რობერტო ფირმინო: “ახალ პოზიციას სრულფასოვნად დავეუფლე”

მერსესაიდის “ლივერპულის” ერთ-ერთი ლიდერი, რობერტო ფირმინო თვლის, რომ თავდამსხმელის პოზიციას უკვე შეეგუა. ამის თქმის საშუალებას მას “ლივერპულის” მაისურით ჩატარებულ 31 მატჩში გატანილი 17 გოლი აძლევს, რომელთაგან 8 ჩემპიონთა ლიგის მატჩებშია დაგროვებული.

“გუნდში იურგენ კლოპის მოსვლის შემდეგ, ახალ პოზიციაზე მიწევდა თამაში – თავდამსხმელი უნდა ვყოფილიყავი. მართალია, ამ ამპულაში ადრე ჩემი შესაძლებლობები არ გამომიცდია, მაგრამ ახლა ყველაფერს ვეჩვევი.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მომწონს ეს პოზიცია და თავსაც უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ვთვლი, რომ ახალ პოზიციას სრულფასოვნად დავეუფლე.

ძალიან ბევრს ვმუშაობ, რათა ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო. ჩემთვის მხოლოდ გოლები არ არის მნიშვნელოვანი და ვცდილობ, საგოლე გადაცემებიც გავაკეთო. გოლი უბრალოდ ნაყოფია ჩვენი მუშაობის. შესაბამისად, ყოველთვის მიხარია, როცა გოლი გამაქვს,” – აცხადებს ბრაზილიელი ფეხბურთელი.

კლოპი: “ისტორიული მატჩი იყო, რომელზეც მომავალი 20 წლის მანძილზე ილაპარაკებენ”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ სიტისთან” მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და ეს შეხვედრა “ისტორიულად” შეაფასა.

“მშვენიერი თამაში იყო, ისევე როგორც მწვრთნელის, ასევე ფანის ამპულიდან. ეს იყო ისტორიული შეხვედრა, რომელზეც მომავალი ოცი წლის მანძილზე ისაუბრებენ – რადგანაც, არამგონია, “სიტიმ” კიდევ წააგოს ამ სეზონში.

ფეხბურთელებმა მაქსიმუმი დადეს მოედანზე და მთელი შეხვედრის მანძილზე ასე თამაშობდნენ, ამ თამაშს მთელ მსოფლიოში ადევნებდნენ თვალს.

არ ვიცი რომელ დონეზე ვთამაშობდით, მაგრამ მეტოქეს ძალიან დიდი პრობლემები შევუქმენით. ბოლოსკენ სულაც არ მეშინოდა მეოთხე გოლის გაშვების, რადგანაც ჩემს ბიჭებს უკვე საკმაოდ ბევრი ხანია რაც ვიცნობ და მათი მჯერა,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

შვიდგოლიან თრილერში “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის” ოცნებები დაამსხვრია (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურმა დაპირისპირებამ გაცემული ავანსები სრულად გაამართლა. “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” მიიღო და საკმაოდ დამაჯერებლადაც ითამაშა ჩემპიონობის მთავარი კანდიდატის წინააღმდეგ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში ოქსლეიდ-ჩემბერლინმა, შეხვედრის მე-9 წუთზე გახსნა შორეული დარტყმით, რასაც ლეროი სანემ მე-40 წუთზე უპასუხა.პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარი მასპინძელთა სრული უპირატესობით დაიწყო. ფირმინომ “წითლები” 59-ე წუთზე გაიყვანა წინ, ორ წუთში მანემ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა, ფირმინომ – სამამდე (67′). ბერნარდო სილვამ 84-ე წუთზე შეძლო კარიუსის კარის აღება. შეხვედრის მიწურულს, გიუნდოგანმა კიდევ ერთი გოლი გაქვითა (91′) თუმცა ამაოდ – 4-3.

ასე რომ, “მანჩესტერელთა” ოცდაათმატჩიან წაუგებელ სერიას ბოლო მოეღო და მათი “ოქროს სეზონის” ოცნებებიც დაიმსხვრა. მიუხედავად ამისა “ქალაქელთა” უპირატესობა 15 ქულას შეადგენს და ისინი ჩემპიონატის მოგების უმთავრეს ფავორიტად რჩებიან.


