“იუვენტუსმა” იგუაინის შემცვლელი უკვე იპოვა

ბოლო დროს ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ გონსალო იგუაინის თამაშით და მზად არიან, არგენტინელ ფეხბურთელს წასვლის უფლება მისცენ, თუ რომელიმე კლუბისგან შესაფერის წინადადებას მიიღებენ.

იგუაინის შემცვლელად კი “ბებერი ქალბატონი” კლუბში რობერტ ლევანდოვსკის მიყვანას გეგმავს, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ გერმანიის დატოვება და ახალი გამოწვევების მიღება სურს.

იგუაინის წასვლის შემთხვევაში, ტურინელები მზად არიან 29 წლის ფეხბურთელის გადაბირების საქმეში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ “მანჩესტერ სიტის”, “პარი სენ-ჟერმენსა” და ლონდონის “ჩელსის”.

იგუაინის მამა: “ყველაფერი ფლორენტინო პერესის ბრალია”

გონსალო იგუაინის მამა, ხორხე იგუაინი, პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, თავის შვილს “რეალის” დატოვებისკენ ფლორენტინო პერესმა უბიძგა.

“ძალიან მტკივენული იყო ის დრო, თუ როგორ დაატოვებინეს იგუაინს კლუბი. ეს ყველაფერი კი პერესის ბრალია, მას პიროვნულად არ მოსწონდა გონსალო,” – აცხადებს არგენტინელი ფეხბურთელის მამა.

“ვფიქრობ, რომ “რეალი” ბენზემას, რონალდუსა და იგუაინის შემტევი ტრიოს საშუალებით უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევდა. თავდაპირველად, როდესაც ეს ტრიო შეიქმნა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში. გონსალოს შეეძლო, უფრო მეტ ხანს დარჩენილიყო მადრიდში.

ხშირად ჟურნალისტები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ფეხბურთელების მომავალზე. მართალია, ისინი ერთხელაც არ შეხებიან ბურთს, მაგრამ დასკვნების გამოტანა უყვართ.

მესისაც კი აკრიტიკებენ. არგენტინა კარგი ქვეყანაა, მაგრამ უსამართლობა ყველგანაა – მთავრობაშიც და საავადმყოფოებშიც. თუ ფეხბურთელს სეზონი ჩაუვარდება, ქვეყნის აღსასრულად თვლიან,” – დაამატა ხორხე იგუაინმა.

ალეგრი: “იგუაინთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ პრესასთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც “ოლიმპიაკოსთან” მოგებულ მატჩის (2:0) სასტარტო შემადგენლობაში გონსალო იგუაინი არ შეიყვანა.

“იგუაინთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე. ბოლო დროს, სხვებთან შედარებით ცუდ ფორმაში იმყოფებოდა, მაგრამ დღეს უკეთ გამოიყურებოდა და ფეხებსაც უფრო სწრაფად ამოძრავებდა და უფრო მონდომებულიც იყო.

ის ჩვენთვის პრობლემა არასოდეს ყოფილა და არც იქნება. იგუაინი ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩში გარდატეხის შეტანა შეუძლია და ჩვენ ის გვჭირდება,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და მოედანზე გამოსვლიდან ცხრა წუთის შემდეგ ანგარიშიც გახსნა.

იგუაინი უეფას სასჯელს გადაურჩა (ფოტო)

უეფას დისციპლინარული კომიტეტი ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის დასჯას არ აპირებს, რომელმაც “ბარსელონას” ფანებს თამაშის დასრულების შემდეგ შუა თითი უჩვენა.

როგორც იცით, იგუაინი ადრე “რეალის” ღირსებას იცავდა, რის გამოც კატალონიელ გულშემატკივარს ის ძალიან არ უყვართ და მის მიმართ მუდმივად გულგრილად არიან განწყობილები. მატჩის ბოლოს, წაგებით იმედგაცრუებულმა იგუაინმა თავი ვერ შეიკავა გულშემატკივართა ბილწ შეძახილებს შუა თითის ჩვენებით უპასუხა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრების” წინააღმდეგ გონსალოს 21-ჯერ აქვს ნათამაშები და მათ კარში მხოლოდ სამი გოლი აქვს გატანილი.

იგუაინი: “ლიგაზე უფრო მეტის გატანა მმართებს”

გონსალო იგუაინმა ახალი სეზონის დაწყების წინ პრესასთან ისაუბრა და ერთ-ერთ იმ მთავარ სისუსტეზე ისაუბრა, რაც მას საშუალებას არ აძლევს, ბოლომდე დაეხმაროს “იუვენტუსს”.

“ალეგრი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი გოლის გატანა მმართებს? ის მართალია.

