მბაპემ ოქროს ბურთის მოგების ხუთი მთავარი კანდიდატი დაასახელა

“პარი სენ-ჟერმენის” ფრანგმა სუპერვარსკვლავმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, ოქროს ბურთის მოგების ხუთი მთავარი კანდიდატი დაასახელა.

“ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი, რაფაელ ვარანი და მე,” – ციტირებს ფრანგი ვარსკვლავის სიტყვებს France Football.

მართალია, მბაპე 2018 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი გახლავთ, მაგრამ ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად ექსპერტები მაინც კრიშტიანუ რონალდუს მიიჩნევენ, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზეც საკმაოდ ძლიერად წარმოაჩინა თავი.

ნეიმარი: “პსჟ”-ს “რეალის” განადგურებით ისტორიის დაწერა სურს”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალი” “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელის ლიდერმა, ნეიმარმა ჟურნალისტებთან თებერვალში გასამართ დუელზე ისაუბრა.

“ისტორიის დაწერა გვსურს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი გავანადგუროთ. ვიცით, ეს რთული მატჩი იქნება. “რეალის” ფეხბურთელები ერთმანეთთან შეთამაშებულნი არიან. ისინი დიდი ხანია, ერთად ასპარეზობენ. “თეთრები” ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის ტიტულს უმიზნებენ, მაგრამ, მჯერა, მათ დავამარცხებთ.”

ბრაზილიელს ოქროს ბურთის შესაძლო მოპოვებაზეც ჰკითხეს.

“ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. ამ ჯილდოს მოპოვება ჩემი თანაგუნდელების დახმარებითა და გუნდური ტიტულებით უნდა მოვახერხო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატია. როგორც გუნდი, იქ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ,” – აცხადებს ბრაზილიელი.

რონალდუ: “ჩემი ოცნება მეხუთე ოქროს ბურთის მოგებაა”

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის მიღწევებზე ისაუბრა. ასევე, მან, Marca-სთან კომენტარის დროს, საკუთარ ოცნებაზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩემპიონთა ლიგა ბოლო ორ სეზონში ორჯერ მოვიგეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტიტულს მშვენივრად ვიცავთ. ამ მიღწევას სხვებმა აუცილებლად უნდა სცენ პატივი. ვფიქრობ, ვაჩვენეთ, რომ მაშინ ვართ მზად, როცა ეს საჭიროა. დასახულ მიზნებს მივაღწიეთ. ეს დიდი შრომის, მონდომებისა და თავდაჯერების ფასად გავაკეთეთ.”

“მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ვცდილობ, რომ ყველა საკლუბო ტიტული და პირადი ჯილდო მოვიგო. ახლა კი, დიდი ოცნებაა მეხუთე ოქროს ბურთის მოპოვება. შესაბამისად, მომდევნო წელს კიდევ ერთის მოგების შანსი მექნება. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანი მიჭერს მხარს. ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის მინდოდა, შვილები მყოლოდა. მათ გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია,” – აცხადებს პორტუგალიელი.

ედენ აზარი: “ვიცი, ოქროს ბურთის მოგების შანსი არ მაქვს”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ვარსკვლავი, ედენ აზარი თვლის, რომ ოქროს ბურთის მოგებისთვის მებრძოლთა სიაში მოხვედრის მიუხედავად მას ამ ტიტულის მოგების არანაირი შანსი არ გააჩნია.

“შანსი არ მაქვს, ვერ მოვიგებ. ვფიქრობ და ვიცი, რომ არიან ჩემზე უკეთესი ფეხბურთელებიც. მე იმითაც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ საუკეთესო 30 მოთამაშეს შორის მოვხვდი.

ვიცი, რომ ნომინანტთა სიაში ვარ, მაგრამ ეს იმიტომ არის, რომ “ჩელსიში” ვთამაშობ და ზურგს დიდებული თანაგუნდელები მიმაგრებენ. ისინი ყოველთვის ცდილობენ ჩემს დახმარებას და ეს წარმატებაც მათი დამსახურებაა.

არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მექნება თუ არა ამ პრიზის მოგების შანსი, მაგრამ დღესდღეობით ეს ჩემი მთავარი მიზანი ნამდვილად არ არის. ჩემთვის მთავარია კარგად ვითამაშო და მოედანზე სიამოვნება მივიღო,”- აცხადებს აზარი Sky Sports-თან საუბრისას.

France Football‏-მა ოქროს ბურთისთვის მებრძოლი ფეხბურთელები დაასახელა

ყოველწლიურად ფრანგული გამოცემა France Football‏-ი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, დღეს კი, ამ ჯილდოსთვის მებრძოლი 30 ფეხბურთელი დასახელდა.

პირველ ხუთეულში მოხვდა ბრაზილიის ნაკრებისა და “პარ სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი ნეიმარი, მას მართლაც რომ გასაოცარი სეზონი ჰქონდა. ასევე, სიაშია არგენტინელი დიბალა, რომელმაც სერია A-ს მოგება მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. ჯილდოსათვის იბრძოლებს კანტე. გასულ სეზონში მან მეორედ მოახერხა პრემიერ ლიგის მოგება, ამჟამად “ჩელსისთან” ერთად, მისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული კი ფრანგი იყო. France Football‏-ს, არც მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები, ლუკა მოდრიჩი და მარსელო გამორჩენია, ამ ორ ფეხბურთელს გასაოცარი სეზონი ჰქონდათ ესპანურ გუნდთან ერთად, ისინი ზედიზედ მეორედ დაეუფლნენ ჩემპიონთა ლიგის თასს.

მეორე ხუთეულიდან ოქროს ბურთის მოსაპოვებლად “ბარსელონას” ფორვარდი ლუის სუარესი იბრძოლებს. ურუგვაელ ფორვარდს, შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა ლა ლიგაში. ასევე, პრიზისთვის იბრძოლებს “ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი. რა თქმა უნდა, არავის გაკვირვებია მადრიდის “რეალის” კაპიტნის, სერხიო რამოსის აქ ყოფნა, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის თავისი კლუბის წარმატებაში. სიაშია “ლივერპულის” შემტევი ფილიპე კოუტინიო და “ნაპოლის” ბელგიელი შემტევი დრის მერტენსი.

მესამე ხუთეულში France Football‏-მა შემდეგი ფეხბურთელები განაწესა: კევინ დე ბრუინი, რობერტ ლევანდოვსკი, დავიდ დე ხეა, ჰარი კეინი და ედინ ჯეკო. თითოეულ მათგანს წელს მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა თავიანთ გუნდებსა თუ ნაკრებებში. განსაკუთრებით კი, უნდა აღინიშნოს ჰარი კეინი, ამ ფეხბურთელმა უდიდესი პროგრესი განიცადა.

მეოთხე ხუთეული ასე გამოიყურება: გრიზმანი, კროოსი, სადიო მანე, ბუფონი, რადამელ ფალკაო. ჯიჯი ბუფონი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ამ პრიზის ერთ-ერთი მთავარი პრედედენტია. ასევე ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა ტონი კროსსაც მადრიდის “რეალთა” ერთად. რადამელ ფალკაომ მონაკოს რიგებში ყველას თავი შეგვახსენა და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. გამორჩეული იყო “ატლეტიკოს” რიგებში გრიზმანი, რომელმაც შეძლო და გასულ სეზონში 26 გოლი გაიტანა.

მეხუთე ხუთეულში ამ ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი რეალური კანდიდანტი მოხვდა. ლიონელ მესის გასაოცარი შედეგი ჰქონდა ლა ლიგაში. არგენტინელმა, მართალია კოპა დელ რეის გარდა ვერცერთი ტიტული ვერ მოიპოვა, მაგრამ წინა წელს მესი მართლაც რომ გასაოცარი იყო. ასევე, ამ ხუთეულში არიან: ედინსონ კავანი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მატს ჰუმელსი, კარიმ ბენზემა.

ბოლო ხუთეულში მოხვდა ამ პრიზის წინა წლის გამარჯვებული კრიშტიანუ რონალდუ, ბევრს აღარ ვილაპარაკებთ მის გასულ სეზონზე, მან ყველას დაგვანახა, რომ პორტუგალიელი გენიალური ფეხბურთელია. ასევე, ნომინანტთა შორისაა წინა წლის აღმოჩენა, ფრანგი კილიან მბაპე. ამ ფეხბურთელს “მონაკოსთან” ერთად შესანიშნავი წელი ჰქონდა და ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ისკო შესანიშნავად ირჯებოდა გასულ სეზონში, ამიტომაც ის ღირსეულად მოხვდა ამ სიაში. ასევე, ნომინირებულნი არიან ბელგიელი ედენ აზარი და იტალიელი ლეონარდო ბონუჩი.

