კანტონამ თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა — არც მესი, არც რონალდუ

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული თავდამსხმელი ერიკ კანტონა თვლის, რომ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ხავიერ პასტორეა. ფრანგი მიიჩნევს, რომ პასტორეს სათანადოდ ვერ აფასებენ.

“დღესდღეობით საუკეთესო და ყველაზე საინტერესო ფეხბურთელად პასტორეს ვთვლი. რატომ? მე მინახავს მატჩები მისი მონაწილეობით. პასტორე განსაკუთრებულად აკეთებს გადაცემებს, განსაკუთრებულად თამაშობს. ის აკეთებს იმას, რასაც სხვები არ აკეთებენ. პასტორეს ყოველთვის შეუძლია, რომ გაგაკვირვოს. საუბარია არამხოლოდ გოლებსა და ეფექტურ მატჩებზე, არამედ უბრალოდ პასებზეც. ის ძალზედ შემოქმედი ფეხბურთელია, მსოფლიოში ყველაზე კრეატიულია. სწორედ ამიტომ, მე მას საუკეთესოდ ვთვლი. მე მომწონს ამ ტიპის მოთამაშეები”, – კანტონას სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

ხავიერ პასტორეს “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ჩატარებულ 174 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი. ის პარიზულ კლუბში 2011 წელს “პალერმოდან” გადავიდა. ფრანგებმა მის სანაცვლოდ 28 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

 

“რეალი” პასტორეთი დაინტერესდა

მადრიდის “რეალი” “პარი სენ-ჟერმენის” გარემარბ ხავიერ პასტორეთი დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისში ეწურება.

“რეალის” წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის უკვე გაემგზავრნენ აშშ-ში, სადაც პასტორე არგენტინის ნაკრებთან ერთად შეკრებას გადის.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენმა” არგენტინელ ნახევარმცველთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი გამოხატა.

 

პასტორე: “მოურინიო დიდებული მწვრთნელია, თუმცა ჩვენ “ჩელსი” დამარცხებული გვყავს”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებზე კომენტარი გააკეთა.

“ჟოზე მოურინიო პატივსაცემი და აღმაფრთოვანებელი მწვრთნელია, თუმცა ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ “ჩელსის” დამარცხება შეგვიძლია. გასულ სეზონში ძალიან ვისიამოვნე, როდესაც ლონდონელებს ლამაზი გოლი გავუტანე. სამწუხაროა, რომ ის გოლი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად არ გვეყო”, – აღნიშნა პასტორემ.

“პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის პირველი მატჩი 17 თებერვალს, პარიზში გაიმართება, განმეორებითი კი – 11 მარტს, ლონდონში.

 

„ფენერბაჰჩეს“ პასტორეს შეძენა სურს

თურქული „ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთვნელმა ერსუნ იანალმა განაცხადა, რომ მისი კლუბი „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ნახევარმცველის ხავიერ პასტორეს შეძენაზე ფიქრობს.

„კლუბის ხელმძღვანელობას პარიზში გაფრენა და პასტორეს შესაძლო ტრანსფერის დეტალების განხილვა ვთხოვე. „ფენერბაჰჩეს“ მაღალი დონის შემტევი ნახევარმცველი სჭირდება. იმედია, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“, – აღნიშმა იანალმა.

ალექსანდრე მატევოსოვი