ალექსანდრე იაშვილი: „უბრალოდ, სიტყვებს ვერ ვპოულობ“

თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა თავდამსხმელმა ალექსანდრე იაშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას „გაბალასთან“ ორი მატჩის ჯამში წაგებულ დუელზე ისაუბრა.

– როგორც გამოჩნდა, „გაბალაში“ ფრისთვის ჩახვედით…

– ამას ვერ ვიტყოდი. ჩვენი მიზანი, გოლის არ გაშვება იყო. მატჩის ბოლოს მეტოქის ზეწოლას ვერ გავუძელით. გული დაგვწყდა, უბრალოდ, სიტყვებს ვერ ვპოულობ…

– ბოლოს რას ელოდით?

– აქ წასაგებად არ ჩავსულვართ. აქამდეც ვთქვი, რომ „დინამოს“ მიზანი ამ ეტაპის დაძლევა იყო. თუმცა საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე შანსი ხელიდან გავუშვით. შევეცადეთ, ჩვენი თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ დაცვაში მყარად ვერ დავდექით

– შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ წითელმა ბარათმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა?

– რა თქმა უნდა, ეს გარდამტეხი მომენტი იყო, უმცირესობაში თამაში რთულია. სამწუხაროდ, უმცირესობაში, როგორც თბილისში, ასევე გაბალაში დავრჩით. თამაშს მეტოქე აკონტროლებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც 10 კაცით დავრჩით, ზეწოლა უფრო გაძლიერდა

– ძალიან გულდაწყვეტილი ჩანხართ, კითხვებზე პასუხის გაცემაც არ გსურთ. წაგებამ ამდენად იმოქმედა?

– არამხოლოდ წავაგეთ, არამედ შემდეგ ეტაპზეც ვერ გავედით

– შეხვედრა ბოლომდე რატომ არ დაასრულეთ?

– ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. შეცვლებზე პასუხს სწორედ ის აგებს, თანაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი ადვილად ჩანს. მან ჩათვალა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

– რას იტყოდით „გაბალას“ გამოსვლაზე?

– უფრო ჩემი გუნდის თამაშზე ვფიქრობდი. ვიცოდით, რომ მეტოქე მოგებაზე ითამაშებდა. მეტოქის რამდენიმე მოთამაშეს ვიცნობდი, რადგან მათ წინააღმდეგ „ინტერში“ ყოფნის პერიოდში ვითამაშე. ჩვენც გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. სამწუხაროდ, სასტვენამდე ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ

აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს “გაბალას” ვიცე-პრეზიდენტი გამოეხმაურა

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს აზერბაიჯანული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ფარიზ ნაჯაფოვი გამოეხმაურა.

“გუშინ სტადიონზე ასეთი ბანერების გამოფენის ფაქტით შეშფოთებულნი ვართ. მე შევხვდი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებს და დამნაშავეების გამოვლენა ვთხოვე. ასეთი პროვოკაციის დაშვება არ შეიძლება. “დინამოს” სურს, რომ უეფას მიმართოს, ჩვენ ქართული გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამ ყველაფერში ჩვენი კლუბი დამნაშავე არ არის. ეს ბანერები ჩვენი ფანკლუბის ტრიბუნაზე არ გამოუფენიათ. დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს ადამიანები გამოავლინონ და დასაჯონ. პატივი უნდა ვცეთ სხვა ქვეყნების ატრიბუტიკასა და დროშებს, როგორც ამას ჩვენ ვითხოვთ სხვებისგან. რაც არ უნდა მომხდარიყო, სხვა ქვეყნის ატრიბუტიკას პატივი უნდა ვცეთ. პირველ მატჩი ქართველი გულშემატკივრების მიერ გამოვლენილი პროვოკაციული ქმედება არ ასახავს ქართველი ხალხის აზრს. ჩვენ უფრო ტოლერანტული უნდა ვიყოთ”, – ციტირებს “გაბალას” ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს სპორტული პორტალი azerisport.com

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერები, რომლებზედაც საქართველოს ქალაქები აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, მასპინძლებმა საქართველოს დროშა სტადიონზევე დაწვეს. მთელი მატჩის განმავლობაში მათი მხრიდან ქართველი ქომაგების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.

“დინამო თბილისი” აპირებს, რომ მომხდართან დაკავშირებით უეფას მიმართოს.

