“ნიცა” ბალოტელის ტრანსფერის დაბლოკვას გეგმავს

“ნიცას” იტალიელი თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის, ტრანსფერი “მარსელში”, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩაიშალოს. როგორც ცნობილი ხდება, “ნიცა” ყველაფრის გაკეთებას აპირებს, რათა ბალოტელი კონკურენტ კლუბში არ გაუშვას.

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, ბალოტელიმ ნებართვის გარეშე გაიარა სამედიცინო შემოწმება “მარსელში”, რამაც მისი კლუბი ძალიან გააბრაზა.

მართალია, ტექნიკურად ბალოტელისა და “ნიცას” შორის არსებული კონტრაქტი უკვე ამოიწურა. თუმცა მხარეებს შორის სხვა შეთანხმებებიც არსებობს, რომლის თანახმადაც ბალოტელის ტრანსფერი ნებისმიერ კლუბს 10 მილიონი უნდა დაუჯდეს – მაშინ, როცა “მარსელი” მხოლოდ 7 მილიონ ევროს იხდის.

“ატლეტიკომ” ევროპა ლიგის ფინალში “მარსელი” გაანადგურა (ვიდეო)

16 მაიის საღამოს მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ლიონისკენ იყო მიმართული, სადაც ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს “მარსელი” და “ატლეტიკო” ერკინებოდნენ.

მატჩი “ატლეტის” სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში ანტუან გრიზმანმა შეხვედრის 21-ე წუთზე გახსნა. 32-ე წუთზე “მარსელის” ლიდერმა, დიმიტრი პაიემ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა, რითიც ძლიერი დარტყმა მიიღეს ფრანგებმა.

სიტუაცია არც მეორე ტაიმში შეცვლილა. 49-ე წუთზე გრიზმანმა დუბლი გაიფორმა, მატჩის მიწურულს კი გაბიმ თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროტურნირებზე – 0-3.

ასე რომ, “ატლეტიკომ” მესამეჯერ მოიგო ევროპა ლიგა ისტორიის მანძილზე. დიეგო სიმეონე კი მოგებული ტიტულების ოდენობით რეკორდსმენ არაგონესს გაუთანაბრდა (8).


“მარსელი”: მანდანდა; ამავი, ლუის გუსტავო, რამი, სარი; სანზონი, ანგისა; ოკამპოსი (ნჯიე 55′), პაიე (ლოპესი 32′), ტავინი; ჯერმენი (მიტროღლუ 74′)

მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია

“ატლეტიკო”: იან ობლაკი; ვრსალკო (ხუანფრანი 46′), ხიმენესი, გოდინი, ლუკასი; კორეა (ტომასი 88′), გაბი, საული, კოკე; გრიზმანი (ტორესი 90′), დიეგო კოშტა

მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე


დიეგო სიმეონეს პრესკონფერენცია ევროპა ლიგის ფინალის წინ

დღეს მადრიდის “ატლეტიკო” ევროპის ლიგის ფინალში მარსელის “ოლიმპიკს” დაუპირისპირდება. ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ვიცით, რომ ისეთი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ, რომელსაც შემტევი სტილი ახასიათებს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ მათი აგრესია ჩვენს ნახევარზე. ორივე კლუბი ერთნაირად, პირდაპირ ფეხბურთს თამაშობს. ენთუზიაზმიც ერთი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან თავდაჯერებულნი იქნებიან. ნახევარდცვა სწრაფ ტემპში იმოქმედებს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. “მარსელი” ძალიან საშიშია. დიმიტრი პაიე შეხვედრის რიტმს მუდამ აკონტროლებს. ის ძალიან სწრაფია. ასევე, ამ გუნდის მწვრთნელი თავი საქმეს შესანიშნავად აკეთებს.”

სიმეონე, დისკვალიფიკაციის გამო, ლოჟიდან ადევნებს თვალს მატჩს. მის მაგივრობას შეხვედრის დროს, ასისტენტი, ხერმან ბურგოსი გაწევს.

“წინა დაპირისპირების შემდეგაც ვთქვი, რომ ის მე ძალიან მგავს. ერთნაირად გვესმის ფეხბურთი და ერთნაირად ვაზროვნებთ ამ საქმეში. შესაბამისად, მას ვენდობი. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ერთად,” – ამბობს სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიკისა” და “ატლეტიკოს” შეხვედრა 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.

