იტალიური “მილანის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ თუ მომავალში, მას მატჩის მიმდინარეობისას რასისტულ შეურაწყოფას მიაყენებენ, ის მოედანს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, “ნაპოლისთან” გამართულ მატჩში, ბალოტელის რასისტული შეურაწყოფა მიაყენეს, რის გამოც, ახალგაზრდა ფეხბურთელს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
“დავტოვებ თუ არა მოედანს? დიახ, ასე მოვიქცევი. ჯანსაღ კრიტიკას კარგად ვიღებ, მაგრამ როდესაც რასისტულ შეურაწყოფას მაყენებენ, ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს”, – ამბობს ბალოტელი.
იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რომის პაპსაც შეხვდა.
“ღმერთის მჯერა. ის ბევრჯერ დამხმარებია. ჩემთვის, რომის პაპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მასთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრე და რა თქმა უნდა, მის რჩევებს გავითვალისწინებ.”
ბალოტელიმ აღნიშნა, რომ ბავშვობაში, მისი კერპი ბრაზილიელი რონალდო იყო.
“ბავშვობაში, ჩემი კერპი ბრაზილიელი რონალდო იყო. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა. ამჟამინდელი თავდამსხმელებიდან კი, ზლატან იბრაჰიმოვიჩს გამოვარჩევდი.”