“ლივერპული”: კარიუსი; რობერტსონი, ლოვრენი, მატიპი, გომესი; ვეინალდუმი, ემრე ჯანი 80′; მანე, სალაჰი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი; რობერტო ფირმინო

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; უოკერი, სტოუნზი, ოტამენდი, დელფი (დანილო),დე ბრუინი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი; სტერლინგი (სილვა 71′), აგუერო, სანე

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


სალაჰი “რეალის” მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელების მთავარ სატრანსფერო სამიზნეს მუჰამედ სალაჰი წარმოადგენს, რომელიც მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ერთპიროვნულ ლიდერად მოგვევლინა.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ამ ტრანსფერს მადრიდში კატალონიის “ბარსელონას” ქმედებების პასუხად აღიქვამენ. შეგახსენებთ, რომ “ბლანკოსის” პრინციპულმა მეტოქემ ახლახან დაასრულა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი “ლივერპულიდან”.

მუჰამედ სალაჰი კი “ენფილდზე” 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ამ ტრანსფერის სანაცვლოდ “რომამ” 42 მილიონი ევრო მიიღო. მიმდინარე სეზონში სალაჰმა 21 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

ყოფილი დირექტორი: “თუ კლუბი კლოპის ამბიციებს ვერ დააკმაყოფილებს, ის უნდა წავიდეს”

მერსესაიდის “ლივერპულის” ყოფილმა დირექტორმა, კრისტიან პარსლოუმ პრესასთან საუბრისას საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გაუკეთა და იურგენ კლოპს ერთი საინტერესო რჩევაც მისცა.

“ინგლისში დიდი ექვსეული აღარაა – უბრალოდ ორი სამეული. ვთვლი, რომ “მანჩესტერ სიტი”, “იუნაიტედი” და “ჩელსი” გარკვეული ფინანსური უპირატესობების გამო უფრო მაღლა დგანან, ვიდრე “ლივერპული”, “არსენალი” და “ტოტენჰემი”.

“იუნაიტედი”… ამ კლუბმა პოლ პოგბა დაიმატა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე სასურველი ფეხბურთელი იყო იმ ზაფხულს. ახლახან კი მათ რიგებს ყველაზე პროდუქტიული შემტევი, რომელუ ლუკაკუ მიემატა.

შეიძლება ითქვას, რომ “იუნაიტედი” “ჰეროდსში” (მსოფლიოს ერთ-ერტი საუკეთესო მაღაზია) შოპინგობს. “ლივერპულმაც” უნდა მიბაძოს მას და კლოპის მაღალი ამბიციები დააკმაყოფილოს, კარგი ფეხბურთელების გაყიდვის ნაცვლად.

იურგენ კლოპი ტოპ კლასის მწვრთნელია, ამაში დარწმუნებული ვარ. ის სწორედ იმ დიდი კლუბების მომავალი მწვრთნელია და თუ “ლივერპული” მისი ამბიციების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს, ის უნდა წავიდეს,”- აცხადებს “წითლების” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.

აგენტი: “კულიბალი სერია ა-ს საუკეთესო მცველია, ვან დეიკი კი ინგლისში თამაშობს”

“ნაპოლის” მცველის, კალიდუ კულიბალის აგენტმა, ბრუნო სატინმა საკუთარი კლიენტი ვირჯილ ვან დეიკს შეადარა რომელშიც “ლივერპულმა” 76 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

“კალიდუ იტალიის სერია ა-ში მოთამაშე საუკეთესო ცენტრალური მცველია. მისმა თანაგუნდელებმა, სამწვრთნელო შტაბმა და ფანებმა უდიდესი დახმარება გაუწიეს ადაპტაციის პერიოდის ადვილად დაძლევასა და საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩინებაში.

გუშინ მან კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია. კალიდუ აქ თავს ბედნიერად გრძნობს და უხარია, მნიშვნელოვანი გოლის გატანა რომ შეძლო.

ვირჯილ ვან დეიკი? ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა ის ინგლისში თამაშობს,” – აცხადებს სატინი, რომლის კლიენტმაც “ვერონასთან” მატჩში ანგარიშის გახსნა შეძლო.

კარიკატურა: “ბარსამ” “ლივერპული” კიდევ ერთხელ გაძარცვა

გუშინ ოფციალურად დადასტურდა, რომ მერსესაიდის “ლივერპულის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელებს. ესპანელებმა ბრაზილიელში 142 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

“ბარსამ” ინგლისური გუნდიდან აქამდე ისეთი ვარსკვლავები იყიდა, როგორებიც ლუის სუარესი და ხავიერ მასკერანოა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ კარიკატურას.

 

კლოპის პირველი კომენტარი კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონამ” და “ლივერპულმა” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამაზე კომენტარი იურგენ კლოპმა გააკეთა, რომელიც “წითლების” სატრანსფერო პოლიტიკას განაგებს.