 

 

“დინამო თბილისი” გაბალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უეფას მიმართავს

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს თბილისური კლუბის მმართველი დირექტორი ნიკა ჯღარკავა გამოეხმაურა.

“იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი მატჩზე ვიყავით კონცენტრირებულნი, ფაქტი 100 პროცენტით არ შეგვიმჩნევია. მომხდარი საჭიროებს გაანალიზებას. კლუბის მხრიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისი განცხადება გაკეთდება. მომხდართან დაკავშირებით უეფასაც მივმართავთ”, – განაცხადა ნიკა ჯღარკავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერები, რომლებზედაც საქართველოს ქალაქები აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, მასპინძლებმა საქართველოს დროშა სტადიონზევე დაწვეს. მთელი მატჩის განმავლობაში მათი მხრიდან ქართველი ქომაგების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.

 

ბრძოლა ბანერებით (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართულ მატჩამდე აზერბაიჯანული გუნდის ვიცე-პრეზიდენტი ფარიზ ნაჯაფოვი კი ამბობდა, რომ სტადიონზე პროვოკაციული შინაარსის ბანერებს არ დაუშვებდა, თუმცა აზერბაიჯანელმა ქომაგებმა ტრიბუნიდან პოლიტიკური შინაარსის არაერთი პოსტერი მაინც გადმოფინეს, რომელზედაც მთელი რიგი ქართული ქალაქები აზერბიჯანულად იყო მოხსენიებული.

ერთ-ერთ ბანერზე ბორჩალო უძველეს აზერბაიჯანულ მიწად იყო მიჩნეული. სინამდვილეში ბორჩალო ქვემო ქართლის ერთ-ერთი ისტორიული მხარე იყო, რომელმაც ეს სახელწოდება XVII საუკუნის დასაწყისში მას შემდეგ მიიღო, რაც დებედას ხეობაში თურქმანული ტომი ბორჩალუ ჩამოასახლეს. სხვათა შორის, ბორჩალოელი თურქულენოვანი მოსახლეობა ყოველთვის საქართველოს მოქალაქეებად იაზრებდა საკუთარ თავს და აქტიურ მონაწილეობასაც იღებდა საქართველოში შემოჭრილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის მაგალითად აღა-მაჰმად ხანთან გამართული 1795 წლის კრწანისის ბრძოლაც შეიძლება დავასახელოთ.

Azerbaijan fans 2

Azerbaijan fans 3

Azerbaijan fans 4

მოგვიანებით სამართალდამცველებმა აზერბაიჯანელ ქომაგებს აღნიშნული ბანერები ჩამოართვეს, თუმცა მანამდე პროვოკატორი გულშემატკივრები პოსტერებს დემონსტრაციულად აჩვენებდნენ.

Zaqatala - Kakhi

აზერბაიჯანელები წერენ, რომ ეს პროვოკაციული ქმედება პასუხი იყო ერთი კვირის წინათ მომხდარი შემთხვევისა, როდესაც ამავე გუნდების მონაწილეობით გამართულ მატჩში “დინამო არენას” ტრიბუნაზე გულშემატკივრების ნაწილმა გამოკიდა ბანერი, რომელზედაც ეწერა: “ჩვენ გვახსოვს კახი და ზაქათალა. 1921”. “დინამო თბილისმა” აღნიშნულთა დაკავშირებით მეორე დღესვე გაავრცელა განცხადება და მომხდარს გაემიჯნა.

Fans

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ბანერი ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის შარშან გამართულ შეხვედრაზეც გამოიფინა. მაშინ ამ ქმედებას საკამოდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა. იმერული კლუბი ბანერის შინაარს გაემიჯნა, თუმცა უეფასგან სანქციას მაინც ვერ ასცდა: მაშინ, უეფას გადაწყვეტილებით, “ჩიხურამ” სტადიონის ორ სექტორზე ანტირასისტული ბანერი გამოფინა.

ფაქტი ერთია, უეფა სტადიონებზე პოლიტიკური შინაარსის ბანერების გამოკიდებას მკაცრად კრძალავს და წესის დამრღვევ გუნდებს სჯის. ვნახოთ, გაატარებს თუ არა უეფა სანქციებს “გაბალას” მიმართ ან მოყვება თუ არა დღევანდელ ინციდენტს რაიმე განმარტება თავად კლუბის მხრიდან.

 

თბილისის “დინამო” ევროპის ლიგას დაემშვიდობა

9 ივლისს, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულმა “გაბალამ” თბილისის “დინამო” საპასუხო მატჩში ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ქართული კლუბი კი ტურნირს გამოეთიშა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი “გაბალას” აქტიურობით დაიწყო. მე-6 წუთზე, მასპინძლებმა კარის მიმართულებით პირველად დაარტყეს, თუმცა ბურთი თბილისელთა კარს ასცდა.

მე-8 წუთზე, მოულოდნელად, გიორგი პაპუნაშვილმა შორი მანძილიდან მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა ბეზოტოსნიმ დამაჯერებლად ითამაშა.

დაახლოებით ათ წუთში შორიდან ჰუსეინოვმა დაარტყა, თუმცა ჰრდლიჩკა ბურთს ადვილად დაეუფლა. მატჩის ბოლო წუთზე მასპინძლებს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ სადიგოვის დარტყმული დინამოელთა კარის დარაჯმა ნახტომში მოიგერია.

მეორე ნახევარში გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ფლორესკუს მიეცა, თუმცა მან ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. 65-ე წუთზე ქვილითაიამ დაარტყა, თუმცა არაზუსტად. დაახლოებით ერთ წუთში ისევ ქვილითაია აქტიურობდა, რომელმაც გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

69-ე წუთზე შეტევაში თოთაძე ჩაერთო, მან ძლიერი დარტყმით მეტოქის კარის აღება სცადა, თუმცა ბურთი კარს ასცდა. ორ წუთში, ყველასათვის გასაკვირად, მსაჯმა მოედნიდან თოთაძე გააძევა, რომელსაც მეთოქესთან ორთაბრძოლის შემდეგ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

88-ე წუთზე, “დინამოს” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, თბილისელები გაშვებულ გოლს სასწაულებრივად გადარჩნენ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, რამდენიმე წამში მამადოვმა გოლის გატანა მაინც მოახერხა – 1:0.

რამდენიმე წუთში, ანტონოვმა “დინამოს” კარში მეორე გოლი გაიატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

გია გეგუჩაძე: “გაბალასთან” ძალიან რთული დაპირისპირება გველის”

დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. “დინამო თბილისი” აზერბაიჯანში “გაბალასთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. გეგუჩაძის გარდა ჟურნალისტების წინაშე “დინამოს” ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაურიც წარსდგა.

“რა შეიძლება ითქვას ხვალინდელ მატჩზე?! ისევე როგორც პირველი თამაში, ძალიან რთული დაპირისპირება გველის “გაბალასთან”. ჩატარებული მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე კი, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ჩვენ სრული შემადგენლობით ვემზადებით, თუმცა გვაქვს გარკვეული დანაკლისი. როგორც პირველ მატჩში, ახლაც არ გვეყოლება დაშავებული ოთარ კაკაბაძე და გიორგი გველესიანი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება”, – ციტირებს გეგუჩაძის სიტყვებს “დინამოს ოფიციალური ვებგვერდი.

“პირველ რიგში, ყველა ქართულ გუნდს წარმატება მინდა ვუსურვო ევროთასებზე. თბილისური შეხვედრა ურთულესი გამოდგა და ფაქტიურად მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით მოგვიწია ასპარეზობა. ხვალინდელი მატჩი არანაკლები სირთულის იქნება, თუმცა ბიჭები მორალურად და ფიზიკურად ყველანი მზად ვართ და შევეცდებით, გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი”, – აღნიშნა ჯაბა ჯიღაურმა.

მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

“გაბალას” თავკაცი: “საპასუხო შეხვედრაში გამარჯვების იმედი მაქვს”

დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. აზერბაიჯანის “გაბალა” “დინამო თბილისს” მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

“გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა განაცხადა, რომ მის გუნდს აქტიური ქომაგობა გარანტირებული ექნება და მოსაგებადაც იბრძოლებს.

“ყველანი ველოდებით ამ დაპირისპირებას, რომელიც ურთულესი იქნება. თბილისური მატჩი ჩვენთვის არასასურველი ანგარიშით დასრულდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებას ვიმედოვნებ. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ პირველი მატჩში დაშვებული შეცდომები და შევეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. “გაბალას” სტადიონს გულშემატკივარი აზერბაიჯანის ჩემპიონატში არ აკლია, ხვალ კი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი ინტერესი იქნება და ხმაურიანი მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება”, – გრიგორჩუკის სიტყვებს “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

ევროპის ლიგა: ქართული გუნდების მონაწილეობით მატჩებში მსაჯები დანიშნეს

ცნობილია იმ არბიტრთა ვინაობა, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მონაწილეობით გასამართ საპასუხო მატჩებს მოემსახურებიან.

