როგორც მოგეხსენებათ, 10 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტურის მატჩები შედგება. კიევში უკრაინის ნაკრები ინგლისს უმასპინძლებს. „სამი ლომის“ საქომაგოდ უკრაინის დედაქალაქში უკვე ჩავიდა ინგლისელ გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი, რომელთაც არასასიამოვნო ამბავი უკვე შეემთხვათ. უკრაინელი ჟურნალისტების ცნობით, კიევში მყოფ ათ ინგლისელს დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს.
„უკრაინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე დასასწრებად ჩამოვედით. იმ კაფეს ვესტუმრეთ, რომელსაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ხშირად ვაკითხავდით ხოლმე. ერთ-ერთი ჩვენგანი მოსაწევად გავიდა. მას თავს ბრბო დაესხა და ჩხუბიც დაიწყო. ჩვენ მის საშველად გავიქეცით“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მსხვერპლმა.
სამი ინგლისელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს დანით ჭრილობა აქვს მიყენებული, მეორეს თავი გაუტეხეს, მესამეს კი ძლიერი დაზიანებები აღენიშნება. თავდამსხმელთა დაკავება ვერ მოხერხდა.
ბექა დოგრაშვილი