საბა ლობჟანიძე: “არ მაქვს გადაწყვეტილი, დავრჩები თუ არა “დინამოში”

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში თბილისის “დინამო” სტუმრად “სამტრედიას” დაუპირისპირდა და მეტოქე ბექა მიქელთაძისა და საბა ლობჟანიძის გოლებით ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

მეორე გოლის ავტორი, ლობჟანიძე, როგორც იცით, ჩემპიონატის დასაწყისში კლუბის ხელმძღვანელობამ “დინამოს” მეორე გუნდში დააქვეითა. თუმცა, ამ სანაკრებო პაუზაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საბა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა და აქ პირველი შეხვედრაც ჩაატარა.

Fanebi.Com-ი 22 წლის შემტევს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– შეაფასე განვლილი შეხვედრა…

– ბოლო ორი თამაში წავაგეთ და ამ მატჩში აუცილებლად გვმართება მოგება. სამტრედიიდან სამი ქულის წამოსაღებად ყველაფერი გავაკეთეთ. იმერულ კლუბზე საქებარი სიტყვების გარდა, არაფრის თქმა არ შემიძლია. თუმცა, ტაქტიკურად ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, რამაც წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

– საკმაო ხანია მთავარ გუნდში არ გითამაშია, თუმცა, ობიექტურად რომ ვთქვათ, დღეს კარგი შთაბეჭდილება დატოვე. პირადად გკითხავ: როგორ გრძნობდი მოედანზე თავს და შენი აზრით, ხარ თუ არა კარგ ფორმაში?

– კი, დიდი ხანია, არ მითამაშია. თუმცა, ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადე. ყველანაირად ვეცადე, ღირსეულად დავბრუნებულიყავი. ჩემი აზრით, მთლიანად გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

– აქვს თუ არა ამ “დინამოს” იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს? 

– კი, რა თქმა უნდა! ახალგაზრდა ბიჭები ვართ და სირთულეები ყოველთვის შეგვხვდება. თუმცა, ნამდვილად შეგვწევს იმის ძალა, რომ ეს სირთულეები დავძლიოთ და უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლოთ!

– საბა, კლუბის სურვილის მიუხედავად, შენ მასთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმე. შესაბამისად, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსი გექნება. უკვე გადაწყვეტილი გაქვს “დინამოს” დატოვება?

– კონტრაქტი ნამდვილად ზაფხულში მეწურება. თუმცა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე რა როგორ იქნება, გადაწყვეტილი არ მაქვს.

 

იოვეტიჩი: “სევილია” “ლესტერზე” ძლიერია!”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ანდალუსიის “სევილიამ” “ლესტერ სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა. მან 62-ე წუთზე ხოაკინ კორეას გაატანინა.

27 წლის შემტევმა მატჩის შემდეგ beIN Sports-თან ისაუბრა.

“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. რთული მეტოქე გვყავდა. “ლესტერი”, მიუხედავად პრემიერ ლიგაში ჩავარდნისა, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.”

“დღეს უკეთესები ჩვენ ვიყავით. უფრო მეტი შანსი შევქმენით და ყველა ასპექტში უპირატესობა სწორედ “სევილიას” ჰქონდა.”

“ვარდიმ ინგლისელებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა, 2-0-ც რომ მოგვეგო, მაინც არაფერი იქნებოდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ახლა ორმაგად უფრო დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოგვიწევს ბრიტანეთში თამაში,” – განაცხადა მონტენეგროელმა.

ლამპარდი: “მან ყველაფერი შეცვალა”

ლონდონის “ჩელსის” ლეგენდამ, ფრენკ ლამპარდმა კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელზე ანტონიო კონტეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელმა სეპეციალისტმა “არისტოკრატები” წარმატებისკენ სწორი გზით წაიყვანა.

