„პლატინი ფიფა-სთვის იდეალური პრეზიდენტი იქნებოდა“

საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტმა ფრედერიკ ტირიემ ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტიდან ზეპ ბლატერის გადადგომის შესახებ ისაუბრა.

„ყველაზე მთავარი ახლა ფიფა-სა და ფეხბურთის მომავალია.

პლატინი დიდებული ფეხბურთელი იყო, რის შემდეგაც ევროპული ფეხბურთის კოფნერედერაციის დიდებულ ლიდერად ჩამოყალიბდა. ფიფა-სთვის ის იდეალური პრეზიდენტი იქნებოდა“, – განაცხადა ტირიემ.

პლატინიმ ბლატერის გადადგომა შეაფასა

„კოკა-კოლა“: „ბლატერის წასვლა ფეხბურთისთვის სასიკეთოა“

ფიფას ერთ-ერთი სპონსორი, კომპანია „კოკა-კოლა“ იოზეფ ბლატერის ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას გამოეხმაურა.

„მისტერ ბლატერის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, დღევანდელი მოვლენა სწორი ნაბიჯია, რომელიც სპორტზე, ფეხბურთზე და გულშემატკივრებზე დადებითად იმოქმედებს.

იმედია, ფიფა არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს და ფეხბურთის მოყვარულების ნდობას დაიბრუნებს. გვჯერა, რომ ეს ფიფა-ს 21-ე საუკუნის ორგანიზაციად აქცევს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

პლატინიმ ბლატერის გადადგომა შეაფასა

უეფას ხელმძღვანელმა მიშელ პლატინიმ ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან იოზეფ ბლატერის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა.

“ეს რთული, მაგრამ გაბედული და სწორი გადაწყვეტილება იყო”, – ციტირებს პლატინის სიტყვებს BBC.

ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან უდგას სათავეში. 29 მაისს ის მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.

 

ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა

29 მაისს ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მეხუთედ არჩეულმა იოზეფ ბლატერმა დაკავებული თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

“მრავალი წელია მე ფიფასთან და სპორტის ამ მშვენიერ სახეობასთან ვარ დაკავშირებული. ფიფა ყველაფერზე მეტად მიყვარს და ამ ორგანიზაციისთვის მხოლოდ კარგის გაკეთება მსურს. ამიტომ, გასულ არჩევნებში კვლავ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში ნდობას ყველა არ მიცხადებს.

უახლოეს მომავალში ახალი კონგრესი შედგება, რომელზეც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, რის შემდეგაც მე პოსტს დავტოვებ” – განაცხადა ბლატერმა, რომელიც ფიფას პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან იკავებდა.

 

ბლატერი: “პლატინიმ ჯერ ვისკი შემომთავაზა, შემდეგ კი…”

ფიფას ახალარჩეული პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინისთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მას პლატინიმ გადადგომისკენ მოუწოდა.

“პლატინიმ ჯერ პირადი შეხვედრა მთხოვა, შემდეგ კი მეგობრულად ვისკი შემომთავაზა. როდესაც უარი ვუთხარი, მან სრული სერიოზულობით მითხრა, რომ ფიფას პრეზიდენტის პოსტი უნდა დამეტოვებინა.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა იმედები გამიცრუა. ვიცი, რომ არჩევნების წინა ღამეს პლატინიმ ყველა ფედერაციას მიწერა, ჩემ წინააღმდეგ ხმის მიცემა და პრინც ალის მხარდაჭერა სთხოვა”, – ბლატერის სიტყვები ინტერნეტპორტალ blick.ch-ზე გამოქვეყნდა.

რამდენიმე დღის წინათ თავად პლატინიმაც განაცხადა, რომ ბლატერს ფიფას პრეზიდენტის პოსტის დატოვება შესთავაზა.

 

ბეკენბაუერმა ბლატერის გამკრიტიკებელი უეფა გააკრიტიკა

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა კაპიტანმა ფრანც ბეკენბაუერმა კრიტიკული განცხადება გააკეთა უეფას მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ფიფას ახალარჩეულ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს აკრიტიკებს.

“ბლატერი ძლიერი პიროვნებაა, დიდი რეპუტაციით სარგებლობს. უეფამ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ვერ შეძლო და მხარი ნაკლებად ცნობილ აზიელს დაუჭირა. რამის შეცვლა რომ მსურდეს, ალტერნატივას თავადვე წამოვაყენებდი”, – ბეკენბაუერის სიტყვები ინტერნეტპორტალ t-online.de-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეპ ბლატერმა ერთადერთი კონკურენტი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი დაამარცხა.

 

სკანდალი: ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ბლატერის გამო თავისი პოსტი დატოვა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა ფიფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რომელზეც მარტში დაინიშნა.

„ჩემთვის პროფესიონალური რეპუტაცია მნიშვნელოვანია. სანამ მისტერ ბლატერი ფიფას ხელმძღვანელობს, ფეხბურთში უკეთესობისკენ ვერაფერი შეიცვლება. მე ინგლისის ფეხბურთის ფედერაციაში და უეფაში მუშაობას გავაგრძელებ. ვფიქრობ, ამ ორ ორგანიზაციაში მუშაობა ჩემთვის პრივილეგიაა“, – განაცხადა გილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფიფას პრეზიდენტის არჩევნები შედგა, რომელთა შედეგების მეორე ტურის მიხედვით, ორგანიზაციის ხელძღვანელის პოსტზე კვლავ იოზეფ ბლატერი დარჩა.

ფიგუ: “დღეს ფიფამ წააგო”

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ფიფას პრეზიდენტად იოზეფ ბლატერის მეხუთე ვადით არჩევას კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა.

“დღეს ფიფამ წააგო, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ წააგო ფეხბურთმა, წააგო იმ ხალხმა, ვისაც მასზე გული შეტკივა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფიგუმ.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს ლუიშ ფიგუც იყრიდა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი კანდიდატურა ბლატერის კონკურენტ ალი ბინ ალ ჰუსეინის სასარგებლოდ მოხსნა.

 

ფიფამ პრეზიდენტი ვერ აირჩია

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულებულია.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტისთვის ერთმანეთს ფიფას მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი ეცილებოდნენ.

ხმები ასე გადანაწილდა:

ალი ბინ ალ ჰუსეინი — 73 ხმა;
იოზეფ ბლატერი — 133 ხმა.

გამარჯვებისთვის ერთ-ერთ კანდიდატს საერთო ხმების 2/3 (140 ხმა) უნდა მოეგროვებინა. რადგან უპირატესობა ასეთი საგრძნობი არ არის, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების ბედს მეორე ტური გადაწყვეტს. მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.

 

კითხვაზე, მოიგო თუ არა ბოლო მუნდიალი გერმანიამ, ფიფას კონგრესის დელეგატთა 5 პროცენტმა არასწორად უპასუხა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შემოწმების მიზნით ფიფას კონგრესი მარტივი კითხვით გახსნა.

კითხვაზე, მოიგო თუ არა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გერმანიის ნაკრებმა, დელეგატთა მხოლოდ 95 პროცენტმა უპასუხა სწორად.

ხმის უფლების მქონე 205 დელეგატს ამ კითხვაზე პასუხი 15 წამში უნდა დაეფიქსირებინა. 205-დან 195 დელეგატმა უპასუხა კითხვას.

95 პროცენტმა დააფიქსირა, რომ გერმანიამ ნამდვილად მოიგო ბოლო მუნდიალი. ხუთმა პროცენტმა კი (ანუ 195 დელეგატიდან ცხრამ) აღნიშნულ კითხვას არასწორად უპასუხა.

როგორც ჩანს, მათ ხმის მიცემის მოწყობილობის სწორად გამოყენება არ იცოდნენ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, უარყოფითი პასუხი შეგნებულად დაეფიქსირებინათ.

 

დევიდ ქემერონი: “ბლატერი უნდა წავიდეს”

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი თვლის, რომ ფიფას ახალი ლიდერი და რეფორმები სჭირდება. შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნების დღეა. იოზეფ ბლატერის ერთადერთი კონკურენტი იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი გახლავთ.

“ჩემი აზრით, ბლატერი უნდა წავიდეს. თუ ორგანიზაციას საშინელ კორუფციაში სდებენ ბრალს, მისი ხელმძღვანელობა სათავეში აღარ უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, ჩვენ ლამაზი თამაშის მახინჯ მხარეს ვუყურებთ და რაც მალე წავა ბლატერი, მით მალე აღიდგენს ფიფა იმიჯს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხალხს სურს, რომ ფეხბურთს სათანადოდ ეპყრობოდნენ. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატითაც ყველა დატკბება”, – ქემერონის სიტყვებს “მირორი” აქვეყნებს.

 

როგორ მოიპარა ფიფას მაღალჩინოსანმა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი მედალი (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, ფიფაში დიდი სკანდალია. ფეხბურთის მმართველი ორგანოს 14 პირი კორუფციულ მაქინაციებში ამხილეს. ოთხშაბათს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის არის ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მარია მარინი, რომელიც ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე ფიფას საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გახლდათ.

83 წლის ჟოზე მარია მარინი მანამდეც იყო შემჩნეული არასასურველ ვითარებაში. 2012 წელს, სან პაულუში გამართული ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის დაჯილდოების ცერემონიაზე მან ფეხბურთელისთვის განკუთვნილი მედალი ფარულად ჯიბეში ჩაიდო. ეს ეპიზოდი ვიდეოკამერების ობიექტივში მოხვდა.