“გაბალასა” და “დინამო თბილისს” გასამართ შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

“ცხინვალსა” და რუმინულ “ბოტოშანის” შორის “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩში ბულგარელი არბიტრები იმუშავებენ, მთავარი მსაჯი ნიკოლაი იორდანოვი იქნება.

ნიქოზიის “ომონიასა” და “დინამო ბათუმს” შორის მატჩს ფაბიუ ვერიშიმუს ხელმძღვანელობით პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

სამივე შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

დინამო თბილისის განცხადება

პირველ რიგში გვინდა დავაფიქსიროთ, რომ კლუბი სრულად ემიჯნება და გმობს გუშინდელ ინციდენტს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და შემდეგ საქართველოს მეგობარი ქვეყნის სიმბოლიკის შეურაცხყოფას. თუმცა შსს გულშემატკივართა შორის ფიზიკურ დაპირისპირებას არ ადასტურებს.

ინფორმაციის თანახმად მოვლენები დინამო არენას ტერიტორიის გარეთ მოხდა და შესაბამისად – დინამო თბილისი, როგორც ორგანიზატორი მხარე ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. რაც შეეხება მეორე იარუსზე გადმოფენილ ერთ-ერთ ბანერს, მის შესახებ სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ოპერატიული ზომები და მოხდა ამ ბანერის ტრიბუნიდან მოცილება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის ოფიციალურ პროგრამაში ჩვენ არაერთხელ დავაფიქრისრეთ თუ როგორი დატვირთვა აქვს აზერბაიჯანულ ფეხბურთს დინამოს ისტორიაში და თუ როგორი პატივია ჩვენთვის მეზობელი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა. იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ფაქტები ხელს არ შეუშლის ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას და მათ სპორტულ – წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

fcdinamo.ge

თბილისში აზერბაიჯანელ ქომაგებზე თავდასხმა მოხდა

ფან-მოძრაობა “სექტორ 11”-ის წევრებზე, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, “დინამოსა” და “გაბალას” დაწყებამდე თავდასხმა მოხდა.

azerisport.com-ის ინფორმაციით, “დინამოს” გულშემატკივარი აზერბაიჯანლებს სტადიონზევე დაესხათ თავს. მიზეზი ფეისბუქ გვერდზე გუნდებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა იყო. გულშემატკივართა ლიდერმა ასევე დასძინა, რომ არცერთ წევრს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოს დედაქალაქელთა სასარგებლოდ, 2-1 დასრულდა.

10-კაციანმა „დინამომ“ „გაბალა“ დაამარცხა

უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანული „გაბალა“ რთულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

თამაში მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმის პირველ მონაკვეთში უპირატესობას „დინამოელები“ ფლობდნენ, თუმცა პირველი შანსი სტუმრებს ჰქონდათ – მე-3 წუთზე ჰრდლიჩკამ კარის ხასზე რაფაელის თავური ხელში აიღო. პირველი სახიფათო დარტყმით გეგუჩაძის ფეხბურთელები მე-9 წუთზე გამოირჩნენ – მეტოქის კარს ჯაბა ჯიღაურმა დაუმიზნა. 32-ე წუთზე „გაბალას“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მცველებმა ბურთი კარის ხაზიდან მოხსნაეს. 37-ე წუთზე „დინამოს“ რიგებში გამორჩეულმა გიორგი პაპუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ძლიერად დაარტყა  -სამწუხაროდ, ბურთი „გაბალას“ კარის ძელს მოხვდა. 41-ე წუთზე ალექსეი ანტონოვი ფლანგიდან პასს გამოეხმაურა, თუმცა დარტყმა ვერ მოასწრო – არადა, დარტყმის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გოლი გავიდოდა, რადგან „დინამოს“ უკვე ცარიელი აღმოჩნდა. სამ წუთში, ანტონოვის პასის შემდეგ, რიკარდინიუმ გოლის გატანა ვერ შეძლო, სათქმელია, რომ „გაბალას“ მოთამაშეებმა ამჯერადაც ცარიელ კარში ვერ გაიტანეს.

