ტანზანიელი გულშემატკივარი ფსონად საკუთარ მეუღლეს ჩამოვიდა და წააგო

BBC-ის რეპორტიორი, ოსასუ ობაიუვანა საკმაოდ საინტერესო და უცნაური ფსონის შესახებ მოგვითხრობს, რომლის წაგების შემდეგაც ტანზანიელი გულშემატკივარი, დარ ეს სალაამი უცოლოდ დარჩა.

სალაამმა ფსონი “იანგაზე” დადო, რასაც ადგილობრივები “სიმბასა” და “იანგ აფრიკანზის” დაპირისპირებას უწოდებენ. მატჩი “სიმბას” გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.

ამ ორი კლუბის გულშემატკივრებს შორის დადებული ფსონის წესების თანახმად კი, დამარცხებულს თავისი ცოლი გამარჯვებულისთვის უნდა დაეთმო და ასეც მოხდა…

„ერთი გარიგებული მატჩიც ბევრია“ – უეფამ „სუფთა ფეხბურთის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ბილბაოში გამართული უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გარიგებული მატჩების წინააღმდეგ საბრძოლველად 11-პუნქტიანი რეზოლუცია დამტკიცდა. დოკუმენტს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის დონეზე არსებობს, 27 მარტს, ასტანაში გასამართ უეფას კონგრესზე წარადგენენ. მანამდე უეფა თავის ასოციაციებთან კონსულტაციებს გაივლის. ამრიგად, უეფა გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ახალი პროექტის შესახებ უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ისაუბრა.

„გარიგებული მატჩები ფეხბურთის სულზე მოქმედებს. გვინდა, რომ სპორტულ ორგანიზაციებთან და სახელისუფლებო ორგანოებთან ეფექტური თანამშრომლობა გავაძლიეროთ. წელიწადში 32 ათასზე მეტ მატჩს ვატარებთ: ყველა ეს შეხვედრა უეფას ეგიდით ტარდება, გარდა ამისა – უმაღლესი და პირველი დივიზიონის მატჩები იმართება. ამ შეხვედრათა დაახლოებით 0,7 პროცენტი ეჭვის ქვეშ დგება და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი გარიგებული მატჩიც ძალიან ბევრია.

მიმდინარე სეზონში უეფამ ევროთასებიდან სამი კლუბი მოკვეთა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ისინი ეროვნულ ჩემპიონატებში გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მივეცით არბიტრს, რომელიც გარიგებულ მატჩში კი არ მონაწილეობდა, არამედ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილე ელემენტებთან ურთიერთობდა და ამ ყველაფერს უეფას არ ატყობინებდა. ასე რომ, იმ პირების მიმართ, რომლებიც ასეთ ქმედებებში იქნებიან შემჩნეულნი, ამოქმედდება გრძელვადიანი ან სამუდამო დისკვალიფიკაცია.

უეფასთვის გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა მთავარი მიზანია. ჩვენ ამ გამოვლინების მიმართ კვლავ ნულოვან ტოლერანტობას გამოვიჩენთ. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ასოციაციებმა ანალოგიურად იმოქმედონ, გაითავისონ ჩვენი იდეები. აღმასრულებელი კომიტეტი სთხოვს ასოციაციებს, რომ ამ საქმიანობის წინააღმდეგ კონკრეტული და ეფექტური მექანიზმები გამოიყენოს. არ შეიძლება, რომ ერთ ქვეყანაში რაღაცა ისჯებოდეს და მეორე ქვეყანაში ანალოგური რამ – არა“, – ინფანტინოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეუძლია გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს ინფორმაცია მიაწოდოს.

გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა
დაიწყო „საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია – საფა“-მაც.

ბექა დოგრაშვილი

„არსენალი“ მწვრთნელს დასჯის

ლონდონის „არსენალი“ კლუბის აკადემიის მწვრთნელ მარკ არბერის მიმართ მკაცრი სანქციების გატარებას აპირებს. აღნიშნული პირი „მეთოფეთა“ სკაუტის, ბობ არბერის შვილია და, როგორც ჩანს, კლუბის სატრანსფერო საკითხებში კარგად იყო ჩახედული, რითაც ისარგებლა კიდეც და მადრიდის „რეალიდან“ მესუთ იოზილის „არსენალში“ გადასვლაზე ფსონს ჩამოვიდა, რაც საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო. „დეილი მეილის“ ცნობით, იმ დროისთვის აღნიშნული ტრანსფერის კოეფიციენტი 14/1-ზე იყო. ცნობისთვის, 35 წლის მარკ არბერი პროფესიონალი ფეხბურთელია და „ქორბი თაუნში“ მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებს. შესაძლოა, ის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამაც დასაჯოს.

ბექა დოგრაშვილი