მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცია

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო იმუშავებს.

“სქაი სპორტსის” ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი დღეს დილით კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შეხვდა და კონტრაქტიც გააფორმა.

მოურინიო რომ “წითელი ეშმაკების” თავკაცის პოსტზე იმუშავებს, ამას კლუბის ყოფილი მცველი რიო ფერდინანდიც ადასტურებს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და იქვე დაწერა, რომ მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელია.

მოურინიო და “მანჩესტერ იუნაიტედი” ჯერ არაფერზე შეთანხმებულან

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და ჟოზე მოურინიოს შორის არავითარი შეთანხმება არ არის. ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსი” ავრცელებს.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი “წითელი ეშმაკების” თავკაცის პოსტზე მუშაობით დაინტერესებულია, თუმცა მხარეები ჯერ არაფერზე შეთანხმებულან.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდს ჯერ არ გადაუწყვეტია, დატოვებს თუ არა ლუი ვან გაალს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომავალი სეზონისთვის.

 

“ბილდი”: მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გააფორმა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო იმუშავებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი. ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე გაფორმდა და ძალაში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შევა. ლუი ვან გაალს დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლებენ.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოურინიოს მთავარი სატრანსფერო მიზანი “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნება.

 

მოურინიომ სირიის ნაკრების ჩაბარება იუარა

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სირიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი თქვა. გამოცემა A bola წერს, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია პორტუგალიელ სპეციალისტს ნაკრების თავკაცის პოსტს სთავაზობდა, თუმცა მოურინიომ წინადადება უარით გაისტუმრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნება.

 

ლუკაკუ: “მოურინიოსთვის დასამტკიცებელი არაფერი მაქვს”

ლივერპულის “ევერტონის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ თვლის, რომ მას არაფერი აქვს დასამტკიცებელი ჟოზე მოურინიოსთვის, რომელმაც შესაძლოა, ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩაიბაროს. ბელგიელ ფორვარდსაც სწორედ “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს 2011–2013 წლებში ლონდონის “ჩელსიში” სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის თავკაცობით უწევდა თამაში.

“ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ მოურინიოს რაიმე უნდა დავუმტკიცო, თუმცა მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. სამი წლის უკან მხოლოდ 20 წლის გახლდით და ჯერ არ ვიყავი მზად მოწინავე კლუბში სათამაშოდ. მას შემდეგ დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. მაისში 23 წლის გავხდები და ზაფხულში შესაძლოა, კლუბიც გამოვიცვალო”, – ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს A bola.

 

ალონსომ გვარდიოლა და მოურინიო ერთმანეთს შეადარა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჟოზე მოურინიოს შეადარა, რომლის თავკაცობითაც მადრიდის “რეალში” თამაშობდა.

“ორივე მათგანი ნამდვილი ლიდერია. ორივენი ქარიზმატული პიროვნებები არიან, რომლებსაც ადამიანების დარწმუნება შეუძლიათ.

მათ განსხვავებული თვისებები ახასიათებთ, თუმც საერთოც ბევრი აქვთ. ორივე მათგანი საკმაოდ ემოციურია.

ძალზედ რთულია, თუმცა აუცილებელია, რომ გუნდი შენთვის აბრძოლო. მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებ ვარჯიშებზე, თუ ფეხბურთელები გვერდით არ გიდგანან”, – ალონსოს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

“რეალის” ფანები მოურინიოს დაბრუნების წინააღმდეგნი არიან

ესპანურმა გამოცემა “მარკამ” მადრიდის “რეალის” ქომაგებისთვის გამოკითხვა მოაწყო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმის გარკვევა, სურთ თუ არა “სამეფო კლუბის” ფანებს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დაბრუნება.

გამოკითხულთა 52 პროცენტი პორტუგალიელი სპეციალისტის დაბრუნების წინააღმდეგი, 48 პოცენტი კი – მომხრეა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიდან” სულ ახლახან დაითხოვეს და ახლა პორტუგალიელი მწვრთნელი სამუშაოს გარეშეა.

 

ბექჰემი: “იმედია, მოურინიო პრემიერლიგაში მალე დაბრუნდება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ინგლისის პრემიერლიგაში მალე დაბრუნდება.

