტინაში” გააგრძელებს. “მილანის” უკვე ყოფილ ფორვარდს ფლორენციაში 16 იანვარს წარადგენენ.

მიმდინარე სეზონში 29 წლის მატრიმ 15 შეხვედრა ჩაატარა (სასტარტოში 8), და მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. სატურნირო ცხრილში ფიორენტინა ამ ეტაპზე მეოთხე საფეხურზე იმყოფება, ხოლო “მილანი” – მეთერთმეტეზე.

ვალერო: “ფიორენტინას” როსი დააკლდება”

იტალიური “ფიორენტინას” ნახევარმცველი, ბორხა ვალერო აცხადებს, რომ გუნდს ჯუზეპე როსი დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ როსიმ ტრავმა სერია A-ში, “ლივორნოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც იტალიის თასზე, “კიევოსთან” გამართული მატჩი გამოტოვა.

“ჯუზეპე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ის ნამდვილად დაგვაკლდება. როსი გუნდისათვის უდიდეს ძალას წარმოადგენს, მის გარეშე თამაში კი შედარებით გვიჭირს”, – ამბობს ვალერო.

ვალერო: “სერია A-ში პრიმერა დივიზიონზე მეტი კონკურენციაა”

იტალიური “ფიორენტინას” ნახევარმცველი, ბორხა ვალერო აცხადებს, რომ სერია A-ში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონთან შედარებით, უფრო მეტი კონკურენციაა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი ფლორენციულ კლუბში 2012 წლის ზაფხულში, ესპანური “ვილიარეალიდან” გადავიდა.

“ვფიქრობ, იტალიის სერია A-ში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ჩემი აზრით, აქ გუნდებს შორის უფრო მეტი კონკურენციაა, ვიდრე ესპანეთის პრიმერა დივიზიონში”, – ამბობს ესპანეთის ნაკრების წევრი.

აკვილანს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს

იტალიური “ფიორენტინას” ნახევარმცველი, ალბერტო აკვილანი აცხადებს, რომ მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს.

“ჩემი მთავარი მიზანი ისაა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოვხვდე. შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მუნდიალი იყოს. ვიცი, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი ჩემგან უფრო მეტს ელის, ამიტომ თავი არ უნდა დავზოგო” , – ამბობს 29 წლის ნახევარმცველი.

ფრანჩესკო ტოლდო — სათადარიგო ჩემპიონი

დღეს ლეგენდარულ იტალიელ კიპერ ფრანჩესკო ტოლდოს 42 წელი შეუსრულდა. Fanebi.Com-ი თქვენთან ერთად გაიხსენებს ტოლდოს კარიერის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებს.

ჰოლანდიის დამმარცხებელი
ნიჭიერ მეკარეს დიდი ხნის განმავლობაში არ უმართლებდა: ის უმეტესად უფრო სახელოვანი თანაგუნდელების ჩრდილში ექცეოდა. ასე იყო ნაკრებში და ასე იყო „ინტერშიც“. ტოლდომ ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ტურნირამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონმა ხელი მოტეხა და ასე გაეხსნა გზა ფრანჩესკოს.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, „ამსტერდამ არენაზე“, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტოლდომ ექვსი პენალტიდან მხოლოდ ერთი გაუშვა. აქედან ორი თერთმეტმეტრიანი შეხვედრის ძირითად დროში დაინიშნა. თანაც, იტალიელები ჯანლუკა ძამბროტას გაძევების შემდეგ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ტოლდომ ჯერ ფრანკ დე ბურის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერიაში ჰოლანდიელები აშკარად ცუდად გამოიყურებოდნენ. ტოლდომ თითქოს მოაჯადოვა იმ საღამოს თავისი კარი.

 

მხსნელი ბომბარდირი
ტოლდოს „ინტერი“ ბევრჯერ გადაურჩენია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი არა საკუთარ, არამედ მეტოქე გუნდის კართან მოხდა. 2002 წელი, პრინციპული ბრძოლა ტურნირის „იუვენტუსთან“. ყველაზე დრამატული მატჩის ბოლო ნაწილი გამოდგა: 89-ე წუთზე პიერლუიჯი კოლინამ „ინტერის“ კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ალესანდრო დელ პიერომ გოლად აქცია. 95-ე წუთზე კი ნამდვილი სასწაული მოხდა: „იუვენტუსის“ კართან კუთხური დაინიშნა, ტოლდო მეტოქის საჯარიმოსკენ გაეშურა, ბურთის მოწოდების შემდეგ არეულობა შეიქმნა, რითაც ფრანჩესკომ ისარგებლა და ბურთი ბუფონის კარში გადაგზავნა. ტურინელებს ისღა დარჩენოდათ, კოლინასთან დაეჩივლათ, ჩვენს მეკარეზე თავდასხმა მოხდაო, თუმცა გოლი გავიდა და ამას ვინღა გააუქმებდა?!