ახალ წელსა და ახალ სეზონზე ვფიქრობთ, რომელიც გაცილებით უფრო რთული და ხანგრძლივი უნდა გამოდგეს. ყველანი მოტივირებულები ვართ და 100 პროცენტით მზად ვართ დაწყებისთვის.

ყოველთვის მინდოდა უფრო მეტი მომეგო და უფრო მეტი გამეტანა. ჩემპიონთა ლიგაზე იგივე შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ,” – აცხადებს არგენტინელი თავდამსხმელი.

Tuttosport: “ჩელსი” “იუვენტუსს” 100 მილიონ ევროს სთავაზობდა

Tuttosport-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “ბებერ ქალბატონს” 100 მილიონ ევროს სთავაზობდნენ გონსალო იგუაინის სანაცვლოდ.

როგორც იცით, “არისტოკრატები” აქამდე საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ რომელუ ლუკაკუს გადაბირბას, რომელმაც არჩევანი “მანჩესტერ იუნაიტედზე” გააკეთა. რაც შეეხება ანდრეა ბელოტის, მან პირდაპირ განაცხადა უარი “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლაზე.

იტალიური წყაროს ცნობით, ლონდონელები კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს არგენტინელი ფეხბურთელის აგენტთან.

შეგახსენებთ, რომ იგუაინი “იუვენტუსში” გასულ ზაფხულს გადაბარგდა 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მისი კონტრაქტი კი 2021 წელს იწურება.

იგუაინი: “იმედი მაქვს, რამოსი 90-ე წუთზე გოლს არ გაგვიტანს”

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც შაბათს კარდიფში “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გაიმართება, “ბებერი ქალბატონის” თავდამსხმელმა, გონასლო იგუაინმა კომენტარი გაკეთა.

“იმედი მაქვს, რამოსი 90-ე წუთზე არ გაგვიტანს. მისადმი და მისი ოჯახისადმი ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს. სერხიო და მე ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს.”

“ფეხბურთი ზოგჯერ ასეთ სიტუაციაში გაყენებს: ფინალში ჩემს ყოფილ გუნდს უნდა შევუტიო. დარწმუნებული ვარ, ეს მატჩი ყველამხრივ გამორჩეული იქნება,” – აცხადებს “პიპიტა”.

მანჩინი: “იგუაინი რომ ჰყოლოდა, სერია ა-ს “ნაპოლი” მოიგებდა”

რობერტო მანჩინის აზრით, ახლა ჩემპიონობას ტურინის “იუვენტუსის” ნაცვლად “ნაპოლი” იზეიმებდა, ნეაპოლელებს ზაფხულში გუნდის ლიდერი, გონსალო იგუაინი რომ არ გაეშვათ.

“ამ ტრანსფერით ყველა მოგებული დარჩა – “ნაპოლიმ” დიდი ფული მიიღო, იგუაინი კი ჩემპიონი გახდა და ახლა ლიგის ფინალშიც იმყოფება, “იუვეზე” კი დიბალასა და მისი დამატებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

ამ დროისთვის, “იუვეს” უძლიერესი გუნდი ჰყავს. მათთან ყველაზე ახლოს კი “რომაა”, რომელმაც სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება “ნაპოლის”, შედეგის მხრივ, მათ საუკეთესო სეზონი ჩაატარეს, მაგრამ მაინც მესამეზე გავიდნენ. ვფიქრობ, იგუაინი რომ ჰყოლოდათ, “სკუდეტო” სწორედ მათ დარჩებოდათ,” – აცხადებს მანჩინი.

ალეგრი: “იგუაინი და ბელოტი? ისინი ერთად ვერ ითამაშებენ”

პრესასთან საუბრისას ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ყველასათვის ნათელ იგახადა ის ფაქტი, რომ “ბებერი ქალბატონი” ანდრეა ბელოტის გადაბირებას არ ცდილობს.

“ეს შეუძლებელია. იგუაინი და ბელოტი ერთად ვერ ითამაშებენ, გამორიცხულია.

ანდრეა ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც დიდ პროგრესს განიცდის. არ ვიცი, ღირს თუ არა ის 100 მილიონი ევრო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მას წინ ბრწყინვალე მომავალი აქვს.

მჯერა, რომ ის იტალიის ნაკრებში მრავალი წლის მანძილზე ითამაშებს ცხრიანის პოზიციაზე,” – აცხადებს ალეგრი.

გონსალო იგუაინი: “ამ ტურნირზე გოლებს ხშირად ვერ ვიტან”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” სტუმრად “მონაკო” ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა გონსალო იგუაინმა, რომელმაც დაპირისპრიების შემდეგ ჟურნალსიტებთან ისაუბრა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო, რომელიც შესანიშნავად ჩვავატარეთ. ახლა შეგვიძლია, მშვიდად დავბრუნდეთ სახლში და განმეორებით მატჩს დაველოდოთ.”

