რუნიმ რონალდუს პრანჭიაობაზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი უეინ რუნი თავის ახალ წიგნში ბევრ საინტერესო თემასთან ერთად კრიშტიანო რონალდუს შესახებაც საუბრობს, რომელიც „წითელი ეშმაკების“ რიგებში” 2003–2009 წლებში გამოდიოდა.

„გასახდელში, რონალდუს ადგილთან ახლოს სარკე ეკიდა. იმ დროის განმავლობაში, როცა ის ჩვენთან ერთად თამაშობდა, ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება: კრიშტიანოს უბრალოდ არ შეეძლო სარკესთან ჩავლა საკუთარი თავის შექების გარეშე და ეს იმ შემთხვევაშიც ხდებოდა, როცა ცხვირწინ მატჩი გვქონდა“, – ეს გახლავთ ციტატა რუნის წიგნიდან „ჩემი ათწლეული პრემიერლიგაში“.

„ყოველი შეხვედრის წინ ის ამგვარ ცერემონიალს აწყობდა: იცვამდა ფორმას, ბუცებს და იყურებოდა სარკეში. ასეთი თავდაჯერებული ადამიანი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს“, – წერს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი თავის წიგნში.

რუნიმ გვერდი არ აუარა მასსა და რონალდუს შორის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამართულ ჩხუბს. შეგახსენებთ, რომ მაშინ ინგლისელმა ფეხბურთელმა რიკარდო კარვალიუს უხერხულ ადგილზე ფეხი განზრახ ჩაარტყა, რონალდუ კი მსაჯთან მივარდა და რუნისთვის წითელი ბარათის ჩვენება მოითხოვა, რაც არბიტრმა გააკეთა კიდეც. ამას „სამი ლომის“ თავდამსხმელის გაღიზიანება მოჰყვა და მოედნის დატოვებამდე ინგლისური გინებების მარაგი სულ პორტუგალიელზე დახარჯა.

„როდესაც მინდვრიდან გვირაბში გავედი, მივხვდი, რომ რონალდუ დამნაშავე არ იყო. ის საკუთარი ნაკრების გამარჯვებისკენ იყო მოწადინებული, – ამბობს რუნი. – ვიცოდი, რომ ჩვენს შორის სიტუაცია დაცხრებოდა და როდესაც გვირაბში ერთმანეთს შევხვდით, მე მას ვუთხარი: „გულშემატკივრები ამ ამბისგან დიდ სკანდალს ააგორებენ და მთელი ზაფხული ამაზე ილაპარაკებენ“. მან მე გამიგო. მოგვიანებით გაზეთებში დაიწერა, რომ ის მადრიდის „რეალში“ მიდიოდა, ჩვენ კი ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით. ეს სრული სისულელე იყო. სიმართლე კი ისაა, რომ კრიშტიანო ყოველთვის მომწონდა. კარგია, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს“.

ბექა დოგრაშვილი