„იების“ საგუშაგოზე

90-იანი წლების ბოლოს „ფიორენტინა“ მრისხანე ძალა იყო. „იების“ რიგებში მანუელ რუი კოშტა და „მკვლელად“ წოდებული ფორვარდი გაბრიელ ბატისტუტა ბრწყინავდნენ, თუმცა ერთ დღეს, როდესაც კლუბის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონის ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მან ასეთად ტოლდო დაასახელა. 1998/99 წლების სეზონში „ფიორენტინა“ დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სერია A-ს, თუმცა ფინიშის ხაზთან მას „მილანმა“ და „ლაციომ“ გადაასწრეს. ამის მიუხედავად, ქომაგებს სიხარული არ განელებიათ, რადგან „ფიორენტინამ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და რაც ყველაზე მთავარია, ფლორენციელები იშვიათი სილამაზის ფეხბურთს თამაშობდნენ.

 

„ფიორენტინა“ ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად გამოვიდა. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩად ლონდონის „არსენალთან“ სტუმრად გამართული მატჩი გამოდგა. იმ შეხვედრაში ფლორენციელები ბატისტუტას გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლონდონელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და რომ არა ტოლდო, ინგლისელები ალბათ, სასურველ შედეგსაც მიაღწევდნენ. იტალიელმა კიპერმა „ჰაიბერიზე“ ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც ორი მეტრის მანძილიდან კანუს დარტყმულზე რეაგირება მოასწრო და ბურთი მოიგერია. ნიგერიელ თავდამსხმელს ასეთი გაოცებული სახე, ალბათ, არც მანამდე და არც მის შემდეგ არ ჰქონია.

 

ტოლდო იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და „ინტერის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თუმცა მან ეს ტიტული მაშინ მოიგო, როდესაც მილანური გუნდის პირველ მეკარედ ჟულიო სეზარი ითვლებოდა. გარდა ამისა, ის შეყვანილი იყო 1998 და 2002 წლის მსოფლიოს და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატების სანაკრებო განაცხადებში, თუმცა არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, ტოლდო იტალიის რესპუბლიკისადმი გაწეული დამსახურებისთვის დაჯილდოებულია კავალერის ორდენით.

2010 წლის 7 ივლისს ფრანჩესკო ტოლდომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა:  „კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე. ამას ოფიციალურად პირველად ვამბობ, ამიტომ ძალიან მიჭირს, თუმცა კლუბიდან არ მივდივარ — ახალგაზრდებთან მუშაობას გავაგრძელებ. რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს, ის არ იქნება“.

ტოლდო ამჟამად იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად მუშაობს.

ბექა დოგრაშვილი

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

ფეხბურთში, ძლიერი დარტყმის შემდეგ, არაერთი ლამაზი გოლი გასულა. პერუში კი, ერთ-ერთმა პორტალმა – Depor.pe-მ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დარტყმებს ყველაზე ძლიერად ასრულებენ.

1. რონი (“ჰერტა” / მარცხენა ფეხი)

27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია. “კორინთიასისა” და “სპორტინგის” ყოფილი მოთამაშე დარტყმებს რომ ძალიან კარგად ასრულებს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / მარჯვენა ფეხი)

33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. მას შორეული მანძილიდან არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია.

3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / მარჯვენა ფეხი)

28 წლის პორტუგალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიმდინარე სეზონში, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი პრეტედენტია. რონალდუს ძლიერი დარტყმების შესრულება ორივე ფეხით შეუძლია.

4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / მარჯვენა ფეხი)

ზლატანის დარტყმის შესახებ, ყველამ კარგად იცის. მეკარეები, ამის გამო, მას ხშირად უფრთხიან.

5. ჰალკი (“ზენიტი” / მარცხენა ფეხი)

მისი ზედმეტსახელიც კი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ბრაზილიელს ბრწყინვალე დარტყმა აქვს.