“ამ ტურნირზე გოლებს ხშირად ვერ ვიტან. თუმცა, სიმშივიდე უნდა შევინარჩუნო და მუშაობა გავაგრძელო. გვინდოდა, რომ კარი მშრალად შეგვენახა. მიზანს მივაღწიეთ. შედეგი ძალიან კარგია!” – განაცხადა არგენტინელმა.

რამდენად პროდუქტიულია იგუაინი “ბარსელონას” წინააღმდეგ ?

თუ “იუვენტუსი” კატალონიური “ბარსელონას” დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას აპირებს, მაშინ მას ნამდვილად დასჭირდება ისეთი ფეხბურთელის დახმარება, როგორიც გონსალო იგუაინია.

არგენტინელი, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს “ბარსელონას” (როგორც მეტოქეს), აცხადებს, რომ წელს მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამისთვის კი პირველ რიგში კატალონიური ბარიერის გავლაა საჭირო.

რამდენად პროდუქტიულია გონსალო “ბარსელონას” წინააღმდეგ?

ფრანგი ფორვარდი “რეალს” 2007 წლის იანვარში შეუერთდა (“რივერ პლეიტიდან” გადავიდა) და მხოლოდ ერთხელ ითამაშა “ბარსას” წინააღმდეგ სადებიუტო სეზონში. იმ მატჩში გონსალო და საერთოდ ყველა მისმა თანამემამულემ, ლეო მესიმ დაჩრდილა, რომელმაც თავი ჰეთ-ტრიკით გამოიჩინა.

მეორე სეზონში, იგუაინს “კამპ ნოუზე” განცდილ მარცხში (1-0) მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ “სანტიაგო ბერნაბეუზე” კატალონიელთა კარში სადებიუტო გოლის გატანა შეძლო (4-1). იმ წელს “ბლანკოსი” ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

2008-09 წლების სეზონის პირველ “კლასიკოში” მან 77 წუთი ითამაშა, “რეალი” 2-0 დამარცხდა “კამპ ნოუზე”. განმეორებით მატჩში კი ანგარიშის სწორედ მან გახსნა, თუმცა მადრიდელები მაინც დამარცხდნენ, თანაც გამანადგურებელი ანგარიშით (6-2).

2009-10 – “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში იგუაინმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა და მისი გუნდი 1-0 დამარცხდა, მანამდე კი 80 წუთი ითამაშა “ბერნაბეუზე” წაგებულ “კლასიკოში” (2-0). მომდევნო სეზონში შემდგარი 6 “კლასიკოდან”, მან მხოლოდ ერთში მიიღო მონაწილეობა, ისიც 55 წუთით და გატანილი გოლიც არ ჩაუთვალეს.

2011-12 წლების სეზონში “იუვეს” მოქმედი თავდამსხმელი უფრო დიდ დროს ატარებდა სტადიონზე. კოპა დელ რეის ორივე მეოთხედფინალური მატჩი მან სასტარტოში დაიწყო, მაგრამ ექვსი მატჩიდან ვერცერთში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა.

ბოლო სეზონში კი, მან ესპანეთის სუპერთასის მატჩში საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, როდესაც “რეალმა” “ბარსას” დამარცხება მოახერხა.

საერთო ჯამში, არგენტინელმა ფორვარდმა 18-ჯერ ითამაშა “ბარსას” წინააღმდეგ და მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო.

ნეაპოლში ტუალეტის ქაღალდები იყიდება, რომლებზეც იგუაინია გამოსახული (ფოტო)

იტალიის ქალაქ ნეაპოლიც მაცხოვრებლები “ნაპოლის” ექს-თავდამსხმელის, მოღალატედ შერაცხული გონსალო იგუაინის დაბრუნებისათვის ემზადებიან (“ნაპოლი” საშინაო არენაზე “იუვეს” 2 აპრილს მიიღებს).

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა “ნაპოლის” რიგები გასულ ზაფხულს დატოვა და “იუვენტუსში”, რეკორდულ თანხად (90 მილიონი) გადაბარგდა. მისი ეს საქციელი კი ნეაპოლელებს ჯერაც არ დავიწყებიათ.

ქალაქის ქუჩებში ტუალეტის ქაღალდები გამოჩნდა, რომელზეც იგუაინის სახეა გამოსახული. უცხოური პრესის ცნობით, ამ პროდუქტზე მოთხოვნილება საკმაოდ დიდია.