მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა თქვა, რომ “სამეფო კლუბის” გაწვრთნაზე ოცნებობს.
“რეალის” გაწვრთნა ჩემი ოცნებაა, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. მწვრთნელობა გადავწყვიტე, კლუბის სტრუქტურაში ვმუშაობ და ვცდილობ, სერიოზული გამოწვევებისთვის მოვემზადო. დრო გვიჩვენებს, რამდენად იქნება ჩემი დახმარების საჭიროება. ახლა სამწვრთნელო საქმეს ვსწავლობ, სიამოვნებას ვიღებ და კლუბის განკარგულებაში ვარ”, – რაულის სიტყვებს “მარკა” აქვეყნებს.
ესპანელმა კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” ახალ მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესზეც:
“ჩავის სამწვრთნელო მონაცემები ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ჰქონდა. მას საქმეები კარგად მისდის, კარგი აწმყო და მომავალი აქვს. დრო ყველაფერს დაალაგებს. ჩავის აქვს ჟინი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ის კარგად იცნობს “ბარსელონას”, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩავის ყველაფერი გამოუვა”.
შეგახსენებთ, რომ რაული 2019 წლიდან “რეალის” სარეზერვო გუნდ “კასტილიას” წვრთნის.