ჯერარდი: “ტორესმა გული მატკინა”

“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა, რომელიც დღესდღეობით გლაზგოს “რეინჯერსს” წვრთნის, ის დრო გაიხსენა, როდესაც მერსისაიდულ გუნდში ფერნანდო ტორესთან ერთად თამაშობდა.

“ტორესთან ერთად საკმარისად დიდხანს არ მითამაშია, რადგან ის “ჩელსიში” გადავიდა და გული მატკინა. ლუის სუარესი ნამდვილი ცხოველი იყო, მაგრამ მე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ტორესთან ერთად გავატარე.

მაშინ ბევრს ვშრომობდით, რათა კონკურენტებთან ჩამორჩენა შეგვემცირებინა და ბრძოლაში ვყოფილიყავით. ვგრძნობდით, რომ პროგრესი გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დიდი ფეხბურთელი წაგვართვეს. ამ დანაკლისის ამოსავსებად დიდი დრო იყო საჭირო.

ტორესთან ერთად თამაშის პერიოდში ბევრი გოლი გამქონდა, კარიერის პიკზე ვიდექი, თავს საოცრად ვგრძნობდი. მესმის, რომ ყველას განსხვავებული სიტუაცია აქვს. ადამიანებს თავიანთი ოცნებები და სურვილები აქვთ, გუნდში ყველა ადგილობრივი ვერ იქნება და ყველას ასე ვერ ეყვარება კლუბი. მე ეს მესმის და მათ არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ თანაგუნდელის წასვლა მაინც გულდასაწყვეტია”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Liverpool Echo.

შეგახსენებთ, რომ ტორესი და ჯერარდი “ენფილდზე” თანაგუნდელები 2007-დან 2011 წლამდე იყვნენ.

ფერნანდო ტორესი: “სიმეონემ ყველას აჩვენა, რომ ის დიდებული ლიდერია”

მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანელმა შემტევმა, რომელმაც “ნაპოლისთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:1) ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო, პრესასთან გუნდის თავკაცზე, დიეგო სიმეონეზე ისაუბრა.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სიმეონე ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. მწვრთნელიც ისეთივეა, როგორიც ფეხბურთელი იყო. უნდა, რომ ყველა კონცენტრირებული იყოს ვარჯიშზე და დავალებები ზედმიწევნით შევასრულოთ.

მისი კომუნიკაციის უნარი შესანიშნავია, ყველას ძალიან მარტივად აგებინებს თავის ტაქტიკებსა და იდეებს. ვფიქრობ, ის ამით ბედნიერია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ყველა დაარწმუნა, რომ ის დიდებული ლიდერია.

მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელების შენარჩუნება მოვახერხეთ. რთული გუნდების წინააღმდეგ გამარჯვება ამის გარეშე რთული იქნება. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულოთ, მან ყველაფერი იცის,” – აცხადებს ფერნანდო ტორესი.

რონალდუ და ტორესი ერთმანეთთან წაკინკლავდნენ (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ეგიდით გამართულ ბოლო დაპირისპირებაში (“ატლეტიკო” 2-1 “რეალი”) ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფებს.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ისკოს მიერ გატანილი გოლიდან რამდენიმე წუთიც კი არ იყო გასული, კრიშტიანუ რონალდუ და ფერნანდო ტორესი ერთმანეთთან წაკინკლავდნენ.

როგორც გამეორებიდან ჩანს, ჩხუბი ესპანელმა თავდამსხმელმა წამოიწყო, კრიშტიანუ რონალდუმ კი სიტუაცია ისე განმუხტა, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს შეეფერებოდა.

ტორესი: “გრიზმანმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა, კარგი ფეხბურთელობა, თუ საუკეთესოობა”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა თავის თანაგუნდელს მადრიდში დარჩენისკენ მოუწოდა.

“მსოფლიოში “ატლეტიკოზე” უკეთესი კლუბი ძალიან ცოტაა. სად უნდა წავიდეს გრიზმანი, რომ თავი უკეთ იგრძნოს? იმედი მაქვს, რომ ის სამუდამოდ დარჩება აქ.

გრიზმანი ახლა 26 წლისაა, ეს კარგი ასაკია იმის გადასაწყვეტად, თუ რა გსურს, იყო უბრალოდ კარგი ფეხბურთელი, თუ იბრძოლო საუკეთესოობისთვის.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მაგრამ ვთვლი, რომ ბევრი ვერ შესთავაზებს იმას, რაც მას “ატლეტიკოში” აქვს – კლუბი იბრძვის საშინაო ჩემპიონატისთვის, ჩემპიონთა ლიგისათვის და ამავდროულად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სტატუსიც აქვს. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რამაც მას წასვლისკენ უნდა უბიძგოს,” – აცხადებს ესპანელი ფორვარდი.

ფერნანდო ტორესი დაბრუნდა

პირველად “დეპორტივოსთან” გამართულ მატჩში მიღებული საზარელი ტრავმის შემდეგ, ფერნანდო ტორესს თამაშში დაბრუნების უფლება აქვს.

როგორც იცით, დიეგო სიმეონეს გუნდი ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს გამართავს, გერმანულ “ლევერკუზენთან”. აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა ტორესს ამ მატჩში მონაწილეობის მიღება უკვე მისცეს.

ფერნანდო ტორესის მსგავსად, თამაშის უფლება მიიღო სტეფან სავიჩმაც, რომელმაც “გრანადასთან” მატჩში ცხვირი გაიტეხა.

ფერნანდო ტორესი საავადმყოფოდან გაწერეს

მადრიდის “ატლეტიკოს” მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ფერნანდო ტორესი “დეპორტივოსთან” მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

როგორც იცით, ესპანელი ფორვარდი ალექს ბერგანტინოსთან შეჯახების შედეგად დაზიანდა. თავდაპირველად, ტრავმა ძალიან სერიოზული ჩანდა, თუმცა, როგორც შემდეგში გაირკვა, საქმე ტვინის შერყევასთან არ გვაქვს.

“როხიბლანკოს” ფორვარდი მომდევნო 48 საათის განმავლობაში ყველანაირ ფიზიკურ სამუშაოს უნდა მოერიდოს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანში შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას.

კარიკატურა: მალე გამოჯანმრთელდი, ფერნანდო! (ფოტო)

2 მარტს, ესპანეთის “ლა ლიგის” 25-ე ტურში ლა კორუნიის “დეპორტივომ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო. შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. თამაშის 85-ე წუთზე, “როხი ბლანკოს” თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა მეტოქესთან თავით შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა. საბედნიეროდ, ესპანელი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. იგი საავადმყოფოშია და სახლში დღეს გაწერენ. იგი ვარჯიშსაც მალე დაუბრუნდება.

“ელ ნინიოს” ბევრი მხარდასაჭერი პოსტი თუ სტატია მიეძღვნა. ამასთან დაკავშირებით ომარ მონამიმ შემოგვთავაზა კარიკატურა, სახელწოდებით: “მალე გამოჯანმრთელდი, ფერნანდო!”

 

ტორესი: “ლივერპულში” ისე წარმომაჩინეს, თითქოს მოღალატე ვიყავი”

ფერნანდო ტორესმა თავის წიგნში (‘Ring of Fire: Liverpool FC into the 21st Century – the players’ stories’) იმ დროზე ისაუბრა, როდესაც ის “ლივერპულიდან” ლონდონურ “ჩელსიში” გადაბარგდა. მას წიგნში დაზუსტებით აქვს აღბეჭდილი იქაური მდგომარეობა.

“დირექტორმა (დემიენ კომოლი) მამცნო, რომ კლუბის მფლობელებს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუ რაში უნდა ჩაედოთ თავიანტი ინვესტიცია.

მათ კლუბში ახალგაზრდე ფეხბურთელების მოყვანა სურდათ, რათა რაღაც ახალი შეექმნათ. მე კი ვიცოდი, რომ ეს დიდ დროს წაიღებდა – ორ, სამ, ოთხ და შესაძლოა, 10 წელსაც.

