საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში 9 ადგილით დაქვეითდა

გამოქვეყნდა ფიფა-ს ახალი სანაკრებო რეიტინგი, რომლის შედეგებიც ქართველი გულშემატკივრებისთვის კვლავ არასახარბიელოა.

ამჯერად ჩვენი ქვეყნის ნაკრები რეიტინგის 126-ე ადგილზე დაქვეითდა. შეგახსენებთ, რომ წინა თვეში საქართველო ფიფა-ს რეიტინგის 117-ე ადგილზე იმყოფებოდა. ამჟამად ქართველთა მონაგარი 239 ქულას შეადგენს.

სათქმელია, რომ საქართველოს ნაკრებს ფარერის კუნძლებმაც გაუსწრეს, რომლელიც უკვე 102-ე ადგილზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ თემუერ ქეცბაიას მოსვლის პერიოდში ნაკრები რეიტინგში 124-ე ადგილს იკავებდა.

კობახიძე: „სათამაშოდ მზად ვარ“

უკრაინული „დნიპროს“ ქართველმა ნახევარმცველმა ალექსანდრე კობახიძემ რუმინულ „პანდურისთან“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი არაფერს წყვეტს, მწვრთვნელმა მოდუნების უფლება არ მოგვცა. „პანდური“ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან სახლში ვითამაშებთ და ჩვენი გუნდის გასამხნევებლად გულშემატკივრებიც მოვლენ. სტადიონზე მოსული ხალხი უნდა გავახაროთ“, – განუცხადა კობახიძემ გაზეთ „კომანდას“.

„თავს კარგად ვგრძნობ, თამაში მომენატრა და თუ მწვრთვნელი შანსს მომცემს, მოედანზე გასასვლელად მზად ვიქნები. ძირითადი შემადგენლობა ჩვენთვის მხოლოდ მატჩის წინ იქნება ცნობილი. შესაბამისად, გამორიცხული არაფერია“, – აღნიშნა 26 წლის შუახაზელმა.

„ვარჯიშებზე ყურადღება ტაქტიკას მივაქციეთ. პირველი მატჩის შემდეგ რუმინელთა თამაში კარგად გვახსოვს. ჩვენი მეტოქე საკმაოდ ტექნიკურია და მისი ფეხბურთელები გუნდურად თამაშობენ. თუმცა, „დნიპრო“ მაინც უფრო ძლიერია, ამიტომაც 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ“, – დაასრულა საქართველოს ნაკრების მოთამაშემ.

შეგახსენებთ, რომ „დნიპრომ“ მნიშვნელობით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფის საგზური ჯერ კიდევ გასულ ტურში მოიპოვა. ამჟამად დნეპროპეტროვსკელთა ანგარიშზე ოთხ ჩატრებულ შეხვედრაში 9 ქულაა. რაც შეეხება „პანდურის“, მას თავის აქტივში მხოლოდ 1 ქულა აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზურაბ ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკვე ყოფილმა მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა თავისი ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ დაწერა.

”მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად.”

დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ცხელ გულზე არ მიმიღია იგი. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და მართლაც ბედნიერი ვარ ამით. უამრავი წარმატება თუ წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ წარმოუდგენელი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე. მე დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას, მაგრამ დღეიდან სამწუხაროდ უკვე ეროვნული ნაკრების გარეშე. ამ წლების განმავლობაში 400- მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისის და ტურქეთის უმაღლეს ლიგებში, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა. იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორცმენისთვის ყველაზე დიდი პატივია. მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს ვისთან ერთადაც მქონია პატივი ეროვნული ნაკრების ინტერესები დამეცვა. განსაკუტრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დიდი მადლობა ყველას.

არ მინდა ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის. მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად.

პატივისცემით
ზურა ხიზანიშვილი”, – დაწერა ხიზანიშვილმა.