კაკას ულამაზესი გოლი “ლაციოს” კარში

30 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრაში ანგარიში “როსონერიმ”, რიკარდო კაკას ბრწყინვალე გოლის შემდეგ გახსნა.

გალიანი: “ბალოტელი “ჩელსიში” არ გადავა”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი მარიო ბალოტელის აგენტის, მინო რაიოლას კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი “ჩელსიში” არ გადავა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების თავდამსხმელის აგენტმა თქვა, რომ ბალოტელისა და მოურინიოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, ამიტომ მოთამაშის “ჩელსიში” გადასვლა სრულებით რეალურია.

“ბალოტელი “მილანს” არ დატოვებს და “ჩელსიში” არ გადავა. ის “როსონერიში” დიდხანს დარჩება, მას ჩვენთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, შესაბამისად, სანერვიულო არ გვაქვს”, – ამბობს გალიანი.

დიტო ჭიჭინაძე

ალეგრი: “მილანი” რთული სიტუაციიდან გამოვა”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ “როსონერი” რთული სიტუაციიდან მალე გამოვა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში ჩატარებული ცხრა ტურის შემდეგ, 11 ქულით, “შავ-წითლები” ჩემპიონატის ცხრილში მეათე პოზიციას იკავებენ.

“ვფიქრობ, ამ რთული სიტუაციიდან მალე გამოვალთ. ჩვენ შეკრული გუნდი გვყავს. “პარმასთან” მატჩის წინ პრეზიდენტს ვესაუბრე, ყველაფერი კარგადაა. მე “მილანის” მწვრთნელი ვარ, შესაბამისად, არც მიკვირს, რომ ხშირად მაკრიტიკებენ. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ამიტომ კრიტიკას მშვიდად ვხვდები.

გუნდს სტაბილურობა სჭირდება. მსოფლიოს საუკეთესო კლუბის, “ბარსელონას” წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი “პარმასთან” დავმარცხდით. რა თქმა უნდა, უნდა მოვუმატოთ”, – ამბობს ალეგრი.

დიტო ჭიჭინაძე

ზლატან იბრაჰიმოვიჩის საუკეთესო გოლები

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც “პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილი საუკეთესო გოლებია აღბეჭდილი.

მარიო ბალოტელი “ჩელსიში”?

იტალიური “მილანის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის აგენტი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, 23 წლის მოთამაშე ლონდონის “ჩელსიში” ვიხილოთ.

მინო რაიოლას თქმით, ბალოტელის ლონდონელთა მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს.

“ბალოტელის და მოურინიოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არაფერს გამოვრიცხავ. მიუხედავად იმისა, რომ მარიოსა და ჟოზეს შორის მცირე გაუგებრობა იყო, ახლა ყველაფერი მშვენივრადაა”, – ამბობს რაიოლა.

ალეგრი: “უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ”

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “პარმასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “როსონერის” სტაბილურობა აკლია.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, “პარმამ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დააამარცხა.

“პირველ ნახევარში, მეტოქემ სამი კონტ-შეტევა განახორციელა და ორი გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ “პარმა” სივრცეებს არ გვიტოვებდა, ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ, თუმცა მაინც დავმარცხდით. საწმუხაროა, რომ მეორე და მესამე გოლები დამატებულ წუთებში გავუშით. ვფიქრობ, სტაბილურობა გვაკლია. კონტ-შეტევებისას უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ.

მატრი? მას ბევრი აკრიტიკებდა და მიხარია, რომ გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება კაკას, ის ნელ-ნელა ფორმაში შედის. იმედი მაქვს, ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ, რაც ნამდვილად წაგვადგება”, – ამბობს ალეგრი.

დიტო ჭიჭინაძე

“მილანი” დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

27 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “პარმამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დააამარცხა.

თამაში საკმაოდ დრამატული გამოდგა. პირველი გოლი მე-11 წუთზე გავიდა, თავი “პარმას” ნახევარმცველმა, მარკო პაროლომ გამოიჩინა. მასპინძლებმა მეორე გოლი პირველი ნახევრის დასასრულს გაიტანეს, ამჯერად კი, “მილანის” კარი ანტონიო კასანომ აიღო.

მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე, “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მოედანზე პოლისა და ბალოტელის ნაცვლად, კაკა და მატრი შეიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო.

61-ე წუთზე, ალესანდრო მატრიმ სხვაობა ერთამდე შეამცირა, ხოლო ზუსტად ორ წუთში, მატიას სილვესტრემ ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

ამის შემდეგ, წინ გასვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა 94-ე წუთზე, მარკო პაროლომ დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2.

“პარმა” – “მილანი” 3:2

“პარმა”: მირანტე, გობი, კასანი, ლუკარელი, ფელიპე (ბენალუანი 76′), გარგანო, მარკიონი, პაროლო, კასანო (როსი 73′), ამაური (სანსონე 64′), ბიაბიანი.

“მილანი”: გაბრიელი, საპატა, სილვესტრე, აბატე, კონსტანტი, ბირსა, დე იონგი, მონტოლივო, პოლი (კაკა 52′), რობინიო (საპონარა 88′), ბალოტელი (მატრი 52′).