“ჩვენ, როგორც კლუბი ვემშვიდობებით დიდებულ პიროვნებას, ფანტასტიკურ ფეხბურთელსა და კარგ მეგობარს ფილიპე კოუტინიოს სახით.

საიდუმლო არავისთვის იყო ის ფაქტი, რომ ზაფხულიდან, როდესაც კოუტინიოს პირველად დაუკავშირდნენ “ბარსელონას” ხელმძღვანელები, მას წასვლა უნდოდა. ვცდილობდით, მისთვის აზრის შეცვლას, მაგრამ ის დაჟინებით იმეორებდა ჩემთან, ხელმძღვანელებთან და თანაგუნდელებთანაც, რომ წასვლა უნდოდა.

მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ზაფხულის რთული პერიოდის გავლა და იმედი გვქონდა, რომ კოუტინიო კიდევ დიდ ხანს დარჩებოდა “ენფილდზე” და ჩვენი პროექტის ნაწილი გახდებოდა.

მინდა, “ლივერპულის” გულშემატკივრებს გითხრათ, რომ კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის გუნდში დარჩენილიყო. თუმცა, კოუტინიო საკუთარ მომავალში დარწმუნებულია და თვლის, რომ ის და მისი ოჯახი ბარსელონაში უფრო ბედნიერები იქნებიან.

ეს მისი ოცნება იყო, ჩვენ სხვა ვერაფერს გავაკეთებთ, რომ აზრი შევაცვლევინოთ,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

ალარდაისი “ლივერპულთან” წაგებაზე: “მსაჯი შეცდა, პენალტი არ იყო”

“ლივერპულსა” და “ევერტონს” შორის გამართული სათასო დაპირისპირების შემდეგ, რომელიც “წითლების” გამარჯვებით (2-1) დასრულდა, სემ ალარდაისმა პრესკონფერენცია გამართა.

“ჩემი აზრით, იმ ეპიზოდში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. პირველი გოლის ეპიზოდში შეცდომა მსაჯმა დაუშვა და მეორე შემთხვევაში, ჩვენი ბრალი იყო ყველაფერი.

ვთვლი, რომ გუნდმა სხვა დანარჩენი ბრწყინვალედ გააკეთა. ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს უბრალოდ ვერ მოვითხოვ. მათ ყველაფერი გააკეთეს, ეს დაპირისპირება რომ მოგვეგო, ან “გუდიოსნზე” მაინც გვეთამაშა გადათამაშება.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ასეთი თამაში მეტს იმსახურებდა,” – აცხადებს ალარდაისი.

მერსესაიდულ დერბიში სალაჰისა და კოუტინიოს თამაში საეჭვოა

მერსესაიდის “ლივერპულის” ორი ლიდერის, მუჰამედ სალაჰისა და ფილიპე კოუტინიოს თამაში “ევერტონთან” დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ამ ფეხბურთელებმა “ბარნლისთან” გამართული შეხვედრაც გამოტოვეს.

“ფილი და მო ტრავმირებულები არიან და ამ დრომდე ლაზარეთში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ ვერ ითამაშეს მათ “ბარნლისთან”. ჯერჯერობით გაურკვეველია ისიც, შეძლებენ თუ არა “ევერტონთან” გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას,” – აცხადებს მერსესაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი.

მიმდინარე სეზონში სალაჰი “წითლების” ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა – ჩატარებულ 27 მატჩში მან 22 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემაც გააკეთა. კოუტინიოს ანგარიშზე კი 20 მატჩში გატანილი 12 გოლი და რვა საგოლე გადაცემაა.

“ლივერპული” “ევერტონს” ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალურ მატჩში 5 იანვარს დაუპირისპირდება.

“ლივერპულმა” “ბარნლი” ბოლო წუთებზე გატანილი გოლით დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 22-ე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “ბარნლის” ეწვია და მოედანზე სამი ქულისთვის გავიდა. მართალია, მასპინძლები ძალიან ახლოს იყვნენ ქულის მოპოვებასთან, მაგრამ რაგნარ კლავანმა “წითლებს” საწადელი მაინც აუხდინა.

მატჩი მეტად კორექტული გამოდგა და სტუმრების უპირატესობით წარიმართა. ანგარიშიც “ლივერპულმა” გახსნა – შეხვედრის 61-ე წუთზე მანემ გამოიჩინა თავი. თამაშის 87-ე წუთზე გუდმუნდსონმა ვოუკსის პასი გამოიყენა და ანგარიშიც გაათანაბრა.გადამწყვეტი გოლი კი კლავანმა გაიტანა ლოვრენის საგოლე გადაცემის წყალობით.

შედეგად, “ლივერპულმა” მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და ახლა 22 ტურის შემდეგ 44 ქულა უგროვდება, იმდენივე, რამდენიც მესამე ადგილზე მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედს” (თუმცა, “წითელ ეშმაკუნებს” ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული). “ბარნლი” კი 34 ქულით კვლავ მეშვიდეა.


“ბარნლი”: პოპე; ტეილორი, მიი, ტარკოვსკი, ბერდსლი; გუდმუნდსონი, დეფური, კორკი, არფილდი (უელსი 86′); ჰენდრიკი (ვოუკსი 71′); ბარნსი

მთავარი მწვრთნელი: სიმონ დაიჩი

“ლივერპული”: მინოლე; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, კლავანი, გომესი; ემრე ჯანი, ვეინალდუმი; მანე (ფირმინო 72′), ლალანა (მილნერი 86′), ოქსლეიდ-ჩემბერლინი; სოლანკე

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: გუდმუნდსონი 87′ – სადიო მანე 61′, რაგნარ კლავანი 90+4′


ვირჯილ ვან დეიკის პირველი ინტერვიუ “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ

მერსესაიდის “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა ზამთრის სატრანსფერო გახსნისთანავე განახორციელეს ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერი და ამით კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ იურგენ კლოპის გუნდი მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერში მერსესაიდულმა კლუბმა “წმინდანებს” 75 მილიონი ფუნტი გადაუხადეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.ცნობილია ისიც, რომ 26 წლის ვან დეიკი 4-ნომრიან მაისურს მოირგებს.

გთავაზობთ ვირჯილ ვან დეიკის პირველ ინტერვიუს “ლივერპულის” ფეხბურთელის ამპულაში.

ვირჯილ, კეთილი იყოს შენი მობრძანება “ლივერპულში”. რას გრძნობ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ?

– მადლობას გიხდით. სიმართლე გითხრათ, თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და მოუთმენლად ველოდები, როდის დავიწყებ ჩემი საქმის კეთებას.

რატომ ჩათვალე, რომ “ლივერპული” შენი შესაფერისი კლუბია, რამ მიგიზიდა?

– ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბის სიდიადეა, კულტურა, ისტორია, ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და რა თქმა უნდა, ფანებიც. სწორედ ფანები ხდიან კლუბს განსაკუთრებულს. “ლივერპულს” ყველაფერი აქვს, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სწორედ რომ შესაფერისი კლუბია.

რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრანსფერში იურგენ კლოპის ფაქტორმა?

– ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორი პიროვნებაც არის იურგენ კლოპი. ის ცოცხალი ადამიანია და იცის, როგორ გახადოს თავისი ფეხბურთელები უფრო ძლიერები. გარდა ამისა, ფეხბურთელებს რწმენასაც უნერგავს, რაც უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, კლოპი სწორედ მე შემეფერება და შეუძლია, კიდევ უფრო უკეთესი გამხადოს.

“ენფილდზე” ორჯერ ითამაშე მოწინააღმდეგის ამპულაში – რას ფიქრობ ამ სტადიონზე?

– ვფიქრობ, “ენფილდი” გამორჩეული ადგილია, განსაკუთრებული სტადიონი და ახლა ის ჩემი სახლიც არის. მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ მოედანზე გასვლას და როგორ მიმიღებს გულშემატკივარი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით კი ევროპული საღამოები.

“ენფილდი” ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გასნსაკუთრებულად გამოიყურება. როგორია შენი მოლოდინები?

– ძალიან მინდა ეს თავად განვიცადო. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება მაქვს, “სელტიკთან” ერთად და ეს მაშინაც განსაკუთრებული იყო. ერთი სული მაქვს, ყველაფერი მაინტერესებს. აქ ყველაფერი უნაკლოა, ბრწყინვალე. უბრალოდ ზედგამოჭრილი ადგილია ჩემთვის.

რას ეტყვით “ლივერპულის” ფანებს, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ?

– თავდაუზოგავად ვიშრომებ, ყოველი მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადები. მაქსიმუმს გავაკეთებ კლუბისთვის და ვეცდები, ყოველ მატჩში მშრალად შევინახო კარი და ამასთანავე, მეტოქის კარსაც შევუტიო. ჩემი აზრით, მთავარი ორგანიზებაა. ყველაფერს გავიღებ რაც გამაჩნია, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ.