მატა: „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ბაიერნის“ ბარიერის დაძლევა შეუძლია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ხუან მატა თვლის, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნის“ ბარიერის დაძლევა შეუძლია.

„ნიუკასლთან“ გამარჯვებამ მიუნხენში გამგზავრებამდე თავდაჯერება და ენერგია შეგვძინა. გუნდს შინიდან, ტელევიზორის წინ მჯდომი დავუჭერ მხარს. მესმის, რომ „ალიანს არენაზე“ თამაში ძალიან რთულია, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. ამაში დარწმუნებული ვარ“, – Goal.com-ი ციტირებს მატას სიტყვებს, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ლონდონის „ჩელსიდან“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაბარგდა, ამიტომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „წითელი ეშმაკების“ სახელით ასპარეზობის უფლება არ აქვს.

მატჩი „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას იონას ერიქსონის თავკაცობით შვედ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

ხუან მატამ “ნიუკასლს” საჯარიმოდან გაუტანა

5 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნიუკასლსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში, ხუან მატამ მეტოქეს საჯარიმო დარტყმით გაუტანა.

როგორ ახვევს კუთხურიდან ხუან მატა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ახვევს კუთხურიდან ხუან მატა.

10 მთავარი ფაქტი ხუან მატას შესახებ

ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ხუან მატას ტრანსფერი იყო. ამიერიდან ესპანელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას დაიცავთ. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს მანჩესტერული კლუბის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის შესახებ.

ხუან მეორე
ხუან მატამ სახელი მამისგან მიიღო, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო. ხუან მანუელ მატა როდრიგესი 80-90-იან წლებში “ოვიედოს” და “ბურგოსის” ღირსებას იცავდა. აღსანიშანვია, რომ მატა უფროსი თავისი შვილის აგენტი გახდა და ამისთვის ფიფას ლიცენზიაც კი აიღო.
ნეგრედოს მეზობელი
15 წლის ასაკში მატა “რეალის” აკადემიაში მიიწვიეს და ფეხბურთელიც მადრიდში გადავიდა, სადაც ყველა ასაკობრივი გუნდის გავლის შემდეგ “რეალის” მეორე გუნდს შეუერთდა. იმ დროს “რეალი” ახალგაზრდული მატა-ნეგრედოს დუეტით უტევდა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები ახლაც მეზობლად არიან, თუმცა არა მადრიდში, არამედ უკვე მანჩესტერში.
ტრავმების გარეშე
“რეალს” მატას გაშვება არ სურდა, თუმცა არც კონტრაქტის გაფორმებას ჩქარობდა. საბოლოო ჯამში მატა “ვალენსიაში” აღმოჩნდა. ახალგაზრდულ ასაკში, ფეხბურთლს ხშირი ტრავმები აწუხებდა. მამის რჩევით, მან სპეციალური სპორტული დაზღვევა შეიძინა, რომელიც მატას ტრავმის შემთხვევაში ყველანაირ ხარჯს დაუფარავდა. თუმცა, პროფესიონალურ კარიერში ესპანელ ნახევარმცველს სერიოზული ტრავმები არ მიუღია, რაც “მანჩესტერში” გადასვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო. მოიესის გუნდი მიმდინარე სეზონში ლიდერების ტრავმებმა გააწამა.

მადლობა კუმანს 
“ვალენსიას” სასტარტო შემადგენლობაში მატას გზა ვისენტეს ტრავმამ და “ღამურების” იმდროინდელი მწვრთნელის, კუმანის ანგულოსადმი აშკარა ანტიპატიამ გაუხსენ. თუმცა, საუკეთესო პერიოდი ნახევარმცველს უნაი ემერის დროს ჰქონდა. მიუხედავად პირადი წარამტებისა, “ვალენსიასთან” ერთად მატამ მხოლოდ ესპანეთის თასის მოგება შესძლო.

დელ ბოსკეს თვალწინ
“რეალში” მოხვედრიშ შემდეგ მატა ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების მუდმივი წევრი იყო. 19-წლამდელებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონიც გახდა. ასე რომ, ესპანეთის მთავარი ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მატა კარგად შეისწავლა და მას დებიუტის საშუალება 20 წლის ასაკში მისცა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი
პირველი დიდი ტურნირი მატას კარიერაში 2009 წლის კონფედერაციათა თასი იყო, რომელზეც მატა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახლდათ.  სწორედ ამ ტურნირზე მოიპოვა ფეხბურთელმა პირველი ტიტული ნაკრბის შემადგენლობაში. ერთი წლის შემდეგ კი, მატა მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, სულ რაღაც 22 წლის ასაკში. თუმცა, მუნდიალზე მატამ მინიმალური დრო გაატარ და ჰონდურასთან შეცვლაზე თამაშით შემოიფარგლა.
აი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე კი ნახევარმცველი უკვე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო და ფინალურ შეხვედრაში იტალიელების კარიც დალაშქრა.
ამ ორ ტურნირს შორის მატა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

წარუმატებელი ოლიმპიადა
მატას ერთადერთი წარუმატებელი საერთაშორისო გამოცდილება ლონდონის ოლიმპიური თამაშებია. ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის გადალახვაც კი ვერ შესძლო.

მეგობარი ტორესი
მიუხედავად ასაკში სხვაობისა, მატას ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ფერნანდო ტორესია. ფეხბურთელები ჯერ კიდევ ნაკრებში დამეგობრდნენ. სწორედ ფერნანდოს რჩევით გადავიდა მატა ლონდონის “ჩელსიში”.

ბედნიერი ათიანი
მატა საყვარელო ნომერი ყველთვის ათი იყო, რომელიც მის პოზიციასაც შეესაბამება. “ჩელსიში” გადასვლის დროს, ლონდონურ გუნდში ეს ნომერი იოსი ბენაიუნს ჰქონდა, თუმცა იზრაელის ნაკრების კაპიტანმა სიამოვნებით დაუთმო ესპანელს სასურველი ათიანი. “მატასთვის ეს საყვარელი ნომერია, ჩემთვის კი ათიანი არანაირ სიმბოლურ დატირთვას არ ატარებს” – განაცხადა მაშინ ბენაიუნმა. “მანჩესტერში” ათი ნომრით უეინ რუნი თამაშობს, მატამ კი 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ჩელსის” გულშემატკივართა საყვარელი მოთამაშე
მიუხედავად იმისა, რომ მატას ლონდონური კარიერა დიდხანს არ გაგრძელდა და ის არასტაბილურ პერიოდს დაემთხვა, ესპანელმა მაინც შესძლო გულშემატკივართა გულის მოგება. ევროპის ლიგის და ინგლისის თასის მოგებას “ჩელსის” ფანები მატას კარგ თამაშ უკავშირებენ.
გულშემატკივრებმა მატა ორჯერ აღიარეს საუკეთესო მოთამაშედ.
“არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს დაბრუნების შემდეგ, მატამ ნდობა დაკარგა და ესპანელიც “მანჩესტერში” გადაბარგდა. ტრანსფერი 44,5 მილიონი ევრო დაჯდა, რაც მანჩესტერული გრანდის ისტორიაში სარეკორდო თანხას წარმოადგენს.

მატამ მოურინიოს მადლობა გადაუხადა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულმა ხუან მატამ განაცხადა, რომ „ჩელსის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვამ იგი კიდევ გააძლიერა.

„მადლობას ვუხდი ყველა მწვრთნელს, რომელთან ერთადაც „ჩელსიში“ ვიმუშავე. ყველა მათგანმა ჩემს განვითარებას შეუწყო ხელი. მათ გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემდი. ამ ადამიანთა წყალობით, უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოვყალიბდი.

ჟოზე მოურინიოს მადლობას ვუხდი, რადგან მისი დახმარებით სიმშვიდის შენარჩუნება ვისწავლე. ამის წყალობით, კარგი განწყობაც შევინარჩუნე და თავდაუზოგავად მუშაობასაც ვაგრძელებ“, – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მატას სანაცვლოდ 37 მილიონ ფუნტს გადაიხდის

The Telegraph-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა „ჩელსის“ მენეჯერებს ესპანელი ნახევარმცველის ხუან მატას სანაცვლოდ 37 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

იმ შემთხვევაში, თუ ლონდონური კლუბი ესპანეთის ნაკრების 25 წლის მოთამაშეს „ოლდ ტრაფორდზე“ ზემოხსენებული თანხის სანაცვლოდ გაუშვებს, ეს „წითელი ეშმაკების“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება, რის შესახებაც Guardian-ის ჟურნალისტები წერენ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს „იუნაიტედმა“ „ტოტენჰემს“ დიმიტარ ბერბატოვის სანცვლოდ 30,7 მილიონი ფუნტი გადაუხადა. საქმელია ისიც, რომ ფინანსური თვალსაზრისით, „არისტოკრატებს“ მატას გაშვება უნდა აწყობდეთ, რადგან რამდენიმე წლის წინ მის სანაცვლოდ ლონდონურმა კლუბმა „ვალენსიას“ ბიუჯეტი 23,5 მილიონი ფუნტით შეავსო.

ალექსანდრე მატევოსოვი

მატა ჩელსიდან მიდის?!

ჩელსის ესპანელი ნახევარმცველი, როგორც ჩანს, სერიოზულად არის დაინტერესებული კლუბის შეცვლით.

მისი უკმაყოფილება არასაკმარისი სათამაშო დროის გამოა გამოწვეული.  მატას მამა, რონელიც მისი აგენტიცაა, აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს შემდეგ კლუბებთან: „ბარსელონა“, „რეალი“, „ინტერი“, „პსჟ“, „ნაპოლი“. ექსპერტების აზრით, „ნაპოლის“ ესპანელის გადაბირების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

„ინტერს“ მატა სურს

ლონდონის „ჩელსის“ შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა შესაძლოა მილანის „ინტერში“ აღმოჩნდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Football Italia ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრმა დასავლეთლონდონური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის გამოც „სტემფორდ ბრიჯიდან“ აბარგება გადაუწყვეტია. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მზად არის, „ჩელსიდან“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე წავიდეს. ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ფრანგული „პარი სენ-ჟერმენიც“ იჩენს. „კორიერე დელო სპორტის“ თანახმად კი, „ინტერი“ მზად არის, რომ მატას სანაცვლოდ ფრედი გუარინი ან ანდრეა რანოკია დათმოს.

ესპანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 15 მილიონ ევროდ ფასდება.

მატამ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

„პარი სენ-ჟერმენმა“ მატას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

ბრიტანული „ტელეგრაფის“ ცნობით, ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „ჩელსის“ ხუან მატას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა.

პარიზული კლუბი უკვე იწყებს მუშაობას, რათა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 25-წლის ნახევარმცველი უკვე მისი საკუთრება გახდეს. სავარაუდოდ, დასავლეთლონდონელი „პენსიონერები“ მზად არიან, მატა სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაუშვან, შემოსული ფულით კი შეტევითი ხაზის გაძლიერებას აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი