გვარდიოლამ რიბერის ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის ნახევარმცველ ფრანკ რიბერის ემოციების მოთოკვისაკენ მოუწოდა. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ფრანგი ფეხბურთელის შეუკავებლობა შეიძლება ბავარიულ გუნდს ძვირად დაუჯდეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაუნშვაიგის “აინტრახტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0) რიბერიმ თავი ვერ შეიკავა და მეტოქე გუნდის მცველ ბენიამინ სეკელს წაეკინკლავა.

“ძალიან ცუდი იქნება, თუ ჩემპიონთა ლიგის რომელიმე მატჩში მოედანზე ათი კაცით დავრჩებით. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ოთხშაბათს გამართული მატჩი ფინალის ტოლფასი იყო. ჩვენ საკუთარი ემოცების კონტროლი უნდა ვისწავლოთ”, – გვარდიოლას სიტყვები “ბილდმა” გამოქვეყნა.

 

გვარდიოლა: “მათგან, ვისთვისაც მითავკაცია, ბევრს არ მოვწონვარ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი მუშაობის მეთოდი მასთან ადრე მომუშავე ბევრ ფეხბურთელს არ მოსწონს.

“მწვრთნელებს იმ ფეხბურთელებთან უფრო უადვილდებათ მუშაობა, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ, თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება. უნდა ითამაშოს იმან, ვინც უკეთეს ფორმაშია. ჩემთან ადრე მომუშავე ფეხბურთელებიდან ბევრი ჩემზე ახლა ცუდად ლაპარაკობს, თუმცა მე ყოველთვის მაქსიმუმს ვცდილობდი გუნდისთვის”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და მარკო მანჯუკიჩმა გააკრიტიკეს.

 

გვარდიოლა: “მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ” (ვიდეომიმოხილვა)

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” გასვლაზე “პადერბორნი” ანგარიშით 6:0 გაანადგურა. ბავარიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქეს შანსი არ მიეცა.

“ჩემპიონთა ლიგაზე “შახტარის” წინააღმდეგ გამარტული შეხვედრის შემდეგ ძალზედ სერიოზული თამაში ჩავატარეთ და მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ. მოწინააღმდეგე გუნდი ხუთი მცველით თამაშობდა და ეს საქმეს ართულებდა. ნათქვამი მქონდა, რომ “პადერბორნი” ბუნდესლიგაში” დარჩება, ახლა ამაში დარწმუნებული ვარ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.

აქვე გთავაზობთ მატჩის ვიდეომიმოხილვას.

იაპონიის სარაგბო ნაკრების თავკაცს გვარდიოლა ეხმარება

იაპონიის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნზმა განაცხადა, რომ 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ სტადიაზე მას მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ეხმარება.

“ტაქტიკური თვალსაზრისით უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ. საფეხბურთო მატჩისთვის მზადებას იმიტომ გადიან, რომ ფეხბურთელები შეხვედრას ტაქტიკურად მომზადებულნი შეხვდნენ.

“ბაიერნის” ვარჯიშს ვუცქირე და გუნდის მთავარ მწვრთნელსაც შევხვდი. ვფიქრობ, ჩვენს საწვრთნელ პროცესს კორექტირების მეშვეობით უფრო მეტად გავაუმჯობესებთ. გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ყოველთვის საუკეთესოებისგან უნდა ისწავლო.

Eddie Jones

ფეხბურთი და რაგბი ერთმანეთს ჰგავს — ბურთი ყოველთვის თავისუფალ ზონაში უნდა მოძრაობდეს. “ბაიერნი” და “ბარსელონა” ბურთის გადაცემის მხრივ საუკეთესო გუნდები არიან”, – ციტირებს ჯოუნზის სიტყვებს “გარდიანი”.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 23 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ედი ჯოუნზის გუნდი ანგარიშით 35:24 დაამარცხა.

 

გვარდიოლა: “წინ მძიმე დროება გველის”

გერმანიის ბუნდესლიგის IV ტურში მიუნხენის “ბაიერნი” სტუმრად “ჰამბურგთან” უგოლოდ დაზავდა. მატჩის შემდეგ ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლმა განაცხადა, რომ გუნდი ოპტიმალური ფორმისგან შორს არის.

“იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღის წინათ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე “მანჩესტერ სიტისთან” ვითამაშეთ, “ჰამბურგთან” მატჩი იოლი არ ყოფილა. მეორე ტაიმში ოდნავ უკეთ ავთამაშდით, თუმცა, სამწუხაროდ, მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. დეკემბრამდე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. წინ რთული დროება გველის”, – გვარდიოლას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

მიუნხენის “ბაიერნი” მომდევნო შეხვედრას დამდეგ სამშაბათს, “პადერბორნის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

გვარდიოლა: „ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული შეხვედრა „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შეაფასა.

„თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, „რეალი“ კი თავის შანსს კონტრშეტევებზე ელოდა. მეტოქე გუნდს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ასეთი შანსის გამოყენება არ ესწავლებათ. დღეს ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ. ჩვენ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ძვირადღირებულ გუნდს ვეთამაშეთ“, – გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის განმეორებითი შეხვედრა „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „არსენალს“ ჩვენთვის ბევრი უსიამოვნების შექმნა შეუძლია“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ყურადღების ცენტრში ექცევა ლონდონის „არსენალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის „ემირეითსზე“ გასამართი შეხვედრა. ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მისთვის საინტერესო იქნება მისი გუნდის გამოცდა საერთაშორისო დონეზე.

„ლონდონში, „არსენალის“ წინააღმდეგ უკვე მესამედ ჩამოვედი. აქ ჯერ არ გამიმარჯვია და ვხვდები, რომ 90 წუთის განმავლობაში ინიციატივის ფლობა შეუძლებელია. 45 ან 70 წუთის განმავლობაში კარგი ფეხბურთის ჩვენება და თამაშის შენი კარნახით წარმართვა შესაძლებელია, მაგრამ არა 90 წუთის მანძილზე.

„არსენალს“ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც ჩვენთვის ბევრი უსიამოვნების შექმნა შეუძლიათ. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. განმეორებით მატჩზე ფიქრს ჯერ აზრი არც აქვს, ფოკუსირება პირველ შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვთამაშობთ და „არსენალის“ წინააღმდეგ შესანიშნავ სტადიონზე თამაში მოგვიწევს. ეს ჩემი ბიჭების გამოცდის კარგი შესაძლებლობაა. გერმანიაში მშვენივრად გამოვიყურებით, თუმცა გვინდა, რომ ჩვენი ძალა საერთაშორისო დონეზეც ვაჩვენოთ. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება.

ვიცი, რაოდენ რთული იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. ვიცი, რა მოხდა შარშან – „ბაიერნმა“ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება კი მოიპოვა, მაგრამ განმეორებითი მატჩის ბოლო ხუთი წუთი ურთულესი გადასატანი აღმოჩნდა. არსენ ვენგერს დიდ პატივს ვცემ. მისი გუნდი მეტად ორგანიზებულია, ყოველთვის კარგ ფორმაშია და ბურთითაც კარგად თამაშობს“, – პეპ გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

მატჩი „არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

ბეკე: ”მესიმ გვარდილას შეურაცხყოფა მიაყენა”

”ნიუ-იორკ რედ ბულის” ყოფილმა თავკაცმა ჰანს ბეკერმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. შვედმა სპეციალისტმა ისაუბრა 2009/10 წლის სეზონის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტზე, რომელიც, მისი თქმით, ”ბარსელონას” ლიდერს ლიონელ მესისა და მისი გუნდის ყოფილ თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას შორის მოხდა.

”ეს ვარსკლავები ღვთის საუკეთესო შვილები არ არიან. ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე, მოთამაშეები სასადილოდ დასხდნენ, რის დროსაც მესიმ კოლა ისურვა. ბუნებრივია, გვარდიოლამ მას ამაზე უარი უთხრა, რადგან თამაშების წინ კოკა-კოლის დალევა რეკომინდირებული ნამდვილად არ არის. უკმაყოფილო მესი კი ადგა და რამოდენიმე წუთში ბოთლით დაბრუნდა, რომლიდანაც კოკა-კოლა გვარდიოლას თანდასწრებით დალია. ალბათ ხვდებით, თუ რამდენად შეურაცხყოფილი დარჩა გვარდიოლა არგენტინელის ამ საქციელით. მოვხდები თუ არა ცილისწამებისთვის სასამართლო დარბაზში? ჩემს ნაცნობებს შორის ბევრი იურისტი არის”, – განაცხადა ბაკემ TV4-ს ეთერში.

პრესის ვარაუდით, შვედმა მწვრთვნელმა აღნიშნული ისტორია ტიერი ანრისგან ან რაფაელ მარკესისგან გაიგო, რომლებიც 2009/10 წლების სეზონში ”ბარსაში” თამაშობდნენ, რის შემდეგაც, ნიუ-იორკში გადაბარგდნენ, სადაც სწორედ ბაკეს ხელმძღვანელობით თამაშობდნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი