“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში გასამართ “ელ კლასიკოს” გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესი ვერ ითამაშებს, გუნდები მოედანზე აბსოლუტურად თანაბარი ძალით წარსდგებიან.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ლიდერმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მისი ყოფნა მაინც საეჭვოა.
“თუ მესი მოედანზე არ გავა, გუნდები ერთმანეთის წინაშე თანაბარი ძალით წარსდგებიან. “რეალსაც” ჰყავს ტრავმირებული მოთამაშეები, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ლეო არის “ბარსელონასთვის”. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება ძალზედ რთული საქმეა, მესის გარეშე კი ეს კიდევ უფრო გაჭირდება. ამის მიუხედავად, “ბარსელონას” კარგი შემადგენლობა ჰყავს და წარმატებების მიღწევა შეუძლია”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს ESPN.