“სამპდორიას” პრეზიდენტი: “ტოტი რომის მემკვიდრეობაა, როგორც იუნესკოს მემკვიდრეობა”

გენუის “სამპდორიას” მფლობელმა მასიმო ფერერომ “რომას” კაპიტან ფრანჩესკო ტოტის მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს რომაული კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა 39 წლის ფეხბურთელს შეხვდა. შეხვედრის მიზეზი ტოტის მომავლის გარკვევა გახლდათ, თუმცა საუბრის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

“ტოტი რომის მემკვიდრეობაა, როგორც იუნესკოს მემკვიდრეობა. მას ჰქვია “რომა”. მან მთელი ცხოვრება რომაელებს მიუძღვნა. თუ ტოტი წელს კარიერას დაასრულებს, იგი კლუბის დირექტორის პოსტზე დანიშვნას იმსახურებს”, – ციტირებს ფერეროს სიტყვებს Football italia.

 

ტოტიმ შესაძლოა, ზაფხულში კარიერა დაასრულოს

“რომას” კაპიტან ფრანჩესკო ტოტის მეუღლემ, ილარი ბლაზიმ ღიად მიანიშნა იმაზე, რომ იტალიელმა ფეხბურთელმა წელს შესაძლოა, კარიერა დაასრულოს.

“მოვიდა დრო. ფრანჩესკო წელს 40 წლის გახდება. იგი ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს, მაგრამ ვფიქრობ, მას რაღაც ახალი სურს. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: იგი ფეხბურთში დარჩება”, – ილარი ბლაზის კომენტარი ჟურნალ “ოჯი”-ში გამოქვეყნდა.

 

ტოტი მესამე შვილს ელოდება

“რომას” 39 წლის კაპიტანმა ფრანჩეკო ტოტიმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.

“თავს მშვენივრად ვგრძნობ. მანამ ვითამაშებ, სანამ ჩემი სხეული ამის საშუალებას მომცემს”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Footbal Italia.

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი მესამე შვილს ელოდება.

“არ ვიცით, ბიჭია თუ გოგო. ამას სიურპრიზად ვინახავთ. ჩვენ უკვე გვყავს ბიჭი და გოგო, ამიტომ სქესს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ბედნიერი ვარ. გამიმართლა, რომ ილარისნაირი ქალი (ილარი ბლაზი – ტოტის მეუღლე) ვნახე და მასთან ოჯახი შევქმენი”, – აღნიშნა ტოტიმ.

 

ტოტი ბრუნდება

“რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მალე განაახლებს გუნდთან ერთად ვარჯიშს და იტალიის სერია A-ს უახლოეს მატჩებში თამაშიც შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო. “რომას” ლიდერს მას შემდეგ არ უთამაშია.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ფრანჩესკო ტოტიმ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე გადაცემაც გააკეთა.

 

“რომას” ლაზარეთი წამყვანი მოთამაშეებით შეივსო

“რომას” უახლოეს მატჩებში წამყვანი მოთამაშეები დააკლდება.

გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც დღეს 39 წელი შეუსრულდა, იტალიის სერია A-ს VI ტურში “კარპის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:1) მოედანზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო. ტოტიმ დაზიანება სწორედ იმ არეში მიიღო, რომელზეც ორი წლის წინათ მიღებული ტრავმის შედეგად იარა აქვს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იტალიელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა ორი თვით მოუწევდა, თუმცა დაზიანება ამდენად სერიოზული არ გამოდგა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “რომას” უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ედინ ჯეკო გახლავთ. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა.

გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო გუნდის ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამაც, რომელმაც მოედანი შეხვედრის 21-ე წუთზე დატოვა. მალელ ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აქვს და ორი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

 

ტოტი “რეალიდან” კასილასის წასვლის შესახებ

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ მადრიდის “რეალიდან” იკერ კასილასის წასვლის შესახებ ისაუბრა.

“სამწუხაროა, რომ კასილასი წავიდა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ის დიდებული პიროვნებაა. იკერი კლუბის სიმბოლოა”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Goal.com-ი.

დღეს “რომა” “რეალს” ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში ამხანაგურად გაეჯიბრება. შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

“რეალის” წინააღმდეგ ამხანაგური მატჩები არ არსებობს. ასეთი შეხვედრები ყოველთვის პრესტიჟის საქმეა. დიდებულ გამოცდილებას მივიღებთ”, – დაამატა იტალიელმა ფეხბურთელმა.

 

რუდი გარსია: “ტოტი ყველასთვის მისაბაძი ადამიანია”

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გუნდის კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ტოტი თანაგუნდელებისთვის მაგალითია არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

“ყოველთვის ვთვლიდი, რომ დიდი ფეხბურთელები დიდი ადამიანები არიან. ისინი მოკრძალებულები, უბრალოები არიან და ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, გუნდს ემსახურონ. მოხარული ვარ, რომ აქ დამხვდა კაპიტანი, რომელიც ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია. ტოტის მოქმედებები მოედანზე და მოედნის ფარგლებს გარეთ ყველასთვის მისაბაძია”, – რუდი გარსიას სიტყვებს საფეხბურთო პორტალი forzaitalianfootball.com აქვეყნებს.

 

ფრანჩესკო ტოტი: “ჩვენ თანამედროვე კოლიზეუმი გვექნება” (ფოტო)

“რომას” კაპიტან ფრანჩესკო ტოტის კლუბის ახალი სტადიონის პროექტი ძალიან მოსწონს.

ახალი არენა სამ წელიწადში უნდა აშენდეს და 52-დან 60 ათასამდე ადამიანს დაიტევს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1,1 მილიარდ ევროს შეადგენს.

“რომას” ახალი სტადიონი ექნება, რომელიც მთელ მსოფლიოში წარგვადგენს. ჩვენს კლუბს დიდი ისტორია აქვს და დაიმსახურა ასეთი არენა. ეს ჩვენი თანამედროვე კოლიზეუმი იქნება, სადაც გულშემატკივრებსა და სპორტის მოყვარულებს ჩვენი თამაშითა და სხვა სპორტული მოვლენებით ტკბობის საშუალება მიეცემათ. ეს სტადიონი “რომას” ახალი სახლი იქნება”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს TMW.

Stadio della Roma

ტოტი: “მთელი კვირა ვფიქრობდი, როგორ გადამეღო “სელფი”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “რომასა” და “ლაციოს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. “მგელთაგან” ორივე გოლი გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა, ერთ-ერთი გატანილი ბურთი კი “სელფის” გადაღებით აღნიშნა.

შეხვედრის შემდეგ ტოტიმ ორიგინალური აღნიშვნის შესახებ ისაუბრა.

“სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ორი გოლი მივიღეთ. ანგარიშის გათანაბრება რთული საქმე იყო, თუმცა ჩვენ ეს შევძელით და დავამტკიცეთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია.

მთელი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ გადამეღო “სელფი”. ახლა “სელფის” გადაღება მოდაში შემოვიდა და ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერც მე გავუშვებდი. ეს უნიკალური შანსი იყო, რომელიც შესაძლოა, აღარც კი განმეორდეს. ჩემივე ტელეფონით გადავიღე. გვიდო ნანის (“რომას” მწვრთნელი) ვთხოვე, თუ გავიტანდი, ჩემთვის ტელეფონი მოეცა”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Football italia.

 

„რომა“ ტოტის დუბლით დერბიში მარცხს გადაურჩა

„რომასა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივართა იმედი გაამართლა.

შეხვედრა ნომინალური მასპინძლების აქტიური თამაშით დაიწყო და პირველ ოც წუთში „ჯალოროსიმ“ „ლაციოს“ კარს რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, თუმცა ანგარიში მაინც სტეფანო პიოლის გუნდმა გახსნა – 25-ე წუთზე ფელიპე ანდერსონის მეტოქის საჯარიმოში ჩინებულ ჩაწოდებას სტერფანო მაურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. ოთხ წუთში ანდერსონმა კვლავ გაიბრწყინა, ამჯერად ბრაზილიელმა თვითონ დაარტყა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევრის უკვე მე-3 წუთზე „რომამ“ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო – ფრანჩესკო ტოტიმ ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა. ამის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. 64-ე წუთზე „ლაციოს“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფრანჩესკო ტოტიმ ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა – 2:2! გატანილი გოლი „იმპერატორმა“ „სელფით“ აღნიშნა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ყველაზე სახიფათო მათ შორის 89-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც „რომას“ კარს შეცვლაზე შესულმა მიროსლავ კლოზემ დაუმიზნა, თუმცა რუდი გარსიას გუნდი მეკარე მორგან დე სანქტისმა გადაარჩინა.

საბოლოოდ, 2:2 და ამ ფრით „რომა“ მინიმუმ ოთხი საათით ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ გაუთაბარდა, რომელიც დღეს გასვლაზე „ნაპოლის“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება „ლაციოს“, პიოლის გუნდი 31 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა „ნაპოლის“ მოგების შემთხვევაში გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდება.

ტოტიმ “ლაციოს” კარში გატანილი გოლი “სელფით” აღნიშნა

იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “რომასა” და “ლაციოს” შორის გამართულ მატჩში ფრანჩესკო ტოტიმ მეტოქის კარში გატანილი მეორე გოლი “სელფით” აღნიშნა.

 

როდემდე ითამაშებს ტოტი და რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როდემდე ითამაშებს და რას აპირებს პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ.

“კიდევ სამი წლის განმავლობაში ვითამაშებ, შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერას დავიწყებ. შესაძლოა სწორედ “რომაში” ვიმუშაო. არ გამოვრიცხავ, სამწვრთნელო მუშაობა ბავშვებთან დავიწყო, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ აუცილებლად ასე მოხდება. ასეთ დონეზე მოთამაშე ადამიანს სწავლებისთვის დიდი დრო არ სჭირდება”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი”.