გოლები: 11′ პაროლო, 45+1′ კასანო, 90+4 პაროლო – 61′ მატრი, 63′ სილვესტრე.
გაფრთხილებები: 78′ პაროლო, 83′ ლუკარელი, 90′ გარგანო – 34′ ბალოტელი, 83′ დე იონგი, 90+4′ საპატა.
მთავარი მსაჯი: პაოლო ვალერი.

დიტო ჭიჭინაძე

ალეგრი: “ცხრილში წინ უნდა წავიწიოთ”

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “პარმასთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ “როსონერიმ” სერია A-ს ცხრილში წინ უნდა წაიწიოს.

შეგახსენებთ, რომ რვა ტურის შემდეგ, “შავ-წითლები” იტალიის ჩემპიონატში მერვე პოზიციას იკავებენ.

“ბოლო ორი მატჩი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. “პარმა” კარგი გუნდია და რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ კონცენტრაციის დაკარგვა, ძალიან ცუდი იქნება. ცხრილში წინ უნდა წავიწიოთ, ამისათვის კი, საჭირო სამი ქულის მოპოვებაა. ვფიქრობ, მაყურებელი კარგ თამაშს იხილავს”, – თქვა ალეგრიმ.

მასიმილიანო ალეგრიმ მარიო ბალოტელიზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელს დამშვიდება ესაჭიროება.

“მარიოს დამშვიდება სჭირდება. პრესაში მასზე ბევრ ცუდს წერენ, რაც, ცხადია, მასზე მოქმედებს. ბალოტელი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ბევრი რამ აქვს სასწავლი”, – დაასრულა 46 წლის სპეციალისტმა.

დიტო ჭიჭინაძე

აბატე: “ბალოტელიმ კაკასგან უნდა ისწავლოს”

იტალიური “მილანის” მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე აცხადებს, რომ “როსონერის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ თანაგუნდელ კაკასგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

“ჩემი აზრით, კაკა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის მისაბაძი მოთამაშეა. როდესაც რიკარდოს ტრავმა ჰქონდა, ის “მილანელოზე” დილით მოდიოდა და საღამოს მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთში ბევრს მიაღწია, ის ჩვენთან ერთად ყოფნას მაინც არ თაკილობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მოედანს მალე დაბრუნებოდა.

ბალოტელი უნდა მიხვდეს, რომ ის ბავშვი აღარაა. ვფიქრობ, მას შეუძლია კაკასგან ბევრი რამ ისწავლოს. მარიო მალე უნდა გაიზარდსო, ეს კი ყველასათვის კარგი იქნება”, – ამბობს აბატე.

დიტო ჭიჭინაძე

პიკე მოპოვებული ქულით კმაყოფილია

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ხერარდ პიკე „მილანთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ფრედ დასრულებული მატჩით კმაყოფილი დარჩა.

„მილანს კარგი ხასიათით ვტოვებთ. ვფიქრობ, ბევრი მართალი არ იყო, როდესაც ამბობდა, რომ სან-სიროზე დიდი ანგარიშით მოვიგებთ. შესაძლოა, ზოგს აღნიშნული შედეგი უიბლო მიაჩნია. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ყველაფერთან ერთად, ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებაც მოვახერხეთ“, – განუცხადა პიკემ „ბლაუგრანასის“ ოფიციალურ საიტს.

ალექსანდრე მატევოსოვი

“მილანი” “ბარსელონას” დაუზავდა

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მომდევნო ტურის მატჩები გაიმართა. H ჯგუფში, ერთმანეთს იტალიური “მილანი” და ესპანური “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კატალონიელთა მოგებას ვარაუდობდა, “როსონერიმ” მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა და მოგებაც კი შეეძლო.

პირველი გოლი მე-9 წუთზე, გავიდა, რობინიომ “ბარსელონას” მცველების შეცდომით ისარგებლა, პასი კაკას გაუკეთა, რომელმაც ბურთი კვლავ რობინიოს გადააწოდა, ამ უკანასკნელს კი “ბლაგაურნას” კარში ბურთის შეგდება აღარ გასჭირვებია.

სტუმრებმა ანგარიში 15 წუთში გაათანაბრეს. ამჯერად შეცდომა მილანელებმა დაუშვეს, ინიესტამ მარტოდ დატოვებული მესი მონახა, რომელმაც გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა – 1:1.

“მილანი” – “ბარსელონა” 1:1
“ჯუზეპე მეაცა”, 74487 მაყურებელი

“მილანი”: ამელია, მექსე, საპატა, აბატე, კონსტანტი, კაკა (ემანუელსონი 71′), მუნტარი, ბირსა (პოლი 80′), დე იონგი, მონტოლივო, რობინიო (ბალოტელი 64′).
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

“ბარსელონა”: ვალდესი, დანი ალვეში, ადრიანო, პიკე, მასკერანო, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, სანჩესი (ფაბრეგასი 74′), ნეიმარი (პედრო 81′).
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

გოლები: 9′ რობინიო – 24′ მესი.
გაფრთხილებები: მონტოლივო 41′, მუნტარი 78′ – სანჩესი 33′, ფაბრეგასი 81′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი.

დიტო ჭიჭინაძე

რობინიოს ფინტი “ბარსელონასთან” მატჩში

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში, მილანელთა თავდამსხმელმა, რობინიომ ლამაზი ფინტი გააკეთა.