რონალდო: “ოქროს ბურთს კრიშტიანოს მივცემდი”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ განაცხადა, რომ წელს ოქროს ბურთის მოგებას მადრიდის “რეალის” შემტევი, კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს.

“წელს, “ოქროს ბურთის” გამარჯვებულად კრიშტიანო რონალდუს ავირჩევდი. ბოლო ორი წელია, კრიშტიანო გამორჩეულია. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ბრწყინვალედ თამაშობდა, ახლა კი ფინალშია”, – უთხრა რონალდომ Fox Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2016-17 წლების სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში 45 გოლი გაიტანა.

ოქროს ბურთის გამარჯვებულები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ

რონალდო

პაველ ნედვედი

მაიკლ ოუენი

რობერტო ბაჯო

ჯორჯ ვეა

ლოთარ მათეუსი

ფაბიო კანავარო

ნეიმარი:”ოქროს ბურთის მოსაგებად თავის მოკვლას არ ვაპირებ”

ბრაზილიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ვარსკვლავმა, ნეიმარმა ყველასათვის ნათელი გახადა ფაქტი, რომ მას ისეთი ინდივიდუალური ჯილდოები, როგორიც ოქროს ბურთია, დიდად არ აინტერესებს.

“ბარსელონაში” ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, ისევე როგორც იმ ცხოვრებით, რომლითაც ვცხოვრობ.” – განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის ოფიციალურ საიტთან ჩაწერილ ინტერვიუში.

“რა თქმა უნდა, ოქროს ბურთის მოგება ჩემი ერთ-ერთი მიზანია, თუმცა ამისთვის თავის მოკვლას ნამდვილად არ ვაპირებ.

უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი ვიყო და ასეც არის. დიდი პრობლემა არ იქნება, ოქროს ბურთს თუ ვერ მოვიგებ. ფეხბურთს ხომ ამისთვის არ ვთამაშობ. “

“ოქროს ბურთი” ძველებურად აღარ ბრწყინავს

“ოქროს ბურთი” ძველ ფორმატს დაუბრუნდა. საუბრები მანამდეც იყო, მაგრამ მაინც მოულოდნელობა გახლდათ, როცა გამოაცხადეს, რომ ფრანგული გამოცემა “ფრანს ფუტბოლი” კვლავ დამოუკიდებლად გააგრძელებდა ჯილდოს გადაცემას, ფიფა კი წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზს აღადგენდა.

“ფრანს ფუტბოლის” “ოქროს ბურთი” ნამდვილად ვერ შეედრება ფიფას “ოქროს ბურთს”. პირველ რიგში, აღსანიშნავია განსხვავება მასშტაბურობას შორის. როდესაც “ოქროს ბურთი” ფიფას განკარგულებაში იყო, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე ყველა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი. დღეს კი, როდესაც ჯილდო “ფრანს ფუტბოლს” დაუბრუნდა, გამოკითხვა მხოლოდ ამ ფრანგული გამოცემის პარტნიორ მედიასაშუალებებში დასაქმებულ ჟურნალისტებს შორის ტარდება. გამოკითხვის შედეგზე არავინ დაობს, თუმცა “ოქროს ბურთს” ძველებურ მასშტაბურობაზე პრეტენზია ვერ ექნება და მართლაც, თუ ადრე ამ ჯილდოს მფლობელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მატარებელი ხდებოდა, დღეს პრიზის მიმღები მხოლოდ ევროპის საუკეთესო მოთამაშედ ცხადდება. ბუნებრივია, მასშტაბის შემცირებით, ჯილდო უწინდელივით პრესტიჟული ვერ იქნება.

