მსოფლიოს ჩემპიონატი და სუპერმოდელები ქომაგის ამპლუაში

Victoria’s Secret-ის მოდელები ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებს გულმხურვალედ ქომაგობდნენ, თუმცა „სელესაო“ ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 1:7 განადგურდა და თასის მოგების შანსი დაკარგა.

მოდელებმა შეხვედრას თვალყური ნიუ იორკის ერთ-ერთ ბარში მიადევნეს. ლიმას 2-ნომრიანი მაისური ემოსა, ზედ წარწერით „Lims“. ამბროსიოს კი – 10-ნომრიანი ფორმა, წარწერით „Alé“

„ყველაფრის მიუხედავად, ბრაზილიის ნაკრები მაინც საუკეთესოა“, – დაწერა მატჩის შემდეგ ამბროსიომ.

სამარცხვინო მარცხის მიუხედავად, ბრაზილიელი მოდელები იხტიბარს არ იტეხდნენ და მატჩის შემდეგაც იღიმოდნენ. მოგვიანებით სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავიდნენ, სადაც ბრაზილიის ნაკრების სხვა ქომაგებსაც გაესაუბრნენ.

სამაგიეროდ, კარგ ხასიათზე იყო გერმანელი მოდელი ჰაიდი კლუმი, რომელსაც არ სჯეროდა, რომ მისმა საყვარელმა გუნდმა ტურნირის მასპინძლები ასე იოლად გატეხა.

„თქვენ ეს გჯერათ? მე არა. 1…2…3…..4….5….6…..7…“, – წააწერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს კლუმმა, რომელიც შინ მყოფი ადევნებდა მატჩს თვალყურს.

 

ვან გაალი: „რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე“

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

„ნარინჯისფერთა“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მატჩი შეაჯამა.

„ცვლილების უფლება რომ მქონოდა, ტიმ კრულს კვლავ გამოვიყვანდი იასპერ სილესენის ნაცვლად, თუმცა იმ დროს უკვე სამივე შეცვლა მქონდა განხორციელებული. რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე. სწორედ ჩემმა „ალკმაარმა“ მისცა მას ევროპული ფეხბურთის საგზური. იმედია, სწორად გამიგებთ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანი დარტყმები იდეალურად შევასრულეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაშინ პირველივე პენალტი გავიტანეთ. დღეს ორ ფეხბურთელს ვთხოვე თერთმეტმეტრიანის შესრულება. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ვლაარი დაარტყამდა, რადგან, ჩემი აზრით, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, მას დარტყმა არ გამოუვიდა.

არ მაინტერესებს, რას ამბობს ხალხი ჩემზე და ჩემს გუნდზე. კი ბატონო, ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, არგენტინის ნაკრების დაცვის კარგი თამაში აღსანიშნავია. უნდა ვთქვა, რომ ვერც მეტოქემ ვერ შექმნა ბევრი ხიფათი ჩვენს კართან. დაბალანსებული მატჩი გამოვიდა, ბევრი იყო ტაქტიკური ნიუანსები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რობენი, ვან პერსი, სნეიდერი, მესი, აგუერო, ლავესი თამაშობდნენ, მაინც ცოტა საგოლე მომენტი შეიქმნა.

ახლავე შემიძლია იმის თქმა, რომ ტურნირზე ფანტასტურად გამოვედით. არავინ ელოდა ჩვენს ნახვას არამცთუ ნახევარფინალში, პლეი-ოფშიც კი. მექსიკა და კოსტა რიკა ორგანიზებული და ძლიერი მეტოქეები არიან, თუმცა ჰოლანდიის ნაკრებმა ეს ბარიერები დაძლია. დავმარცხდით მდიდარი საფეხბურთო ისტორიის მქონე არგენტინის ნაკრებთან და ისიც პენალტების სერიაში. სამწუხაროა. არადა, თანაბარი თამაში იყო“, – განაცხადა ვან გაალმა.

