გიბრალტარის ნაკრების თავკაცი: “საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი მიიღო და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ სტუმართა გუნდის თავკაცმა ჯეფ ვუდმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებმა კლასის ხარჯზე გაიმარჯვა.

“ჩვენთვის რთული მატჩი გამოვიდა, როგორც სხვა შეხვედრები. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. პირველ და მეორე ტაიმებში საკმაო პრობლემები შევუქმენით, თუმცა კლასმა მაინც თავისი ქნა. საქართველოს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში”, – ამ სიტყვებით წარსდგა ჟურნალისტების წინაშე ჯეფ ვუდი.

— როგორ შეაფასებდით მატჩის პირველ ტაიმს და მასთან შედარებით მეორე ნახევარს?
— პირველი ტაიმის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რადგან მეტოქე უფრო ცენტრიდან გვიტევდა. გუნდმა მთლიანობაში კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი – მეორე ნახევარში. ჩვენთვის თითოეული თამაში ახალი გამოცდილებაა. ცენტრალური მცველების თამაშს გამოვარჩევდი. შეგვიძლია, კვირას, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩშიც გადავიტანოთ ეს პოზიტიური ასპექტები.

— გიბრალტარის ნაკრები შოტლანდიასთან გასამართი მატჩის შემდეგ დიდი ხნით დაისვებეს, რადგან ფიფას წევრი არ არის. ეს პროგრესი როგორ უნდა გაგრძელდეს?
— აუცილებელია, რომ მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელოთ. მაღალი დონის გუნდებთან ამხანაგური მატჩები უნდა ჩავატაროთ. სპეციალური პროგრამით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა ეს პროგრესი შევინარჩუნოთ.

 

როგორ გააცილეს დავით ზირაქაშვილი ნაკრებიდან (ვიდეო)

მსოფლიოს თასზე საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (17:16) შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა ჰაერში აიტაცეს დავით ზირაქიშვილი, რომელმაც 32 წლის ასაკში 53-ე და უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა.

სანდრო კობახიძე: “გიბრალტართან ფავორიტად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ხვალ ბოლოსწინა მატჩს გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს, უკვე 11 ოქტომბერს კი, ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე დამდეგი მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

“ტრავმირებული ვიყავი და ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვტოვე. ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვარ. ფავორიტებად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს.

რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ვიცით, რას წარმოადგენს ეს გუნდი. უნდა გამოვიდეთ მოედანზე და ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

ხვალინდელი მატჩი აუცილებლად მოსაგები გვაქვს”, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და მას სერგეი ბოიკოს ხელმძღვანელობით უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

 

 

კახა ცხადაძე: “ხვალ შეტევაში თავქუდმოგლეჯილი წასვლას არ ვაპირებთ”

ხვალ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო საშინაო მატჩს გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ცხადაძემ აღნიშნა, რომ ცუდი შედეგების მიუხედავად, მეტოქეს პატივს ვცემს და გუნდი ხვალინდელი შეხვედრისთვის სრული სერიოზულობით ემზადება.

“შემადგენლობაში პრობლემები გვაქვს. ანანიძე, ყენია, მჭედლიძე და დაუშვილი მომდევნო ორ თამაშში ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ ვთვლი, რომ ოპტიმალური შემადგენლობაა და რესურსი გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ჯგუფში ბოლო ადგილზეა და ბევრ გოლს უშვებს, ჩვენ პატივისცემით ვუდგებით. მთავარია, რომ მოედანზე ქაოსურად არ ვიმოქმედოთ. შეტევაში თავჯუდმოგლეჯილი წასვლას არ ვაპირებთ. როცა საჭირო იქნება, პრესინგზე ვითამაშებთ და თავსაც დავიცავთ”, – ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ცხადაძემ.

— ორი ფორვარდით ითამაშებთ? ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს თუ შეხვდით?
— შეიძლება შევცვალო სქემა. ერთი თავდამსხმელით მეტი იქნება მოედანზე. ორ სქემაზე ვმუშაობთ და შეიძლება თამაშის მიმდინარეობის დროს შევცვალოთ. ვულოცავ ლევანს და წარმატებებს ვუსურვებ. თუ წარმატებული პრეზიდენტი იქნება, ეს ქართული ფეხბურთისთვის იქნება წარმატება. პრიორიტეტი კვლავ ნაკრებია და როცა ნაკრები წარმატებულია, ქვეყანაც წარმატებულია. ლევანს ორჯერ შევხვდი, გუშინ ბაზაზეც იყო მოსული, ფეხბურთელებს გაესაუბრა. სულ ორი დღეა, რაც პრეზიდენტი გახდა და გლობალურ საკითხებზე ვერ ვისაუბრებდით. ვისაუბრეთ ნოემბრის ამხანაგურ მატჩებსა და მომავალი წლის თამაშებზე.