“ფრანს ფუტბოლის” “ოქროს ბურთს” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს: ახალი ფორმატი აღარ ითვალისწინებს დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიის ჩატარებას. საუკეთესო შემთხვევაში, ჯილდო ფეხბურთელს მოკრძალებულ სტუდიაში გადაეცემა. წლევანდელ დაჯილდოებაზე კი ამაზე უარესი რამ ვიხილეთ. კრიშტიანუ რონალდუს ჯილდო გამარჯვებულად გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, მადრიდის “რეალის” მუზეუმში გადასცეს. იქვე გადაუღეს ვიდეო და ფოტოსურათები, რომლებსაც საიდუმლოდ ინახავდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც პორტუგალიელი ფეხბურთელი გამარჯვებულად გამოაცხადეს. ჩვენ ვერ ვიხილეთ “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის ემოცია პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვერ გავხდით პროცესის უშუალო თვითმხილველები, ჩვენ მხოლოდ გამოგვიცხადეს გამარჯვებული, გამოგვიქვეყნეს მისი სამადლობელი, დამუშავებული ტექსტი და გვიჩვენეს ორწუთიანი ვიდეო, რომელიც რამდენიმე დღით ადრე იყო ჩაწერილი.

“ფრანს ფუტბოლმა” “ოქროს ბურთის” გადაცემის ექსკლუზიური უფლება დაიბრუნა, მაგრამ თავად “ოქროს ბურთმა” ის ბრწყინვალება დაკარგა, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ფიფას განკარგულების პერიოდში ჰქონდა. ჯილდომ დაკარგა პრესტიჟულობა, ხოლო თავად გამარჯვებულის გამოცხადების პროცესი გადაიქცა უღიმღამო, უაზროდ გაწელილ და მომაბეზრებელ სტუდიურ ჩვენებად. საბედნიეროდ, ტკბილი ლუკმა წინაა: 2017 წლის 9 იანვარს ფიფა საკუთარ დაჯილდოების ცერემონიას ჩაატარებს. ჯილდოებიც უფრო პრესტიჟული იქნება და გაცილებით გრანდიოზულ და მასშტაბურ ღონისძიებასაც ვიხილავთ.

ოქროს ბურთისთვის ჰუგო ლორისი, ჯეიმი ვარდი, კოკე და კიდევ 27 სხვა ფეხბურთელი იბრძოლებს

France Football-მა იმ 30 ფეხბურთელის სია დაასახელა, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს, რომლის მფლობელსაც ოქროს ბურთი გადაეცემა.

როგორც იცით, გასულ წელს აღნიშნული პრიზი ლიონელ მესის გადაეცა. არგენტინელი გოლეადორი ოქროს ბურთისთვის წელსაც იბრძოლებს, ნეიმართან, ლუის სუარესთან, გარეთ ბეილთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად.

პრემიერ ლიგას კი აღნიშნულ სიაში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და “მანჩესტერ სიტის” შემტევები, სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინი წარმოადგენენ.


2016 წლის ოქროს ბურთისთვის მებრძოლთა სია


  • სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“ბორუსია დორტმუნდი”)
  • გარეთ ბეილი (“რეალი”)
  • ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
  • კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
  • კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”)
  • პაულო დიბალა (“იუვენტუსი”)
  • დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”)
  • ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)
  • გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”)
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
  • ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”)
  • კოკე (“ატლეტიკო”)
  • ტონი კროოსი (“რეალი”)
  • რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”)
  • ტომას მიულერი (“ბაიერნი”)
  • ლუკა მოდრიჩი (“რეალი”)
  • რიად მაჰრეზი (“ლესტერი”)
  • ლეო მესი (“ბარსელონა”)
  • ჰუგო ლორისი (“ტოტენჰემი”)
  • დიმიტრი პაიეტი (“ვესტ ჰემი”)
  • პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”
  • მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
  • პეპე (“რეალი”)
  • ნეიმარი (“ბარსელონა”)
  • რუი პატრისიო (“სპორტინგი”)
  • სერხიო რამოსი (“რეალი”)
  • ლუის სუარესი (“ბარსელონა”)
  • ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”)
  • არტურო ვიდალი (“ბაიერნი”)

  • გეტყვით იმასაც, რომ წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ორგანიზატორად მხოლოდ France Football გვევლინება, ამიტომაც არის, რომ ამ პრიზის მფლობელს მხოლოდ ჟურნალისტები აირჩევენ.

    ვის ანიჭებენ ბუკმეიკერები “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში უპირატესობას?

    უცხოური გამოცემა, Goal.Com-ი აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ ვის ანიჭებენ ცნობილი ტოტალიზატორის, Paddypower.com-ის ბუკმეიკერები უპირატესობას “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში.

    როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი შანსი პორტუგალიელ, კრიშტიანო რონალდოს აქვს. მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ევროპის ორი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, “ჩემპიონთა ლიგა” და “ევროპის ჩემპიონატი” მოიგო. ამ მომენტისთვის მის გამარჯვებას ნახსენებ ბრძოლაში 1.17 აქვს კოეფიციენტი.

    მეორე ადგილზე არის საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი, ანტუან გრიზმანი, რომელმაც წელს რონალდოსთან ორი გადამწყვეტი დაპირისპირება წააგო: ჯერ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი და შემდეგ “ევროპის ჩემპიონატის” დასკვნითი შეხვედრა. იმას, რომ გრიზმანი ოქროს ბურთს აიღებს, კოეფიციენტი აქვს 6.00.

    დანარჩენი ფეხბურთელების შანსები კი ასე გადანაწილდა: ლიონელ მესი (5.50), ლუის სუარესი (6.50). პოლ პოგბასა და გარეთ ბეილს ერთი და იგივე შანსები აქვთ – 26.00. ნეიმარმა შესაძლოა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე გაიბრწყინოს. ამიტომ, იმას, რომ სწორედ ბრაზილიელი დაეუფლება ამ ჯილდოს, 34.00 აქვს კოეფიციენტი. მიულერსა და ინიესტას კი  – 51.00.

    ფილიპ ლამი: ”მესიმ ოქროს ბურთი დაიმსახურა, თუმცა ფორმატი უნდა შეიცვალოს”

    მიუნხენის ”ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა “ოქროს ბურთის” შესახებ ისაუბრა. გერმანელი უკანახაზელის განცხადებით, მესიმ პრესტიჟული ჯილდო  დაიმსახურა, თუმცა იგი გამარჯვებულის გამოვლენის ფორმატის შეცვლის მომხრეა.

    ”როგორ შეარჩევენ მომავალში ოქროს ბურთის მფლობელს? ალბათ ”ფეისბუქით”. ეს ყველაზე თანამედროვე გზა იქნება. შედეგს კი ისევ მსგავსს მივიღებთ. სამი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ”ფეისბუქზე” რონალდო, მესი და ნეიმარი არიან. უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ ისინი ფანტასტიური ფეხბურთელები არიან და სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვედრა დაიმსახურეს, მაგრამ ხშირად მიჩნდება კითხვა, როგორ ავლენენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს? როდესაც საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზეა, თავდაპირველად, მისი მოგებული ტიტულები უნდა გავითვალისწინოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ნაკრებში მიღწეულ წარმატებასაც უნდა მიენიჭოს და შანსი ამ ფეხბურთელებსაც გაუჩნდეთ.”

    ასევე, ლამმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ოქროს ბურთს ხშირად შემტევი ფეხბურთელები იგებენ, რაც უსამართლობაა.

    ”ფაბიო კანავარო ის მცველია, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება დაიმსახურა. დაუვიწყარმა ნახევარმცველმა ლოთარ მათეუსმა ეს ჯილდო 1991 წელს მოიპოვა. ასევე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ ზინედინ ზიდანი გახდა. ოლივერ კანი შესანიშნავი მეკარე იყო, ახლა კი ერთ-ერთი საუკეთესო მანუელ ნოიერია, თუმცა 1963 წლის შემდეგ, რაც ოქროს ბურთი ლევ იაშინმა მოიპოვა, სცენაზე გამარჯვებულის რანგში არცერთი მეკარე არ ასულა. დღეს გამარჯვების მოპოვება იმ ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომლებიც ბევრ გოლს გაიტანენ. რა თქმა უნდა, ბავშვების გმირები ის ფეხბურთელები ხდებიან, რომლებიც ბურთს ბადეში მოათავსებენ და ლამაზ გოლს გაიტანენ, მაგრამ ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე ერთი მომენტის ტრიუმფი. ფეხბურთი გუნდურობა, ერთიანობა, დაცვა და მსხვერპლშეწირვაა.”

    შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოვება 11 იანვარს გაიმართა და მისი მფლობელი არგენტინელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც თანაგუნდელ ნეიმარსა და მადრიდის ”რეალის” შემტევ კრიშტიანო რონალდუს აჯობა.