ბუფონი: “ჩემპიონთა ლიგას აწეული თავით ვტოვებთ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული საპასუხო მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი ბავარიელებმა ორი გოლი გაიტანეს და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მატჩის შესახებ “ბებერი სინიორას” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა ისაუბრა.

“ფეხბურთში შედეგი დამოკიდებულია შანსებზე. “ბაიერნი” მეორე ტაიმში ბევრს გვიტევდა და შანსები გამოიყენა. ბოლო წუთზე გაშვებული გოლი ყოველთვის სამწუხაროა, მაგრამ მე ვამაყობ ჩემი გუნდით. ამ მარცხმა გვიჩვენა, რომ ჩვენ გაცილებით უკეთესები ვართ, ვიდრე წინა სეზონში ვიყავით. ჩემპიონთა ლიგას აწეული თავით ვტოვებთ”, – ბუფონის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

 

ბუფონის ახალი პირადი რეკორდი

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის სერია A-ს მიჯრით მერვე მატჩია, გოლი არ გაუშვია.

კვირას, “ბებერმა სინიორამ” მილანის “ინტერი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ამრიგად, 38 წლის იტალიელი კიპერის მშრალმა სერიამ 746 წუთამდე მიაღწია. ბუფონისთვის ეს იტალიის უმაღლეს დივიზიონში დამყარებული ახალი პირადი რეკორდია.

 

ბუფონი კარიერას 2018 წლის მუნდიალის შემდეგ დაასრულებს

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარიერას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.

“თუ იტალიის ნაკრების სამუნდიალე განაცხადში მოვხვდები, ტურნირზე ვითამაშებ, ხოლო ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დავასრულებ”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსის” ღირსებას 2001 წლიდან იცავს, ხოლო იტალიის ნაკრებში სადებიუტო მატჩი 1997 წელს ჰქონდა.

 

ბუფონი: “მინდა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა იმ დროზე ისაუბრა, როდესაც, მისი თქმით, “ბებერი სინიორა” ყველაზე თვალსასეიროდ თამაშობდა. გარდა ამისა, ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ სამომავლო გეგმებზეც გააკეთა კომენტარი.

“იუვენტუსში” ჩემი ყოფნის პერიოდში გუნდი ყველაზე კარგად 2002/2003 წლების სეზონში თამაშობდა, როდესაც მას მარჩელო ლიპი თავკაცობდა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით და პენალტების სერიაში დავმარცხდით. მაშინდელი “იუვენტუსი” ლამაზად და ეფექტიანად თამაშობდა. თუ შემადგენლობების მხრიოვ ვიმსჯელებთ, მაშინ საუკეთესო გუნდი ფაბიო კაპელოს თავკაცობის პერიოდში გვყავდა.

როდისთვის მინდა ლურსმანზე ბუცების დაკიდვა? მინდა, რომ კარიერა თავაწეულმა დავასრულო. ჩემი ცხოვრების მთავარი კრედო ყოველთვის იყო ის, რომ ჩემ წინ მდგარი ნებისმიერი კაცისთვის თვალის გასწორება შემეძლოს. ფეხბურთელის ამპლუაში ჩემი ბოლო ამოცანა 40 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია”, – ბუფონის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

იტალიამ “ოქროს ბურთის” გამოკითხვას ბოიკოტი გამოუცხადა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ და კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ოქროს ბურთის” გამოკითხვას ბოიკოტი გამოუცხადეს. Football Italia-ს ცნობით, ამ პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ ფიფამ ბუფონი 23 პრეტენდენტს შორის არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტესა და ბუფონს პროტესტი გამოხატვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციიდან ურჩიეს.

იტალიიდან “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მხოლოდ ჟურნალისტმა კონდო პაოლომ მიიღო მონაწილეობა, რომლის არჩევანიც ასეთია: 1. ლიონელ მესი; 2. რობერტ ლევანდოვსკი; 3. ნეიმარი.

 

ბუფონი: “ამ ორი გუნდის გარდა ნებისმიერთან შეგვიძლია ტოლ-სწორად თამაში”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში “მანჩესტერ სიტის” დამარცხებით (1:0) კმაყოფილია. იტალიელმა კიპერმა აღნიშნა, რომ “ბებერ სინიორას” მიუნხენის “ბაიერნისა” და “ბარსელონას” გარდა, ნებისმიერ გუნდთან შეუძლია თანაბრად თამაში.

“დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ “იუვენტუსს” ნებისმიერ გუნდთან შეუძლია ტოლ-სწორად თამაში “ბაიერნისა” და “ბარსელონას” გარდა”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Tmw.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” ამ გამარჯვების წყალობით ჯგუფში “მანჩესტერ სიტის” გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში “ბებერი სინიორა” “სევილიას” ესტუმრება, “ქალაქელები” კი მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” მიიღებენ.

