“ნაპოლის” თავკაცი: “შესაძლოა, ჩემი მხრიდან ჰომოფობიური გამოვლინება მართლაც იყო”

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (0:2) ინციდენტი მოხდა. როგორც “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, ნეაპოლიტანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შეხვედრის მიმდინარეობისას მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. საბოლოო ჯამში კი, მანჩინი გააძევეს. მატჩის შემდეგ მანჩინიმ სარი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა. “ინტერის” დამრიგებელს მოგვიანებით სარიმ უპასუხა.

“მოედანზე ასეთი ინციდენტები ხდება ხოლმე. მასწავლეს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ მწვრთნელებმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვან. სტრესის გამო შესაძლოა, ნებისმიერი რამ მოხდეს, თუმც გასახდელში მანჩინის ბოდიში მოვუხადე და ეს ამბავი იქვე უნდა დასრულებულიყო.

ახლა ჰომოფობიასა და სხვა მიუღებელ გამოვლინებებში მადანაშაულებენ. უბრალოდ ენაზე ეს სიტყვა მომადგა და იმიტომაც ვთქვი. მომდევნო ჯერზე მანჩინის დემოკრატად მოვიხსენიებ. გეი მეგობრებიც მყავს, ასე რომ ჰომოფობი არ ვარ. დამსჯიან თუ არა დისკვალიფიკაციით? რატომ უნდა დამსაჯონ? ეს ჩვეულებრივი შეურაცხყოფაა. მანჩინიმ ბებერი არამზადა მიწოდა. გამოდის, რომ იგი მოხუცების მიმართ არის რასისტი? მე მას ბოდიში მოვუხადე, თუმც სინამდვილეში არც მახსოვს, რა ვუწოდე. შესაძლოა, ჩემი მხრიდან ჰომოფობიური გამოვლინება მართლაც იყო, მაგრამ იმ წუთებში აღშფოთებული ვიყავი და ყურადღებას არ ვაქცევდი, რას ვამბობდი. მანჩინის წინააღმდეგი არაფერი მაქვს. ასეთი ფაქტები სპორტში ხდება. არ ვიცი, ასე რატომ ეწყინა.

ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი, თუმცა სტადიონზე უარესებიც გამიგონია. თუ ეს სიტყვა მართლაც გამოვიყენე, ლგბტ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”, – მაურიციო სარის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

ამ ინციდენტის გამო “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

 

მანჩინიმ “ნაპოლის” თავკაცი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (0:2) ინციდენტი მოხდა. როგორც “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, ნეაპოლიტანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შეხვედრის მიმდინარეობისას მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. საბოლოო ჯამში კი, მანჩინი გააძევეს.

“სარი რასისტია, ასეთი ხალხი საფეხბურთო სამყაროდან უნდა გაყარონ. სარეზერვო მსაჯთან იმის გარკვევას ვცდილობდი, თუ რატომ დაამატა ხუთი წუთი, რის შემდეგაც ჩემთან სარი მოვარდა და გეი (დაცულია ცენზურა – ავტ.) მიწოდა. თუ ნამდვილი კაცები მისნაირები არიან, მაშინ ვამაყობ იმით, როგორიც ვარ.

თამაშზე საუბარს არ ვაპირებ. 60 წლის კაცისგან ასეთი ქცევა ნამდვილად სამარცხვინოა. შემდეგ გასახდელში შევხვდი და ბოდიშიც მომიხადა, მაგრამ მე მინდა, რომ იგი გულწრფელად წუხდეს იმით, როგორც მოიქცა. ინგლისში ასეთებს სათადარიგოთა სკამთან ნამდვილად არ გააჩერებდნენ”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

 

კაკა დარწმუნებულია, რომ „მილანი“ მწვერვალზე დაბრუნდება

„მილანის“ ყოფილი ნახევარმცველის კაკას აზრით, „როსონერი“ წარმატებულ სერიას მალე დაიწყებს.

„ყოველთვის ვცდილობ, „მილანის“ მატჩებს ვუყურო. იმედია, უახლოეს დროში გუნდი გუნდი ისევ ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც ადრე იყო. კლუბის ხელძღვანელობას უკვე დიდი ხანი აკრიტიკებენ, მაგრამ მე განსჯა მიჭირს. ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ, რომ „მილანი“ სულ მალე კვლავ ერთ-ერთი წამყვანი კლუბი იქნება“, – განუცხადა კაკამ „ Gazzetta dello Sport“-ს.

კევინ-პრინს ბოატენგმა “ფიორენტინას” გაუტანა (ვიდეო)

17 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის 88-ე წუთზე, სტუმართა კარი კევინ-პრინს ბოატეგნმა დალაშქრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ განელმა ნახევარმცველმა “როსონერიში” დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

გამბიელმა ფეხბურთელმა “მილანი” და “ბოლონია მოატყუა – რამდენი წლისაა ის რეალურად?

გამბიელმა ფეხბურთელმა იუსუფა იაფამ იტალიის სერია A-ს ორი კლუბი – “მილანი” და “ბოლონია” მოატყუა.

