ტრაგედია მექსიკაში: ფეხბურთელთა ავტობუსი მდინარეში გადავარდა, დაღუპულია 16 ადამიანი

უბედური შემთხვევა მოხდა მექსიკაში. ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთის სამოყვარულო გუნდი გადაჰყავდა, მდინარეში გადავარდა. ოფიციალური ცნობით, დაღუპულია 16 ადამიანი, კიდევ ათმა პირმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ასე გაიარა ხელოვნური უსწორმასწორობაც, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ტრანსპორტი მდინარეში გადავარდა. მგზავრთა შორის იყვნენ ბავშვებიც.

 

ჟინიაკი მექსიკაში ითამაშებს

“მარსელისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მექსიკაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ადგილობრივ “ტიგრესს” შეუერთდება.

“საოცარი დახვედრაა, ყველას მადლობას გიხდით. შეუდარებელი ქალაქია. საოცრებები გველის”, – დაწერა ფრანგმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჟინიაკს “მარსელთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, 29 წლის ფეხბურთელი მექსიკურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.

ჟინიაკმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 38 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში ხუთი გოლი აქვს გატანილი.

“ტიგრესი” მექსიკის სამგზის ჩემპიონია.

 

რონალდინიოს გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ უცნაური მეთოდით ემზადებიან

მექსიკურმა “პუებლამ” უჩვეულო ვარჯიში ჩაატრა. გუნდის ფეხბურთელებს საწვრთნელი პროცესის დროს სახეზე ძაღლის ნიღბები ჰქონდათ მორგებული.

“პუებლას” მთავარი მწვრთნელი ხოსე სოლა ამბობს, რომ ამ მეთოდით გუნდს მატჩის მიმდინარეობისას უფრო აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს.

“როდესაც ბურთის ართმევაზე თამაშობთ, საკუთარი თავი ძაღლებად უნდა წარმოიდგინოთ: ბურთისთვის უნდა იბრძოლო, მოიპოვო და გაუფრთხილდე მას”, – ციტირებს სოლას სიტყვებს Metro.

“პუებლა” დამდეგ შეხვედრას “კერეტაროს” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ სახელგანთქმული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო შეუერთდა. მატჩი 13 სექტემბერს გაიმართება.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მეტოქეს საკუთარი ნახევრიდან გაუტანა

კვირას, ბრაზილიურ “კრუზეიროსა” და მექსიკურ “ჩივასს” შორის გამართულ შეხვედრაში, რიკარდო გულარტმა მეტოქეს საკუთარი ნახევრიდან გაუტანა.

რაფა მარკესი: „პენალტი არ იყო“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და „ნარინჯისფერთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ევროპელებმა შეხვედრა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანიშნული და კლას-იან ჰუნტელაარის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მოიგეს. პენალტი არიენ რობენმა მოიპოვა, რომელიც რაფაელ მარკესთან ორთაბრძოლისას დაეცა საჯარიმო მოედანზე.

მექსიკელთა კაპიტანი აცხადებს, რომ ის ჰოლანდიელთა ლიდერს არ შეხებია, მთავარ არბიტრ პედრო პროენსას კი თერთემეტმეტრიანი დარტყმა არ უნდა დაენიშნა.

„პენალტი არ იყო. მე მას არ შევხებივარ. რობენი თავად წამოეგო ჩემს ფეხს. საბოლოო ჯამში, არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა“, – ციტირებს „მარკა“ მარკესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

ჰოლანდია — მექსიკა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და „ნარინჯისფერთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან.

ოჩოამ მატჩი სრულად ჩაამათვრა.

 

ხორვატია — მექსიკა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ლათინოამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა კაპიტანი რაფაელ მარკესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და მოგვიანებით საგოლე პასიც გააკეთა.

მარკესმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 53 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.

 

ოჩოა: „ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:0) საუკეთესო მოთამაშედ მექსიკელთა კიპერი გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.

„ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი თამაშის ჩატარება, თან როცა შენს წინააღმდეგ ტურნირის მასპინძლები გამოდიან და კარს მშრალად ინახავ, ადვილი არაა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე წარიმართა. გახარებული ვარ. მატჩის მიმდინარეობისას არ მოვდუნებულვარ, ვაგრძელებდი ბურთის მოგერიებას. ახლა უბრალოდ მინდა, რომ დავტკბე თანაგუნდელებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებმაც იგივე განიცადეს, რაც მე“, – აღნიშნა გილერმო ოჩოამ.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები უქულოდ არიან.

მექსიკის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ხორვატების წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

სკოლარი: „კარგი თამაში ვიხილე, თუმცა ფრით კმაყოფილი არ ვარ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა, თუმცა ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის.

„საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვიხილე. რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. უკანასკნელი თორმეტი მატჩია, შეუცვლელი სისტემით ვთამაშობთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს. საყაიმო შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავხდებოდით“, – განაცხადა სკოლარიმ.

A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები უქულოდ არიან.

 

ბრაზილია — მექსიკა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც მართლაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.

 

მექსიკელ ფეხბურთელებს ვარჯიშზე ტაქსით მისვლა მოუწიათ

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელებს მორიგ ვარჯიშზე მისვლა ტაქსის მეშვეობით მოუწიათ. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუნდის ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა. მექსიკელი მოთამაშეები  სანტოსის ერთ-ერთი სასტუმროდან საწვრთნელ ბაზა „ო რეი პელეზე“ ტაქსით მივიდნენ.

აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, გუნდმა საწვრთნელი პროცესი დაგეგმილ დროს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მექსიკას მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად მასპინძელი ბრაზილიის, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები ჰყავს. მექსიკელები ტურნირის პირველ შეხვედრას 13 ივნისს კამერუნელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

მექსიკელ ნახევარმცველს ფეხი წვივში გადაემტვრა (+18)

მექსიკისა და ეკვადორის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) მიმდინარეობისას მექსიკელთა ნახევარმცველმა ლუის მონტესმა საზარელი ტრავმა მიიღო. 28 წლის ფეხბურთელმა ფეხი მოიტეხა.

მონტესი დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა წვივი მეტოქის ფეხს მოარტყა და ძვალი გადაუტყდა. ამრიგად, მექსიკელი ფეხბურთელის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გამოირიცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში ანგარიში თავად მონტესმა 33-ე წუთზე გახსნა.

გთავაზობთ ამ საზარელი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა 18 წლამდე და სუსტი ნერვების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდირებული.