გვარდიოლამ ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი დაასახელად. მისი აზრით, ეს წოდება ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს ეკუთვნის, რომელმაც 5 ივნისს საფრანგეთის ღია პირველობა მე-14-ედ, “დიდი სლემის” ტურნირები კი ჯამში 22-ედ მოიგო.

“ეს ყველაფერი შეუძლებლად გვეჩვენება, მით უფრო ნადალის ფიზიკური პრობლემების ფონზე. რაფას კარიერისა და წარმატების აღსაწერად შესაფერისი სიტყვები არ არსებობს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თუ მისი სხეული გაუმკლავდება ფეხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ის გააგრძელებს გამარჯვებებს.

ეჭვგარეშეა, რომ ნადალი ყველა დროის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენია. სპორტის ინდივიდუალური და გუნდური სახეობების ერთმანეთთან შედარება რთულია. ესპანეთს ძალიან კარგი სპორტსმენები ჰყავდა, მაგრამ სტაბილურობით ნადალს ვერავინ შეედრება”, – გვარდიოლას სიტყვებს “მარკა” აქვეყნებს.

ფინალური შეხვედრის შემდეგ რაფა ნადალმა განაცხადა, რომ ტურნირზე ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა.

გვარდიოლა: “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მეფეა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ “ქალაქელებს” მეტოქედ მადრიდის “რეალი” ერგოთ.

“ურთულესი გამოცდა გველის. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მეფეა. ამ ორი თვის განმავლობაში მაქსიმალურად სერიოზულად მოვემზადებით და ვეცდებით, რომ ორი კარგი მატჩი ჩავატაროთ.

თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, რომ ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ვართ. ხალხი ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ყველას სურს, რომ მაქსიმალურად შორეულ ეტაპამდე გავიდეს.

როდესაც ფეხბურთელის კარიერა მქონდა და “ბარსელონა” დავტოვე, ვოცნებობდი, რომ “იუვენტუსში” ზინედინ ზიდანთან ერთად მეთამაშა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მასთან საუბრის საშუალება ხშირად არ მქონია, ერთმანეთთან მხოლოდ სამჯერ თუ ოთხჯერ ვისაუბრეთ და ყოველ ჯერზე არაჩვეულებრივი პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა. მე მისით აღფრთოვანებული ვარ და ძალიან კარგია, რომ ფეხბურთში ასეთი პიროვნება მოიძებნება. ჩემთვის პატივია, რომ მას კიდევ შევხვდები”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

გვარდიოლა: “მოურინიო ჩემი მეზობელია”

ხვალ ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში გადადებული მანჩესტერული დერბი ჩატარდება: “ეტიჰადზე” “სიტი” “იუნაიტედს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

“ინგლისის თასი უკვე წარსულია. ისღა დაგვრჩენია, “არსენალს” მივულოცოთ და მომავალზე ვიფიქროთ. წინ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩია. ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელსაც ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს. ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით მეტოქემ, რა თქმა უნდა, დიდი ძალა დაკარგა, მაგრამ მათ ლინგარდი და რაშფორდი ჰყავთ.

მე და ჟოზე მოურინიო მეზობლები ვართ და როცა ერთმანეთს ვხედავთ, ყოველთვის ვესალმებით.

“მანჩესტერ იუნაიტედთან” დავიდ სილვას თამაში საეჭვოა. ჟეზუსი მზადაა, მაგრამ ის კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში არ არის. მასთან შედარებით სერხიო აგუერო სათამაშოდ უფრო მზადაა. ამის მიუხედავად, თითოეულ მათგანს შეუძლია თამაში და ყველაფერი ჩვენს სქემაზე იქნება დამოკიდებული”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ბიბისი სპორტი”.

მანჩესტერული დერბი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გვარდიოლა მოურინიოს ეთანხმება

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კოლეგა ჟოზე მოურინიოს დაეთანხმა და განაცხადა, რომ სეზონის ამ პერიოდში სანაკრებო ამხანაგური მატჩების ჩატარებას მიზანშეწონილად არ თვლის.

“ფედერაციებს სურთ, რომ დიდი ტურნირების წინ მათმა ფეხბურთელებმა მაქსიმალურად ბევრი ითამაშონ. რა თქმა უნდა, ჩვენც გვსურს, რომ ჩვენი მოთამაშეები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრნონ, მაგრამ ასევე გვინდა, რომ მოედანზე მაქსიმალურად ნაკლები დრო გაატარონ და კლუბებში უვნებლები დაბრუნდნენ.

მოურინიოსთან ერთად მეც ვღელავ ამ საკითხზე. წინ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებია, სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გველის. მაპატიეთ, მაგრამ ახლა სანაკრებო ამხანაგური მატჩების ჩატარება სასაცილოდ მეჩვენება”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი.

გვარდიოლა ვენგერს გამოექომაგა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ლონდონის “არსენალის” თავკაც არსენ ვენგერს გამოექომაგა, რომელსაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს.

“ბოლო ათი დღის განმაავლობაში რამდენი რამ მოვისმინე… ისე, როგორც ხალხი, ჟურნალისტები და ყოფილი ფეხბურთელები საუბრობენ ვენგერზე, უბრალოდ არ შეიძლება. დღეს ჩვენს საქმიანობას უკვე აღარავინ აფასებს. ეს ვენგერის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა. ჩვენ, მწვრთნელები გადაწყვეტილებებს ვიღებთ, დანარჩენები კი საუბრობენ ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებათ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს FourFourTwo.

შეგახსენებთ, რომ ვენგერის მიერ დამოძღვრილი “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნთან” “ალიანც არენაზე” ანგარიშით 1:5 განადგურდა.

გვარდიოლა: “ბიელსა ჩემი ერთ-ერთი კერპია”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტის, მარსელო ბიელსას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მათ 2006 წელს 11 საათი ერთად გაატარეს. სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა ესპანელმა მწვრთნელმა.

“ბიელსასგან ბევრი რამ ვისწავლე. 11 საათის განმავლობაში მისგან ბევრ რამეს გაიგებ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეიცნობ. ამისთვის მასთან ერთად უნდა ცხოვრობდე.

იგი ჩვენს პროფესიას განასახიერებს, პატივს სცემს თავის კოლეგებს, პატივს სცემს საკუთარ გუნდებს, საკუთარ ფეხბურთელებს.

მან ყველაფერი იცის ფეხბურთის შესახებ. იგი იმსახურებს, რომ ფეხბურთში იყოს ყოველ წელს, ყოველ მომენტში. მარსელო პატიოსანი და გონიერი კაცია. იგი ძლიერი პიროვნებაა ძლიერ ადამიანებთან და კარგი პიროვნებაა სუსტ ადამიანებთან. მე მისით აღფრთოვანებული ვარ. იგი ჩემი ერთ-ერთი კერპია”, – გვარდიოლას სიტყვებს getfootballnewsfrance ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსას სამწვრთნელო კარიერაში პაუზა აქვს აღებული.

გვარდიოლა რუნის გამოექომაგა: “სანაკრებო შეკრებებზე ხანდახან მეც ვსვამდი”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ უეინ რუნის გამოექომაგა და განაცხადა, რომ ფეხბურთელელად ყოფნის დროს გუნდის შეკრებებზე თავადაც დამთვრალა.

“ესპანეთის ნაკრების შეკრებებზე მეც არაერთხელ დავმთვრალვარ. გამიმართლა, რომ ფოტოები არ გადამიღეს. თქვენ, ჟურნალისტებიც სვამთ. თქვენ თქვენს საქციელზე ხართ პასუხისმგებლები, მე ჩემსაზე, ხოლო რუნი თავისაზე.

საკმარისი ასაკი გვაქვს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ. ყველას აქვს პირადი ცხოვრება, რასაც სხვებმა პატივი უნდა სცენ. უეინ რუნის დიდ პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელსა და ადამიანს”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “მირორი”.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:0) შემდეგ უეინ რუნი სასტუმროში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გამოიჭირეს, რის გამოც შესაძლოა, მას “სამი ლომის” კაპიტნის სამკლავური ჩამოართვან.

მოურინიო და გვარდიოლა შერიგდნენ (ვიდეო)

ესპანური პრესა ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაზე ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას შეხვედრას გაემოხმაურა.

სეზონის დაწყებამდე ფანები პორტუგალიელ და ესპანელ მწვრთნელებს შორის დიდ დაპირისპირებას მოელოდნენ, თუმცა ისინი მატჩის დაწყებამდე ერთმანეთს თბილად შეხვდნენ.

ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგა წერს:

“მათი ურთიერთობა კალაპოტში დგება. ესპანეთში ნამდვილი ომი ჰქონდათ, როდესაც “ელ კლასიკო” იმართებოდა. ისინი ერთმანეთს ცოტა ხნის წინ გამართულ მწვრთნელთა ფორუმზეც შეხვდნენ. შერიგების პროცესი დაიწყო”.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩი “წითელი ეშმაკების” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

“გვარდიოლა კარგი მწვრთნელი, მაგრამ ნაგავი ადამიანია”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ იაია ტურეს აგენტმა დმიტრი სელიუკმა “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა და იგი კოტ დივუარელი ფეხბურთელის ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვების გამო მკვახედ გააკრიტიკა.

“ფეხბურთელებმა გვარდიოლას უნდა უთხრან, რომ იაია მათი ოჯახის წევრია. ხოსეპს მოთამაშეებთან ასე მოქცევის უფლება არ აქვს. არასწორია მსოფლიო დონის ფეხბურთელთან ასე მოქცევა. თუმცა, ეს გვარდიოლას არჩევანია. იგი კარგი მწვრთნელი, მაგრამ ნაგავი ადამიანია.

ნორმალური ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. გვარდიოლას არ მოსწონს, როცა მის ქმედებებს განსჯიან.

ჩვენ ინგლისში ვართ და არა ჩრდილოეთ კორეაში ან ავღანეთში. აქ ადამიანებს აქვთ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება”, – ციტირებს იაია ტურეს აგენტის სიტყვებს “სანი”.

გვარდიოლა აგუეროსგან მეტს მოითხოვს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გუნდის თავდამსხმელ სერხიო აგუეროსგან მეტს მოითხოვს. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ არგენტინელ ფეხბურთელს უკეთ თამაში შეუძლია.

“თითოეული მოთამაშისგან მეტს მოვითხოვ. მეტი მინდა. აგუეროს წარმატებული თამაში მახარებს, მაგრამ მეტს ვითხოვ. მას უკეთ თამაში შეუძლია. არ მინდა, რომ სერხიო უბურთოდ დიდხანს იყოს მოედანზე. არ მინდა, რომ მან 40 მეტრი უბურთოდ ირბინოს.

აქტიური პრესინგი მნიშვნელოვანია. ბურთის მოსაგებად ბრზოლაა საჭირო, ამიოტომ, პრესინგზე უნდა ვითამაშოთ. თუმცა, ბურთის კონტროლი ბევრად მირჩევნია”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი.

გვარდიოლა: “თუ მოურინიო ჭიქა ღვინოზე დამპატიჟებს, უარს არ ვიტყვი”

დღეს მანჩესტერული დერბია: “ოლდ ტრაფორდზე” “იუნაიტედი” “სიტის” მიიღებს. მატჩამდე “ქალაქელთა” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

“თუ იგი ჭიქა ღვინოზე დამპატიჟებს, უარს არ ვიტყვი. არაერთხელ მითქვამს, რომ მას დიდ პატივს ვცემ. ჩემი კოლეგებისა და კონკურენტებისგან ბევრ რამეს ვსწავლობ და მათ შორის მოურინიოც გახლავთ. ჟოზე ჩემი მწვრთნელი იყო, როდესაც იგი ბობი რობსონის თანაშემწედ მუშაობდა.

მადრიდში შემდგარი ჩვენი ბოლო დაპირისპირება მძიმე გამოდგა, თუმცა ორი-სამი კვირის წინ პრემიერლიგის მწვრთნელთა შეკრებაზე ერთმანეთი ვნახეთ და ვისუაბრეთ კიდეც. ასე რომ, ჩვენ შორის ნორმალური ურთიერთობაა. ჩვენი დაპირისპირება მედიისთვის განსაკუთრებული მოვლენაა”, – გვარდიოლას კომენტარი “გარდიანმა” გამოაქვეყნა.

მანჩესტერული დერბი დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

გვარდიოლამ რონალდუს მოუბოდიშა

ამ რამდენიმე დღის წინათ მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეტოქედ ლისაბონის “ბენფიკას” ისურვებდა, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიური გუნდი ტურნირს მიუნხენის “ბაიერნმა” გამოთიშა.

ბავარიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ რონალდუს ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ სურვილი არ აუსრულა.

“ვიცი, რომ რონალდუს ნახევარფინალში “ბენფიკასთან” თამაში სურდა. ბოდიშს ვუხდი.

“ბენფიკა” ძლიერი გუნდია, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა. მატჩის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა რაულ ხიმენესის გოლმა საქმე გაგვირთულა. არტურო ვიდალის გოლი მეტად დაგვეხმარა და თამაში პრობლემების გარეშე წავიყვანეთ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ევროსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს, თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.