ფალკაო „იუვენტუსსაც“ დასჭირდა

„მონაკოსა“ და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელის რადამელ ფალკაოს მსურველებს ტურინის „იუვენტუსიც“ დაემატა.

„Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, „ბებერ ქალბატონში“ გადასასვლელად მოთამაშე ხელფასის შემცირებაზეც კი თანახმაა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს რადამელის სახელს მადრიდის „რეალს“ და „ლივერპულს“ უკავშირებენ. ბოლოს გავრცელებული ცნობით, ორივე ხსენებული კლუბის ხელმძღვანელებს კოლუმბიელის იჯარით აყვანა სურთ.

ფალკაო, შესაძლოა, იჯარით „ლივერპულში “ გადავიდეს

„ლივერპულიდან“ ლუის სუარესის წასვლის შემდეგ ბრენდან როჯერსი ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელის შემცვლელის ძებნას აგრძელებს. ბოლო დროს მერსესაიდულ კლუბს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს ქარიმ ბენზემასა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ედინსონ კავანის აკავშირებდნენ.

ახლა კი, ზემოხსენებულ ორ ფეხბურთელს რადამელ ფალკაოც შეუერთდა. ამის შესახებ ბრიტანელი ჟურნალისტი რობ დრაპერი წერს: „რეალს“ ფალკაოს იჯარით აყვანა სურს, თუმცა „მონაკოს“ ხელმძღვანელობას ეს არ აწყობს და რადამელს მადრიდში მხოლოდ გაყიდის. მათ ესმით, რომ „რეალს“ გაცილებით მაღალი თანხის გადახდა შეუძლია. ამავე დროს „მონაკოს“ მენეჯრები, მზად არიან, ფალკაო „ლივერპულში“ ერთწლიანი იჯარით გაუშვან და შემდეგ ზაფხულს უკვე მის „რეალში“ გაყიდვაზე იფიქრონ“.

მერსესაიდულ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელის ყოველკვირეული ხელფასი, სავარაუდოდ, 200,000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ფლორენტინო პერესი ფალკაოს და დი მარიას აგენტს შეხვდა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუშინ ცნობილ საფეხბურთო აგენტს ჟორჟე მენდეშს შეხვდა, რომელიც ამჟამად ანხელ დი მარიას და რადამელ ფალკაოს ინტერესებს წარმოადგენს.

ესპანური პრესისი ცნობით, შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუს” რესტორანში შედგა.

მთავარი თემა რადამელ ფალკაოს “რეალში” გადასვლა იყო. მადრიდელებს მორატას წასვლის შემდეგ შეტევის გაძლიერება სურთ და მთავარ კანდიდატად სწორედ კოლუმბიელს მოიაზრებენ.

გარდა ამისა, საუბარი დი მარიას პარიზში შესაძლო გადაბარგებასაც შეეხო. ამ ეტაპზე “პსჟ” და “რეალი” სატრანსფერო თანხის ოდენობაზე ვერ თანხმდებიან.

როდრიგესი: “იმედი მაქვს, ფალკაო რეალში გადმოვა”

“რეალის” ახალწვეულს ხამეს როდრიგესს მადრიდულ კლუბში ყოფილი თანაგუნდელის რადამელ ფალკაოს ხილვა სურს.

“დარწმუნეული ვარ, ფალკაო “რეალში” ათამაშდება. რადამელთან ერთად მითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.

იმედი მაქვს, ფალკაო “რეალში” გადმოვა” – განაცხადა როდრიგესმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით “რეალი” და “მონაკო” ფალკაოს იჯარაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ფალკაო მუნდიალს გამოტოვებს — კოლუმბიის ნაკრების განაცხადი

კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა გუნდის საბოლოო სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა.

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო 23 კაცში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა იანვრის თვეში მძიმე ტრავმა მიიღო, რის მოშუშებასაც არანაკლებ ნახევარი წელიწადი სჭირდებოდა. ფალკაომ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სასურველ ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო. ამრიგად, მას მუნდიალის გამოტოვება მოუწევს.

კოლუმბიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ოსპინა („ნიცა“), მონდრაგონი („დეპორტივო კალი“), ვარგასი („სანტა-ფე“);
მცველები: იეპესი („ატალანტა“), საპატა („მილანი“), ვალდესი („სან-ლორენსო“), ბალანტა („რივერ პლეიტი“), არიასი (პსვ), სუნიგა („ნაპოლი“), არმერო („ვესტ ჰემი“);
ნახევარმცველები: სანჩესი („ელჩე“), გუარინი („ინტერი“), აგილარი („ტულუზა“), რამირესი („მორელია“), კინტერო („პორტუ“), მეხია („ნასიონალი“), როდრიგესი („მონაკო“), კუარდადო („ფიორენტინა“), იბარბო („კალიარი“);
თავდამსხმელები: გუტიერესი („რივერ პლეიტი“), ბაკა („სევილია“), რამოსი („ჰერტა“), მარტინესი („პორტუ“).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიას მეტოქეებად კოტ დივუარის, საბერძნეთისა და იაპონიის ნაკრებები ჰყავს.

ბექა დოგრაშვილი

ფალკაო კოლუმბიის ნაკრებს შეუერთდება

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო უახლოეს დროში კოლუმბიის ნაკრებს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში შეუერთდება, რის შესახებაც AS-ი იტყობინება.

ფეხბურთელი ზამთარს მიღებული ტრავმისგან რეაბილიტაციას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ მან ინდივიალურად ვარჯიშიც დაიწყო.

ამის მიუხედავად, ამ მომენტისთვის ჯერჯერობით უცნობია, მაოსწრებს თუ არა ფალკაო ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადებას.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფალკაო მუნდიალის გამოტოვებას არ გამორიცხავს

კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც ამ დრომდე მკურნალობს, განაცხადა, რომ თუ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას ვერ მოასწრებს, შესაძლოა, ტურნირზე არც წავიდეს.

„სათამაშო პრაქტიკის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდები. თუ თავს კარგად ვიგრძნობ, მუნდიალზე წავალ. თუ სასურველი კონდიციების დაბრუნებას ვერ მოავსწრებ და გუნდისთვის უსარგებლო ვიქნები, მაშინ უკეთესი იქნება, რომ ტურნირზე არც წავიდე. ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ბურთი უნდა ვიგრძნო და ვნახო, რა რეაგირება ექნება მუხლს“, – ფალკაოს სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

 

რადამელ ფალკაო: „მიხარია, რომ „ატლეტიკო“ წარმატებით გამოდის“

„მონაკოს“ თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ აღიარა, რომ ყოფილი კლუბის მადრიდის „ატლეტიკოს“ წარმატებული თამაში ახარებს.

„მიხარია, რომ „ატლეტიკოში“ ყველაფერი კარგადაა. მადრიდში ბევრი მეგობარი მყავს, ამ კლუბთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. თუმცა, ფეხბრუთელის ცხოვრება ასეთია, მასში ყველაფერი ხშირად იცვლება. მიხარია, რომ „მონაკოში“ ვარ. ამავდროულად „ატლეტიკოს“ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. დაპირისპირება „ჩელსისთან“? „ატლეტიკომ“ კარგად იცის, თუ რა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა კოლუმბიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რანიერი თვლის, რომ ფალკაო მუნდიალზე ითამაშებს

“მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ რადამელ ფალკაოს სარეაბილიტაციო კურსზე ისაუბრა. შეგახსენებთ, 28 წლის ფორვარდმა მძიმე ტრავმა 22 იანვარს საფრანგეთის თასისი მატჩის მიიღო. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის იმედს არ კარგავს.

“წარმოუდგენელია, მაგრამ ფალკაომ უკვე სირბილი დაიწყო, რაც შესანიშნავი შედეგია. ასეთი ტემპებით თუ გააგრძელებს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რადამელი მუნდიალზე იასპარეზებს. “მონაკოს” კი სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში ვერ დაეხმარება” – განაცხადა რანიერიმ.

ფალკაო: „რეალი? ამჟამად მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობ“

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომელიც ამჟამად მუხლის ტრავმის შემდეგ მკურნალობს, განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს.

„რეალში“ გადასვლას ნამდვილად მთხოვდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ ადამიანთა სურვილია. ყველაფერი, რაზეც ახლა ვფიქრობ – რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელებაა. მე რეალისტი ვარ და მესმის, რამდენად რთული ტრავმა მაქვს, ამიტომაც, ამჟამად ჩემთვის მოედანზე დაბრუნება და ჩემი კლუბის მაისურით თამაშის გაგრძელება უფრო მნიშვნელოვანია. თუ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგი სეზონის გათამაშებაში მოვხვდებით, სექტემბრამდე ჩინებულ ფორმაში ყოფნას ვისურვებდი“, – განაცხადა კოლუმბიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფალკაო: „იმედია, მუნდიალის დაწყებამდე გამოვჯანმრთელდები“

„მონაკოსა“ და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელი რადამელ ფალკაო იმედოვნებს, რომ იანვარში მიღებულ ტრავმას მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მოიშუშებს და პლანეტი პირველობაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

„ჩემი აღდგენითი პროცესი ნორმალურ ტემპში მიმდინარეობს. იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკვე მზად ვიქნები“, – განაცხადა კოლუმბიელმა.

ცნობისთვის, აქამდე არსებული ვარაუდით, „მონაკოს“ ფორვარდი ბრაზილიაში ჩასატარებელი ტურნირისთვის ვერ გამოჯანმთელდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფალკაომ ფეხით სიარული და წყლის პროცედურების მიღება დაიწყო

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინათ ჯვარედინი მყესები გაიგლიჯა, აღდგენით პროცესს განაგრძობს.

კოლუმბიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა უკვე დაიწყო ფეხით სიარული და წყლის პროცედურების მიღება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ ფალკაომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.