მონტელა: “ვცდილობდით, მეტოქის მცველები მუდმივი ზეწოლის ქვეშ ყოფილიყვნენ”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ვენის “აუსტრიასთან” თავისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში (1-5) დადებითად შეაფასა, რომეშიც ანდრე სილვამ ჰეთ-ტრიკის გაფორმება შეძლო.

“ლაციოსთან” განცდილი მარცხი ჯერ კიდევ გვახსოვდა, მაგრამ დღეს ჩემმა გუნდმა მებრძოლი სულია გამოავლინა და თამაშსაც ძალიან კარგად აკონტროლებდნენ. პირველივე ტაიმში შევძელით საჭირო უპირატესობის მოპოვება (0-3), თუმცა შემდეგ მოვეშვით, რაც აღარ უნდა განმეორდეს. სამი მცველით ვთამაშობდით და ვცდილობდით, მეტოქის მცველები მუდმივი ზეწოლის ქვეშ ყოფილიყვნენ.

ანდრე სილვას გოლების გატანა სწყურია. დღეს მან ყველაზე კარგად შესძლო თავისი ხასიათის წარმოჩენა, შეტევაში ძალიან ძლიერი იყო. გაცილებით უფრო კარგად ითამაშა, ვიდრე სხვა თამაშებში. მას ეს სჭირდებოდა.

რაც შეეხება ჩალჰანოღლუს, მანაც ძალიან კარგი პერფრომანსი შემოგვთავაზა. მისი ვერტიკალური პასები მეტოქეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდნენ. საერთო ჯამში, ამ მოგებით ბედნიერები ვართ,” – აცხადებს მონტელა.

მალდინი: “ობამეიანგისგან ასეთ დონეზე თამაშს არც მე მოველოდი და არც “მილანი”

“მილანის” ლეგენდამ, პაულო მალდინიმ 29 წლის გაბონელ თავდამსხმელზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას არაერთხელ დაუკავშირეს “როსონერის”.

“ობამეიანგი ძალიან განვითარდა და ახლა დიდ ფეხბურთს თამაშობს, რასაც არც მე და არც “მილანი” არ მოელოდა. მაშინ ძალიან რთული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის წარმატების მიღწევა, პირველი გუნდი ძალიან ძლიერი იყო. ასე რომ, მისი გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით აშკარად მართბული იყო.

ძალიან მიხარია, ახლა ამ დონეზე რომ თამაშობს. მას რამდენიმე დღის წინ შევხვდი და მითხრა, რომ ჩემი გაოცება მოახერხა. ობას ძალიან უყვარს “მილანი”, მაგრამ ახლა მის გადასაბირებლად დიდი თანხის გადახდაა საჭირო.

ბოლო დროს სატრანსფერო ფანჯარაზე ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. “პარიზელები” ძალიან აქტიურობენ. ნეიმარის ტრანსფერით ფრანგებმა მესისა და რონალდუსაც დაუმტკიცეს, რომ სურვილის შემთხვევაში მათ გადაბირებასაც შეძლებენ,” – აცხადებს მალდინი.

კარლოს ბაკა “მილანს” ტოვებს

“მილანის” კოლუმბიელმა შემტევმა, კარლოს ბაკამ კლუბის სავარჯიშო ცენტრი დროზე ადრე დატოვა, რათა თავისი ტრანსფერის უკანასკნელი დეტალებიც შეეთანხმებინა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციის მიხედვით, ბაკა, რომელმაც გასული სეზონის 32 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო (იტალიის სერია A-ში), კარიერას ესპანურ “ვილიარეალში” გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი “მილანში” “სევილიადან” გადაბარგდა, მომავალი სეზონიდან კი მას თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ევროპა ლიგა: “მილანმა” დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა (ვიდეო)

2017 წლის 27 ივლისი ის დღეა, რომელსაც “მილანის” გულშემატკივრები დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ – მათი საყვარელი კლუბი ევროპასარბიელს დაუბრუნდა.

“მილანი” ბრძოლაში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე “კრაიოვა” გახლავთ, რომელიც პირველ მატჩში რიკარდო როდრიგესის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.