 

ბუფონმა მისი თანამედროვეობის საუკეთესო მეკარეები გამოარჩია

ტურინის “იუვენტუსის” კიპერმ აჯანლუიჯი ბუფონმა ბოლო 20-30-წლეულის საუკეთესო მეკარეები დაასახელა.

“ჩემი თანამედროვეობის საუკეთესო მეკარე იკერ კასილასია. ხელით თამაშის მხრივ იგი ყოველთვის საუკეთესო იყო. ბოლო ათწლეულიდან კასილასთან ერთად პეტრ ჩეხსაც გამოვარჩევდი. უკანასკნელი სამწლეულის საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერია. იგი ფანტასტიურად თამაშობს ჰაერში. ჩეხი კი ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით ყველაზე სრულყოფილი მეკარეა.

ჩემი ეპოქიდან ასევე გამოვარჩევდი პეტერ შმეიხელს, ვალტერ ძენგას, ჯანლუკა პალიუკასა და ანდონი სუბისარეტას”, – ბუფონის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

დონარუმა: “ჩემი კერპი ბუფონია”

“მილანის” 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. ახალგაზრდა კიპერს მანამდე ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშია. მისთვის ეს სეზონი უმაღლეს დონეზე პირველია.

“ძალიან გახარებული ვარ, რომ გამომიძახეს. დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება, მაგრამ ვეცდები ამას ყურადღება არ მივაქციო და სიმშვიდე შევინარჩუნო.

ჩემი კერპი ბუფონია. ოცნებად მაქვს, რომ იტალიის ნაკრების პირველი მეკარე გავხდე და ბუფონის გზა გავიარო. ყველა ისურვებდა ასეთი კარიერის გაკეთებას.

“მილანში” ისეთ დიდ პროფესიონალებთან ვმუშაობ, როგორებიც დიეგო ლოპესი და კრისტიან აბიატი არიან. ისინი ძალიან მეხმარებიან განვითარებაში”, – დონარუმას სიტყვებს Football Italia ციტირებს.

 

ბუფონი: “სანამ ეს მისწრაფება და სურვილი მექნება, ვითამაშებ”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე “სკუადრა აძურას” მიზნების შესახებ ისაუბრა. 37 წლის მეკარემ ისიც აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“დღეიდან უნდა დავადგეთ იმ პროგრესის გზას, რომელიც თავის კულმინაციას ევრო-2016-ზე მიაღწევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატს აუცილებლად მოვიგებთ, თუმცა რაც შეგვეძლება, ყველაფერი უნდა გავიღოთ.

კი ბატონო, გარკვეულ ასაკს მივაღწიე, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს მებრძოლი სული. არ ვიცი, როდემდე ვითამაშებ. სანამ ეს მისწრაფება და სურვილი მექნება და სანამ ფიზიკურადაც მზად ვიქნები, მანამდე ვითამაშებ. საკუთარ თავს არანაირ შეზღუდვას არ ვუწესებ. ასე რომ არ ვფიქრობდე, კარიერა უკვე დიდი ხნის დასრულებული მექნებოდა”, – ბუფონის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

კასილასი ბუფონს გაუთანაბრდა

ესპანეთის ნაკრების კიპერმა იკერ კასილასმა ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე 28-ე “მშრალი” მატჩი ჩაატარა. ამ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა შინ ლუქსემბურგი ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ევრო-2016-ზე თამაშის უფლება გაინაღდა.

ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე “მშრალი” მატჩების რაოდენობით “ფურია როხას” მეკარე იტალიის ნაკრების კიპერ ჯანლუიჯი ბუფონს გაუთანაბრდა.

 

მორატა: “ბუფონი “ოქროს ბურთს” იმსახურებს”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ კლუბის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა. ესპანელის თქმით, ბუფონი “ოქროს ბურთს” იმსახურებს.

“ჯიჯი “ოქროს ბურთს” იმსახურებს. სამწუხაროა, რომ მეკარეებს მხოლოდ “ოქროს ხელთათმანის” მოგების შესაძლებლობა აქვთ. ჩემთვის დიდი პატივია როგორც მასთან ერთად თამაში, ასევე სანაკრებო დონეზე მის წინააღმდეგ ასპარეზობა”, – მორატას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მეკარეებს შორის “ოქროს ბურთი” ამ დრომდე მხოლოდ ლევ იაშინს აქვს მოგებული, რომელმაც ეს ჯილდო 1963 წელს დაისაკუთრა.

 

ბუფონს ათი ნაკერი დაადეს

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “სკუადრა აძურას” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა მუხლის არეში ღრმა ჭრილობა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

Tmw-ის ცნობით, 37 წლის იტალიელ მეკარეს ათი ნაკერი დაადეს.

მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ რა ხნის გამოტოვება მოუწევს ბუფონს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჯანლუიჯი ბუფონმა მარიო მანჯუკიჩს პენალტი აუღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.