სკოლარი: ,,მოურინიო სპეციალურად ამხედრებს საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ,,სელესაოს’’ თავდამსხმელი ნეიმარი დაიცვა, რომელსაც ლონდონის ,,ჩელსის’’ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ სიმულანტი უწოდა.

,,მოურინიო მედიას თავისი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. მას ეს ძალიან კარგად გამოსდის. მოურინიო ხვდება, რომ ნეიმარმა თითქმის უკვე მიაღწია ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუს დონეს. შესაძლოა, ,,ჩელსის’’ ჩემპიონთა ლიგაზე ,,ბარსელონა” შეხვდეს და პორტუგალიელი ამისთვის უკვე ემზადება, საზოგადოებაში მცდარ წარმოდგენებს ავრცელებს. მოურინიო სპეციალურად ამხედრებს საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ. რას ვიზამთ, ეს მისი სტილია”, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ,,გარდიანი”.

ბექა დოგრაშვილი

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი თავკაცები

ფიფამ და „ფრანს ფუტბოლმა“ იმ მწვრთნელთა ვინაობა დაასახელეს, რომლებიც 2013 წლის საუკეთესო თავკაცის სტატუსის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

სია ასე გამოიყურება:

კარლო ანჩელოტი (იტალია / „პარი სენ-ჟერმენი“ / მადრიდის „რეალი“), რაფაელ ბენიტესი (ესპანეთი / „ჩელსი“ / „ნაპოლი“), ანტონიო კონტე (იტალია / „იუვენტუსი“), ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი / ესპანეთის ეროვნული ნაკრები), სერ ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია / „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი), იუპ ჰაინკესი (გერმანია / მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი თავკაცი), იურგენ კლოპი ( გერმანია / „ბორუსია“), ჟოზე მოურინიო (პორტუგალია / მადრიდის „რეალი“/ „ჩელსი“), ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია / ბრაზილიის ეროვნული ნაკრები), არსენ ვენგერი (საფრანგეთი / „არსენალი“).

წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობას 2014 წლის 13 იანვარს, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოაცხადებენ.

გასულ წელს საუკეთესო მწვრთნელად ვისენტე დელ ბოსკე დაასახელეს, მეორე ადგილი ჟოზე მოურინიოს მიაკუთვნეს, მესამე კი – ხოსეპ გვარდიოლას.

ბექა დოგრაშვილი