პაიეტმა “მარსელი” “პარი სენ-ჟერმენზე” წინ დააყენა

“მარსელის” ფრანგმა ნახევარმცველმა, დიმიტრი პაიეტმა “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი მატჩის წინ საკმაოდ გამომწვევად ისაუბრა და განაცხადა, რომ “მარსელი” საფრანგეთის საუკეთესო კლუბია.

“არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ მე საუკეთესო ფრანგულ კლუბში ვთამაშობ. რაც მთავარია, ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ. ბოლო დროს გუნდური თამაში იშვიათობაა. ჩემთვის ეს ინდივიდუალისტების შოუზე უფრო მნიშვნელოვანია.

ამ მატჩს კარგ ფორმაში ვხვდებით. ნამდვილად არ მაინტერესებს, თუ რა გავლენას ახდენს მათზე “რეალთან” გასამართი მატჩი. თუ უნდათ, რომ დაგვითმონ, სამ ქულას დიდი სიამოვნებით ავიღებთ,” – აცხადებს პაიეტი.

უნაი ემერი: “ნეიმარი ცუდადაა”

ხვალ “პარი სენ-ჟერმენი” ლიგა 1-ის 27-ე ტურის შეხვედრას მარსელის “ოლიმპიკის” წინააღმდეგ გამართავს. უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნეიმარს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები და მისი თამაში ხვალ საეჭვოა.

“კლუბის ექიმი არ ვარ და ჩემი დასკვნიდან გამომდინარე არ ვამბობ – როგორც .კომპეტენტურმა პირებმა მითხრეს, ნეიმარი ცუდადაა. იმედი მაქვს, ის ვარჯიშს და შემდეგ თამაშს შეძლებს. ეს არაა ტრავმა. ის უკავშირდება ინფექციას და მაღალ ტემპერატურას, რაც ლასანა დიარას გუშინ ჰქონდა,” – ამბობს ემერი.

“მარსელის” ფანებმა პატრის ევრას აგრესიულ ქმედებას უპასუხეს

“მარსელის” ფანებმა პატრის ევრას აგრესიულ ქმედებას უპასუხეს, რომელიც შუა კვირაში, 2 ნოემბერს მწყობრიდან გამოვიდა და ერთ-ერთ გულშემატკივარს ფეხი თავში ჩაარტყა.

“კაენთან” გამართული მატჩის დაწყების წინ (5-0), “მარსელის” ფანებმა ბანერის მეშვეობით თავიანთი სათქმელი საკმაოდ მკვეთრად გადმოსცეს: “სიყვარული კლუბს, პატივისცემა ფანებს, პოფესიონალიზმი. ბევრს ვითხოვთ?”

აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელის მსგავსს ქმედებას ფრანგული კლუბის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა – პატრის ევრა მაშინვე მოკვეთეს გუნდიდან, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დროით.

ოფიციალურად: ლუის გუსტავო ამიერიდან “მარსელში” ითამაშებს

გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, ლუის გუსტავო კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 29 წლის ბრაზილიელი გარემარბის ტრანსფერში “მარსელმა” სულ რაღაც 10 მილიონი ევრო გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ლუის გუსტავო აქამდე “ჰოფენჰაიმისა” და “ბაიერნის” ღირსებასაც იცავდა. ის ბუნდესლიგის რეკორდსმენია გაძევებების მხრივ.

“მარსელი” კარლოს ბაკას ტრანსფერზე მუშაობს

France Football-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მილანის” კოლუმბიელი თავდამსხმელი, კარლოს ბაკა ძალიან ახლოსაა “მარსელში” გადასვლასთან.

იტალიაში ჩატარებული არასახარბიელო სეზონისა და “როსონერის” რიგებში “პორტოს” შემტევის, ანდრე სილვას გადასვლის შემდეგ, კარლოს ბაკას “სან სიროზე” დარჩენის შანსები თითქმის მინიმუმამდე დაეცა.

რაც შეეხება “სევილიას” ყოფილი თავდამსხმელის სატრანსფერო ფასს, ის დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.

“ბაკას გარშემო არსებულ სიტუაციას რამდენიმე ევროპული გრანდი აკვირდება.

წინ მსოფლიო ჩემპიონატია და ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საამაშო პრაქტიკაა, რომლის გარეშეც ის კოლუმბიის ნაკრებს სათანადოდ ვერ დაეხმარება,” – აცხადებს ფეხბურთლის აგენტი.

“მარსელი” ოლივიე ჟირუს გადაბირებას შეეცდება

ფრანგული “მარსელის” ხელმძღვანელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ მიზნად ოლივიე ჟირუს გადაბირება დაისახეს. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის რედაქცია ავრცელებს.

როგორც იცით, ფრანგმა თავდამსხმელმა ახლახან გაახანგრძლივა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი (2020 წლამდე), თუმცა “მარსელს” სჯერა, რომ 20 მილიონი ფუნტი ყველაფერს შეცვლის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ჟირუმ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ 14-ჯერ დაიწყო. მის ანგარიშზე კი 13 გატანილი გოლია.

ალარდაისი ადასტურებს: “კაბაიეს საფრანგეთში სურს კარიერის გაგრძელება”

“კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელი, სემ ალარდაისი თვლის, რომ იოჰან კაბაიეს ძალიან უნდა კარიერის “მარსელში” გაგრძელება, რომელიც საკმაოდ დიდ პროექტზე მუშაობს.

“კაბაიეს გუნდისთვის დახმარების გაწევა ძალიან უნდა. რამდენადაც ვიცი, ის დიდი სიამოვნებით გადავა “მარსელში”, თუ ისინი შესაბამის შეთავაზებას გაგვიკეთებენ.

დღესდღეობით, დღევანდელ რეალობაში, ყველაფერი მარტივად არის. თუ კაბაიე გუნდს დაეხმარება და “მარსელი” მის სანაცვლოდ მილიონებს შემოგვთავაზებს, მაშინ სტივი (პარიში, დირექტორი) მკითხავს “უნდა გავუშვათ თუ არა?”

მაგრამ, მე არჩევანს მაინც მის შენარჩუნებაზე გავაკეთებ.

რა მოხდება სეზონის ბოლოს? არავინ იცის. ფაქტია, რომ რაღაცეები შეიცვლება, რაც ყოველთვის ასე იყო,” – აცხადებს ალარდაისი.

სუბისარეტა “მარსელში” კასილასის მიყვანას აპირებს

ანდონი სუბისარეტას “მარსელი” “პორტუს” ესპანელ ლეგენდას, იკერ კასილასს აკვირდება.

A Bola-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელი მზადაა, “რეალის” ექს-ფეხბურთელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

იკერ კასილასსა და “პორტუს” შორის არსებული მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.

შეგახსენებთ, რომ სუბისარეტა “ბარსელონას” სპორტული დირექტორის პოსტიდან 2015 წლის იანვარში გაანთავისუფლეს, გასულ წელს კი მან იგივე პოსტი ფრანგულ კლუბში ჩაიბარა.

დიმიტრი პაიეტი: “ვესტ ჰემში” მოვიწყინე”

ფრანგული “მარსელის” შემტევმა, დიმიტრი პაიეტმა “ვესტ ჰემიდან” წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

“ვესტ ჰემის” თამაშის სტილი, მუდამ დაცვიდან თამაში, დიდად არ მომწონდა. შეიძლება ითქვას, რომ მოვიწყინე.

ამასთანავე, გარკვეული კავშირები უკვე მქონდა “მარსელთან”, კერძოდ კი მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიასთან. მე მომწონს მისი ფილოსოფია, ამიტომაც არ გამჭირვებია არჩევანის გაკეთება.

“ვესტ ჰემში”, ყველა ბედნიერი იყო, როდესაც “ჰალ სიტი” 1-0 დავამარცხეთ. არადა, მათ ოთხჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, ძელმა გადაგვარჩინა და არა ჩვენმა თამაშმა.

ვფიქრობდი, რომ ასე ვერ გავძლიერდებოდი, წინ ვერ წავიწევდი. უნდა გამერისკა, ახალი გამოწვევა მჭირდებოდა,” – აცხადებს ფრანგი შემტევი.