მე კი ამდენი დრო არ მქონდა. მაშინ 27 წლის ვიყავი. დაცდა აღარ შემეძლო. მინდოდა მომეგო. აი, ახლა 5 წლის შემდეგ, ვხედავთ, რომ ისინი კვლავ აშენებენ ახალ გუნდს – და იმავე პოზიციაზე არიან, რომელშიც მაშინ იყვნენ, როდესაც მე იქ ვიყავი.

შემდეგ კი ისე წარმომაჩინეს, თითქოს მოღალატე ვიყავი. ასეთი არ ვარ. “ლივერპულს” არ უნდოდა ეღიარებინა, რომ ეს მისი შეცდომა იყო. ისინი განტევების ვაცს ეძებდნენ.”

ტორესი: ” ტოტენჰემი” აუცილებლად მოიგებს პრემიერ ლიგას”

მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანელი ფორვარდი, ფერნანდო ტორესი მაურისიო პოჩეტინოს მიერ “ტოტენჰემში” გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებს და თვლის, რომ ეს გუნდი მომავალში აუცილებლად გახდება ინგლისის ჩემპიონი.

“გასაოცარი კლუბია, გასაოცარი ფანებით. როდესაც ინგლისში ვთამაშობდი, “უაით ჰართ ლეინზე” ჩასვლა და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულად მიმაჩნდა.

პოჩეტინო გუნდში დიდებულ საქმეს აკეთებს. ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოცდილ ფეხბურთელებთან შერევას შედეგი აშკარად აქვს.

ისინი შესანიშნავად აკეთებენ თავიანთ საქმეს. გასულ სეზონში, ისინი ძალიან ახლოს იყვნენ პრემიერ ლიგის მოგებასთან. ისინი სწორ გზას ადგანან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ისინი მაინც გახდებიან ჩემპიონები.”

ტორესი: “ფინალი – ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მატჩი”

მადრიდის “ატლეტიკოს” გამოცდილი ფორვარდი, ფერნანდო ტორესი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალის” დამარცხებით ის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ოცნებას აისრულებს.

“ეს ფინალი ყველაფერს ნიშნავს, ყველაფერს რაზეც ბავშვობიდან ოცნებობ. ” – განაცხადა “როხიბლანკოს” ფეხბურთელმა “სან სიროზე” გასამართი მატჩის წინ.

“მე მაქვს შანსი, რომ ეს ოცნება ავიხდინო. რამოდენიმე დიდ გუნდში ვითამაშე, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია, ეს სწორედ ის არის, რაც ბავშვობიდან მინდა.

მე დავბრუნდი ამ კლუბში და ვბრძოლობ საკუთარი ადგილისთვის, გამაქვს გოლები, რათა მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. ეს მატჩი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტია, ამაში ეჭვი არ მეპარება.”

Sport.es: ტორესმა „ატლეტიკოსთან“ გაახანგრძლივა

როგორც ესპანური გამოცემა Sport.es-ი იუწყება, მადრიდის „ატლეტიკომ“ თავდამსხმელ ფერნანდო ტორესთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის გაფორმებული ახალი შეთანხმება 2018 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. ზამთარში „ატლეტიკო“ მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავდა, თუმცა ბოლო ორ თვეში „ელ ნინიომ“ 6 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, რის გამო კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.

ჯამში, პრიმერას 2015/16 წლების სეზონში 32 წლის თავდამსხმელმა თავის ანგარიშზე 12 გოლი და 5 საგოლე პასი ჩაიწერა.

AS: „ატლეტიკო“ ტორესს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ესანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ფერნანდო ტორესით კმაყოფილია და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს. ამჟამინდელი შეთანხმება მხარეებს 2016 წლამდე აკავშირებთ.

წყარო ასევე წერს, რომ „ელ ნინიოს“ ჩინეთიდან და MLS-დან საინტერესო წინადადებები აქვს, რომელსაც ის ასევე გადახედავს.

პრიმერას ბოლო ორ თვეში ტორესმა 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.