ბეკენბაუერმა ბლატერის გამკრიტიკებელი უეფა გააკრიტიკა

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა კაპიტანმა ფრანც ბეკენბაუერმა კრიტიკული განცხადება გააკეთა უეფას მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ფიფას ახალარჩეულ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს აკრიტიკებს.

“ბლატერი ძლიერი პიროვნებაა, დიდი რეპუტაციით სარგებლობს. უეფამ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ვერ შეძლო და მხარი ნაკლებად ცნობილ აზიელს დაუჭირა. რამის შეცვლა რომ მსურდეს, ალტერნატივას თავადვე წამოვაყენებდი”, – ბეკენბაუერის სიტყვები ინტერნეტპორტალ t-online.de-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეპ ბლატერმა ერთადერთი კონკურენტი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი დაამარცხა.

 

ბეკენბაუერმა მესის შესახებ ისაუბრა

მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა “სქაის” ეთერში უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ბავარიულ გუნდსა და “ბარსელონას” შორის გასამართ დაპირისპირებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ლიონელ მესისგან არის მოსალოდნელი.

“მესი ღვთაებრივი მოთამაშეა. “ბარსელონას” იმედები სწორედ მას უკავშირდება.

პეპ გვარდიოლა მეტოქეს კარგად იცნობს. მან “ბარსელონას” შესახებ მცირე დეტალებიც კი იცის, რაც “ბაიერნის” უპირატესობად შეიძლება გამოდგეს”, – განაცხადა ბეკენბაუერმა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი შეხვედრა ბარსელონაში, 6 მაისს, განმეორებითი კი მიუნხენში, 12 მაისს გაიმართება.

 

ბეკენბაუერი: “ეს უსამართლობაა”

მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა “ოქროს ბურთის” შედეგებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

“სრულიად მოსალოდნელი შედეგებია. მეკარეებისთვის ყოველთვის უფრო რთულია ინდივიდუალური ჯილდოს მოგება. გულოშემატკივრებს გოლები მოსწონს და არა ის, თუ როგორ იგერიებს კიპერი ბურთებს. ვფიქრობ, ეს არასამართლიანი მიდგომაა. 2013 წელს ფრანკ რიბერიმ ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, რონალდუ კი ტიტულის გარეშე დარჩა, მაგრამ გამოკითხვაში ხმა მაინც პორტუგალიელს მისცეს. როგორც ჩანს, გუნდურ მიღწევებს ისეთი მნიშვნელობა აღარ ექცევა”, – ბეკენბაუერის სიტყვები “ევროსპორტის” პოლონურმა ბიურომ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთი” კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა, რომელმაც ხმათა 37.66 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გავიდა (15.76%), მესამე კი მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი (15.72%) გახლავთ.

 

ბეკენბაუერი: “ფეხბურთში არბიტრებს საფრენი აპარატები ჩაანაცვლებს”

მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი თვლის, რომ მომავალში საფეხბურთო მატჩებს არბიტრების ნაცვლად საფრენი აპარატები განსჯიან.

“ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ. აშკარაა, რომ გოლის ფიქსაციის ტექნოლოგიის დამკვიდრებით ყველაფერი არ დასრულებულა. ადრე თუ გვიან მსაჯები აღარ დაგვჭირდება. მოედანზე მიმდინარე მოვლენებს საფრენი აპარატები დააკვირდებიან.

გულწრფელად ვამბობ, რომ ასეთი წარმომიდგენია მომავლის ფეხბურთი. მე მაშინ ცოცხალი აღარ ვიქნები, ამიტომ ამ მოვლენასთან ბრძოლა სხვა ადამიანებს მოუწევთ.

ამის განხილვა ფიფაში არ მომხდარა. ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრია”, – ციტირებს ბეკენბაუერის სიტყვებს Sky90.

 

ბეკენბაუერმა რონალდუ და მესი ერთმანეთს შეადარა

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” ლიდერები — კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა.

“რთული სათქმელია, რომელია მათ შორის უკეთესი. ორივე ეს ფეხბურთელი ერთ დონეზეა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მესიმ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო “ოქროს ბურთი”, რომელიც პლანეტის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა”, – ციტირებს ბეკენბაუერის სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა А Bola.

 

ვინ უკაპიტნებს დედამიწელებს უცხოპლანეტელების წინააღმდეგ?

ცოტა ხნის წინათ გაუწყებდით, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა საზოგადოებას ვიდეომიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ის უცხოპლანეტელების დედამიწაზე ჩამოსვლასა და მათთან ფეხბურთის თამაშზე საუბრობდა. ბეკენბაუერის თქმით, თუ უცხოპლანეტელები დედამიწელებს მოუგებენ, ჩვენი პლანეტა განადგურდება, ასე რომ მხოლოდ ფეხბურთელებს შეუძლიათ ჩვენი ხსნა. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, ზოგმა თქვა, ბეკენბაუერი გაგიჟდაო, ზოგმაც, ეს სარეკლამო კამპანიააო. მომდევნო ვიდეოს გავრცელებამ საიდუმლოს ფარდა ახადა: ეს ცნობილი ელექტრონული კომპანიის სარეკლამო რგოლია.

ახალ ვიდეოში ცნობილი ხდება, თუ ვინ უკაპიტნებს დედამიწელებს უცხოპლანეტელების წინააღმდეგ.

გთავაზობთ ვიდეომასალას.

 

 

ბეკენბაუერი: „უცხოპლანეტელები მეწვივნენ, საფრთხე გვემუქრება“ (ვიდეომიმართვა)

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა საზოგადოებას ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

კაიზერ ფრანცს ასეთი კითხვა დაუსვეს: „ნება მომეცით, გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, არსებობენ უცხოპლანეტელები? თამაშობენ ისინი სპორტულ სახეობებს?“

ბეკენბაუერმა ასე უპასუხა: „დიახ! წუხელ ისინი ჩემთან მოვიდნენ. მათ ჩვენს წინააღმდეგ ფეხბურთის თამაში უნდათ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ თუ წავაგებთ, ჩვენს პლანეტას გაანადგურებენ. ჩვენი ამოცანა გუნდის შეკრებაა. მხოლოდ ფეხბურთელებს შეუძლიათ პლანეტის გადარჩენა“.

ვითომ, ბეკენბაუერი ჭკუიდან შეიშალა? ალბათ, არა. შესაძლოა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა, თუმცა რა შუაშია უცხოპლანეტელები, ეს ჯერჯერობით უცნობია. ბეკენბაუერი კავშირზე გამოსვლას ნოემბრის დასაწყისში აპირებს.

ბექა დოგრაშვილი

ბეკენბაუერი: ”ბრაზილიის დამარცხება მხოლოდ გერმანიას შეუძლია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ფრანც ბეკენბაუერის აზრით, 2014 წლის მუნდიალზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ბრაზილიის დამარცხება შეუძლია.

”ვფიქრობ, არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ბრაზილიის დამარცხება შეუძლია. ეს – გერმანიაა”, – განუცხადა ბეკენბაუერმა ფიფას ოფიციალურ საიტს.

”გერმანიას ახლა ახალი სტილი აქვს და უამრავი ახალგაზრდა ტალანტიც ჰყავს. უდიდეს სამუშაოს იოახიმ ლიოვიც ასრულებს”, – აღნიშნა გერმანიის ნაკრების ლეგენდამ.

”სხვათაშორის, კონფერედერაციის თასის მოგების შემდეგ, მუნდიალი ჯერ არავის მოუგია. თუმცა, აღნიშნულ ტურნირზე ბრაზილიელებმა თავისი ძალა აჩვენეს და ვფიქრობ, იგივეს გაკეთება მათ პლანეტის პირველობაზეც შეუძლიათ”, – დაასრულა ბეკენბაუერმა.

ალექსანდრე მატევოსოვი