“გალათასარაის” ახალი თავკაცი ჰყავს

როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი ხუთშაბათ საღამოს თურქული “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა თურქი “ლომების” ახალი თავკაცის ვინაობა. “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰამზა ჰამზაოღლუ დაინიშნა.

44 წლის თურქი სპეციალისტი მანამდე ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა.

 

ოფიციალურად: “გალათასარაის” თავკაცის პოსტიდან პრანდელი გაათავისუფლეს

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი ხუთშაბათ საღამოს თურქული “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

კლუბის ხელმძღვანელთა მოთმინების ფიალა ჩემპიონთა ლიგაზე ბელგიურ “ანდერლეხტთან” განცდილი მარცხის შემდეგ აივსო. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა “გალათასარაიმ” ანგარიშით 0:2 დათმო, რის შემდეგაც კლუბმა ევროპის ლიგაზე გადანაცვლების თეორიული შანსიც მოისპო.

ჩეზარე პრანდელიმ “გალათასარაიში” ოთხ თვეზე ცოტა მეტი იმუშავა. შეგახსენებთ, რომ ის მანამდე იტალიის ეროვნული ნაკრებს ედგა სათავეში.

 

“ანდერლეხტი” 2:0 “გალათასარაი”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში ბელგიურმა “ანდერლეხტმა” თურქული “გალათასარაი” მიიღო და კონგოელი მცველის, შანსელ მბემბას დუბლის წყალობით ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

„გალათასარაი“ – „ბორუსია“ 0:4

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მესამე ტურის ფარგლებში სტამბულის „გალთასარაიმ“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და ანგარიშით 0:4 განადგურდა.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე ობამეიანგმა გახსნა, რომელმაც 12 წუთში უკვე დუბლი მიითვალა. 41-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე მარკო როისმა გაზარდა. წერტილი ამ შეხვედრაში ადრიან რამოსმა დასვა, რომელმაც 83-ე წუთზე ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, 0:4 და ბორუსიელები 100-პროცენტიანი შედეგით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

„გალათასარაის“ მოთამაშეებს ხელფასებს არ უხდიან

თურქული „გალათასარაის“ საკალათბურთო გუნდში ხელფასების არგაცემის პრობლემა არსებობს, რის შესახებაც Eurobasket.com-ი წერს.

როგორც ცნობილია, კარლოს აროიომ, ენდერ არსლანმა, ფურკან ალდემირმა, ნათან ჯავაიმ, მარტინას პოციუსისმა და ვლადიმირ მიცოვმა კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალური გაფრთხილების წერილი უკვე გაუზავნეს. იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია პირველ ნოემბერამდე არ გამოსწორდება, კალათბურთელები სხვა კლუბებთან კონტრაქტების გაფორმების უფლებას მიიღებენ.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ცნობილი ევროლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩამდე გახდა, რომელშიც სტამბულელები ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ 68:76 დამარცხდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მოთამაშეებს დაპირდა, რომ ხელფასებს ისინი უახლოეს დროში მიიღებენ.

სნეიდერს ხელფასს არ აძლევენ

ჰოლანდიელ ნახევარმცველ უესლი სნეიდერს “გალათასარაიში” უკვე სამი თვეა, კუთვნილი ხელფასი არ მიუღია.

თურქულ კლუბს ფეხბურთელის დაახლოებით ერთი მილონი ევრო მართებს და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, შესაძლოა, სნეიდერმა ფიფას “გალათასარაისთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მიმართოს. ცნობისთვის, 30 წლის ჰოლანდიელ ნახევარმცველს თურქულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ივნისში ეწურება.

უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ “გალათასარაის” მართლაც მართებს მისი ფული, თუმცა იქვე დაამატა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ჰოლანდიის ნაკრებზე ფიქრობს.

 

“გალათასარაი” 1-1 “ანდერლეხტი”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თურქულმა “გალათასარაიმ” მატჩის კომპენსირებულ დროში მოახერხა ბელგიურ “ანდერლეხტთან” ქულის გადარჩენა — 1:1

“გალათასარაი” 1-1 “ანდერლეხტი”

გოლები: ილმაზი 90+1′ — პრატი 52′.

„მონაკოს“ სნეიდერი სურს

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ „გალათასარაის“ ნახევარმცველი უესლი სნეიდერი „მონაკოს“ მთავარ სატრანსფერო მიზნად იქცა.

წყაროს ცნობით, „მონაკოს“ ხელმძღვანელობა სწორედ ჰოლანდიელ ფეხბურთელს მოიაზრებს ხამეს როდრიგესის შემცვლელად. მოგეხსენებათ, კოლუმბიელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ გადადის.

სნეიდერის შესაძლო ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ ფასდება.

 

„იუვენტუსი“ დროგბას შეუთანხმდა

თურქული წყაროების ცნობით, ტურინის „იუვენტუსმა“ „გალათასარაის“ თავდამსხმელ დიდიე დროგბასთან შეთანხმებას მიაღწია. კოტ დივუარელი ფეხბურთელი თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიმდინარე წლის 30 ივნისს დატოვებს.

თურქული პრესის თანახმად, დროგბა „ბებერ ქალბატონთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამ დროის განმავლობაში 36 წლის ფეხბურთელი 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისთვის, დროგბამ თურქეთის ჩემპიონატის დასრულებულ გათამაშებაში 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

Mirror: დროგბა „ჩელსიში“ დაბრუნდება

თურქული „გალათასარაის“ თავდამსხმელი დიდიე დროგბა ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნდება. ამ ინფორმაციას ბრიტანული „დეილი მირორი“ აქვეყნებს.

როგორც მოგეხსენებათ, 30 ივნისს კოტ დივუარელ ფეხბურთელს თურქულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს. წყაროს თანახმად, დროგბა „ჩელსის“ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარელი ფეხბურთელი დასავლეთლონდონური კლუბის ღირსებას 2004 -დან 2012 წლამდე იცავდა. დროგბამ „ჩელსის“ რიგებში ჩატარებულ 341 მატჩში 157 გოლი გაიტანა. მან ინგლისურ კლუბთან ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ოთხჯერ დაეუფლა ასოციაციის თასს, დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის თასიც.

ბექა დოგრაშვილი

არველაძის „ქასიმფაშამ“ მანჩინის „გალათასარაი“ გაანადგურა

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ რობერტო მანჩინის „გალათასარაის“ ესტუმრა და მრისხანე მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მასპინძლები მე-7 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ. მოედნიდან „გალათასარაის“ მცველი ჰაქან ბალთა გააძევეს, რომელმაც საკუთარ საჯარიმო მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი წააქცია. პენალტი „ქასიმფაშას“ არგენტინელმა ნახევარმცველმა ეზეკიელ სკარიონემ გაიტანა. პირველი ტაიმი სტუმრების მინიმალური უპირატესობით დასრულდა, თუმცა შოთა არველაძის გუნდმა შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქეს წირვა გამოუყვანა. 51-ე წუთზე „გალათასარაის“ მცველების უხეირო თამაშით სტუმრების ურუგვაელმა თავდამსხმელმა ტაბარე ვიუდესმა ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. შემდეგ სკარიონემ გაახერხა დუბლი. მასპინძელთა ტანჯვას წერტილი იალჯინ აიჰანმა დაუსვა, რომელმაც კუთხურის მოწოდების შემდეგ ბურთს თავი შეაგება და ფერნანდო მუსლერას კარის ბადე მეოთხედ შეარხია.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ დარჩენილ 4 ტურში მისი გუნდი მაქსიმუმს გაიღებს და 12 ქულას მოიპოვებს.

ამ გამარჯვების შემდეგ არველაძის „ქასიმფაშამ“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა გუნდს ევროთასებზე მოხვედრის კარგი შანსიც გაუჩნდა.

 

ბექა დოგრაშვილი

მანჩინი: „არსენალს“ 9 წელია, ტიტული არ მოუგია, თუმცა ქომაგები მწვრთნელს არ შეურაცხყოფენ“

თურქული „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აგრესიულად გამოეხმაურა კლუბის გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკას. თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში „გალათასარაი“ შინ „კაისერისპორთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რამაც „ლომების“ გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. ქომაგებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მანჩინის გათავისუფლებაც კი მოითხოვეს.

„თუ გულშემატკივრებს ჩემი გათავისუფლება სურთ, აქედან წასვლა დღესვე შემიძლია და ხვალაც შემეძლება, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მე მათ პოზიციას პატივს ვცემ და იმედი მაქვს, რომ ისინიც აფასებენ ჩემს აზრს. ამის მიუხედავად, შეურაცხყოფას ვერ ავიტან. „გალათასარაი“ იმიტომ ჩავიბარე, რომ გრძელვადიანი პროექტი განვახორციელო. გუნდს ოთხ თვეში ვერ ააყვავებ. ვიცი, რომ ეს რთული საქმეა, თუმცა როგორც ჩანს, აქ მუშაობის საშუალებას არ მომცემენ. აქ იმისთვის არ ვარ, რომ ჩემი ლანძღვა-გინება ვისმინო. „არსენალს“ ცხრა წელია, ტიტული არ მოუგია. „მეთოფეთა“ გულშემატკივრები ასე რეაგირებენ წარუმატებლობაზე?“ – მანჩინის სიტყვებს Turkish football-ი აქვეყნებს.

ცნობისთვის, „გალათასარაის“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით ჩამორჩება. სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი.

ბექა დოგრაშვილი