“კრაიოვა”: კალანკეა; დიმიტროვი (რომანი 81′), სპაია, კელიჩი, ბრიკეაგი; სლატინსკი; ვაგენინი, მიტრიტა (ბარბუტი 67′), როსი (მატეიუ 75′) , ბანკუ; ბალუტა

მთავარი მწვრთნელი: მანჯა დეივისი

“მილანი” :დონარუმა; აბატე (კონტი 73′), საპატა, მუსაჩიო, როდრიგესი; კესი, მონტოლივო, ბონავენტურა; ბორინი (ანდრე სილვა 66′), კუტრონე (ანტონელი 81′), ნიანგი

მთავარი მწვრთნელი: ვინცენჩო მონტელა


დირექტორი ადასტურებს: “მილანი” კოშტას აგენტს შეხვდა”

“მილანის” გენერალური დირექტორი, მარკო ფასონე ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “როსონერი” დიეგო კოშტას ტრანსფერის ვარიანტსაც განიხილავს.

“მირჩევნია, თავი შევიკავო იმ ფეხბურთელებზე საუბრისგან, რომლებიც სხვა კლუბის კუთვნილებაში იმყოფებიან. დიეგო კოშტა? ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ახლა ის “ჩელსის” რიგებში ირიცხება.

დიახ, ჩვენ მის აგენტს შევხდით; მასთან სასაუბრო ძალიან ბევრია. კოშტა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ არა ჩვენი. სულ ესაა,” – აცხადებს ფასონე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იტალიურმა გრანდმა უკვე მოახერხა 10 ტრანსფერის განხორციელება.

პირლო: “მილანი “სკუდეტოსთვის” იბრძოლებს? ასე არ ვფიქრობ”

იტალიელმა ლეგენდამ, ანდრეა პირლომ მის ყოფილ კლუბებზე, ტურინის “იუვენტუსა” და “მილანზე” ისაუბრა.

“იუვე” ისევ ის გუნდია, რომელსაც ყველა გუნდის დამარცხება სურს. ისინი გაძლიერდნენ დუგლას კოშტათი, ფედერიკო ბერნადესკითა და ვოიცეხ შჩესნით. ეს გუნდი კიდევ დაიმატებს ვინმეს.”

“ყველა სეზონის დასაწყისში ხალხი ამბობს, რომ უკვე მოვიდა “რომას”, “ნაპოლისა” თუ სხვა კლუბის დრო. თუმცა, ამდენი წელია, “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონი ხდება.”

“ბონუჩის წასვლა სამწუხაროა. იგი “მილანს” ქარიზმას და საერთაშორისო დონეზე ასპარეზობისას მიღებულ გამოცდილებით დაეხმარება. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი “იუვენტუსს” დააკლდება. “მილანი” “სკუდეტოსთვის” იბრძოლებს? ასე არ ვფიქრობ. როცა იწყებ ნულიდან და გყავს ათი ახალი ფეხბურთელი, პირდაპირ უმაღლესი მიზნის მიღწევა ურთულესია,” – განაცხადა ანდრეამ.

რენატუ სანჩეში: “ბაიერნის” დატოვება მინდა”

მიუნხენის “ბაიერნის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, რენატუ სანჩესმა Sport Bild-თან საუბრისას აღიარა, რომ ბავარიული კლუბის დატოვებას აპირებს.

“რა თქმა უნდა, “ბაიერნში” გატარებული პირველი სეზონით კმაყოფილი არ ვარ, მინდოდა, მოედანზე უფრო მეტი დრო გამეტარებინა. ამიტომაც მინდა, კლუბი შევიცვალო და კარიერა იქ გავაგრძელო, სადაც მეტი სათამაშო დრო მექნება.

“მილანი” საინტერესო ვარიანტია. თუმცა, ამჟამად ჩინურ ტურნეზე ვიმყოფები და სანამ მიუნხენში არ დავბრუნდები, სხვა რამეზე ფიქრის უფლება უბრალოდ არ მაქვს,” – აცხადებს სანჩესი.

“მილანის” დირექტორი ბონუჩის ტრანსფერზე: “ყველაფერი ერთ შეხვედრაში მოგვარდა”

“მილანის” გენერალური დირექტორი, მარკო ფასონე აღიარებს, რომ ლეონარდო ბონუჩის გადაბირება “როსონერის” ხელმძღვანელებს დიდად არ გასჭირვებიათ და ყველაფერი ერთ შეხვედრაში იქნა შეთანხმებული.