— რას იტყვით გიორგი ჭანტურიაზე, რომელსაც მშვენიერი დებიუტი ჰქონდა “დუისბურგში”. შეიძლება, რომ იგი გერმანიის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის გუნდს დაემატოს?
— ძალიან სასიხარულოა ჭანტურიას თამაში. იმედია, ასე გააგრძელებს. სულ ერთი კვირაა, რაც გუნდთან ერთად მუშაობს. კიდევ ერთხელ დავინახეთ მისი პოტენციალი. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის გაკეთება შეუძლია. გამიხარდა, რომ გერმანიაში მოხვდა, სადაც მაღალი პროფესიული დონეა. თუ მხარს აუბამს, ძალიან კარგი იქნება და ნაკრებისთვისაც სტაბილური მოთამაშე გახდება. მას დიდ პატივს ვცემ არამარტო როგორც ფეხბურთელს, არამედ პირადულადაც.

— რამდენად გაგიჭირდათ გიბრალტარის შესახებ ინფორმაციის მოძიება? თუ ხედავთ გიბრალტარის ნაკრებისგან საფრთხეს?
— ინფორმაცია ძალიან ბევრია და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. თითქმის ყველა მატჩი ვნახე, ექვსი შეხვედრა, ფეხბურთელებსაც ვანახეთ. ასე რომ, ხვალინდელი მატჩისთვის ძალზედ სერიოზულად ვემზადებით.

— ნიკოლოზ გელაშვილი და ბაჩანა ცხადაძე რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?
— ისინი დიდი ხანია ნაკრების წევრები არიან და ამ კრიტერიუმით შევარჩიე.

— ბოლო დროს ნაკრებში ადგილი დაკარგა გიორგი ლორიამ, უთამაშებელია ნუკრი რევიშვილიც. ხვალ გიორგი მაკარიძეს ხომ არ მიეცემა შანსი?
— ხვალ გადაწყდება, ვინ დადგება კარში.

— ხვალინდელი მატჩისთვის ენდობით თუ არა ოთარ კაკაბაძეს? ჯაბა ლიპარტია და ავთო ებრალიძეც კარგად გამოიყურებიან და შესაძლებელია, რომ ნაკრებში ვიხილოთ?
— კაკაბაძე ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება. ჩვენ ყველას ვამზადებთ. ფაქტობრივად გადაწყვეტილი მაქვს, ვინ ითამაშებს, მაგრამ ხვალინდელ დღეს დაველოდოთ. კიდევ ბევრი ფეხბურთელია, ვინც უცხოეთში თამაშობს და სანახავი არიან. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და თუ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გამოვიძახებთ.

— გუგა ფალავანდიშვილი ჯანო ანანიძის შემცვლელად მოიაზრება? მიეცემა თუ არა ხვალ მას სათამაშო დრო?
— რადგან გამოვიძახეთ, ესე იგი მოაზრება. ვცდილობ, ყველას ავუხსნა, რომ ვინც არის გამოძახებული, ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრია და მათი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სქემით ვთამაშობთ.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და მას სერგეი ბოიკოს ხელმძღვანელობით უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

 

საქართველო — გიბრალტარი: მატჩს უკრაინელები განსჯიან

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო საშინაო მატჩს გამართავს. ხვალ კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს.

შეხვედრას უკრაინელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი 38 წლის სერგეი ბოიკო იქნება.

მსაჯის თანაშემწეები: ალექსანდრ ვოიტიუკი (უკრ), ოლეგ პლუჟნიკი (უკრ);
მეოთხე მსაჯი: სერგეი ბეკერი (უკრ);
მსაჯის დამატებითი თანაშემწეები: ანატოლი აბდულა (უკრ), სერგეი ბერეზკო (უკრ).

შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

 

ცხადაძემ გიბრალტარისა და გერმანიის ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩისთვის მზადებას იწყებს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტართან და გერმანიასთან შეხვედრისთვის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე 5 ოქტომბრიდან მოემზადება. ჩვენი გუნდი არასრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს დღეს საღამოს ჩაატარებს. კახა ცხადაძემ მოახლოებული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, საფეხბურთო კლუბ გორის “დილას” წევრი, გუგა ფალავანდიშვილი.

მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)

მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), გია გრიგალავა ( „პაფოსი”, კვიპროსი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე („რიზესპორი“, თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი („დილა“, გორი, საქართველო)

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („პაფოსი“, კვიპროსი)

საქართველოსა და გიბრალტარის მატჩი “დინამო არენაზე” 8 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება. გერმანია კი საქართველოს ნაკრებს 11 ოქტომბერს ქალაქ ლაიფციგში უმასპინძლებს. შეხვედრა “რედ ბულ არენაზე” თბილისის დროით 22.45 წუთზე ჩატარდება.

სფფ-ის პრესსამსახური

ზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დღეს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში, ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში ჩემი სტუმრობის კადრები. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში, სექტემბრის დასაწყისში ვიმყოფებოდი, სადაც ვიტალი დარასელიას საფლავი მოვინახულე და შევხვდი მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემ მიერ გამოთქმული ფრაზების გამო, რომელთა მოსმენამაც ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მერწმუნეთ, ჩემი პოზიცია ამ თემაზე ისეთივეა, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქისა, რაც აფხაზ ხალხთან ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენასა და ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას გულისხმობს”, – აცხადებს ზვიად სიჭინავა.

შეგახსენებთ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ზვიად სიჭინავაა. იგი რუსულ ენაზე სადღეგრძელოს ამბობს და აფხაზეთს ქვეყანას უწოდებს, ხოლო სოხუმს აფხაზეთის დედაქალაქად მოიხსენიებს.

 

საქართველომ უეფას სანაკრებო რეიტინგში წინ წაიწია

გამოქვეყნდა უეფას ეროვნულ ნაკრებთა რეიტინგი. საქართველოს ნაკრებმა 3 პოზიციით წინ წაიწია და ახლა 54 გუნდს შორის 42-ე ადგილი უკავია. შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძის გუნდმა სექტემბერში შინ შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა (1:0), გასვლაზე კი ირლანდიასთან წააგო (0:1).

ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტები გამოითვლება ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგებიდან გამომდინარე. დღევანდელი რეიტინგის 20 პროცენტი ფორმირდება ევრო-2012-ის შედეგების საფუძველზე (საკვალიფიკაციო/ფინალური ტურნირი), 40 პროცენტი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებიდან გამომდინარე (საკვალიფიკაციო/ფინალური ტურნირი), დარჩენილი 40 პროცენტი კი ევრო-2016-ის შედეგების საფუძველზე (საკვალიფიკაციო).

რეიტინგის პირველი სამეული უცვლელია: 1. გერმანია; 2. ესპანეთი; 3. ინგლისი.

იხილეთ უეფას ეროვნულ ნაკრებთა სრული რეიტინგი

 

“ევროსპორტმა” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხიზანიშვილი დაასახელა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი დუბლინში ირლანდიის ნაკრებს ესტუმრა და შეხვედრის 69-ე წუთზე ჯონათან უოლტერსის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დამარცხდა.

“ევროსპორტმა” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი დაასახელა. 10-ბალიან შეფასებაში ვეტერან ქართველ მოთამაშეს 8 ქულა დაუწერეს, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

“33 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ ორწლიანი პაუზის შემდეგ გუნდში კვლავ გამოიძახა, სტუმართა შორის დაცვაში გამორჩეული იყო. მეორე სართულზე ორთაბრძოლები მოიგო, გამოცდილების ხარჯზე წინასწარ ჭვრეტდა ირლანდიელთა საკმაოდ ზანტ შეტევებს. “რეინჯერსის” ყოფილი მცველის სამწუხაროდ, მისი გუნდი დუბლინში დამარცხდა”, – წერს “ევროსპორტი”.

საქართველოს ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებს “ევროსპორტისგან” შემდეგი ქულები ერგოთ:

რევიშვილი 7, ლობჟანიძე 7, კვერკველია 6, კაშია 6, ამისულაშვილი 7, ნავალოვსკი 6, კანკავა 6, ყაზაიშვილი 7, ოქრიაშვილი 7, მჭედლიძე 7, ცინცაძე 6, ყენია 6, პაპუნაშვილი 7.

ონილი: ძალზედ დაძაბული მატჩი გამოვიდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი დუბლინში ირლანდიის ნაკრებს ესტუმრა და შეხვედრის 69-ე წუთზე ჯონათან უოლტერსის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა განაცხადა, რომ პირველ ტაიმში მისი გუნდის თამაში არ მოეწონა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა.

“ძალზედ დაძაბული მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. შეიძლება ითქვას, რომ ვნერვიულობდით. მეორე ნახევარში სიტუაცია შემოვატრიალეთ, დიდი ძალისხმევა ჩავდეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. გოლის მომენტში ჯეფ ჰენდრიკმა შესანიშნავად ითამაშა. იგი უფრო მეტად უნდა წავახალისოთ.
შესანიშნავი იყო ჯონ უოლტერსიც, რომელმაც გოლი გაიტანა”, – ონილის სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

უოლტერსი: “ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრებთან რთული მატჩი გამოვიდოდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი დუბლინში ირლანდიის ნაკრებს ესტუმრა და მატჩის 69-ე წუთზე ჯონათან უოლტერსის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დამარცხდა. უოლტერსმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებთან რთულ შეხვედრას მოელოდა და მისი მოლოდინი გამართლდა.

“ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გამოვიდოდა. მეტოქემ შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა. პირველი მატჩიდან ისიც ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ორგანიზებული გუნდია, ჰყავს ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებსაც ხიფათის შექმნა შეუძლიათ.

მომდევნო თვეში ორი დიდი მატჩი გვაქვს სათამაშო: პოლონეთის ნაკრებთან, რომელიც გვისწრებს და გერმანიასთან.

ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენი მიზანი ფინალურ ტურნირზე მოხვედრაა და ჯერჯერობით არაფერი გვაქვს გარანტირებული”, – განაცხადა უოლტერსმა “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

საქართველოს ნაკრებმა დუბლინში პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი მორიგ შეხვედრას დუბლინში, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. კახა ცხადაძის გუნდმა ირლანდიის დედაქალაქში პირველი ვარჯიში ჩაატარა. “ჯვაროსანთა” წევრმა გიორგი მერებაშვილმა ხვალინდელი მატჩის შესახებ მცირე კომენტარიც გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.