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

1. რონი (“ჰერტა” / ბრაზილია / 96 კმ/სთ)
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / ინგლისი / 95 კმ/სთ)
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / პორტუგალია / 94 კმ/სთ)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / შვედეთი / 93 კმ/სთ)
5. ჰალკი (“ზენიტი” / ბრაზილია / 92 კმ/სთ)
6. ფრედი გუარინი (“ინტერი” / კოლუმბია / 92 კმ/სთ)
7. ქაბული (“ტოტენჰემი” / საფრანგეთი / 92 კმ/სთ)
8. პიტი (“გრანადა” / ესპანეთი / 92 კმ/სთ)
9. ილიჩიჩი (“ფიორენტინა” / სლოვენია / 91 კმ/სთ)
10. ტინო კოშტა (მოსკოვის “სპარტაკი” / არგენტინა / 91 კმ/სთ)

დიტო ჭიჭინაძე

მონტელა: “როსი იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა”

იტალიური “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი, ვიჩენცო მონტელა აცხადებს, რომ “იების” თავდამსხმელი, ჯუზეპე როსი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა.

26 წლის ფეხბურთელი “ფიორენტინაში” 2013 წელს გადავიდა. როსიმ ფლორენციელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 12 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

“ნამდვილად არ შემიძლია დაგისახელოთ ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატიდან, რომელიც ჯუზეპე როსიზე უკეთესია. მიხარია, რომ ჯუზეპე ფორმაშია. ის გუნდს დიდ დახმარებას უწევს, რაც ძალიან კარგია”, – ამბობს მონტელა.

მარიო გომესმა ტრავმა მოირჩინა

იტალიური “ფიორენტინას” თავდამსხმელი, მარიო გომესი სულ მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.

შეგახსენებთ, მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა დაზიანება ჯერ კიდევ 15 სექტემბერს მიიღო. ამ დროის მანძილზე, იგი საავადმყოფოში იმყოფება.

ახლა კი, სამედიცინო გამოკვლევებმა გამოამჟღავნა, რომ მარიო გომესმა ტრავმა სრულად მოირჩინა. უახლოეს მომავალში, 28 წლის გერმანელი მოთამაშე ტრენინგს დაუბრუნდება.

სანდრო საპანაძე

როსი: “ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ”

იტალიური “ფიორენტინას” თავდამსხმელი, ჯუზეპე როსი აცხადებს, რომ ის ნელ-ნელა ფორმაში შედის, რაც მის თამაშში აისახება.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “სამპდორია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან, ორივე გოლი როსიმ გაიტანა.

“მოხარული ვარ, რომ “სამპდორიასთან” მატჩში 90 წუთით ვითამაშე. ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ, რაც ჩემზე აუცილებლად აისახება”, – თქვა 26 წლის თავდამსხმელმა.

“პანდურიის” ფეხბურთელმა “ფიორენტინას” კარში გასაოცარი გოლი გაიტანა

7 ნოემბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, რუმინულმა “პანდურიიმ” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო.

აღნიშულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ერიკ დე ოლივეირამ გასაოცარი გოლით გახსნა.

ბორხა ვალერო ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უახლოეს დროში „ფიორენტინას“ ესპანელი ნახევარმცველი ბორხა ვალერო ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს.

მიმდინარე ხელშეკრულება მხარეებს 2016 წლამდე აკავშირებთ, ამის მიუხედავად, „იების“ სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ მისი გახანგრძლივების იმედი გამოთქვა. სხვადასხვა ევროპული წყაროების ცნობით, ახალი კონტრაქტი გასაფორმებლად თავად მოთამაშეც არის მზად.

ალექსანდრე მატევოსოვი

მონტელა: “გამარჯვება დავიმსახურეთ”

იტალიური “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი, ვიჩენცო მონტელა “მილანთან” გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს, “ფიორენტინა” “მილანს” ესტუმრა და მეტოქე ვარგასისა და ბორხა ვალეროს გოლების წყალობით, ანგარიშით 0:2 დაამარცხა.

“მართალია, მეორე ტაიმში ცოტათი დავიღალეთ, მაგრამ მეტოქეზე უკეთ მაინც გამოვიყურებოდით. კარგად ვითამაშეთ და სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ. ისეთი გუნდი გვყავს, რომელიც აუცილებლად მოუმატებს”, – ამბობს მონტელა.