“უნდა ვაღიარო, რომ ბონუჩის ტრანსფერის იდეა მთავარ მწვრთნელას (მონტელა) ეკუთვნის, ტრანსფერის შესრულებაში კი ყველაზე დიდი წვლილი სპორტულმა დირექტორმა, მირაბელიმ შეიტანა.

“იუვენტუსის” გენერალურ დირექტორთან, ჯუზეპე მაროტასთან მხოლოდ ერთი შეხვედრა გავმართეთ. ჩვენი პოზიციები საკმაოდ ნათლად წარვადგინეთ და გასარკვევი არაფერი იყო დარჩენილი,” – აცხადებს მარკო ფასონე.

რუმენიგე: “არამგონია, “მილანმა” ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე ადასტურებს ინფორმაციას “მილანის” ხელმძღვანელებთან რენატუ სანჩესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

“მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ რენატუს რეგულარული სათამაშო დრო სჭირდება. სწორედ ამიტომაც, გვინდა, ის სხვა კლუბში გავანათხოვროთ, ან სულაც გავყიდოთ.

შემიძლია დავადასტურო “მილანის” ინტერესი, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირის მანძილზე მოლაპარაკებებში არანაირი წინსვლა არ ყოფილა. არამგონია, “მილანმა” ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს.

კარგი იქნება, თუ მის ტრანსფერში 48 მილიონ ევროს მივიღებთ,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

“ბორუსია” ობამეიანგის გაშვებას არ აპირებს

პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდის “ბორუსიაში” რჩება. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის გერმანული გამოცემა ავრცელებს, რომელიც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

როგორც იცით, დღეს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ობამეიანგის “ბორუსია” “მილანს” დაუპირისპირდა, რომელიც მისი გადაბირების მთავარი კანდიდატია და ორბურთიანი სხვაობით, 3-1 დაამარცხა.

ბევრი ფიქრის შემდეგ, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ და გაბონელმა ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყვიტეს, რომ მხარეები თანამშრომლობას 2020 წლამდე გააგრძელებენ.

ჟოზე მოურინიო ადასტურებს: “მორატას შეძენა ისევ გვსურს”

გასულ სეზონში ალვარო მორატას მადრიდის “რეალში” არც ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა. ესპანელი სპორტსმენი არსებული სიტუაციით უკმაყოფილო იყო და იგი კლუბის დატოვებაზეც ბევრს ფიქრობდა. ალვარო “მანჩესტერ უნაიტედს” დაუკავშირეს, თუმცა ტრანსფერი, ჯერჯერობით, არ შედგა. სამაგიეროდ, “წითელმა ეშმაკებმა” რომელუ ლუკაკუ გაიფორმეს. ამის შემდეგ თითქოს მინელდა საუბარი მორატას “გაეშმაკებაზე”.

მიძინებული ხმები ჟოზე მურინიოს უახლესმა განცხადებამ გააღვიძა. როგორც ინგლისურ პრესაში წერენ, პორტუგალიელმა თქვა, რომ მას ისევ სურს მორატას შეძენა, თუმცა ამჟამად არც ისე სახარბიელო სიტუაციაა და ტრანსფერის განხორციელების შანსი ცოტა არის. მოურინიომ ასევე დასძინა, რომ ბოლომდე შეეცდება იმ მოთამაშის გადაბირებას, რომელთან ერთადაც მადრიდის “რეალში” მუშაობდა.

აქვე გეტყვით, რომ მორატას “მილანიც” იწვევს. ამჟამად ესპანელი “ბლანკოსთან” ერთად წინასასეზონო სამზადისს გადის.

“რომა” დე შილიოს ტრანსფერით ინტერესდება

“მილანის” 24 წლის მცველმა, მატია დე შილიომ უკვე განუცხადა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ კლუბიდან წასვლა სურს. ამ ინფორმაციას Fotball Italia-ს რედაქცია გვატყობინებს.

რაც შეეხება იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესებულ მხარეებს, “იუვენტუსის”, “ლივერპულისა” და “ბაიერნის” მფლობელებთან ერთად, მის ტრანსფერზე მუშაობას “რომაც” იწყებს.

როგორც იცით, დე შილიო “როსონერის” აკადემიაში აღიზარდა და კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მას დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ისევე როგორც ნახევარმცველის პოზიციაზე.

ამ დროისთვის მისი გადაბირების მთავარი ფავორიტი ტურინის “იუვენტუსია”, რომელიც ახლახან დატოვა ლეონარდო ბონუჩიმ.