ფეხბურთელები, რომლებმაც პრემიერლიგა ორი სხვადასხვა კლუბის რიგებში მოიგეს

წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებმაც ინგლისის პრემიერლიგა ორი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში მოიგეს.

ჰენინგ ბერგი — “ბლექბერნი” (1995), “მანჩესტერ იუნაიტედი” ( 1999, 2000)

ნიკოლა ანელკა — “არსენალი” (1998), “ჩელსი” (2010)

ეშლი კოული — “არსენალი” (2000, 2004), “ჩელსი” (2010)

გაელ კლიში — “არსენალი” (2004), “მანჩესტერ სიტი” (2012, 2014)

კოლო ტურე — “არსენალი” (2004), “მანჩესტერ სიტი” (2012)

კარლოს ტევესი — “მანჩესტერ იუნაიტედი” (2008, 2009), “მანჩესტერ სიტი” (2012)

რობერტ ჰუტი — “ჩელსი” (2005, 2006), “ლესტერი” (2016)

პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესონი დასახელდნენ

ინგლისის პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს.

თვის საუკეთესო მოთამაშედ “ევერტონის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ დასახელდა. შეგახსენებთ, რომ “კანფეტებმა” მარტში ჩატარებული სამი მატჩიდან ორი გამარჯვებით, ერთი კი მარცხით დაასრულეს. ლუკაკუმ ამ სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად “ბორნმუთის” თავკაცი ედი ჰაუ დასახელდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედს” გასვლაზე ათი კაცით დაუზავდა (1:1), შინ კი “ვესტ ჰემი” (3:2) და “სუონსი სიტი” (2:0) დაამარცხა.

პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესონი დასახელდნენ

ინგლისის პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დასახელდა.

თვის საუკეთესო მოთამაშედ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველი დელე ალი დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ “დეზებმა” იანვარში ჩატარებული ხუთი მატჩიდან სამი გამარჯვებით, ორი კი ფრედ დაასრულეს. ალიმ ამ ხუთ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა.

იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად “სუონსი სიტის” თავკაცი პოლ კლემენტი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ იგი გუნდში 3 იანვარს მივიდა. მისი ხელმძღვანელობით “სუონსიმ” ოთხიდან სამ მატჩში გამარჯვება მოიპოვა და გასავარდ ზონას თავი დააღწია. კლემენტის თავკაცობით “სუონსიმ” გასვლაზე “ლივერპული” დაამარცხა, შინ გაიმარჯვა უშუალო კონკურენტებთან – “კრისტალ პალასთან” და “სანდერლენდთან”, დამარცხდა “არსენალთან”.

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დღეს პრემიერ ლიგის მეექვსე ტური დასრულდა. იგი ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩებით გამოირჩა.

Goal.Com-ი გვთავაზობს პრემირ ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლურ გუნდს.

პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესონი დაასახელეს

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი აირჩიეს. 25 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა ხმათა 41 პროცენტი მოაგროვა და უკან ჩამოიტოვა ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 34 პროცენტი), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”, 17 პროცენტი) და კერტის დევისი (“ჰალ სიტი”, 8 პროცენტი). აზარმა გასულ თვეში სამი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ჟოზე მოურინიო დასახელდა, რომელმაც ხმათა 40 პროცენტი მიიღო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტეს (“ჩელსი”, 33 პროცენტი), ხოსეპ გვარდიოლას (“მანჩესტერ სიტი”, 14 პროცენტი) და მაიკ ფელანს (“ჰალ სიტი”, 13 პროცენტი) აჯობა. მოურინიო თავკაცობით “მანჩესტერ იუნაიტედმა” აგვისტოში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე გამარჯვებით დაასრულა.

პრემიერლიგა: ვის ჰყავდა ყველაზე ახალგაზრდული და ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობები ამ სეზონში?

ინგლისის პრემიერლიგის სტატისტიკოსებმა ტურნირზე მოასპარეზე გუნდების სასტარტო შემადგენლობების საშუალო ასაკი გამოთვალეს.

როგორც გაირკვა, აწ უკვე დასრულებულ სეზონში საშუალოდ ყველაზე ახალგაზრდული სასტარტო განაცხადი “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ჰყავდა, ყველაზე ასაკოვანი კი – “ვესტ ბრომვიჩს”.

კონკრეტულ მატჩში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა “ლივერპულმა” გამოიყვანა. კერძოდ, პირველ მაისს “სუონსი სიტის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (1:3) მერსისაიდული გუნდის სასტარტო განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 23 წელი და 218 დღე იყო. ყველაზე ასაკოვანი სასტარტო შემადგენლობა (30 წელი და 315 დღე) “ვესტ ბრომვიჩმა” იმავე “სუონსისთან” 26 დეკემბერს გამოიყვანა.