“ჩემი მხრიდან უპატივცემულობა იქნება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” მოურინიოს შესაძლო მისვლაზე ლაპარაკი დავიწყო, რადგან გუნდს ჰყავს მწვრთნელი.

რაც შეეხება თავად მოურინიოს, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მან გასულ სეზონში პრემიერლიგა თითქმის ამ შემადგენლობით მოიგო, ამიტომ წლევანდელ გათამაშებაში გუნდის ასეთი კრახი გასაკვირია. იმედი მაქვს, რომ მოურინიო მალე დაბრუნდება პრემიერლიგაში, რადგან ინგლისელ გულშემატკივარს იგი უყვარს, ფანებს მოსწონთ მისი ხასიათი”, – ბექჰემის კომენტარი A bola-მ გამოაქვეყნა.

 

მოურინიო: “ახლა მხოლოდ ზედა ექვსეულში მოხვედრაზე თუ ვიფიქრებთ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო წუხს, რომ მისი კლუბი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე ვერ მოხვდეს. “ბორნმუთთან” ანგარიშით 0:1 დამარცხების შემდეგ გუნდს ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი უკავია და ზედა ოთხეულს მთელი 14 ქულით ჩამორჩება.

“ჩემპიონთა ლიგის მოგება ერთადერთი შანსია, რომ მომავალ წელს ამ ტურნირზე ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ამაზე ვღელავ. “ბორნმუთთან” გამართულ მატჩამდე რეალურად ჯერ კიდევ შეიძლებოდა ოთხეულში მოხვედრაზე ფიქრი. ახლა მხოლოდ ზედა ექვსეულში შესვლისთვის თუ ვიბრძოლებთ”, – მოურინიოს კომენტარი “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

 

დიეგო კოსტამ მოურინიოს სავარჯიშო მაისური ესროლა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კი ამტკიცებს, რომ გუნდში არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, მაგრამ ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:0) მომხდარი ფაქტი საპირისპიროზე მეტყველებს.

დღევანდელ შეხვედრაში გუნდის თავდამსხმელი დიეგო კოსტა მოურინიოზე გაბრაზდა. გაესპანელებული ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის დარჩა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ გახურება დაიწყო და როგორც მაშინ ჩანდა, შეცვლაზე უნდა შესულიყო, მაგრამ მოთელვის შემდეგ მოურინიომ კოსტას სათადარიგოთა სკამზე დაბრუნება მოსთხოვა. ამ მოთხოვნამ “ჩელსის” თავდამსხმელი გააღიზიანა და მოურინიოს მიმართულებით სავარჯიშო მაისური ისროლა. სათადარიგოთა სკამზე დიეგო კოსტას გვერდით ჯონ ობი მიკელი იჯდა, რომელმაც მომხდარი შეამჩნია და ჩაიღიმა.

მოურინიო: “მე და აზარს ფლეიმეიქერის როლის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მას და კლუბის ერთ-ერთ ლიდერ ედენ აზარს ფლეიმეიქერის როლის შესახებ განსხვავებული წარმოდგენები აქვთ.

“საუკეთესო “ათიანები”, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია, დეკუ და უესლი სნეიდერი იყვნენ. ჩემი აზრით, მე-10 ნომერი დიდ სამუშაოს უნდა ასრულებდეს როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. ჩემს გუნდში “ათიანი” ყოველთვის ასრულებდა განსაკუთრებულ როლს. შესაძლებელია თუ არა, რომ “ჩელსისთვის” ასეთ მოთამაშედ აზარი იქცეს? მეეჭვება. ჩემსა და აზარს შორის “ათიანის” ფუნქციების შესახებ განსახვებული მოსაზრებებია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ტელეგრაფი”.

 

მოურინიო თვლის, რომ “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ამისთვის ფავორიტის სტატუსის ქონა არ არის აუცილებელი.

“ხანდახან ჩემპიონი ისე ხდები, რომ მანამდე ფავორიტად არავინ გთვლიდა. ჩემპიონთა ლიგა ჯერ “პორტუსთან”, შემდეგ კი მილანის “ინტერთან” ერთად მოვიგე და ორივე შემთხვევაში რთულად თუ ვინმე ჩაგვთვლიდა ფავორიტად. მეტიც, ჩვენ პრეტენდენტთა ათეულშიც კი არ ვითვლებოდით”, – მოურინიოს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.