“კონტე სულ ცოტა ხნის წინ მივიდა “ჩელსიში” და აბსოლუტურიად ყველაფერი შეცვალა. გუნდი ძლიერი, მონდომებული და თავდაჯერებულია. არ მგონია, რომ მათი დაწევა პრემიერ ლიგაში ვინმემ შეძლოს. ედენი და დიეგო გუნდის ლიდერები არიან. თუმცა, გადამწყვეტი როლი ანტონიო კონტეს აქვს, რომელიც სპორტსმენებს სწორ ფეხბურთს ათამაშებს.”

“შარშან ტრავმა მივიღე და აქ ცოტა ხნით მომიწია დაბრუნებამ. გასახდელში საშინელი ატმოსფერო სუფევდა. ისინი ხომ მე-12 ადგილზე იყვნენ. მაშინ ვერც ჰიდინკმა მოახერხა დიდი გარდატეხის შეტანა უარყოფით პროცესებში. თუმცა, მოვიდა ანტონიო. ის სულს სხვაა. იტალიელს საოცარი ქარიზმა აქვს და შეგირდებს იმას აკეთებინებს ზედმიწევნით, რასაც სწორად მიჩნევს. ვფიქრობ, მიმიდნარე სეზონში პრემიერ ლიგაში “ჩელსისთან” სხვა ყველა გუნდი უშანსოდაა,” – აცხადებს ფრენკი.

ლევან მჭედლიძე: “ტრანსფერის რაღაც შანსი ყოველთვის არის”

22 იანვარს იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურის მატჩები გაიმართა. “ემპოლიმ”, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე თამაშობს, საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და იგი სწორედ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. ლევანმა 82-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავით ლამაზი გოლი გაიტანა.

საგულისხმოა, რომ “ემპოლის” ლეგიონერს ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული. მიმდინარე სეზონში, იგი ამ მაჩვენებლით გუნდის ბომბარდირია.

Fanebi.Com-ი მჭედლიძეს დაუკავშირდა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– შეაფასეთ “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართული მატჩი.  რის ხარჯზე სძლიეთ ამ კლუბს? რას იტყვით თქვენ მიერ გატანილი გოლის მომენტზე?

– ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მოედანზე საკმაოდ მოტივირებულები გავედით. დაძაბული დაპირისპირება გამოდგა. თამაში საკმაოდ თანაბრად მიმდინარეობდა. გამოჩნდა, რომ “უდინეზე”, ფიზიკური თვალსაზრისით, ჩვენზე ძლიერი გუნდია. ჩვენი პლუსი ბურთის დაჭერა იყო, მაგრამ ამაში მინდორმაც არ შეგვიწყო ხელი. მთავარია, რომ მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით შევასრულეთ, ჩვენი მომენტი გამოვიყენეთ და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ.

– ბოლო ხუთ შეხვედრაში 4 გოლი… ეს შესანიშნავი შედეგია. მით უმეტეს, ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, მალევე გააკეთეთ ეს ყველაფერი. რისი დამსახურებაა ასეთი ასპარეზობა?

– ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ მეტის გაკეთებაც შემეძლო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გაცუდებულ პენალტს არ ვგულისხმობ. თერთმეტმეტრიანი ისეთი რამეა, რომ ნებისმიერმა შეიძლება, ვერ გამოიყენოს. ყველაზე უკმაყოფილო “უდინეზესთან” ჩემი თამაშის ხარისხით ვარ. “სამპდორიასთანაც” კი, სადაც თერთმეტმეტრიანით გუნდს სამი ქულა ვერ მოვუტანე, უფრო კარგად ვითამაშე, ვიდრე ბოლო შეხვედრაში. თუმცა, ამ შემთხვევაში ის მომენტია, როცა თავდამსხმელისთვის ერთი და, მით უმეტეს, გამარჯვების გოლი გადაწონის ყველაფერს.

– არის თუ არა იმის შანსი, რომ ზამთარში “ემპოლი” დატოვოთ?