ახლა ჰოლანდიის ნაკრები საპატიო მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება და ის 13 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

რობენი: „ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

„ნარინჯისფერთა“ ლიდერმა არიენ რობენმა აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ეს მარცხი სწრაფად უნდა დავივიწყოთ. ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ.

რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ, თუმც ფინალში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.

ყველამ კარგად დაინახა, როგორი შეკრული გუნდი ვიყავით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნაკრებით ვიამაყოთ“, – განაცხადა რობენმა მატჩის შემდეგ.

ბრძოლა მესამე ადგილისთვის ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება და ის 13 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

სილესენს კარიერის განმავლობაში პენალტი არ აქვს მოგერიებული

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ იასპერ სილესენს კარიერის განმავლობაში პენალტი არც ერთხელ არ აქვს მოგერიებული.

ჰოლანდიის ჩემპიონატში მისთვის 8 თერთმეტმეტრიანი აქვთ დარტყმული, ჩემპიონთა ლიგაზე – 3, ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალზე კი – 6.

ამ 17 პენალტიდან 25 წლის მეკარემ ვერც ერთის მოგერიება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრებმა ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი სწორედ პენალტების სერიით დაძლია, თუმცა მაშინ საგანგებოდ თერთმეტმეტრიანების მოსაგერიებლად კარში ტიმ კრული ჩააყენეს.

 

პელემ არგენტინის ნაკრებს მიულოცა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა მიულოცა.

„არგენტინის ნაკრებს დღევანდელ დიდ გამარჯვებას ვულოცავ. მოუთმენლად ველოდები კვირა დღეს, რათა ორი დიდებული საფეხბურთო ერის დაპირისპირებას „მარაკანას“ სტადიონიდან ვუცქირო“, – აღნიშნა პელემ.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

ფინალური მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ბრაზილიური პრესა ნაკრების მარცხს მიკ ჯაგერს აბრალებს

ბრაზილიურმა პრესამ ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ წამყვანი ვოკალისტი მიკ ჯაგერი უიღბლობის მომტან პირად შერაცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებებს შორის წუხელ გამართულ შეხვედრას (1:7) ბრაზილიელ შვილ ლუკასთან ერთად სტადიონის ვიპ-ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს ბრიტანელი მუსიკოსი.

ფეხბურთის სამხრეთამერიკელმა გულშემატკივრებმა მიკ ჯაგერის ცუდი აურა ჯერ კიდევ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დალანდეს, როდესაც მუსიკოსის საყვარელმა ინგლისის, აშშ-ისა და ბრაზილიის ნაკრებებმა ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზეს.

ბრაზილიელმა ფანებმა მიკ ჯაგერს pe frio (ცუდი ფეხის მქონე პირი) შეარქვეს, რაც საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. ბრიტანელი მუსიკოსი რამდენჯერაც რომელიმე გუნდს მიემხრო, იმდენჯერ დამარცხდა მისი რჩეული ნაკრები.

თურმე, მუნდიალის დაწყებამდე მიკ ჯაგერს პორტუგალიელებისთვის უთქვამს, თქვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდებაო, თუმცა პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ მოახერხა.

რომში ყოფნის დროს მიკ ჯაგერმა იტალიელ ტიფოზებს უთხრა, იტალიის ნაკრები ურუგვაის დაამარცხებს და ჯგუფურ ეტაპს დაძლევსო, თუმცა „სკუადრა აძურამ“ ის შეხვედრა ანგარიშით 0:1 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

ვერც მისმა საყვარელმა ინგლისის ნაკრებმა მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

წუხელ კი, „სელესაომ“ შინაურ კედლებში გერმანიის ნაკრებთან სამარცხვინო მარცხი იგემა.

ბრაზილიელი ფანები ახლა უკვე ოფიციალური წერილით მიმართავენ მიკ ჯაგერს იმისთვის, რომ ბრიტანელმა მუსიკოსმა „სელესაოს“ მხარი აღარ დაუჭიროს.

 

დავიდ ლუისმა ბოდიში მოიხადა

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 7:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ „სელესაოს“ მცველმა დავიდ ლუისმა ბოდიში მოიხადა.

„ბრაზილიელი ერის წინაშე ბოდიშს ვიხდით. გვინდოდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სიხარული მოგვეტანა. გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილიელი ხალხი ბედნიერი იყოს, თუნდაც ფეხბურთის დახმარებით.

გერმანიის ნაკრებმა გვაჯობა. მეტოქე უკეთ მომზადებული შეხვდა მატჩს, უკეთაც ითამაშა. ერთხელ ვაჩვენეთ სისუსტე, გერმანელებმა ეს შენიშნეს და მსგავსი კომბინაციებით გაგვიტანეს გოლები.

ჩვენი ოცნება დაიმსხვრა. ძალზედ სამწუხარო დღეა, თუმცა დღეს დიდი გაკვეთილი მივიღეთ. შეცდომებზე სწავლობენ“, – აღნიშნა დავიდ ლუისმა.

 

ბრაზილია — გერმანია (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 7:1 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესნაკრების“ ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 69 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

საფრანგეთი — გერმანია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ბუნდესთიმის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელთა მცველი მათს ჰუმელსი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ავტორია.

დორტმუნდის „ბორუსიაში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 44 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

დეშამი: „ყველანი ვღელავთ, მაგრამ არა გერმანიის სიძლიერის გამო“

დღეს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი გაიხსნება. თბილისის დროით 20:00 საათზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი აიღებს სტარტს.

„მამლების“ მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აცხადებს, რომ მისი გუნდი დამდეგი შეხვედრისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, მის ბანაკში ყველა ღელავს, თუმცა არა მეტოქის სიძლიერის გამო.

— არანაიდ ზეწოლას არ ვგრძნობთ. თქმა არ უნდა იმას, რომ ყველანი ვღელავთ, მაგრამ არა მეტოქის სიძლიერის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპია. აქ გერმანიის ნაკრები არაფერ შუაშია.

— ესე იგი, მატჩს ლაღი განწყობილებით ხვდებით?
— რაც უფრო შორეულ ეტაპზე გადიხარ, მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით, თუმც გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ექნება მატჩის შედეგს.

— შეგიძლიათ, რომ ახლავე გააკეთოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი გუნდის გამოსვლის წინასწარი შეფასება?
— ჩვენმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი სტატუსის მიუხედავად, მათ შეუძლიათ ერთ გუნდად შეკვრა. გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ. ყველამ ისწავლა პასუხისმგებლობის აღება არამხოლოდ საკუთარ შეცდომაზე, არამედ თანაგუნდების არასწორ მოქმედებაზეც.

 

გერმანია — ალჟირი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე გერმანიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აფრიკელთა მეკარე რაის მბოლი დაასახელეს, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.

მბოლიმ მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

განის ნაკრების თავკაცი: „ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა“

განის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კვესი აპიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩი (2:2) შეაჯამა.

„ჩემმა ბიჭებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ბევრი საგოლე მომნეტი გვქონდა, თუმცა ყველა ვერ გამოვიყენეთ. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ძალიან კარგი თამაში იყო. პორტუგალიელებსა და ამერიკელებს საკმაოდ კარგი ნაკრებები ჰყავთ. ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ისინი ხვალ“, – აღნიშნა აპიამ.

ცხრილს გერმანიის ნაკრები 4 ქულით უდგას სათავეში, მეორე ადგილზე 3 ქულით აშშ გახლავთ, რომელსაც ერთი მატჩით ნაკრები აქვს ჩატარებული. მესამე პოზიციაზე განის ნაკრებია, პორტუგალიელები კი უქულოდ არიან.

ამერიკელებსა და პორტუგალიელებს შორის გასამართი მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით ღამის 02:00 საათზე დაიწყება.