გერმანიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება. “ბუნდესთიმის” განაცხადში შეყვანილია ილკაი გიუნდოგანიც, რომელმაც დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებებს ერთმანეთთან ვერ შევადარებ. საქართველოს ნაკრები უფრო მეტად დაიცავს თავს, ვიდრე ეს ავსტრალიელებმა გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები დაცვიდან ითამაშებენ და ჩვენს დაჭერას კონტრშეტევებზე შეეცდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და მეტოქეს სუსტი წერტილები მოვუძებნოთ. თავდასხმაში ისევე მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ, როგორც ავსტრალიის ნაკრებთან. თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენსას მივაღწევთ.
არ ვფიქრობ იმას, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოვხვდებით. ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ყველა მეტოქესთან ჯერ კიდევ გვაქვს სათამაშო. ვინმეზე დამოკიდებულნი არ ვართ და ეს კარგია”, – გიუნდოგანის კომენტარი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის მატჩი 29 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია ისიც, რომ შეხვედრას კლემან ტურპენის ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.