– ტრანსფერის რაღაც შანსი ყოველთვის არის. შესაძლოა, ხვალ გავიღვიძო და აბსოლუტურად სხვა გუნდში წავიდე. ამ მომენტში რთულია ამაზე ლაპარაკი. ის, რომ იანვარში გუნდმა სადმე გამიშვას, თითქმის გამორიცხულია. დღეს “ემპოლის” ფეხბურთელი მქვია, აქ ყველა მენდობა და მზად ვარ, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. ამ მომენტში მეტზე, არაფერზე ვფიქრობ.

რონალდუ: “მე ფეხბურთის ისტორიის ნაწილი ვარ”

9 იანვარს FIFA-ს გრანდიოზული დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ რამდენიმე ნომონაციაში. საგულსიხმოა, რომ წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდო პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა.

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ჯილდოს მოგების შემდეგ, FIFA-ს ოფიციალურ გევრდთან ისაუბრა.

“უკვე აღარ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ფეხბურთის ისტორიის ნაწილი ვარ.”

“როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, ჩემი მთავარი მიზანი არა მხოლოდ პროფესიონალი ფეხბურთელობა, არამედ ვარსკვლავობა და უმაღლესი მიზნების მიღწევა იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შევძელი. ეს მხოლოდ სიტყვები არაა. ჩემს ნათქვამს მოგებული გუნდური ტიტულები და ინდივიდუალური ჯილდოები ადასტურებს.”

“მინდა, გითხრათ, რომ ამ ასაკშიც არ ვაპირებ გაჩერებას. ნებისმიერი პატარა წარმატებაც კი მაძლევს, უფრო და უფრო, მეტ მოტივაციას. ნებისმიერი ტიტული თუ ჯილდო მაძლიერებს და ბევრი შრომის სტიმულს მაძლევს,” – განაცხადა 31 წლის სპორტსმენმა.

9 შეკითხვა ჟოზე მოურინიოს – ინტერვიუ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდთნ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც გამორჩეულ ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, პორტუგალიასა და ვიდეო რეფერიზე ისაუბრა.

– ორშაბათს, 9 ანვარს ფიფა საუკეთესო ფეხბურთელებს დააჯილდოვებს. თქვენ რა კრიტერიუმებით აფასებთ ფეხბურთელებს?
– სიმართლე გითხრათ, ინდივიდუალური პრიზების დიდი გულშემატკივარი არ გახლავართ. ფეხბურთი გუნდური სპორტია. შეხვედრას გუნდი იგებს, ფეხბურთელი კი გუნდივით მნიშვნელოვანი არ არის. მედიასა და ფანებს ეს მოსწონთ, მაგრამ მწვრთნელებს – არა. ამის მიზეზი ისაა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებსა და იმას შორის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ, გარკვეული წინააღმდეგობებია. ცხადია, არსებობენ გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც თანაგუნდელებს პროგრესში ხელს უწყობენ. მათ თამაშზე დიდი ზეგავლენა აქვთ.

Jose-Mourinho1

– 2010 წელს ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
– ჩემთვის დიდი პატივია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ისტორიას დარჩება. თუმცა, ისევ ვიმეორებ: ჩემი გუნდის წევრი ვარ და ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნოდა. ის მოურინიოს სეზონი არ ყოფილა, ის მთლიანად “ინტერის” სეზონი იყო.

– 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისათვის კლაუდიო რანიერი, ფერნანდო სანტუში და ზინედინ ზიდანი იბრძოდნენ. რომელს აირჩევდით ამ სამი კანდიდატიდან და რატომ?
– ვფიქრობ, ამ ჯილდოს სამივე მათგანი იმსახურებს, რადგან მათ მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგეს. ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა, ფერნანდო სანტუშმა პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, რანიერი კი “ლესტერთან” ერთად პრემიერ ლიგის გამარჯებული გახდა. მე სამივე კანდიდატთან ვმეგობრობ, ამიტომ ნებისმიერის წარმატება გამიხარდება.

– პირველად ისტორიაში, გულშემატკივართა ხმების წილი საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის არჩევისას 25 პროცენტი იქნება. რამდენად მნიშნველოვანია ასეთ სიტუაციებში ფანების ჩართვა?
– ფანები ძალიან მნიშნველოვანი ნაწილია. ვიტყოდი, რომ სწორედ ფანები ხდიან ფეხბურთს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტის სახეობად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც გულშემატკივარი გამოკითხვაში ერთვება, ის ხმას თავისი საყვარელი კლუბის ფეხბურთელს აძლევს, ასეთ დროს, გრანდებს უპირატესობა აქვთ.

– დღევანდელი ფეხბურთი რომ 21-ე საუკუნის დასაწყისისას შევადაროთ, რომელია ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც მოხდა?
– სხვადასხვა პერიოდების, ფეხბურთელებისა და თაობების შედარება რთულია. ეს უსამართლოც კი იქნება. ცხადია, დღეს განსხვავებული სიტუაციაა. დღევანდელი ფეხბურთი უფრო სწრფია. ყველაფერი შეიცვალა, ვარჯიშები მეცნიერულ დონემდე მივიდა. მე ევოლუციის თანამონაწილე ვარ, მაგრამ წარსულს პატივს ვცემ.

– რა არის ინგლისური გუნდებისა და იქ მოთამაშე ფეხბურთელების მთავარი მახასიათებელი?
– ინგლისური ფეხბურთის მთავარი მახასიათებელი ჟინია. იქ ფეხბურთი მთელ ქვეყანას უყვარს. ფეხბურთელები ნამდვილი პროფესიონალები არიან.

eusebio mou

– პორტუგალია, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ ათ მილიონს შეადგენს, ევროპის ჩემპიონი გახდა. პორტუგალიელი ფეხბურთელები და მწვრთნელები მთელ მსოფლიოში გამორჩეულები არიან. რით ახსნით ამას?
– ეუსებიო, ლუის ფიგუ, კრიშტიანო რონალდუ და მე ყველაზე პრესტიჟული ტურნირების გამარჯვებულები ვართ. “ბენფიკამ” და “პორტუმ” ევროთასებზე წარმატებას მიაღიწეს, პორტუგალიის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონია. პატარა ქვეყნისათვის ამხელა წარმატება შესანიშნავია. მონდომება ჩვენი წარმატების საიდუმლოა.

– დაჯილდოების ცერემონიალზე მსოფლიოს სიმბოლური ნაკრებიც დასახელდება. საუკეთესოებს 25 000 პროფესიონალი ფეხბურთელი ირჩევს. თქვენი სამწვრთნელო კარიერის თერთმეტეულს რომ ადგენდეთ, რომელ ფეხბურთელებს ვიხილავდით გუნდში?
– მსგავს კითხვას ყოველთვის უპასუხოდ ვტოვებ. ისეთ ფეხბურთელებთან მიმუშავია, რომლებიც გუნდისათვის ბოლომდე იხარჯებოდნენ, ამიტომ რამდენიმე დავასახელო და სხვები დავივიწყო? ვიტორ ბაია, პეტრ ჩეხი, ჟულიო სეზარი… რომელი ერთი ავირჩიო? ჟორჟე კოშტა, რიკარდო კარვალიო, მარკო მატერაცი, ლუსიო, უოლტერ მაცარი, ჯონ ტერი… რომელი გამოვყო? მაიკლ ესიენი, უესლი სნეიდერი, ნემანია მატიჩი, კოშტინია, მანიშე, ჩაბი ალონსო, ფრენკ ლამპარდი… ვფიქრობ, ამ კითხვას არასოდეს ვუპასუხებ, რადგან ჩემი თანამებრძოლები არ მავიწყდება.

– როგორია თქვენი აზრი ვიდეო რეფერიზე?
– ჩვენ ეს გვჭირდებოდა. სპონსორებმა, კლუბების მეპატრონეებმა და ინვესტორებმა უნდა იგრძნონ, რომ ტექნოლოგია მათ გვერდითაა. ასევე, მსაჯებს დაზღვევა სჭირდებათ, რის საშუალებასაც ვიდეო რეფერი იძლევა.

ლევან მჭედლიძე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ”

25 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გათამაშების გამარჯვებულები მაისურებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების შემდეგ, Fanebi.Com მჭედლიძეს “ემპოლიზე”, შესაძლო ტრანსფერსა და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა.

– ბოლო დროს კარგ ფორმაში ხართ. ორ მატჩში სამი გოლი გაიტანე. რისი დამსახურებაა ეს ყოველივე?

– პირველ რიგში, ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთმინება გამაჩნია. ეს ის თვისებაა, რომელიც ადრე, მაგალითად, 20 წლის ასაკში, არ მქონდა. რთული პერიოდი გამოვიარე. ყველა ფეხბურთელისთვის რთულია ის, რომ ამდენი ხანი სკამზე ზიხარ, შეიძლება, რაღაცის ღირსი ხარ, თუმცა კონკრეტული მიზეზების გამო ამას ვერ იღებ და ვერ გიფასდება შრომა სათანადოდ. მაგრამ ეს ფეხბურთში ბუნებრივია.

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. ბარიერი, რაღაც მხრივ, გადავლახე, თუმცა ეს ბოლომდე არ გამიკეთებია. ეს ორი შეხვედრა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც გარანტირებული მაქვს. პირიქით, ახლა იწყება ყველაფერი. ეს ორი მატჩი უნდა იყოს ბიძგის მომცემი იმისთვის, რათა ყველაფერი კარგად წავიდეს.

– უშუალოდ, “ემპოლის” მდგომარეობაზე გადავიდეთ. სერია ა-ში მე-17 ადგილზე ხართ და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებთ…

– კი, ეს სიტუაცია დღევანდელი “ემპოლისთვის” სრულიად ლოგიკურია. ყოველი სეზონის დასაწყისში ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ და არ გავარდეთ სერია A-დან. სხვა ამბიცია გუნდს არ აქვს. თუმცა, გეტყვით, რომ ამბიცია თვითონ ფეხბურთელში უნდა დაიბადოს. თუ შენ, მოედანზე გასვლისას, მოგებისთვის არ ხარ მზად და ფიქრობ, მხოლოდ იმას, რომ გადარჩე, ძალიან გაგიჭირდება ამ მიზნის მიღწევა. ჩემი აზრით, “ემპოლის” ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უკვე მეშვიდე წელია გუნდში ვარ და მთელი ამ დროის მანძილზე ძალიან დიდი ტალანტის და ნიჭის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ კლუბში.

რაც შეეხება ამ სეზონს, ცუდად დავიწყეთ. შემდეგ იყო გამონათებაც, თუმცა ბოლოს ძალიან ცუდი მარცხი ვიგემეთ. ამ უკანასკნელ შეხვედრაზე იძახიან, რომ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედოს ჩვენზე. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. 8-ში “პალერმოს” წინააღმდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდი ცხრილში ჩვენზე ქვემოთაა. ეს მატჩი ემპოლიში, ჩვენს კედლებში გაიმართება და იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ.

– რას გვეტყვი “ემპოლის” თავდამსხმელებზე, მაგალითად, ჯილარდინოსა და მაკარონეზე, რომლებიც თქვენს კონკურენტებად ითვლებიან?

– ეს კონკურეცია ძალიან მომგებიანი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის. როცა მსოფლიო ჩემპიონის გვერდზე გიწევს ასპარეზობა, როცა მაკარონეს ძალიან მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები, უყურებ მათ, სწავლობ ბევრ რამეს და იზრდები. დაუნახავი უნდა იყო, რომ თქვა: “მე ისინი არ მჭირდებიან.” პირიქით, გამოცდილი თანაგუნდლებისგან ბევრი რამ შევიძინე. გავიხსენოთ, თუნდაც, მიკოლი, კავანი, რა თქმა უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის სიტუაცია, რომელშიც ცდილობ ყველაფერი გააკეთო შენი კონკურენტის სასტარტო შემადგენლობიდან ამოსაგდებად, გეხმარება, გაიზარდო და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდე.

– კავანი ახსენე… გაქვთ ედინსონთან კონტაქტი?