პრემიერლიგის გუნდების სასტარტო შემადგენლობების საშუალო ასაკი:

1. “ტოტენჰემი” – 24 წელი და 328 დღე
2. “ლივერპული” – 25 წელი და 241 დღე
3. “ნიუკასლი” – 25 წელი და 337 დღე
4. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 26 წელი და 8 დღე
5. “ევერტონი” – 26 წელი და 306 დღე
6. “საუთჰემპტონი” – 26 წელი და 322 დღე
7. “ვესტ ჰემი” – 26 წელი და 348 დღე
8. “ასტონ ვილა” – 27 წელი და 35 დღე
9. “ჩელსი” – 27 წელი და 112 დღე
10. “არსენალი” – 27 წელი და 142 დღე
11. “სანდერლენდი” – 27 წელი და 276 დღე
12. “სტოკ სიტი” – 27 წელი და 290 დღე
13. “ბორნმუთი” – 28 წელი და 12 დღე
14. “სუონსი” – 28 წელი და 42 დღე
15. “ლესტერი” – 28 წელი და 51 დღე
16. “კრისტალ პალასი” – 28 წელი და 55 დღე
17. “ნორვიჩი” – 28 წელი და 62 დღე
18. “მანჩესტერ სიტი” – 28 წელი და 253 დღე
19. “უოტფორდი” – 28 წელი და 257 დღე
20. “ვესტ ბრომვიჩი” – 29 წელი და 197 დღე

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ “ლესტერ სიტის” შემტევი ნახევარმცველი რიად მარეზი დასახელდა.

გამოკითხვა პრემიერლიგის გუნდების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს შორის მოეწყო.

რიად მარეზი პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელაც აღნიშნული ჯილდო დაისაკუთრა.

25 წლის ალჟირელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 34 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“ჩელსი” შინ “ლივერპულთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-4 წუთზე რამირესის თავური დარტყმის წყალობით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ლონდონელებმა აქცენტი თავდაცვით თამაშზე გააკეთეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ფილიპე კოუტინიომ წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის მეორე ნახევარში “ენფილდროუდელები” გაცილებით ეფექტიანად მოქმედებდნენ და ამან შესაბამისი შედეგიც გამოიღო: 74-ე წუთზე კოუტინიომ დუბლი შეასრულა, 83-ე წუთზე კი თავისი გოლი შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან ბენტეკემაც გაიტანა.

ამრიგად, ჟოზე მოურინიოს “ჩელსიმ” მორიგი მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში ამ წუთისთვის მე-15 პოზიცია უკავია. “ლივერპულმა” აქტივში 17 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ინგლისის პრემიერლიგა
XI ტური
“ჩელსი” — “ლივერპული” 1:3 (1:1)

გოლები: რამირესი 4′ — კოუტინიო 45+3′, 74′, ბენტეკე 83′.
გაფრთხილებები: ობი მიკელი 66′ — ლალანა 24′, ლუკას ლეივა 58′, ჯანი 65′, ბენტეკე 86′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

 

პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას აღიარებს

ინგლისის პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი მზად არის, თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადონ. აქედან ერთ-ერთი მოთამაშე ინგლისის ნაკრების წევრი გახლავთ.

ამის შესახებ “დეილი მირორის” შაბათის ნომრის თავფურცელზე ვკითხულობთ.

მანამდე თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გერმანელმა ტომას ჰიტცლშპერგერმა განაცხადა, თუმცა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც მოთამაშის კარიერა დაასრულა.

ცნობისთვის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჰომოფობიის წინააღმდეგ კამპანიას ყოველწლიურად ატარებს.

newspaper

 

გუშინდელი დღე პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა

ინგლისის პრემიერლიგის გუშინდელი დღე ისტორიაში შევიდა.

შაბათის რვა მატჩში 35 გოლი გავიდა, რითაც ეს დღე ტურნირის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი დღეების 10-ეულში მოხვდა.

რეკორდი 1993 წლის 8 მაისს დაფიქსირდა, როდესაც 9 მატჩში 47 გოლი გავიდა.

პრემიერლიგის ყველაზე შედეგიანი დღეები

 

პოლიციამ “მანჩესტერისა” და “ლივერპულის” ფანები გააფრთხილა

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” მიიღებს.

სატელევიზიო უფლებების მქონე კომპანიის მოთხოვნით, შეხვედრა გვიან, კერძოდ – თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ამის გათვალისწინებით სამართალდამცველები შიშობენ, რომ ორივე კლუბის ფანები დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს მიიღებენ და შესაძლოა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ჰქონდეს ადგილი.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ ორივე კლუბის გულშემატკივრები სათანადოდ მოიქცევიან და საბოლოო შედეგის მიუხედავად, მატჩით დატკბებიან”, – ნათქვამია სამართალდამცველი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, პოლიციამ ფანები გააფრთხილა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება და პიროტექნიკის გამოყენება დაუშვებელია.

 

ანრის აზრით, ვინ გახდება პრემიერლიგის წლის მოთამაშე

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თვდამსხმელმა და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტმა ტიერი ანრიმ ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ გახდება ინგლისის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

“ჩემი აზრით, წლის საუკეთესო მოთამაშე ალექსის სანჩესი გახდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მას უკვე ჰქონდა შესანიშნავი სეზონი.
თუ “არსენალს” ჩემპიონობა სურს, ალექსისმა ასეთივე სეზონი უნდა ჩაატაროს და ვფიქრობ, მას ეს შეუძლია კიდეც”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “ევროსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.