მეორე ტაიმი მასპინძელთათვის მძიმედ დაიწყო, უკვე 51-ე წუთზე მოედნის ცენტრში მეტოქის წაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა გიორგი გველესიანს პრიდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. შესაბამისად, გია გეგუჩაძეს იძულებითი ცვლილება მოუწია – ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე რენე ფერეირა გამოჩნდა. 61-ე წუთზე მოედანი გიორგი ქვილითაიამ დატოვა, მისი ადგილი კი ალექსანდრე იაშვილმა დაიკავა, რომლის გამოსვლამ ტრიბუნებზე დიდი ემოცია გამოიწვია. უკვე სამ წუთში ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შესულმა ჯაბა ჯიღაურმა მეტოქის კარში ზუსტად დაარტყა – 1:0! ცოტა ხანში მსგავსი მომენტი იაშვილსაც შეექმნა, მან დაახლოებით იგივე პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე ბეზოტოსნიმ მოიგერია. 74-ე წუთზე ჯაფიდ ჰუსეინოვმა ჰაერში ერთი შეხებით შორიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიშიც გაათანაბრა. ოთხ წუთში მსაჯმა „გაბალას“ კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დანიშნა – ბურთთან მათე ცინცაძე მივიდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა. სამაგიეროდ, ხუთ წუთში „დინამომ“ თავისი მომენტის გამოყენება მოახერხა – აქტიურმა პაპუნაშვილმა მეკარე უშანსოდ დატოვა და თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა. დარჩენილ დროში „გაბალა“ მეტოქის ნახევარზე იყო, მაგრამ სახიფათო მომენტებით ვერ გამორჩეულა.

საბოლოოდ, 2:1 და ორმატჩიანი რაუნდის ბედი გაბალაში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 9 ივლისს შედგება.

„დინამო“ – „გაბალა“ 2:1 (0:0)
გოლები: ჯიღაური 64′, პაპუნაშვილი 83′ – ჰუსეინოვი 74′

„დინამო“: ჰრდლიჩკა, თოთაძე, ჭელიძე, გველესიანი, ტვილდიანი, ცინცაძე, ჯიღაური, ჭანტურიშვილი (პარუნაშვილი 78′), კიტეიშვილი (რენე 53′), პაპუნაშვილი, ქვილითაია (იაშვილი 61′).

„გაბალა“: ბეზოტოსნილი, აბასოვი, ვერნიბუდი, სანტოსი, დასდამიროვი (დოდო 73′), ფლორესკუ (სადიღოვი 71′), ზენიოვი, ჰუსეინოვი, გაი, რიჩარდინიო, ანტონოვი.
გაფრთხილებები: იაშვილი 81′ – ფლორესკუ 36′, ვერნიდუბი 69′

გაძევება: გველესიანი 51′

გრიგორჩუკი: “სხვანაირ თამაშს ველოდებოდი”

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის “დინამოსთან” ანგარიშით 2:1 დამარცხების შემდეგ, “გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“პირველ რიგში, სპორტულ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ვულოცავ. სხვანაირ თამაშს ველოდებოდი. მართალია, გუნდი შეთამაშებული არაა, მაგრამ უკეთესად გამოსვლა შესაძლებელი იყო. პირველ ოც წუთში გვიჭირდა და ვნერვიულობდით. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს უკეთესად გამოსვლა შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ შეთამაშების დროს ასევე ვიგებდეთ კიდეც. გოლები, კონტრშეტევებისა და ინდივიდუალური შეცდომების გამო გავუშვით. “დინამოს” კონტრ-შეტევები ათი კაცითაც კარგად გამოიყურება. გასვლაზე გოლი გავიტანეთ, მაგრამ საქმე არა ინდივიდუალურ შეცდომებში, არამედ გუნდის მიერ მთლიანად დაშვებულ შეცდომებშია. ეს შემდგომ არ უნდა განმეორდეს. მცველებს ასეთი უხეში შეცდომები არ ეპატიებათ. ვეცდებით, გაბალაში სიტუაცია გამოვასწოროთ. ის, რომ შეცდომები დავუშვით, იმას კი არ ნიშნავს, რომ ცუდი მცველები გვყავს, პირიქით, მათ შესაძლებლობებში არაერთხელ დავრწმუნდით. მცველების შეცდომები არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს. მათ დავაყენებთ, ვინც სათამაშოდ მზად იქნება”.