– კი, კი. რა თქმა უნდა. კავანი, პასტორე… მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ეს სპორტსმენები, თითქოს, გულშემატკივრებისთვის მიუღწეველი და მიუკარებლები არიან, თუმცა ამ დროს უნდა გითხრათ ასეთი რამ: რაც უფრო მეტი აქვს მიღწეული ფეხბურთელს, მით უფრო უბრალოა. შეიძლება, შეგხვდეს მოთამაშე, რომელიც საშუალო დონეზე ასპარეზობს, თუმცა აქვს დიდი ამბიცია და ვერ მალავს მას. მაგრამ, არიან სპორტსმენები, რომლებიც უმაღლესი დონის ვარსკვლავები არიან და ისეთი ხასიათი აქვთ, ვერ მიხვდები, რომ თამაშობენ, მაგალითად,  პსჟ-ში, “მილანში”, “რომაში”, “ნაპოლიში” თუ სხვა რომელიმე გუნდში. გავიხსენოთ მარიო რუი და სხვები.

2

– შენი აზრით, ის ზედმეტი ამბიცია, რომელიც ახსენე, რამდენად აქვთ საშუალო დონეზე მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს? თუნდაც, ნაკრების წევრებს? თუ აქვთ, მაშინ, რამდენად უშლის ეს თვისება ხელს მათ განვითარებაში? 

– რა თქმა უნდა, თუ ფეხბურთელს არ აქვს ამბიცია, ეს წამგებიანია. თუ შენ თავში არ ხარ დარმწუნებული და არ ისწრაფვი დიდი მიზნებისკენ, ეს ცუდია. თუმცა, არის მეორე საკითხი: მიმაჩნია, რომ ამბიცია თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავში უნდა შეინახოს და არ უნდა გამოამჟღავნოს. ასევე, შენში უნდა იყოს შენივე შესაძლებლობების შესაბამისი ამბიცია. თუ მოთამაშეს ზედმეტი ამბიცია დაებადა, ე.ი. იძირება და საქმე კარგად არ მისდის. რაც შეეხება ჩვენს მოთამაშეებს, მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ და იმხელა ტალანტი აქვთ მათ, რომ ევროპაშიც კი გაგიჭირდება მათი მსგავსის ნახვა. იმედი მაქვს, რომ ამ ნიჭს გამოამჟღავნებენ, რაც სრულიად ნაკრებსა და ქვეყანას წაადგება.

– როგორც ვიცით, შენით ბევრი კლუბი დაინტერესდა. რა ვარიანტები გაქვს და აპირებ თუ არა”ემპოლის” დატოვებას?

– როცა ამხელა ჩემპიონატში ორ მატჩში სამ გოლს იტან და, მით უმეტეს, ეს სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ხდება, ნორმალურია, რომ შენს მიმართ ინტერესს კარგი კლუბები იჩენენ. მსიამოვნებს, რომ ინტერესი არის ჩემს მიმართ. ეს ინტერესი კი არის სტიმული, რათა უფრო მოვინდომო, ბევრი ვიშრომო და განვვითარდე. თუმცა, მე დღესდღეობით ვარ “ემპოლის” ფეხბურთელი, ვარ საკუთარი საქმის პროფესიონალი! 8 იანვარს წლის პირველი თამაშია და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემმა გუდნმა წარმატებას მიაღწიოს.

– რომელი ჩემპიონატებიდანაა შემოთავაზება?

– არის პრემიერ ლიგა, სერია A, ესპანეთის ვარიანტიც, რომელშიც, ჯერჯერობით, არც ვერევი. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ჩავიდე იტალიაში, გუნდს შევუერთდე და ერთად გავაგრძელოთ კონკრეტული მიზნებისთვის ბრძოლა.

3

– ნაკრებზეც გკითხავთ. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხი მატჩი ჩავატარეთ. თამაშის ხარისხი გამოსწორდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. როგორ შეაფასებ განვლილ შეხვედრებს და რას გვეტყვი მომავალ თამაშებზე?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ გულდაწყვეტილი ვარ ჩემი გამოუყენებელი მომენტის გამო. ეს ძალიან განვიცადე. ახლა რომ იმ სიტუაციაში აღმოვჩნდე, არ ვამბობ, რომ აუცილებლად გოლს გავიტან, თუმცა გაცილებით კარგად გამოვიყენებ მსგავს შანსს. ძალიან ვწუხვარ, რომ გულშემატკივრების იმედები იმ შემთხვევაში ვერ გავამართლე. მოლდოვის ნაკრებთან გაცილებით მოტივირებული ვიყავით. მინდოდა, რომ აუცილებლად გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, თუმცა ხელი მცირე ტრავმამ შემიშლა.

იმედი მაქვს, მომავალში წარმატებას მივაღწევთ. ეს ოთხი მატჩი ჩემთვის ცოტა მოულოდნელობაც იყო. უცებ მოვახდინეთ გარდატეხა და ბევრის ყურადღებაც მივიპყრეთ. ბოლოს და ბოლოს, ირლანდიასთან და უელსთან ასეთი კარგი თამაშის გამო, სტუმრად ხალხი ტაშს გვიკრავდა. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ყველა უყურებს: ჩემი კლუბის პრეზიდენტიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. როცა იტალიაში ჩავედი, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხით ყველა გაკვირვებული იყო. უელსის შეხვედრაზე მეუბნებოდნენ, რომ საერთოდ, 5:0 უნდა მოგეგოთო. თუმცა, ხდება ხოლმე, არის ჩავარდნები როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. მაგრამ, ესეც გამოცდილებაა და რაღაც მხრივ კარგია.

ვისწავლეთ ის, რომ, როცა პირველ ტაიმში გაქვს ოთხი ასპროცენტიანი მომენტი და ვერცერთ მათგანს იყენებ, კიდევ უფრო უნდა გააძლიერო აგრესია და უფრო მეტად შეუტიო. 24 მარტს სერბეთთან გასამართ შეხვედრაში წარმატების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ბევრ ადამიანს ჩვენი აღარ ჯერა. არ უნდა გვეწყინოს, რომ გულდაწყვეტილი ხალხი აღარ მოვა სტადიონზე. პირიქით, ჩვენ უნდა მოვინდომოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ.

გია ჩადუნელი: “დინამოში” თამაშზე ყველა ოცნებობს”

სულ ცოტა ხნის წინ Fanebi.Com-ს “გურიას” უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, გია ჩადუნელმა თბილისის “დინამოში” გადასვლა დაუდასტურა.

22 წლის მცველს ნახსენებ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

“უმაღლესი ლიგის დასრულების შემდეგ ორი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით. საბოლოოდ, თბილისის “დინამო”ავირჩიე. ეს ის კლუბია, რომელშიც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი ისურვებდა თამაშს. ვეცდები, გუნდს ყველა მომენტში სათანადოდ დავეხმარო.”

“დინამოს” შესაძლებლობებზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რადგან სულ ახლახანს მივედი კლუბში, თუმცა ერთს აღვნიშნავ: ის მუდამ იყო, არის და იქნება გუნდი დიდი ამბიციებით!” – განაცხადა ჩადუნელმა.

გიორგი ქიმაძე: “მერანს” დიდ წარმატებებს ვუსურვებ!”

გუშინ საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის “მერანი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მეგრულ-იმერული დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ “ტორპედოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქიმაძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“პირველ ტაიმში ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ეს იყო იდეალური 45 წუთი. მეორე ნახევარში მეტოქე უფრო მონდომებული გამოვიდა მოედანზე და აგრესიულადაც შეგვიტია. ეს ყველაფერი აისახა მათ მიერ ერთ გაქვითულ გოლზე. ვთვლი, რომ ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ ეს ტიტული.”

“მარტვილის “მერანი” შესანიშნავი გუნდია. მეგრელებს წარმატებას ვუსურვებ!” – განუცხადა მარცხენა მცველმა.

ბუდუ ზივზივაძე: “საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ეყოლება!”

დღეს უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. წითელ ჯგუფში “სამტრედიამ” ფოთის “კოლხეთი”, ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და საჩემპიონო პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. ნახსენებ მატჩში დუბლი შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც, ზოგადად, ძალიან კარგ სეზონს ატარებს. საქართველოს ჩემპიონობისთვის სამტრედიელები ორმატჩიან დუელში “ჩიხურას” დაუპირისპირდებიან.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ზივზივაძეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

“შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში მწვრთნელის ყველა დავალება პირნათლად შევასრულეთ, რამაც ლოგიკურ და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა. ველოდით, რომ ფოთის “კოლხეთი” დაცვიდან გვეთამაშებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მათ თამაში გაგვიხსნეს, რაც ანგარიშზეც აისახა.”

“ვულოცავ ყველა სამტრედიელს ჯგუფის ჩემპიონობას!”

“რაც შეეხება მთლიანად სეზონს, ვფიქრობ, რომ განვლილ პერიდოში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. გვინდოდა, რომ წითელ ჯგუფში პირველი ადგილი დაგვეკავებინა და ამ მიზანს მივაღწიეთ! თანაც, ეს ისე გავაკეთეთ, რომ აქამდე ეროვნულ ჩემპიონატში შეხვერდა არ წაგვიგია! “

“რაც შეეხება საჩემპიონო პლეი-ოფს… ვფიქრობ, რომ შანსები 50/50-ზეა, რადგან “ჩიხურაც” ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ორივე გუნდი დამსახურებულად მოვიდა აქამდე. ვფიქრობ, რომ საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ეყოლება!” – განუცხადა Fanebi.Com-ს ზივზივაძემ.

ვენგერი: “ოზილს “არსენალში” დარჩენა სურს!”

ლონდონის “არსენალის” გამთამაშებელსა და ერთ-ერთ ლიდერს, მესუთ ოზილს გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება. უკვე, დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ გერმანელს გუდნიდან წასვლა სურს; ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ “მეთოფეები” ძალიან ცოტა ტიტულს იგებენ.

ლონდონური კლუბის თავკაცმა, არსენ ვენგერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მესუთი არსად წასვლას არ აპირებს; მას გუნდში დარჩენა და ბევრი თასის აღმართვა სურს!

“არ ვფიქრობ, რომ ოზილს დარწმუნება სჭრიდება, რათა ჩვენთან დარჩეს. მისი ნება “არსენალის” ფორმით თამაშია.”

“ამ აზრზე ოზილი მხოლოდ ფულის გამო არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ტიტულებს. ქვეყნის ჩემპიონატში ისეთი მეტოქეები გვყავს, როგორებიც “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “ლივერპული” და სხვები არიან. ასეთი კონკურენციის პირობებში არაფრის გარანტია არ გვაქვს. მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ!”

“მესუთის გარდა, გვინდა სხვა ძლიერი მოთამაშეები შევინარჩუნოთ. სწორედ მათთან ერთად შევეცდებით წარმატების მიღწევას!” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

კარიუსი: “ლივერპულს” “მანჩესტერის” არ ეშინია!”

17 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

მესრესაიდული კლუბის მეკარემ, ლორის კარიუსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მანჩესტერული გუნდის არ ეშინიათ და ყველაფერს იზამენ 3 ქულის მოსაპოვებლად.

“მანჩესტერ იუანიტედი” შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვართ კოლექტივი, რომელსაც შეუძლია საკუთარ მოედანზე იდეალურად ასპარეზობა.”

“ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ მოწინააღმდეგის არ გვეშინია და ვიცით, რომ მოგება შეგვიძლია!”

“ლივერპულს” ამ სეზონში დიდი გეგმები აქვს, ამიტომ ასეთ მატჩებს კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ორშაბათ საღამოს “მანჩესტერს” უნდა მოვუგოთ და ამაში დიდ წვლილს ჩვენი გულშემატკივრებიც შეიტანენ,” – განაცხადა კარიუსმა.