იაფა “როსონერის” აკადემიაში 2013 წელს მივიდა, როცა ის ამბობდა, რომ 17 წლის იყო. 2014 წელს, “შავ-წითლებმა” ფეხბურთელი “ბოლონიაში” გაანათოხვრეს, რის შემდეგაც გამბიელი ისევ “მილანში” დაბრუნდა, სადაც მას ფილიპო ინძაგი წვრთნიდა.

2015 წელს, იუსუფამ იტალია დატოვა და გერმანიაში გადაბარგდა, სადაც ჯერ ფრანკფურტის “აინტრახტში” ჩაირიცხა, შემდეგ კი “დუისბურგში”.

იტალიაში, მისი საბუთების თანახმად, ის 1996 წლის 31 დეკემბერს იყო დაბადებული, გერმანიაში კი მან თავისი ნამდვილი ასაკი გაამჟღავნა. როგორ აღმოჩნდა, იაფა 1987 წელს დაიბადა და ის ახლა 28 წლისაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი იტალიაში დაიბარეს, სადაც სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

კარლოს ბაკამ “კარპის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

13 იანვარს, იტალიის თასზე, “მილანსა” და “კარპის” შორის გამართულ მატჩში, მე-14 წუთზე კარლოს ბაკამ სტუმართა კარი ეფექტურად დალაშქრა.

ბალოტელი სათამაშოდ მზადაა

„მილანის“ მთავარი მწვრთნელის სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, თავდამსხმელი მარიო ბალოტელი „კარპისთან“ იტალიის თასის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩის განაცხადში იქნება.

„ბალოტელი ხვალ თამაშს შეძლებს. იმედია, მენეზიც მალე დაგვიბრუნდება. ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და, რაც მთავარია, ტკივილს აღარ გრძნობს. ვფიქრობ, მოედანზე ჟერემი იანვრის ბოლოს დაბრუნდება“, – განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.

რაიოლა: „დონარუმას სანაცვლოდ 40 მილიონი ცოტაა“

„მილანის“ ახალგაზრდა მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას აგენტს მინო რაიოლას თავისი კლიენტის სანაცვლოდ 40 მილიონი ეცოტავება.

„40 მილიონი დონარუმას სანაცვლოდ? მისი მსგავსი მეკარისთვის ეს დაბალი ფასია“, – განაცხადა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ დონარუმა „როსონერის“ ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას გამოჩნდა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მილანი“ უარით გაისტუმრა

გავრცელებული ინფორმაციით, „მილანი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველით მარუან ფელაინით დაინტერესდა.

28 წლის ბელგიელის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს, მისი ამჟამინდელი წლიური ხელფასი კი 3,5 მილიონი ევროა.

როგორც „Corriere della Sera“ და „La Repubblica“ წერენ, იტალიურ კლუბს ბელგიელის შეძენა არ შეუძლია, ამიტომ სილვიო ბერლუსკონი „წითელ ეშმაკებს“ იჯარას სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღო. მანჩესტერელები ფეხბურთელის იაჯრით გაშვებას არ განიხილავენ და მხოლოდ კონკრეტულ წინადადებებზე ფიქრობენ.

დონარუმა: „მილანის“ ფანად დავიბადე“

„მილანის“ ახალგაზრდა მეკარემ ჯიჯი დონარუმამ „როსონერისთან“ ერთად ტიტულების მოგების სურვილი გამოთქვა.

„მე „მილანის“ ფანად დავიბადე. „როსონერისადმი“ დიდი სიყვარული მაქვს. „სკუდეტოს“ მოგებაზე და, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის თასის აწევაზეც ვოცნებობ. ამ კლუბის საუკეთესო წლებს მოვესწარი. მინდა, მსგავსი წარმატების ნაწილი მეც ვიყო. მეტის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ რაღაცაში არ გაგვიმართლა. ევროთასებზე მოხვედრას შევეცდებით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ“, – განაცხადა დონარუმამ.

ბერლუსკონი: „წელს „მილანზე“ 150 მილიონი ევრო დავხარჯე“

„მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი თავისი გუნდის გამოსვლით უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან თავისი პოლიტიკური პარტიის საღამოზე ისაუბრა.

„მილანი“ ახლაც მიყვარს. წარმოიდგინეთ, წელს კლუბზე 150 მილიონი ევრო დავხარჯე. არ ვიცი, სწორ გზაზე როდის დავბრუნდებით, ამიტომ, გაბრაზებული ვარ. ჩემს ადგილას იგივე ემოცია არ გექნებოდათ?“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

ამჟამად „მილანი“ სერია ა-ს მეექვსე ადგილს იკავებს და პირველ ადგილზე მყოფ „ინტერს“ რვა ქულით ჩამორჩება.

ინძაგიმ, შესაძლოა, „ლიონს“ უთავკაცოს

„მილანის“ ყოფილმა მოთამაშემ და მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ, შესაძლოა, „ლიონის“ თავკაცის უბერ ფურნიეს ადგილი დაიკავოს. როგორც Football-Italia წერს, დანიშვნის შემთხვევაში, იტალიელის ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.

„ლიონის“ შესაძლო თავკაცებს შორის ასევე ბრუნო ჯენეზიო და ლიუსიენ ფავრი არიან.

შეგახსენებთ, რომ ინძაგი „მილანის“ დამრიგებლის პოსტიდან ზაფხულში გაათავისუფლეს. მანამდე ის „როსონერის“ ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობდა.